გადაწყვეტილება №20147/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20147/2/2023
26 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „---ს“ 3.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20147/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 8.08.2022 წლის №21145 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის №056-2 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13466 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 52 476 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 21 510
დღგ - 23 784
საშემოსავლო გადასახადი - (-2 274)
ჯარიმა - 13 213
საურავი - 17 753
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სტომატოლოგიური მომსახურება, აგრეთვე, იჯარით გასცემს კომერციულ ფართებს. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 1.06.2020 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.07.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელს 2018 და 2019 წლებში იმპორტირებული და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებული აქვს საახალწლო ნაძვის ხეები, საახალწლო სათამაშოები და მისთანები, ასევე, 2019 წელს ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი და რეალიზებული აქვს ფეიერვერკები. 2018 წელს რეალიზაციის 4% აქვს დოკუმენტური, ხოლო 2019 წელს დოკუმენტური რეალიზაცია არ გააჩნია. მეწარმე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 29 მარტს. გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერები, სესხის ხელშეკრულებები, იჯარის ხელშეკრულება, იმპორტის ინვოისები და სმფ-ების ნაშთები). გადამხდელს არ აქვს წარმოებული ბუღალტრული აღრიცხვა. არ ახდენს სტომატოლოგიური მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების აღრიცხვას. 2018 წელს შეძენილი და დოკუმენტურად რეალიზებული საქონელთან დაკავშირებით გაანგარიშებული ფასნამატი წარმოადგენს 6%-ს. გადამხდელის მიერ წარდგენილი სასესხო ხელშეკრულებით და საბანკო ამონაწერებით დგინდება დეკლარირებულზე მეტი საიჯარო შემოსავლები. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატი გავრცელდა საცალო რეალიზაციებზე (დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ პროდუქციაზე). შედეგად მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. 2018 წლის მარტში გადამხდელის მიერ სს „საქართველოს ბანკისგან“ შეძენილია 308.58 კვ.მ. მქონე ორსართულიანი შენობა ჯამური ღირებულებით 171 782 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), რაზეც სს „საქართველოს ბანკის“ მიერ გამოწერილია ეა---- ანგარიშ-ფაქტურა დღგ-ის თანხით - 26 204 ლარი, რაც სრულადაა ჩათვლილი 2018 წლის აპრილის თვეში. გადამხდელის განმარტებით აღნიშნული შენობის გამოყენებას გეგმავს სტომატოლოგიური კლინიკის გასახსნელად. შენობა ფუნქციურად წარმოადგენს სტომატოლოგიური კაბინეტების ერთობლიობას. მეწარმეს ნაწილი (27 კვ.მ.) გაქირავებული აქვს ---ზე. 2017 წელს მხოლოდ სტომატოლოგიური მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები უფიქსირდება, ხოლო 2018-2019 წლებში კალენდარული წლის განმავლობაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 174-ე მუხლის მე-7 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-8 და მე-10 ნაწილების გათვალისწინებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს გაუუქმდა 2018 წლის აპრილში სრულად ჩათვლილი დღგ-ის თანხა და 2018-2019 წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებზე აღნიშნული შენობის დღგ-ის თანხის მეათედები აღდგენილ იქნა მთლიან ბრუნვაში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ხვედრითი წილის პროპორციულად. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.08.2020 წლის №23671 ბრძანება და №056-49 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 9.10.2020 წლის №30741 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 22.10.2021 წლის №11599/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, საჩივარი მე-2 დავის საგნის ნაწილში 2018 წელს შეძენილ ქონებაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის სრულად გაუქმება და 2018-2019 წლებზე საანგარიშო პერიოდებზე აღნიშნული შენობის დღგ-ის თანხის მეათედების აღდგენა მთლიან ბრუნვაში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ხვედრითი წილის პროპორციულად) ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 22.10.2021 წლის №11599/2/2020 გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოიცა შემოსავლების სამსახურის 8.08.2022 წლის №21145 ბრძანება, რომლის მიხედვით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 22 ოქტომბრის №11599/2/2020 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეესწავლა/გამოეკვლია სადავო საკითხი, მათ შორის საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 8.08.2022 წლის №21145 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 იანვრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 2 თებერვლის №1749 ბრძანება და №056-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13466 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით, ყურადღება გაამახვილა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს 2017 წელს მხოლოდ სტომატოლოგიური მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები უფიქსირდება, ხოლო 2018-2019 წლებში კალენდარული წლის განმავლობაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია. მეწარმის მიერ შეძენილი მედიკამენტების ღირებულების და სტომატოლოგიის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით, შემოწმება აღნიშნავს, რომ 2017 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავლის 162 ლარის მიღება შესაძლებელია. ამასთან, სტომატოლოგიური სავარძლის შესყიდვის ზედნადებში, დასრულების ადგილად მითითებულია ქალაქი ---, გადამხდელი კი ცხოვრობს სოფელ ---ში. ასევე აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელმა 2018 წლიდანაც გააგრძელა სტომატოლოგიური მომსახურების გაწევა. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა სადავო საკითხი, მათ შორის საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაცია, მაგრამ სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
სტომატოლოგიური სავარძელი შეძენილია 2013 წელს საბუთით, სავარძლის ნაწილები გაყიდულია 2017 წელს, რაზედაც გამოიწერა მიღება-ჩაბარების აქტი ფიზიკურ პირთან. ვინაიდან გადამხდელი არის არაქართულენოვანი მეწარმემ წარმოადგინა აღნიშნული აქტის ნოტარიალური თარგმანი, რომელიც შედგენილია 2022 წლის მარტში, სადაც წერია, რომ 2017 წელს მოახდინა სავარძლის ნაწილების რეალიზაცია. აუდიტორი კი თავის შეფასებებში არასწორად მსჯელობს და წერს, რომ მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია 2022 წლის მარტში, ნაცვლად შესყიდვის განხორცილების თარიღისა. იმის ანალიზიც კი არ გაუკეთებია, რომ 2022 წელს ნოტარიული თარგმანია 2017 წლის შესყიდვის განხორციელების შესახებ და ნოტარიული თარგმანის აუცილებლობა მეტი სარწმუნოებისათვის გახდა საჭირო, რათა დაესაბუთებინა ჯართის რეალიზაციის კანონიერება. ასევე --- არის ფიზიკური პირი, რომელმაც სავარძლის ნაწილები შეიძინა პირადი მოხმარებისათვის; ასევე, სოფელ ---ში არის მეწარმის იურიდიული მისამართი, ხოლო ფაქტიური მისამართია ქ. ---ში.
ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ მას არ შეუსწავლია და არ გაუანალიზებია წარდგენილი დოკუმენტაცია, რაც ეწინააღმდეგება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლებს. შედეგად, აუდიტორი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ადგენს, რომ 2017 წელში მეწარმეს 12 ლარი მიუღია სამედიცინო მომსახურებიდან შემოსავალი, რაც გახადა დღგ-ის ჩათვლის (100%) გაუქმების საფუძველი. ასევე უნდა წარმოადგინოს საიჯარო ხელშეკრულებები 2017 წელში, საიდანაც მიღებული აქვს შემოსავლები და რომელზედაც ნამსჯელიც კი არ აქვს აუდიტორს (იხ. დანართი), რაც იქნებოდა იმის საფუძველი, რომ დღგ-ის თანხა 100 პროცენტით ვერ გაეუქმებინა. აუდიტორმა არ აღასრულა შემოსავლების სამსახურის 8.08.2022 წლის №21145 ბრძანება და რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ მოხდა საჩივრის დაკმაყოფილება გაუგებარი მიზეზების გამო, არც კი ჩათვალა საჭიროდ მისი მონაწილეობა დავის განხილვაში და არ მისცა საშუალება პოზიციის დაცვის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საბჭოს 22.10.2021 წლის №11599/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, საჩივარი მე-2 დავის საგნის ნაწილში (2018 წელს შეძენილ ქონებაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის სრულად გაუქმება და 2018-2019 წლებზე საანგარიშო პერიოდებზე აღნიშნული შენობის დღგ-ის თანხის მეათედების აღდგენა მთლიან ბრუნვაში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ხვედრითი წილის პროპორციულად) ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის 8.08.2022 წლის №21145 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 22.10.2021 წლის №11599/2/2020 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეესწავლა/გამოეკვლია სადავო საკითხი, მათ შორის საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 8.08.2022 წლის №21145 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემულ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 იანვრის დასკვნაში მითითებულია, რომ შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის განმარტებით, მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სტომატოლოგიური მომსახურება. პირის მიერ 2018 წლის მარტში სს „საქართველოს ბანკისგან“ შეძენილია 308.58 კვ.მ.-ის მქონე ორსართულიანი შენობა ჯამური ღირებულებით 171 782 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), რაზეც სს „საქართველოს ბანკის“ მიერ გამოწერილია საფ ეა---- დღგ-ის თანხით - 26 204 ლარი, რაც სრულადაა ჩათვლილი 2018 წლის აპრილის თვეში.
