გადაწყვეტილება №25119/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.06.2025
№ დოკუმენტი 25119/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25119/2/2025

16 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----------ი (ს/ნ -------------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------ის 26.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25119/2/2025).

 

დავის საგანი:

სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 26.03.2025 წლის №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 26.03.2025 წლის №------ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი;

3. შემოსავლების სამსახურის 15.04.2025 წლის №7110 ბრძანება.

 

გამოყენებული სანქცია: ჯარიმა - 1 000 ლარი, საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.

 

ფაქტების აღწერა

26.03.2025 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----ის“ კონტროლის ზონაში --------ის მხრიდან შემოვიდა მომჩივანი, რომელიც გადაადგილდებოდა „-----“-ის მარკის სატრანსპორტო საშუალებით ქართული სანომრე ნიშნით: --------.

საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით მოხდა მგზავრის შეჩერება და ეჭვის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების თაობაზე. -------ს ეცნობა დათვალიერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და მიეცა წინადადება დამალული საქონლის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ნებაყოფლობით გადაცემის შესახებ.

დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: სიგარეტი „----“ – 6 000 ღერი (300 კოლოფი) და სიგარეტი „-----“ – 1 200 ღერი (60 კოლოფი), რომელიც განთავსებული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების ძრავის წინა ნაწილში, უკანა სავარძლის ქვემოთ და უკანა მარცხენა ფრთაში.აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი“ №----/-----.

საბაჟო დეპარტამენტის 26.03.2025 წლის №------/---- ექსპერტის დასკვნის თანახმად საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 591,6 ლარი.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად შემოტანისთვის, მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 26.03.2025 წლის №---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.04.2025 წლის №7110 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, 27-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე და 168-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 27.08.2019 წლის №254 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის“ (დანართი №1) პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა არადეკლარირებული სიგარეტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

საგულისხმოა ასევე, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე. ამასთან უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისა და საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ფაქტი თამბაქოს ნაწარმზე. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და საგადასახადო შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები. ამასთან, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.

ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს თითოეულ იმ გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე.

საგულისხმოა ის გარემოება, რომ მომჩივანი აცნობიერებდა რა, რომ ახორციელებდა კანონით ნებადაურთველ საქმიანობას, იგი მაინც ცდილობდა საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას. ასევე აღსანიშნავია, რომ მომჩივნის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ. მსგავსი სამართალდარღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენება მართლზომიერად და პროპორციულად უნდა იქნეს მიჩნეული. გამოყენებული სანქციით დაცულია თანაზომიერების პრინციპი, უზრუნველყოფილია იურიდიული თანასწორობა. ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე გამოყენებული სანქცია თანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საბაჟო ორგანო. მოცემულ შემთხვევაში საბაჟო სამართალდარღვევისათვის შეფარდებული საბაჟო სანქცია შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ოქმში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტს ეთანხმება, მას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, თუმცა დავის განმხილველ ორგანოს თხოვდა ქმედება ჩაეთვალა საპატიო გადაცდომად და გაეთავისუფლებინათ ოქმით შეფარდებული სანქციისაგან - სატრანსპორტო საშუალება ავტომანქანის ------- ჩამორთმევის ნაწილში, თუმცა შემოსავლების სამსახურის 15.04.2025 წლის №7110 გადაწყვეტილებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ „ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე გამოყენებული სანქცია თანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საბაჟო ორგანო. მოცემულ შემთხვევაში საბაჟო სამართალდარღვევისათვის შეფარდებული საბაჟო სანქცია შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას“.

შემოსავლების სამსახურის აღნიშნულ მოსაზრებას ვერ დაეთანხმება, რადგან ჩადენილი სამართალდარღვევა და შეფარდებული სანქცია ზედმეტად არაპროპორციულია და ჯარიმის სახით გამოყენებული სანქცია 1 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე საქონლის (თამბაქოს ნაწარმი) ჩამორთმევა პირდაპირპროპორციული იქნებოდა ჩადენილი სამართალდარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე.

დასაქმებულია მძღოლად და მწირი შემოსავალი ვერ უმკლავდება გაზრდილ ფასებსა და საბაზრო ეკონომიკას. ამას დაერთო ოჯახის წევრის, შვილის ავტოსაგზაო შემთხვევა ერთი კვირით ადრე, რამაც საკმაოდ დიდი ფინანსური ზიანი მიაყენა. ამ გარემოების გამო იძულებული გახდა დამატებითი შემოსავლის წყარო მოეძიებინა, რის გამოც გადაწყვიტა ----დან მალულად შემოეტანა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი (სიგარეტი). 26.03.2025 წელს -----ში შეიძინა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი სიგარეტი ------ - 60 კოლოფი და სიგარეტი - --- 300 კოლოფი. თამბაქოს ნაწარმი მოათავსა ავტომანქანის სალონში, ძრავის განყოფილებასა და ფრთის ქვეშ და შეეცადა მალულად შემოეტანა საქართველოში.

