გადაწყვეტილება №20538/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.11.2023
№ დოკუმენტი 20538/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20538/2/2023

28 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს

„--------“-10.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20538/2/2023).

 

დავის საგანი:

განკარგვადი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.04.2023 წლის №005-48 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16900 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 912 645 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 079 961

დღგ - 1 388

მოგების გადასახადი - 261

საშემოსავლო გადასახადი - 1 078 312

ჯარიმა - 539 559

საურავი - 293 125

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო-სარეკონსტრუქციო მომსახურების გაწევა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.12.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის თარიღია 2.06.2017 წელი, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი 14.07.2017 წელი. შემოწმების მიმდინარეობისას ვერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება, რის გამოც შემოწმება დაეყრდნო, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მესამე პირებისგან მოპოვებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციას და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს.

მოპოვებული მასალით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს დადებული აქვს 16 სართულიანი კორპუსის (მდებარე ქ. -------- მიმდებარედ (ორი სადარბაზო)) სამშენებლო მომსახურების გაწევის ხელშეკრულება შპს „---------“ (ს/ნ ----------) 2018 წლის 2 იანვარს. გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საერთო ღირებულება შეადგენს 2 299 169 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. აღნიშნული მშენებლობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ შეყვანილია 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული ობიექტების ნუსხაში. ამასთან, აღნიშნული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით გადასახადის გადამხდელს შესაბამისი სამსახურისთვის არ მიუმართავს, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ უძრავი ქონების მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე მუხლის თანახმად.

ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის მიერ 2020-2021 წლებში მიღებული შემოსავალი შეადგენს 1 595 891 ლარს, ხოლო კრედიტორული დავალიანების ოდენობა 1.01.2020 წლის და 31.12.2020 წლის მდგომარეობით შპს „--------“ მიმართ შეადგენს შესაბამისად: 624 187 ლარს და 395 857 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ 2021-2022 წლებში სხვა მომსახურება/მიწოდებით მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 352 006 ლარს (დღგ-ს გარეშე), ხოლო კრედიტორული დავალიანების ოდენობა - 49 194 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში გაწეული ხარჯი შეადგენს სულ 848 090 ლარს (ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, ელ. სასაქონლო ზედნადებით შეძენილი, გადახდილი ბიუჯეტში და ხელფასის სახით განაცემების გათვალისწინებით). ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხა შეადგენს სულ 345 035.18 ლარს. შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით განკარგვადი თანხა სულ შეადგენს 4 313 253 ლარს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლის შესაბამისად, განკარგვადი თანხა შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.04.2023 წლის №8685 ბრძანება და №005-48 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16900 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ურთიერთდამოკიდებულ პირთან შპს „---------“ გაფორმებული შედარების აქტი, სადაც „მომსახურების მიმღების“ და „მომსახურების მიმწოდებლის“ ხელმომწერ პირს წარმოადგენს ერთიდაიგივე პირი, აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია, ამასთან, აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტორის მიერ განკარგვად თანხაში გათვალისწინებული იქნა ისეთი თანხები, რომელიც კომპანიას ფაქტობრივად დღემდე არ ააქვს მიღებული. კომპანიის მიერ 2021-2022 წლებში სხვა მომსახურება/მიწოდებით მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აუდიტორს გაანგარიშებული აქვს 2 352 006 ლარი (დღგ გარეშე), რომელშიც გაანგარიშებულია შპს -------- (ს/კ ----------) მისაღები თანხა (რომელიც ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით შეადგენს 370 000 ლარს) და ასევე შპს --------- (ს/კ ---------) მისაღები თანხები (რომელიც ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით შეადგენს 1 905 524.20 ლარს). აღნიშნული მომსახურების თანხა კომპანიას სრულად არა აქვს მიღებული, რაზედაც წარმოადგენს (დანართის სახით) ურთიერთ შედარების აქტს, რომლითაც დასტურდება, რომ შპს --------- და შპს --------- კომპანიის მიმართ დღემდე გააჩნია კრედიტორული დავალიანება ჯამში 1 773 424.2 ლარის ოდენობით. აუდიტორის მიერ, დაკვალიფიცირებულ 2021-2022 წლებში მომსახურება/მიწოდებით მიღებული შემოსავალში რომელიც შეადგენს

2 352 006 ლარს, შეყვანილია აღნიშნული კომპანიებისგან მისაღები თანხები რომელიც ჯამურად 1 773 424.2 ლარია (დღგ-ის გარეშე 1 502 901.8 6 ლარი). შედეგად, გაზრდილია როგორც გადასახადი, ასევე მასზე დარიცხული ჯარიმა და საურავი.

