გადაწყვეტილება №27499/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27499/2/2026
21 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,26.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „--------“-ის 3.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27499/2/2026).
დავის საგანი:
გადახდის წყაროსთან დასაკავებელი შემოსავლის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის №031-12 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10883 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 169 979,7 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 88 514,84
დღგ - 9 063,07
საშემოსავლო გადასახადი - 79 105,11
ქონების გადასახადი - 346,66
ჯარიმა - 43 738
საურავი - 37 726,86
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელის საქმიანობის სფეროა სხვადასხვა ტერიტორიაზე ხეების გასხვლა-ფორმირების, გადაბელვის, მოჭრის, დამუშავების და გატანის, აგრეთვე სტიქიური მოვლენების შედეგად წაქცეული ხეების და გამხმარი ხეების დაჭრის, დამუშავების და გატანის მომსახურება.
აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსით, რომლის ფარგლებში დეკლარირებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 1 073 924 ლარს. ასევე, გადამხდელს დეკლარირებული აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც შეადგენს 86 869 ლარს. გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას უწევს მხოლოდ შპს „-------- -ს“, რომელიც თავის მხრივ მონაწილეობს ტენდერებში. გადამხდელი წარმოადგენს აღნიშნული შპს-ს ქვეკონტრაქტორს. აღსანიშნავია, რომ შპს ,,-------“ ქვეკონტრაქტორებისგან დამოუკიდებლად, ტენდერის ფარგლებში თავადაც ასრულებს მომსახურებებს, რისთვისაც გაწეული (დეკლარირებული) აქვს ხელფასის ხარჯი. აღნიშნულ ნაწილში საწარმოს მიერ გაცემული ხელფასი შეადგენს შემოსავლის 44%-ს. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე მცირე მეწარმის საქმიანობა და დადგინდა, რომ მეწარმის მიერ გაწეულია 1 098 253 ლარის მომსახურება დღგ-ის გარეშე. ხოლო, მის მიერ გადახდის წყაროსთან დაკავებული თანხა დეკლარირებულია 86 869 ლარი. იქიდან გამომდინარე, რომ შპს-ს და ი/მ-ს საქმიანობა ცალსახად იდენტურია, შპს „--------"-სგან განსხვავებით, რომელიც წარმოადგენს ი/მ „--------“-ის ერთადერთ დამკვეთს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 8%-ს შეადგენს ხელფასის ხარჯი. შემოწმებით განისაზღვრა მეწარმის მიერ გაცემული ხელფასის ოდენობა, იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს (შპს „--------") მაგალითზე. აღნიშნულის საფუძველზე, გაანგარიშებული გადახდის წყაროსთან დასაკავებელი შემოსავალი აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის №031-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსხურში. შემოსავლების სამსახურის 20.02.2026 წლის №3948 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 2.04.2026 წლის №26871/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10883 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, 101- ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივანის მიერ გადახდის წყაროსთან დასაკავებელ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინოს შპს „-------- ის” მიერ დირექტორზე გაცემული ხელფასი და აღნიშნულის გათვალისწინებით მოახდინოს საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
საშემოსავლო გადასახადში თანხები დაერიცხა იმ საფუძვლით, რომ მის მიერ ხელფასის სახით დაბეგრილი თანხები იყო მცირე ოდენობის, ვიდრე ხსენებული თანხები იბეგრებოდა მის დამკვეთ კონტრაქტორთან - შპს „-------- - ში“. შპს „--------“ იღებს მონაწილეობას ტენდერებში, რომელიც ეხება ქ, „-------- - ის ტერიტორიაზე ხეების გასხვლა-ფორმირების, გადაბელვის, მოჭრის, დამუშავების და გატანის, აგრეთვე სტიქიური მოვლენების შედეგად წაქცეული ხეების და გამხმარი ხეების დაჭრის, დამუშავების და გატანის მომსახურებას. მომჩივანი წარმოადგენს აღნიშნული კომპანიის ქვეკონტრაქტორს, რომელიც სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსით. აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით, შპს „------- -ის “ მიერ გაცემული ხელფასი შეადგენს მისი შემოსავლის 44%-ს. ხოლო, მისი სახელფასო ხარჯი 8%-ს შემოსავალთან მიმართებით. აღნიშნულის გამო, გაიზარდა გაცემული ხელფასის დასაბეგრი ბაზა და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
