ბრძანება N 18335
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18335
08 აგვისტო 2024
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2024 წლის 29 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 ივლისის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ „-------“) №88144/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 თებერვლის №063-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია
გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი თანხების მხოლოდ 75%-ის განხილვას ანაზღაურებულად, ხოლო 25%- ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 დეკემბრის №30751 ბრძანებით შპს „------- -ს “ (ს/ნ „-------“) საჩივარი 2023 წლის 9 ოქტომბრის №063-21 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
„1. შპს „----- -ს “ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი თანხის სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულება;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 დეკემბრის №30751 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 24 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 6 თებერვლის №063-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც 2024 წლის 29 თებერვალს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6538 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6538 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 ივლისის №22757/2/2024 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6538 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა მისი მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის თანახმად:
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა შედარების აქტები და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნაწილი. მოცემული შედარების აქტები შემოწმების პროცესშიც იყო მოწოდებული. ვინაიდან, მოცემული დოკუმენტაცია ვერ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ (არ არის დამოწმებული სათანადოდ), საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო, მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შპს „------“ შესამოწმებელი პერიოდის 9 თვის მანძილზე უფიქსირდება ბიტუმის შემოტანა ერაყიდან. შემოწმების მიერ მოხდა მოცემულ პერიოდებში ერაყიდან შემოტანილი ბიტუმის საბაზრო ღირებულების დადგენა. აღებულ იქნა აუდირებული პირების მიერ საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული ერთეულის შეძენის ღირებულება, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ შპს „------- -ს “ ძირითადად საბაზრო ღირებულებაზე მაღალი ღირებულებით აქვს შემოტანილი ბიტუმი. ცხრილის სახით წარმოდგენილია აუდირებული კომპანიებისა და შპს „------ -ს “ მიერ შემოტანილი ბიტუმის ღირებულებები პერიოდების მიხედვით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ინვოისების არსებობის შემთხვევაში, საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში იმ ნაწილში, სადაც ღირებულებები შესაბამისობაშია შესაბამის სფეროში დაფიქსირებულ აუდირებულ ფასებთან და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------ -ს “ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ინვოისების არსებობის შემთხვევაში, საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში იმ ნაწილში, სადაც ღირებულებები შესაბამისობაშია შესაბამის სფეროში დაფიქსირებულ აუდირებულ ფასებთან და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი თანხების მხოლოდ 75%-ის განხილვას ანაზღაურებულად, ხოლო 25%- ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა შედარების აქტები და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნაწილი.ვინაიდან, მოცემული დოკუმენტაცია ვერ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ,საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ინვოისების არსებობის შემთხვევაში, საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში იმ ნაწილში, სადაც ღირებულებები შესაბამისობაშია შესაბამის სფეროში დაფიქსირებულ აუდირებულ ფასებთან და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
136,73(5),101,154.