მომჩივანი ითხოვს, საკითხის ხელახლა შესწავლას და წარდგენილი ურთიერთშედარების აქტების საფუძველზე 2023 წლის 26 აპრილის №005-48 საგადასახდო მოთხოვნით დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს დადებული აქვს 16 სართულიანი კორპუსის სამშენებლო მომსახურების გაწევის ხელშეკრულება შპს „----------“ 2018 წლის 2 იანვარს, რომლის თანახმად, მომსახურების საერთო ღირებულება შეადგენს 2 299 169 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის მიერ 2020-2021 წლებში მიღებული შემოსავალი შეადგენს 1 595 891 ლარს, ხოლო კრედიტორული დავალიანების ოდენობა 2020 წლის 1 იანვრის და 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შპს „---------“ მიმართ შეადგენს შესაბამისად: 624 187 ლარს და 395 857 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ 2021-2022 წლებში სხვა მომსახურება/მიწოდებით მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 352 006 ლარს (დღგ-ის გარეშე), ხოლო კრედიტორული დავალიანების ოდენობა 49 194 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში გაწეული ხარჯი შეადგენს სულ 848 090 ლარს. ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხა შეადგენს სულ 345 035.18 ლარს. ამგვარად, შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით განკარგვადი თანხამ შეადგინა 4 313 253 ლარი, რაც მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ განკარგვად თანხაში გათვალისწინებულია ისეთი თანხები, რომელიც კომპანიას ფაქტობრივად დღემდე არ მიუღია, კერძოდ შემოწმების მიერ, 2021-2022 წლებში სხვა მომსახურება/მიწოდებით მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვაში, რომელიც გაანგარიშებულია 2 352 006 ლარის (დღგ გარეშე) ოდენობით, შეყვანილია შპს ---------- და შპს ----------- მისაღები თანხები, რომელიც სრულად არ მიუღია, მათგან მისაღები თანხები ჯამურად შეადგენს 1 773 424.2 ლარს (ხოლო, დღგ-ის გარეშე 1 502 901.8 6 ლარი), ითხოვს საკითხის ხელახლა შესწავლას წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტების საფუძველზე და შესაბამისად, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირებას.

მომჩივანი საჩივარზე დანართის სახით წარმოადგენს 2 შედარების აქტს, რომლებიც გაფორმებულია 2023 წლის 28 თებერვალს, ერთ შემთხვევაში, „მომსახურების მიმღებს“ წარმოადგენს შპს --------- და „მომსახურების მიმწოდებელს“ შპს „--------.“, ხოლო მეორე შპს „-------“ გაფორმებული შედარების აქტის შემთხვევაში „მომსახურების მიმღების“ და „მომსახურების მიმწოდებლის“ ხელმომწერ პირს წარმოადგენს ერთიდაიგივე პირი (ორივე შემთხვევაში დირექტორია ----- --------).

აუდიტის დეპარტამენტი 2023 წლის 25 სექტემბრის №--------- წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აპრილის №----------- წერილით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ეცნობა შპს „------------.“-ს მიერ გამოწერილ ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში შპს „------------“-ზე (დირექტორი და დამფუძნებელი 100%-იანი წილის მფლობელია ------------ (პ/ნ ------------), ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხა შეადგენს 236 038.57 ლარს), შპს „------------“-ზე (ს/ნ ------------), შპს „------------“-ზე (ს/ნ ------------) ასახული ოპერაციების ნამდვილობის დადგენის მიზნით. რაზედაც აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე №------------, ხოლო 31.08.2023 წლის დადგენილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული კომპანიების ხელმძღვანელი პირების გამოკითხვით მათ დაადასტურეს შპს „------------.“-ს სახელით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბე.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.09.2023 წლის №------------ წერილის და აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 სექტემბრის №23278 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება და შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 სექტემბერს შედგა შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელზე დარიცხული გადასახადი მცირდება 906 728 ლარით, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა ექვემდებარება 366 226 ლარით შემცირებას, ხოლო ამავე კოდექსის 282-ე მუხლის თანახმად დაკისრებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს 715 583 ლარს. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის თანახმად, შპს „------------.“-ს სახელით გამოწერილი იქნა: 15.02.2021 წლიდან 15.07.2021 წლის ჩათვლით პერიოდში შპს „------------“-ზე 7 (შვიდი) ერთეული ყალბი მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ჯამური ღირებულებით 1 905 524.20 ლარი (დღგ 290 673.18 ლარი), 15.10.2021 წელს შპს „------------“-ზე 1 (ერთი) ერთეული ყალბი მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ჯამური ღირებულებით 150 000 ლარი (დღგ 22 881.36 ლარი) და 15.12.2021 წელს, 17.01.2022 წელს, 15.02.2022 წელს შპს „------------“-ზე 3 (სამი) ერთეული ყალბი მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ჯამური ღირებულებით 430 000 ლარი. 17.02.2022 წელს 200 000 ლარის ღირებულების ანგარიშ-ფაქტურა ეა------------- დაკორექტირდა ყალბი ეკ №7955543 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, ღირებულებით 60 000 ლარი (დღგ-ის თანხა 9 152.54 ლარი). კორექტირების შემდგომ შპს „------------“-ზე გამოწერილი 3 (სამი) ერთეული ყალბი მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 290 000 ლარი (დღგის თანხა 44 237. 29 ლარი). აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სადავო საგადასახადო შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხა შემცირდა 2 345 525 ლარით, შესაბამისად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა ექვემდებარება შემცირებას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე და გარემოებაზე, რომ სადავო შემოწმების ფარგლებში დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა ექვემდებარება შემცირებას.

საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ საჩივრის ზეპირი განხილვისას მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16900 ბრძანება;

3. საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

განკარგვადი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო-სარეკონსტრუქციო მომსახურების გაწევა. შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს დადებული აქვს 16 სართულიანი კორპუსის სამშენებლო მომსახურების გაწევის ხელშეკრულება სხვა შპს-სთან. შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით განკარგვადი თანხამ შეადგინა 4 313 253 ლარი, რაც მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ საჩივრის ზეპირი განხილვისას მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(9);101(1)154(1);