გადაწყვეტილება №22000/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22000/2/2024
16 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 16.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22000/2/2024).
დავის საგანი:
1. საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლის ოდენობა;
2. მიღებულ შემოსავალსა და გათვალისწინებულ ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №001-173 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №28965 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 263 080,91 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 180 652
დღგ - 112 730
საშემოსავლო გადასახადი - 67 922
ჯარიმა - 65 375
საურავი - 17 053,91
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 24.07.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 19.07.2022 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №001-173 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №28965 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლის ოდენობა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საზოგადოების საქმიანობის საგანს წარმოადგენს უსაფრთხოების სისტემებისთვის საჭირო დანადგარების რეალიზაცია/მონტაჟი. შემოწმების მსვლელობისას გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერები) და საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში ზემოაღნიშნული საქმიანობის შედეგად მომჩივნის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 837 018 ლარი. შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული მონაცემებით, მომჩივანი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, შესაბამისად, საქონლისა და მომსახურების რეალიზაციით მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით, საზოგადოებას დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია. საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა. საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა „ა“ დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება, ხოლო „ბ“ დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, ხოლო საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს, ხოლო საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა - იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციების) თანხის 5 პროცენტის ოდენობით. ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოთ აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, მომჩივანს დღგის ნაწილში დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163- ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 3 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში დაფიქსირებული 356 133,6 ლარი, დათვლილი აქვს მხოლოდ სასაქონლო ზედნადებებით, სადაც რეალიზებული საქონლის ღირებულებაა ასახული. საწარმოს წარმომადგენელს შემოწმებისთვის მოწოდებული აქვს სს --- ბანკის ამონაწერი, სადაც შესამოწმებელ პერიოდში ჯამურად მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 837 018 ლარი, რაც მოიცავს როგორც საქონლის ღირებულებას, ასევე გაწეული მომსახურების ღირებულებასაც. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმებით დადგინდა დღგ-ის ბრუნვა - 626 303 ლარის ოდენობით, მაშინ როცა შესამოწმებელ პერიოდზე საწარმოს ბრუნვა დღგ-ის ჩათვლით შეადგენს მხოლოდ - 356 133,6 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე გაუგებარია, საიდან დაადინა შემმოწმებელმა საწარმოს შემოსავალი 626 303 ლარი (დღგ-ის გარეშე). უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებით შესწავლა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:,1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
შემოწმების შედეგად საბანკო ანგარიშების ამონაწერებით და საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა-ანალიზით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში უსაფრთხოების სისტემებისთვის საჭირო დანადგარების რეალიზაცია/მონტაჟიდან მომჩივნის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 837 018 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის 22.01.2024 წლის №4770-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საჩივარში დაფიქსირებული 356 133,6 ლარი, გადასახადის გადამხდელს მხოლოდ სასაქონლო ზედნადებებით აქვს დათვლილი, სადაც რეალიზებული საქონლის ღირებულებაა ასახული, გარდა ამისა მომჩივანმა წარმოადგინა სს ---ის ამონაწერი, სადაც შესამოწმებელ პერიოდში ჯამურად მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 837 018 ლარი, რაც მოიცავს როგორც საქონლის ღირებულებას, ასევე გაწეული მომსახურების ღირებულებასაც. საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, ამ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. მიღებულ შემოსავალსა და გათვალისწინებულ ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საზოგადოებას შემოწმებისთვის ბუღალტრული აღრიცხვა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის დადგენის მიზნით ნაღდი ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და საბანკო ამონაწერების შესწავლა/ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოების მიერ საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი შეადგენს 837 018 ლარს, ხოლო სმფ-ების დოკუმენტური (მათ შორის, შესყიდვის აქტით) შეძენა არ უფიქსირდება. შედეგად, შემოწმებისთვის უცნობია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში საჭირო მასალების შესაძენად გადახდილი თანხების მოცულობა, თუმცა გადამხდელის მიერ სამუშაოების გაწევა და სმფ-ების გამოყენება ფიქსირდება.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ხარჯების ნაწილში შემოწმებამ იხელმძღვანელა 0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად და განსაზღვრა საზოგადოების მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფარგლებში საჭირო სმფ-ის შესაძენად გადახდილი თანხების მოცულობა. საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით და ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი (ხარჯების გათვალისწინებით) საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, განხილული იქნა საზოგადოების დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულ თანხად და შესაბამის პერიოდებში დაბეგრილი იქნა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გადახდის წყაროსთან, რის შედეგადაც საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელფასად განხილული ფულადი ნაშთის პროცენტიან სესხად დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მხრიდან შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი ახსნა-განმარტება მოწოდებული არ ყოფილა. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის პოზიციას, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას თანხების ე.წ. „აგროსვაზე“, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ფულადი ნაშთი ხელფასის ნაცვლად უნდა დაკვალიფიცირდეს პროცენტიან სესხად. ასევე მიუღებელია ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხების აგროსვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლის ოდენობა;
2. მიღებულ შემოსავალსა და გათვალისწინებულ ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული მონაცემებით, მომჩივანი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, შესაბამისად, საქონლისა და მომსახურების რეალიზაციით მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით, საზოგადოებას დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება არ შეუსრულებია. მომჩივანს დღგის ნაწილში დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ხარჯების ნაწილში შემოწმებამ იხელმძღვანელა 0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად და განსაზღვრა საზოგადოების მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფარგლებში საჭირო სმფ-ის შესაძენად გადახდილი თანხების მოცულობა. საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით და ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი (ხარჯების გათვალისწინებით) საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, განხილული იქნა საზოგადოების დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულ თანხად და შესაბამის პერიოდებში დაბეგრილი იქნა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გადახდის წყაროსთან.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 164; 165; 73; 101; 154.