ბრძანება N 13476

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.06.2025
№ დოკუმენტი 13476
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13476

25 ივნისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 4 ივნისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 ივნისის სხდომაზე (ოქმი №48) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 4 ივნისის №96039/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 მაისის №007-75 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ხელფასად დაკვალიფიცირებული ფულის ნაშთის ოდენობას, კერძოდ:

● ბეტონის ტრანსპორტირების ხარჯებთან დაკავშირებით, მომჩივანი აცხადებს, რომ 2022-2024 წლებში ბეტონის გადაზიდვის ტრანსპორტირების თანხამ შეადგინა 929 100 ლარი და სხვაობა შემოწმების მიერ განსაზღვრულ და რეალურ ხარჯებს შორის არის 483 633 ლარი. განმარტავს, რომ სპეც-მანქანის ტრანსპორტირების ხარჯი შეუძლებელია იყოს 85 ლარი. ბეტონმზიდი მანქანები, რომლებსაც გადააქვთ 15-20 ტონა ტვირთი, ახლო მანძილზე ტრანსპორტირების ღირებულება ერთი კილომეტრის ფარგლებში შეადგენს 150 ლარს, ხოლო შორ მანძილზე იზრდება მანძილის შესაბამისად. მიუთითებს, რომ გამოწერილი ჩგდ-ებიდანაც ჩანს თუ რამდენი ლარის ფარგლებში გადაადგილდებიან ბეტონმზიდები ობიექტებზე.

ამასთან, საჩივრის ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელმა მოითხოვა ხარჯების გაანგარიშება ჩგდ-ებში მითითებული ღირებულების საშუალო მაჩვენებლით.

● ამწეკრანის შეკეთებასა და ბეტონის გამაგრებით სამუშაოებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, მომჩივანი მიუთითებს, რომ 2024 წლის სექტემბერში, ამწეკრანი, რომლის საშუალებითაც ხდებოდა ინერტული მასალის ჩაყრა, დაზიანდა, რის შეკეთებაზეც დაიხარჯა 19 000 ლარი. ასევე, 2021 წელს ყინვების გამო დაზიანდა კონტრაქტორ მხარესთან მიწოდებული ბეტონი, რომლის გამაგრებაც მოითხოვა კონტრაქტორმა, რაზეც დაიხარჯა 12 000 ლარი. გადასახადის გადამხდელი ითხოვს აღნიშნული თანხების გათვალისწინებას ხარჯში.

● კრედიტორული დავალიანების ფულის მოძრაობაში ჩართვასთან დაკავშირებით, მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ 2024 წლის დეკემბერში არსებული კრედიტორული დავალიანება, 50 000 ლარის ოდენობით, დამატებულ იქნა შემოსავალში. აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა გადაიხადა 2025 წლის იანვარ-თებერვალში და შესაბამისად, ითხოვს, შემოსავლიდან მის ამოღებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 თებერვლის №2463 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 19 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 23 მაისის №10532 ბრძანება და ამავე თარიღის №007-75 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 219 339 ლარი, მათ შორის, გადასახადი 139 585 ლარი, ჯარიმა 69 793 ლარი და საურავი 9 962 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შემოწმების მიერ გაანალიზებულ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა. შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერები, გაანგარიშების ცხრილები, კალკულაციები, ჩგდ-ები და სხვა). შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 7 072 283 ლარს. ხოლო შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გაწეული ხარჯები (მასალების შეძენა, ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ბანკის საკომისიოები, ტრანსპორტირების ხარჯი, იჯარა და სხვა) ჯამურად შეადგენს 6 632 175 ლარს. უნდა აღინიშნოს, რომ ხარჯებში გამოქვითვას დაექვემდებარა, როგორც დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი ასევე, ბეტონის რეალიზაციის დროს გაწეული ტრანსპორტირების ხარჯი, რომლის ნაწილზეც გადამხდელმა წარმოადგინა ჩგდ-ები ჯამურად 231 726 ლარი, ხოლო ნაწილზე არ ჰქონდა წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოწმებით, გადამხდელის მონაწილეობით, იდენტიფიცირებულ იქნა ზედნადებების მიხედვით ის რეალიზაციები, რაზეც ტრანსპორტირების ხარჯი გაწეული ჰქონდა გამყიდველს - შპს -------. ამის შემდგომ, დადგინდა ბეტონის გადაზიდვის საშუალო ღირებულება, რაც დაანგარიშებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ჩგდ-ების მიხედვით. კერძოდ, ისეთ რეისებზე რაზეც არ იყო წარმოდგენილი ხარჯის დოკუმენტი გავრცელდა ჩგდ-ებში დაფიქსირებული მინიმალური ღირებულები 85,36 ლარი. ასევე, შემოწმების მიერ მანქანის ნომრების მიხედვით იდენტიფიცირებულ იქნა პირები (მანქანის მფლობელები, რითაც ხდებოდა ბეტონის გადაზიდვა) და დადგინდა იყვნენ თუ არა ეს პირები გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულები. გამოქვითვას დაექვემდებარა, მხოლოდ იმ პირების მიერ გაწეული ტრანსპორტირების მომსახურება, რომლებიც რეგისტრირებულები იყვნენ გადასახადის გადამხდელებად. ჯამურად ხარჯებში გამოქვითვას დაექვემდებარა არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი ტრანსპორტირების ხარჯი, რამაც შეადგინა 213 741 ლარი. საბოლოოდ, ბეტონის რეალიზაციის ფარგლებში გაწეულმა ტრანსპორტირების ხარჯმა 2022-2024 წლებში შეადგინა 445 467 ლარი. შემოსავლების სხვაობა მიღებულ და გასულ ფულს შორის შეადგენს 558 338 ლარს, პერიოდის დასაწყისსა და ბოლოში საბანკო ანგარიშზე არსებული ფულის ნაშთის, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების გათვალისწინებით. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით (მეთოდური მითითება) განისაზღვრა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი წლების მიხედვით. რის შედეგადაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლებით, შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ბეტონის ტრანსპორტირების ხარჯებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე, რომლის მიხედვითაც ბეტონმზიდი მანქანები, რომლებსაც გადააქვთ 15-20 ტონა ტვირთი, ახლო მანძილზე ტრანსპორტირების ღირებულება ერთი კილომეტრის ფარგლებში შეადგენს 150 ლარს, ხოლო შორ მანძილზე იზრდება მანძილის შესაბამისად. მიუთითებს, რომ გამოწერილი ჩგდ-ებიდანაც ჩანს თუ რამდენი ლარის ფარგლებში გადაადგილდებიან ბეტონმზიდები ობიექტებზე.

