ბრძანება № 33512
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 33512
28 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 5 დეკემბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №134) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ---------) 2023 წლის 5 დეკემბრის №85840/1/2023 და №85841/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ნოემბრის №007-313 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით კომპანიის ბუღალტერია აწყობილია პროგრამა ორისში, კერძოდ, პროგრამაში სრულად ასახულია კომპანიის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, დამუშავებულია შესრულებული და მიმდინარე სატენდერო ოპერაციები, ინდივიდუალურად აღრიცხულია შეძენილი სარემონტო მასალები, ნედლეულის ჩამოწერები გაკეთებულია შესაბამისი ფორმა №2-ის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგები უნდა განისაზღვროს საბუღალტრო ბაზის მიხედვით, რომელსაც წარმოადგენს მოთხოვნისთანავე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 მაისის №11749 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------“(ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 3 თებერვლიდან 2023 წლის 25 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 6 ნოემბრის №27320 ბრძანება და ამავე თარიღის №007- 313 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 694 783 ლარი, მათ შორის, გადასახადი 310 438 ლარი, ჯარიმა 322 421 ლარი, საურავი 61 924 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს უფლებამოსილი პირის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდზე ბუღალტრული აღრიცხვა არ არის ნაწარმოები, შესაბამისად შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები) და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებულ (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები), ასევე, შემოწმების მიმდინარეობისას მიღებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციებს (საბანკო ამონაწერები), რომელზე დაყრდნობითაც შესწავლილი იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა და დადგინდა, რომ საწარმოს ნაშთად უფიქსირდება არაგონივრული ფულის ნაშთი 690 000 ლარის ოდენობით. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დოკუმენტურად დადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო საწარმოს დირექტორის განმარტებით, შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთი განხილული უნდა იქნას დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი (ფაქტიური ნაშთების გათვალისწინებით) 690 000 ლარის ოდენობით (გადასახადების გარეშე), განხილულ იქნა დამფუძნებლის მიერ დივიდენდის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. ასევე, დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად;
შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილ პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე (საბანკო ამონაწერები) დაყრდნობით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გაწეული აქვს ხარჯები (ჯამურად 5 481 ლარი), რომლის შესაბამისი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას არ იქნა წარმოდგენილი. საწარმოს აღნიშნულ ნაწილში შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები არ აქვს შესრულებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად 5 481 ლარი დაიბეგრა მოგების გადასახადით. საწარმო აგრეთვე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;
საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი აქვს მიღებული ავანსის ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი დღგ, რომელზეც აგრეთვე მიღებული აქვს საბოლოო ანგარიშფაქტურების შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა. შემოწმების შედეგად საწარმოს შეუმცირდა განაშთული ავანსის ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი დღგ-ის ჩასათვლელი თანხა 8 231 ლარის ოდენობით.
საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით, დგინდება რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს „---------“ (ს/ნ ----------) და შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ შპს „-----------“ (ს/ნ -----------) გამოწერილ ---------; ---------; --------- და --------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში (სულ თანხა - 508 217 ლარი, დღგ - 77 525 ლარი) მითითებული შესაბამისი საქონელი/მომსახურება არ მიუღია, ხოლო დღგ-ის თანხა საწარმოს სრულად აქვს ჩათვლილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს შეუმცირდა 2020 წლის მაისის, ივნისის დეკემბრის და 2022 წლის ივლისის თვეების საანგარიშო პერიოდებში ჩათვლილი დღგ-ის თანხა 77 525 ლარის ოდენობით, ასევე, დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების შესაბამისად;
შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილ პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე (საბანკო ამონაწერები) დაყრდნობით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე (შემოწმების მიმდინარეობისას ვერ განხორციელდა აღნიშნული პირების იდენტიფიცირება, საწარმოს უფლებამოსილი პირისთვის მიწოდებული იქნა შესაბამის პირთა სია, თუმცა არ არის წარმოდგენილი შემოწმებისთვის მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები) გადახდილი აქვს 263 182 ლარი. შემოწმების შედეგად საბანკო ანგარიშსწორებით არაიდენტიფიცირებულ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმო ასევე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
ამავე კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შემოწმების მიმდინარეობისას გაანგარიშების შესაბამისი ცხრილები/ინფორმაციები მიწოდებული იქნა გადასახადის გადამხდელისთვის. აქტის შედგენამდე გადამხდელს საკითხებთან დაკავშირებით პოზიციის დასაფიქსირებლად და დოკუმენტაციის წარსადგენად მიცემული ჰქონდა კონკრეტული ვადა, თუმცა შესაბამისი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია, ასევე, საწარმოს დირექტორის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში არ იყო ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დარიცხვა განხორციელდა პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე დაყრდნობით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტული სადავო საკითხები, კერძოდ, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს ნაშთად უფიქსირდება არაგონივრული ფულის ნაშთი. აღნიშნული განხილულ იქნა დამფუძნებლის მიერ დივიდენდის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. ასევე, დაერიცხა ჯარიმა.
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გაწეული აქვს ხარჯები. აღნიშნულ ნაწილში შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები არ აქვს შესრულებული. საწარმო დაიბეგრა მოგების გადასახადით, აგრეთვე დაჯარიმდა.
საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი აქვს მიღებული ავანსის ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი დღგ, რომელზეც აგრეთვე მიღებული აქვს საბოლოო ანგარიშფაქტურების შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა. შემოწმების შედეგად საწარმოს შეუმცირდა განაშთული ავანსის ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.
გადაწყვეტილება
საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:275(2);280(1);291;