მეწარმის განმარტებით, აღნიშნული შენობის გამოყენებას გეგმავდა სტომატოლოგიური კლინიკის გასახსნელად (იხილეთ დანართი სახელწოდებით „შენობის შეძენის მიზნობრიობა“). შენობა ფუნქციურად წარმოადგენს სტომატოლოგიური კაბინეტების ერთობლიობას. მეწარმეს ნაწილი (27კვ.მ.) გაქირავებული აქვს ---ზე. 2017 წელს მხოლოდ სტომატოლოგიური მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები უფიქსირდება, ხოლო 2018-2019 წლებში კალენდარული წლის განმავლობაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში აფიქსირებს, რომ 2017 წელს სამედიცინო (სტომატოლოგიური) დანიშნულების მარაგების რეალიზაციას/გახარჯვას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც სტომატოლოგიური მომსახურებიდან შემოსავალს ვერ მიიღებდა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. 2017 წელს გადამხდელის საწყისი ნაშთი იყო 505 ლარი, შეძენილი საქონლის ღირებულება შეადგენდა 687 ლარს, ხოლო საბოლოო მარაგების ღირებულება 1180 ლარი იყო. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მისი დანახარჯი იქნებოდა 505+687-1180=12 ლარი. თუ გავითვალისწინებთ მეწარმის მიერ შეძენილი მედიკამენტების ღირებულებას და იმასაც, რომ სტომატოლოგიის ძირითადი შემოსავალი მომსახურებიდან მიიღება, ამ ღირებულების დანახარჯით გადასახადის გადამხდელის მიერ 2017 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავლის 162 ლარის მიღება შესაძლებელია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში აღნიშნავს, რომ 2017 წელს ერთობლივი შემოსავალი 162 ლარი მიღებული აქვს სტომატოლოგიური მოწყობილობის (სტომატოლოგიური სავარძლის) ჯართად რეალიზებით. აღნიშნავს, რომ შეძენილი სტომატოლოგიური სავარძელი მიიტანა და დაასაწყობა სახლის სარდაფში. 2017 წლის იანვარში სარდაფის ჭერი ჩაინგრა და სავარძელი ისე დააზიანა, რომ მისი გადაგდება უწევდა, მაგრამ აღნიშნულ ოპერაციაზე გადამხდელს რაიმე დოკუმენტი არ გამოუწერია. ასევე სტომატოლოგიური სავარძლის შესყიდვის ზედნადებში, დასრულების ადგილად დაწერილია ქალაქი ---, გადამხდელი კი ცხოვრობს სოფელ ---ში. გადამხდელის განმარტებით ჯართი მიყიდა ფ.პ. ---ს (პ/ნ ---), რომელთანაც მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია 2022 წლის მარტში, ნაცვლად შესყიდვის განხორციელების თარიღისა.
ამასთან, ფ.პ. --- არ ეწევა არანაირ ეკონომიკურ საქმიანობას. ასევე აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელმა 2018 წლიდანაც გააგრძელა სტომატოლოგიური მომსახურების გაწევა, მაგრამ მას არ შეუძენია სტომატოლოგიური მომსახურების გასაწევად საჭირო სავარძელი, რომლის გარეშეც სტომატოლოგად ვერ იმუშავებს. მომჩივანი ვერ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს/მტკიცებულებებს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 8.08.2022 წლის №21145 ბრძანების შესაბამისად და საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; .
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
შემოსავლების სამსახურის 8.08.2022 წლის №21145 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 8.08.2022 წლის №21145 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 იანვრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 2 თებერვლის №1749 ბრძანება და №056-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13466 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 8.08.2022 წლის №21145 ბრძანების შესაბამისად და საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.