საზღვარზე გადმოსვლისას მებაჟე-ოფიცერმა შეამჩნია მომჩივნის მცდელობა საბაჟოზე მალულად გადმოეტანა სიგარეტი, რასაც მოჰყვა უმძიმესი სანქცია. სამართალდარღვევის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია, არც რაიმე სახის წინააღმდეგობა გაუწევია ოფიცრისათვის და ოქმზე ხელიც მოუწერა, იმთავითვე მიხვდა, რა დიდი შეცდომა დაუშვა. თუმცა, სანქციის სახით შემოსავლის წყაროს, სატრანსპორტო საშუალების - ავტომანქანა ------, რომლის მიახლოებითი საბაზრო ღირებულება 20 000 ლარია, ჩამორთმევა ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, მითუმეტეს მაშინ, როცა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილი სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო დამატებით სახდელად ერთობლიობაში შესაძლებელია იყოს გამოყენებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა.

აღნიშნული მუხლი სანქციის სახით უპირობოდ დამატებით საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას არ ითვალისწინებს და იგი შესაძლებელია გამოყენებული იქნას საქმის გარემოებების, სამართალდამრღვევი პირის პიროვნების, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით.

მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როცა საბაჟო კოდექსი ითვალისწინებს პირის გათავისუფლებას საბაჟო სანქციისგან, აგრეთვე მაშინ, როცა ჩამორთმეული საქონელი (ავტოსატრანსპორტო საშუალება) პირის არსებობისთვის აუცილებელ საშუალებას წარმოადგენს, სანქციის სახით დამატებით ავტომანქანის უსასყიდლო ჩამორთმევა ზედმეტად მკაცრი სანქციაა და პირს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.

აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ერთადერთი გადაადგილების საშუალება და დამატებითი შემოსავლის წყარო იყო, ხოლო პირის მიერ ერთხელ დაშვებული შეცდომა არ უნდა გახდეს მისთვის შეუსაბამოდ მაღალი სანქციის დაკისრების საფუძველი. საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა“. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით კი „საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით“ და გათავისუფლდეს სანქციისგან ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში.

სამართალდარღვევის ფაქტს სადავოდ არ ხდის, რის დასტურადაც მომჩივნის მიერ დაუყოვნებლივ იქნა გადახდილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, რის დასტურადაც წარმოადგენს გადახდის ქვითარს.

დაშვებულია მისატევებელი შეცდომა, რომელსაც ნანობს და პირობას დებს, რომ მსგავს ფაქტს აღარასდროს ექნება ადგილი. მებაჟე-ოფიცრის მიერ ასევე არის შედგენილი №----, №----- და №----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის პირველი ნაწილით, 1558 და 1559 მუხლებით, რომლებიც ითვალისწინებს სანქციის სახით 2 000, 5 000 და 5 000 ლარს. აღნიშნული ოქმები სასამართლოს განხილვის საგანია და შესაძლებელია დამატებით დაეკისროს ჯარიმა 12 000 ლარის ოდენობით, რაც ნებისმიერი პირისთვის კოლოსალური ოდენობის ჯარიმაა.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

დადგენილია, რომ მომჩივანი, მისი მართვის ქვეშ მყოფი „----“-ის მარკის სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ საქონელს (სიგარეტი „---“ – 6 000 ღერი (300 კოლოფი) და სიგარეტი „---“ – 1 200 ღერი (60 კოლოფი)), აქციზური მარკის გარეშე.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანს აღნიშნული საქონელი განთავსებული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალებაში ძრავის წინა ნაწილში, უკანა სავარძლის ქვემოთ და უკანა მარცხენა ფრთაში მოწყობილ სამალავებში.

მომჩივანი არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, მიაჩნია, რომ დაშვებულია მისატევებელი შეცდომა, რომელსაც ნანობს და პირობას დებს, რომ მსგავს ფაქტს აღარასდროს ექნება ადგილი. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით დაუყოვნებლივ იქნა გადახდილი, რის დასტურადაც წარმოადგენს გადახდის ქვითარს.

საბჭოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდა თითოეულ იმ გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მომჩივანი აცნობიერებდა, რომ მისი ქმედება იყო კანონსაწინააღმდეგო, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ცდილობდა საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას. მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ. მსგავსმა ქმედებამ მიიღო საშიში ტენდენციის სახე, რომლის აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენება მართლზომიერად და პროპორციულად უნდა იქნეს მიჩნეული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ სრულად გამოყენება კანონშესაბამისია, არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა მომჩივანი, რომელიც გადაადგილდებოდა სატრანსპორტო საშუალებით . საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით მოხდა მგზავრის შეჩერება და ეჭვის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების თაობაზე.მომჩივანს ეცნობა დათვალიერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და მიეცა წინადადება დამალული საქონლის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ნებაყოფლობით გადაცემის შესახებ.

დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, რომელიც განთავსებული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების ძრავის წინა ნაწილში, უკანა სავარძლის ქვემოთ და უკანა მარცხენა ფრთაში.აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი“ .საბაჟო დეპარტამენტის ექსპერტის დასკვნის თანახმად საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 591,6 ლარი.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად შემოტანისთვის, მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №7110 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ სრულად გამოყენება კანონშესაბამისია, არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(3);