ბრძანება N 2158

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.02.2024
№ დოკუმენტი 2158
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2158

06 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ------- (პ/ნ ------)

(მის.: ---------)

2024 წლის 10 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა ფ/პ -------ს (პ/ნ -----) 2024 წლის 10 იანვრის №86602/1/2024 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივლისის №025-8 საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს დავის განახლებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას და ითხოვს ახლად გამოვლენილი გარემოებით დავის განახლებას. აცხადებს, რომ არ გაუყიდია შემოწმების აქტში მითითებული პროდუქცია, შესყიდვის აქტი არის ყალბი, შედგენილია მისი ნებართვის გარეშე და ხელმოწერა არ არის მისი. მომჩივანი საჩივარს თან ურთავს შპს „-------ს“ დირექტორის და 100%-იანი წილის მფლობელის 2024 წლის 6 იანვრის ნოტარიულად დამოწმებულ ხელწერილს, სადაც მითითებულია, რომ მის სახელზე შედგენილი შესყიდვის აქტები იყო ყალბი და მისგან შპს „------ს“ საქონელი არ შეუსყიდია. გადამხდელი განმარტავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებას და ითხოვს მისი გათვალისწინებით დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №13986 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ -------ს (პ/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის საანგარიშო პერიოდში შპს „-------თვის“ (ს/ნ ------) მიწოდებული პროდუქციის ფარგლებში მიღებული შემოსავლის საგადასახადო ვალდებულებების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 3 ივლისის №15652 ბრძანება და ამავე თარიღის №025-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 31 516 ლარი, მათ შორის, გადასახადი 16 483 ლარი, ჯარიმა 8 242 ლარი, საურავი 6 791 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში და განხილვის შედეგებზე გამოიცა 2023 წლის 30 აგვისტოს №21290 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივლისის №025-8 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 აგვისტოს №21290 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 22 ნოემბრის №20998/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დარჩა განუხილველი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------ს“ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. დადგინდა, რომ 2020 წელს, შპს „------ს“ ფ/პ ------გან (ს/ნ ------) შეძენილი აქვს 329 663 ლარის ღირებულების ხილი. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას ვერ წარმოუდგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ამიტომ გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო, რომლის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ხარჯი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. აქედან გამომდინარე, შემოწმებით 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯად, 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე, გათვალისწინებულ იქნა რეალიზებული საქონლის 75%, რამაც შეადგინა 247 247 ლარი. კუთვნილი საშემოსავლო გადასახადია 16 483 ლარი. პირი ასევე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, 8 242 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლზე, რომლის თანახმად:

6. 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.

7. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

2. დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს.

3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარს თან ურთავს შპს „------ს“ დირექტორის და 100%-იანი წილის მფლობელის 2024 წლის 6 იანვრის ნოტარიულად დამოწმებულ ხელწერილს, სადაც მითითებულია, რომ მის სახელზე შედგენილი შესყიდვის აქტები იყო ყალბი და მისგან შპს „-------ს“ საქონელი არ შეუსყიდია. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „-------ს“ ხელმძღვანელი პირების მიერ ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებაგამოყენებისა და დიდი ოდენობით გადასახადებისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე. გამოძიებით დადგენილია, რომ შპს „-------ს“ სახელით ფიზიკური პირებისაგან განხორციელებული ხილის შესყიდვებთან დაკავშირებით გამოწერილი ყველა შესყიდვის აქტი არის ყალბი და ისინი დამზადებულია აღნიშნული საწარმოს დირექტორის --------ს მიერ.

წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაძლებელია ახლად გამოვლენილი გარემოებებით დავის განახლება, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი საჩივარს თან ურთავს შპს „-------ს“ დირექტორის 2024 წლის 6 იანვრის ნოტარიულად დამოწმებულ ხელწერილს, ასევე, საგამოძიებო ორგანოს მიერ დადგენილია, რომ შპს „------ს“ სახელით ფიზიკური პირებისაგან განხორციელებული ხილის შესყიდვებთან დაკავშირებით გამოწერილი ყველა შესყიდვის აქტი არის ყალბი და ისინი დამზადებულია აღნიშნული საწარმოს დირექტორის -------ს მიერ, რაც ახლად გამოვლენილი ისეთი გარემოება, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დოკუმენტების/მტკიცებულებების დროულად წარმოდგენას შესაძლოა გამოეწვია მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება.

ამდენად, წარმოდგენილი გარემოებები/მტკიცებულებები წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის მიხედვით ახლად გამოვლენილი/აღმოჩენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების საფუძველს.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ არ გაუყიდია შემოწმების აქტში მითითებული პროდუქცია, შესყიდვის აქტი არის ყალბი, შედგენილია მისი ნებართვის გარეშე და ხელმოწერა არ არის მისი. მომჩივანი საჩივარს თან ურთავს შპს „------ს“ დირექტორის და 100%-იანი წილის მფლობელის 2024 წლის 6 იანვრის ნოტარიულად დამოწმებულ ხელწერილს, სადაც მითითებულია, რომ მის სახელზე შედგენილი შესყიდვის აქტები იყო ყალბი და მისგან შპს „-------ს“ საქონელი არ შეუსყიდია.

ასევე, საქმეში წარმოდგენილია საგამოძიებო სამსახურის წერილი, რომლითაც დგინდება, რომ შპს „-------ს“ სახელით ფიზიკური პირებისაგან განხორციელებული ხილის შესყიდვებთან დაკავშირებით გამოწერილი ყველა შესყიდვის აქტი არის ყალბი და ისინი დამზადებულია აღნიშნული საწარმოს დირექტორის -------ს მიერ.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე და 301-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ------- (პ/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას და ითხოვს ახლად გამოვლენილი გარემოებით დავის განახლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს-ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. დადგინდა, რომ 2020 წელს, შპს-ს ფ/პ მომჩივანისგან შეძენილი აქვს 329 663 ლარის ღირებულების ხილი. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას ვერ წარმოუდგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ამიტომ გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო, რომლის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ხარჯი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. აქედან გამომდინარე, შემოწმებით 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯად, 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე, გათვალისწინებულ იქნა რეალიზებული საქონლის 75%, რამაც შეადგინა 247 247 ლარი. კუთვნილი საშემოსავლო გადასახადია 16 483 ლარი. პირი ასევე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, 8 242 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(6)(7), 308, 73(5"ა"), 80(1), 100(3"ბ"), 102(1"ა"), 105(1)(2).