ბრძანება N 16698
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16698
15 ივლისი 2024
ბრძანება
შპს „-------“-ს (ს/ნ „-------“)
(ფაქ. მის.: „-------“)
2023 წლის 8 სექტემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 ივნისის და 4 ივლისის სხდომებზე (ოქმები №60 და №72) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 მაისის №22052/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“-ს (ს/ნ „-------“) 2023 წლის 8 სექტემბრის №83500/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აგვისტოს №005-130 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით სალაროდან გადახდილი თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრას და განმარტავს, რომ შემოწმების აქტში მოცემული თანხები აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარიცხულია რეალობაში მომხდარი ოპერაციების აშკარად არასწორად გაგებისა და არასწორად განვითარებული მსჯელობის საფუძველზე, რამაც გამოიწვია მოქმედ კანონდებლობასთან შეუსაბამო დარიცხვები გადასახადისა და სანქციის ნაწილში.
აცხადებს, რომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მომხდარია თანხების დარიცხვა ისე, რომ არ არის გათვალისწინებული დარიცხულ თანხებთან დაკავშირებული არსებითი გარემოებები.
ასევე მიუთითებს, რომ შპს „N1-ზე“ მიწოდებული მომსახურების თანხები არ არის 885 600 ლარი და არ ემთხვევა "-------" LLC-გან მიღებული სესხის თანხას. აღნიშნავს, რომ მიწოდებული მომსახურების ღირებულება შეადგენს 927 355 ლარს, ხოლო მომსახურების გაწევის პერიოდი კი არის 2014 წლის 1 დეკემბერი, რაც დასტურდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით.
საჩივრის ავტორის არგუმენტაციით, საგადასახადო შემოწმების მიერ შეცდომით არის მიჩნეული სესხისა და შპს „N1-ზე“ მიწოდებული მომსახურების თანხების ტოლობა და ამის საფუძველზე დამატებით მოგების გადასახადის დაკისრება. აქედან გამომდინარე, გადამხდელი აღნიშნავს, რომ არამართლზომიერად არის განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. აცხადებს, რომ აღებული სესხის თანხების დიდი ნაწილი არარეზიდენტი საწარმოსგან მიღებულია შპს „N1“ მომსახურების გაწევამდე, რაც გამორიცხავს სესხის არამიზნობრივად აღებას და თანხების მიღებას „N1-ს“ დავალიანების დასაფარად.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია რის საფუძველზე იქნა მიჩნეული "--------" LLC და შპს „N1“ ურთიერთდამოკიდებულ პირებად. ასევე, აცხადებს, რომ სესხის თანხა 450 000 დოლარის ეკვივალენტი ლარებში არანაირად არ გამოდის 885 600 ლარი. აგრეთვე, მიუთითებს, რომ სესხით მიღებული თანხები არ რჩებოდა კომპანიის ანგარიშზე და გამოიყენებოდა კომპანიის მიმდინარე პერიოდის სხვადასხვა ხარჯების გასასტუმრებლად.
მომჩივანი ასევე აცხადებს, რომ კომპანიის მხრიდან უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ხდებოდა დებიტორული დავალიანების ამოღების მცდელობები შპს N1-სგან, რაც მრავალწლიანი მოლაპარაკებებისა და მრავალის წლის განმავლობაში გაცემული თანხის გადახდის დაპირებების ფონზე მიმდინარეობდა. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიას გააჩნდა არაერთი მცდელობა ამოეღო ეს დავალიანება და არაერთხელ მიუმართავს შპს N1-სთვის თანხის გადახდის მოთხოვნით, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად თანხის გადახდა შპს N1-ის მხრიდან არ მოხდა.
მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი პროცენტის თანხები დაბეგრილი იქნა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით და ბიუჯეტში გადახდილი იქნა აღნიშნული თანხის 5%-ის შესაბამისი თანხა (რასაც ადასტურებს თავად აუდიტორიც). აღნიშნულის მიუხედავად, გადახდილი პროცენტის თანხები შემოწმებამ დაბეგრა 15%-ით მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 პირველი და მე-2 ნაწილები პირდაპირ მიანიშნებს აღნიშნულის შეუსაბამობაზე მოქმედ კანონთან.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ არარეზიდენტი პირისგან აღებული სესხის დასაფარად განხორციელებულია დამფუძნებლის შენატანი. ჯამში 678 902 ლარის ოდენობით, დაბეგრილია შემმოწმებლის მიერ მოგების გადასახადით, როგორც არაეკონომიკური ხარჯი. კომპანიას აღნიშნული პროცენტისა და სესხის დარჩენილი თანხის დასაფარად არ გააჩნდა შესაბამისი ფინანსური (ფულადი) სახსრები. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ვალდებულების დასაფარად დამფუძნებელმა განახორციელა საწარმოს კაპიტალში ფულადი სახსრების შეტანა, რომლის უკან დაბრუნებაც კომპანიას დღემდე არ განუხორციელებია საწარმოს დამფუძნებლის მიმართ.
მომჩივანს სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს ვრცელი არგუმენტაცია. ასევე მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში დაშვებულ ტექნიკური ხასიათის უზუსტობებზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ საწარმოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია შეგნებულად, დაუბეგრავად ფულადი სახსრების საზღვარგარეთ გადინებას და ამ გზით კუთვნილი მოგების/საშემოსავლო გადასახადებისგან თავის არიდებას, ვინაიდან, პირს ფიზიკურად არ ჰქონდა არც ფულადი სახსრები და არც მოგება, რისი დაუბეგრავად გადინების მოტივაციაც შესაძლოა ჰქონოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას.
ამასთან, საჩივრის ზეპირ განხილვაზე მომჩივანმა, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ვალდებულების დასაფარად დამფუძნებელმა განახორციელა საწარმოს კაპიტალში ფულადი სახსრების შეტანა, რომლის უკან დაბრუნებაც კომპანიას დღემდე არ განუხორციელებია, მოითხოვა დაბეგრილი თანხის დაკვალიფიცირება კაპიტალის შემცირებად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვლის №3434 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“-ს (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 10 აგვისტოს №19728 ბრძანება და ამავე თარიღის №005-130 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 229 491 ლარი, მათ შორის, გადასახადი 115 235 ლარი, ჯარიმა 59 903 ლარი, საურავი 54 353 ლარი.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 8 სექტემბერს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 დეკემბრის №32946 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 დეკემბრის №32946 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 22 მაისის №22052/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 დეკემბრის №32946 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 მაისის №22052/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმებით დადგინდა, რომ მომჩივანმა 2014 წლის ნოემბერში გაუწია მომსახურება შპს „N1-ს“ მეტალო-კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით (სამაცივრე მეურნეობისთვის). შესრულებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა თანხით 885 600 ლარი. აღნიშნულ თანხაზე წარმოეშვა მოთხოვნის უფლება მომჩივანს შპს „N1-ს“ მიმართ. 2014 წლის დეკემბერში მომჩივანმა გააფორმა სესხის ხელშეკრულება "------" LLC-სთან (გიბრალტარი) (რომელიც არის ასევე შპს „N1-ს“ ურთიერთდამოკიდებული კომპანია-არარეზიდენტი კომპანიის და შპს „N1-ს“ დამფუძნებლები არიან ოჯახის წევრები). სესხის ხელშეკრულებით 450 000$ გადაეცა მომჩივანს (წლიური 1%-იანი სარგებლით). აღნიშნულმა სესხის თანხამ აღების მომენტში შეადგინა 885 600 ლარი-რაც თავიდანვე გულისხმობდა იმას, რომ მომჩივანს მიმართ არსებული ვალის დასაფარად იყო გაცემული. 