გადაწყვეტილება №24386/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.03.2025
№ დოკუმენტი 24386/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24386/2/2024

07 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-------”-ის 2.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24386/2/2024).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.10.2024 წლის №039-20 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №24061 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 296 568,14 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 190 042

დღგ - 77 773

საშემოსავლო გადასახადი - 112 269

ჯარიმა - 95 021

საურავი - 11 505,14

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა ------- იმპორტირებული საქონლის ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის 24.09.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 28.11.2023 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელი შემოწმებასთან არ თანამშრომლობდა, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საკონტროლო შესყიდვის ჩატარება ვერ მოხერხდა ვინაიდან გადამხდელი ვერ იქნა ნაპოვნი. ჩაითვალა, რომ შესამოწმებელი პერიოდს ბოლოს გადამხდელს სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთი არ გააჩნია. შედეგად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ გაანგარიშებულ იქნა კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა აუდირებული ფასნამატი საქონლის კატეგორიების შესაბამისად (6 ჯგუფი). შემოწმებით დადგენილსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობა, დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას, რის საფუძველზეც მიღებული დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდზე გადანაწილდა გადამხდელის მიერ პერიოდების მიხედვით დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 22.10.2024 წლის №039-20 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №24061 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმოს გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა, რაც წარდგენილია აუდიტის დეპარტამენტში. შესამოწმებელ პერიოდში არ ფიქსირდება არც ერთი სამართალდარღვევა. საჩივარს თანდართული აქვს 3 საბაჟო დეკლარაცია ინვოისებით, რომლის აფასებაც მოხდა. სხვაობა დეკლარაციასა და აფასებას შორის არის 123 585,35 ლარი და შემოწმება კიდევ ზრდის ფასს და ყველაფერზე ხდება ერთი დაიგივე ფასნამატის დარიცხვა. კომპანიას არ აქვს იჯარით აღებული ფართი, საიდანაც მოახდენდა რეალიზაციას. კომპანია კონტეინერიდან ყიდის საბითუმოდ, რის გამოც ფასნამატი ვერ იქნება მაღალი. შემოწმებით პერიოდში მიღებული პროდუქციის თვითღირებულებაა 599 042 ლარი და დასაბეგრი სარეალიზაციო თანხა არის 679 250 ლარი, 13%-იანი ფასნამატით არის გაყიდული.

მომჩივანმა თავისი კუთვნილი თანხა შეიტანა კომპანიაში. ამას ადასტურებს საბანკო ამონაწერები, ასევე ნაღდი ფულით დაფარული კრედიტორული დავალიანება. შემოწმების დროს სულ კომპანიას მიღებული ჰქონდა 221 445$-ის ექვივალენტი ლარში ღირებულების პროდუქცია. გადახდილი ჰქონდა 100 000$. ხოლო 121 445$ შემდგომ იქნა გადახდილი. ამგვარად, თუნდაც არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლით პირველ რიგში უნდა დაიფაროს მომწოდებლების დავალიანება. გადამხდელი ითხოვს შემმოწმებელი დაეყრდნოს უტყუარ მონაცემებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელი შემოწმებასთან არ თანამშრომლობდა, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის პროცედურის ჩატარებისას, გადასახადის გადამხდელი ვერ იქნა ნაპოვნი. აქედან გამომდინარე, შემოწმებამ მიიჩნია, რომ შესამოწმებელი პერიოდს ბოლოს გადამხდელს სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთი არ გააჩნია. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა ბუღალტრული აღრიცხვა საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, გაანგარიშებულ იქნა კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა აუდირებული ფასნამატი საქონლის კატეგორიების შესაბამისად (6 ჯგუფი). შემოწმებით დადგენილსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობა დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, განხორციელდა მართლზომიერად. შესაბამისად, შემოსავლების 13.11.2024 წლის №24061 ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელი შემოწმებასთან არ თანამშრომლობდა, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საკონტროლო შესყიდვის ჩატარება ვერ მოხერხდა ვინაიდან გადამხდელი ვერ იქნა ნაპოვნი. ჩაითვალა, რომ შესამოწმებელი პერიოდს ბოლოს გადამხდელს სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთი არ გააჩნია. შედეგად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ გაანგარიშებულ იქნა კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა აუდირებული ფასნამატი საქონლის კატეგორიების შესაბამისად (6 ჯგუფი). შემოწმებით დადგენილსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობა, დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას, რის საფუძველზეც მიღებული დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდზე გადანაწილდა გადამხდელის მიერ პერიოდების მიხედვით დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №24061 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, განხორციელდა მართლზომიერად. შესაბამისად, შემოსავლების 13.11.2024 წლის №24061 ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 163(1-2); 164(1)