ამასთან, საჩივრის ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელმა მოითხოვა ხარჯების გაანგარიშება ჩგდ-ებში მითითებული ღირებულების საშუალო მაჩვენებლით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს მიერ ბეტონის ტრანსპორტირების დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ჩგდებში მითითებული ღირებულების საშუალო მაჩვენებლით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამწეკრანის შეკეთებასა და ბეტონის გამაგრებით სამუშაოებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე, რომლის მიხედვითაც 2024 წლის სექტემბერში, ამწეკრანი, რომლის საშუალებითაც ხდებოდა ინერტული მასალის ჩაყრა, დაზიანდა, რის შეკეთებაზეც დაიხარჯა 19 000 ლარი. ასევე, 2021 წელს ყინვების გამო დაზიანდა კონტრაქტორ მხარესთან მიწოდებული ბეტონი, რომლის გამაგრებაც მოითხოვა კონტრაქტორმა, რის გამაგრებაზე დაიხარჯა 12 000 ლარი. გადასახადის გადამხდელი ითხოვს აღნიშნული თანხის გათვალისწინებას ხარჯში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

კრედიტორული დავალიანების ფულის მოძრაობაში ჩართვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ფულის მოძრაობაში კრედიტორული დავალიანება გათვალისწინებულ იქნა სალდირებულად. კერძოდ, საბოლოო კრედიტორულ დავალიანებას, 50 213 ლარს, გამოაკლდა საწყისი კრედიტორული დავალიანება 25 518 ლარი, მათ შორის დარჩენილი სხვაობა 24 696 ლარი დაემატა შემოსავალს (ფულს).

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებთ:

ა) ბეტონის ტრანსპორტირების ხარჯებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს მიერ ბეტონის ტრანსპორტირების დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ჩგდ-ებში მითითებული ღირებულების საშუალო მაჩვენებლით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

ბ) ამწეკრანის შეკეთებასა და ბეტონის გამაგრებით სამუშაოებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ხელფასად დაკვალიფიცირებული ფულის ნაშთის ოდენობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ გაანალიზებულ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა. შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერები, გაანგარიშების ცხრილები, კალკულაციები, ჩგდ-ები და სხვა). უნდა აღინიშნოს, რომ ხარჯებში გამოქვითვას დაექვემდებარა, როგორც დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი ასევე, ბეტონის რეალიზაციის დროს გაწეული ტრანსპორტირების ხარჯი, რომლის ნაწილზეც გადამხდელმა წარმოადგინა ჩგდ-ები, ხოლო ნაწილზე არ ჰქონდა წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოწმებით, გადამხდელის მონაწილეობით, იდენტიფიცირებულ იქნა ზედნადებების მიხედვით ის რეალიზაციები, რაზეც ტრანსპორტირების ხარჯი გაწეული ჰქონდა გამყიდველს. ამის შემდგომ, დადგინდა ბეტონის გადაზიდვის საშუალო ღირებულება, რაც დაანგარიშებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ჩგდ-ების მიხედვით. შემოწმების მიერ მანქანის ნომრების მიხედვით იდენტიფიცირებულ იქნა პირები (მანქანის მფლობელები, რითაც ხდებოდა ბეტონის გადაზიდვა) და დადგინდა იყვნენ თუ არა ეს პირები გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულები. გამოქვითვას დაექვემდებარა, მხოლოდ იმ პირების მიერ გაწეული ტრანსპორტირების მომსახურება, რომლებიც რეგისტრირებულები იყვნენ გადასახადის გადამხდელებად.

შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალსა და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

ბეტონის ტრანსპორტირების ხარჯებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს მიერ ბეტონის ტრანსპორტირების დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ჩგდ-ებში მითითებული ღირებულების საშუალო მაჩვენებლით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

ამწეკრანის შეკეთებასა და ბეტონის გამაგრებით სამუშაოებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154