გადაწყვეტილება №25458/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.08.2025
№ დოკუმენტი 25458/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25458/2/2025

11 აგვისტო 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,----" 14.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25458/2/2025).

 

დავის საგანი:

1. კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის არ ქონის გამო მიუღებელი ჩათვლის მიღების უფლება;

2. საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2025 წლის N 001-65 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის N 13449 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 54 086,42 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 37 205,89;

ჯარიმა - 12 901,34;

საურავი - 3 979,19;

 

პროცედურული გარემოებები:

აუდიტის დეპარტამენტის 08.05.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 12.07.2023 წლიდან 01.03.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.02.2025 წლის N 001-65 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის N 13449 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის არ ქონის გამო მიუღებელი ჩათვლის მიღების უფლება.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს სარესტორნო მომსახურება. კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 12.07.2023 წლიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 14.11.2024 წლიდან. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის საკონტროლო - სალარო აპარატით, საბანკო ამონაწერებით და პოს-ტერმინალებით მიღებული დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გადააჭარბა 100 000 ლარს 12.06.2024 წელს. ამასთან, კომპანიას უფიქსირდება დეკლარაციაზე მიუბმელი და ჩაუთვლელი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, რომელიც ჩათვლილი იქნა შესაბამის პერიოდებში.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის გათვალისწინებით, საწარმო ვალდებული იყო 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დარეგისტრირებულიყო დღგ-ის გადამხდელად. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად. ამასთან, შემოწმების მიერ ფაქტობრივი გარემოებების და საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის გათვალისწინებით დაკორექტირდა ჩასათვლელი დღგ-ის ოდენობა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 165- ე მუხლის პირველ და მე-6 ნაწილებზე, 174-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, სადავო საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 16.02.2022 წლის N 3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 14.12.2023 წლის N 31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დღგ-ის რეგისტრაციის თარიღიდან შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე პერიოდის შეძენებზე გადამხდელმა ვერ მიიღო ჩათვლა შემოწმების პერიოდში სრულად. შემოწმების დასრულების შემდეგ მომწოდებლების მხრიდან ეტაპობრივად იწერება დარჩენილი ანგარიშ - ფაქტურებიც და სრულად ექნება დავის დასრულებამდე. აღნიშნულ ანგარიშ - ფაქტურებზე მომჩივანი ითხოვს დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინებას, რათა მოხდეს საურავების დაკორექტირებაც.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-6 ნაწილების თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. პირს შეუძლია დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში იგი დღგ-ის გადამხდელად განიხილება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს სავალდებულო რეგისტრაციისთვის გათვალისწინებული ვადისა.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის N 13449 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 16.02.2022 წლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 14.12.2023 წლის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის N 13449 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართებულია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი

 

2. საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2025 წლის N 001-65 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა 12 901,34 ლარი და საურავი - 3 979,19 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2025 წლის N 001-65 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან.

მომჩივნის არგუმენტაცია დღგ-ის რეგისტრაციის დაგვიანება გამოწვეული იყო არცოდნით. მიზანი არ ყოფილა გადასახადებისთვის თავის არიდება. მომჩივანი ითხოვს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდე დარიცხული საურავისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის N 13449 ბრძანებით საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2025 წლის N 001-65 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან.

რაც შეეხება დაკისრებულ საურავს, საბჭო განმარტავს, რომ საურავი არის სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის, რომელიც შინაარსით წარმოადგენს ბიუჯეტში გადასახადის დაგვიანებით გადახდის შედეგად წარმოშობილი ფინანსური დანაკლისის ანაზღაურებას, რაც მას განასხვავებს ფულადი ჯარიმის შინაარსისგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაკისრებული საურავისგან მომჩივნის გათავისუფლება, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის არ ქონის გამო მიუღებელი ჩათვლის მიღების უფლება;

2. საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს სარესტორნო მომსახურება. კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 12.07.2023 წლიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 14.11.2024 წლიდან. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის საკონტროლო - სალარო აპარატით, საბანკო ამონაწერებით და პოს-ტერმინალებით მიღებული დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გადააჭარბა 100 000 ლარს 12.06.2024 წელს. ამასთან, კომპანიას უფიქსირდება დეკლარაციაზე მიუბმელი და ჩაუთვლელი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, რომელიც ჩათვლილი იქნა შესაბამის პერიოდებში.

გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად. ამასთან, შემოწმების მიერ ფაქტობრივი გარემოებების და საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის გათვალისწინებით დაკორექტირდა ჩასათვლელი დღგ-ის ოდენობა.

 

გადაწყვეტილება:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

რაც შეეხება დაკისრებულ საურავს, დაკისრებული საურავისგან მომჩივნის გათავისუფლება, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი: 175; 269 (7);