ზემოხსენებული დარიცხვა არ არის მართლზომიერი და არ გამომდინარეობს საგადასახადო კანონმდებლობიდან. საგადასახადო ორგანოს არ გააჩნდა ხსენებული დარიცხვის სამართლებრივი საფუძველი. შპს „-------- - ის” მიერ შესრულებული ტენდერები (მაგალითად, „--------" ტენდერის დოკუმენტაცია, რომელიც საჯაროა ელექტრონული შესყიდვების პლატფორმაზე) ადასტურებს რომ მის მიერ გაწეული სახელფასო ხარჯი არარეალურად მცირე არ არის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ იმ მეთოდოლოგიითაც კი რა მეთოდოლოგიითაც აუდიტის დეპარტამენტმა გამოიანგარიშა მის მიერ გაცემული ხელფასის დასაბეგრი ბაზა, აღნიშნულ ბაზაში არ უნდა მოხვედრილიყო შპს „------- - ის” დირექტორზე გაცემული ხელფასის ოდენობის თანხები. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმებს (თავი XII). სწორედ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმს განეკუთვნება მცირე ბიზნესი. მან კანონმდებლობის სრული დაცვით მიიღო მცირე ბიზნესის სტატუსი და იმ ფუნქციას, რასაც შპს „--------"-ში ასრულებს დირექტორი, სწორედ იგი ასრულებდა მის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას. ის რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მენეჯმენტის (იგივე შპს-ს დირექტორის ფუნქციის) განხორციელების ფარგლებში მიღებული პროპორციული შემოსავალი იბეგრება მცირე ბიზნესისთვის დადგენილი განაკვეთით, ბუნებრივია ეს არ წარმოადგენს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას და სრულიად გაუგებარია რატომ უნდა მოხვდეს ი/მ „--------“-ის მიერ გაცემული ხელფასის დასაბეგრ ბაზაში შპს „--------"-ის ხელმძღვანელის ხელფასის ოდენობის თანხები. აღნიშნული დამატებით ადასტურებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საშემოსავლო გადასახადში თანხების დარიცხვა არის კანონსაწინააღმდეგო და ექვემდებარება გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
შემოსავლების სამსხურის სადავო ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივანის მიერ გადახდის წყაროსთან დასაკავებელ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინოს შპს „------- - ის” მიერ დირექტორზე გაცემული ხელფასი და აღნიშნულის გათვალისწინებით მოახდინოს საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საჩივრის განხილვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში დაიგეგმა მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა, გადასახადის გადამხდელმა უარი განაცხადა საჩივრის განხილვაში მონაწილეობაზე.
საქმის გარემოებებისა და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიიჩნევს,რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საშემოსავლო გადასახადში თანხების დარიცხვა არის კანონსაწინააღმდეგო და ექვემდებარება გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას უწევს მხოლოდ საწარმოს,რომელიც თავის მხრივ მონაწილეობს ტენდერებში. გადამხდელი წარმოადგენს აღნიშნული შპს-ს ქვეკონტრაქტორს.ქვეკონტრაქტორებისგან დამოუკიდებლად, ტენდერის ფარგლებში თავადაც ასრულებს მომსახურებებს, რისთვისაც გაწეული აქვს ხელფასის ხარჯი. აღნიშნულ ნაწილში საწარმოს მიერ გაცემული ხელფასი შეადგენს შემოსავლის 44%-ს. დადგინდა, რომ მეწარმის მიერ გაწეულია 1 098 253 ლარის მომსახურება დღგ-ის გარეშე. ხოლო, მის მიერ გადახდის წყაროსთან დაკავებული თანხა დეკლარირებულია 86 869 ლარი. იქიდან გამომდინარე, რომ შპს-ს და ი/მ-ს საქმიანობა ცალსახად იდენტურია,საწარმოსგან განსხვავებით, რომელიც წარმოადგენს მომჩივანის ერთადერთ დამკვეთს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 8%-ს შეადგენს ხელფასის ხარჯი.შემოწმებით განისაზღვრა მეწარმის მიერ გაცემული ხელფასის ოდენობა, იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს მაგალითზე. აღნიშნულის საფუძველზე, გაანგარიშებული გადახდის წყაროსთან დასაკავებელი შემოსავალი აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. შესაბამისად, სსკ-ის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),101,154.