2020 წლის დეკემბერში სამივე კომპანიას შორის გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ, კერძოდ 885 600 ლარის ნაწილში მოთხოვნები გაიქვითა, ხოლო კურსთაშორის სხვაობით და ე.წ. პროცენტის სახით წარმოშობილი თანხა ჯამში 678 902 ლარი (მ/შ 91 435 ლარი პროცენტი) გადაუხადა სალაროდან მომჩივანმა "------" LLC-ს. შემოწმების მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხდა სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა და მიჩნეულ იქნა, რომ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარს. კერძოდ, დაუსაბუთებლად წარმოიშვა მომჩივანის ვალდებულება "------" LLC-ის მიმართ. შემოწმებამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გადახდა (სალაროდან) არ წარმოადგენს კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯს. შესაბამისად, შემოწმების მიერ 678 902 ლარი (დარიცხული), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დაიბეგრა მოგების გადასახადით. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
საკითხის შეფასებიდან გამომდინარე, ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, მოხდა ე.წ. სესხის ხელშეკრულების მიმართ კვალიფიკაციის შეცვლა. კერძოდ, მიჩნეულ იქნა, რომ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. კომპანიის მიერ 2020 წლის დეკემბერში დეკლარირებული ე.წ. სესხის პროცენტის ნაწილში წყაროსთან დაკავებული გადასახადი, შემოწმების მხრიდან დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, მომჩივანმა (ს/ნ „-------“) 2014 წლის ნოემბერში შპს N1-ს მიაწოდა მეტალო-კონსტრუქციები (მაცივრებისთვის), თანხით 885 600 ლარი. 2014 წლის დეკემბერში მომჩივანმა გააფორმა სესხის ხელშეკრულება "-------" LLC-სთან (გიბრალტარი) (რომელიც არის ასევე შპს N1-ს ურთიერთდამოკიდებული კომპანია). სესხის ხელშეკრულებით 450 000$ გადაეცა მომჩივანს (წლიური 1%-იანი სარგებლით). აღნიშნულმა სესხის თანხამ აღების მომენტში შეადგინა 885 600 ლარი. 2020 წლის დეკემბერში სამივე კომპანიას შორის გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ, კერძოდ 885 600 ლარის ნაწილში მოთხოვნები გაიქვითა, ხოლო კურსთაშორის სხვაობით წარმოშობილი თანხა ჯამში 680 226 ლარი (მ/შ 91 435 ლარი პროცენტი) გადაუხადა სალაროდან მომჩივანმა "------" LLC-ს. შემოწმების მიხედვით, მოხდა სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა და მიჩნეულ იქნა, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯს. აქედან გამომდინარე, შემოწმების მიერ სალაროდან გადარიცხული თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, შემცირებას დაექვემდებარა 2020 წლის დეკემბერში დეკლარირებული ე.წ. სესხის პროცენტის ნაწილში წყაროსთან დაკავებული გადასახადი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 მაისის №22052/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულ გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, კერძოდ:
,,კომპანიას პროცენტისა და სესხის დარჩენილი თანხის დასაფარად არ გააჩნდა შესაბამისი ფინანსური (ფულადი) სახსრები. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ვალდებულების დასაფარად დამფუძნებელმა განახორციელა საწარმოს კაპიტალში ფულადი სახსრების შეტანა, რომლის უკან დაბრუნებაც კომპანიას დღემდე არ განუხორციელებია საწარმოს დამფუძნებლის მიმართ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ პირის მხრიდან ადგილი არ ჰქონია შეგნებულად, დაუბეგრავად ფულადი სახსრების საზღვარგარეთ გადინებას და ამ გზით კუთვნილი მოგების/საშემოსავლო გადასახადებისგან თავის არიდებას, ვინაიდან პირს ფიზიკურად არ ჰქონდა არც ფულადი სახსრები და არც მოგება, რისი დაუბეგრავად გადინების მოტივაციაც შესაძლოა ჰქონოდა.
შესაბამისად, ასეთი ტიპის დაბეგვრა ეწინააღმდეგება ე.წ. ესტონური მოგების ზემოხსენებულ პრინციპებს და გამოწვეულია იმ მიზეზით (სხვა ზემოთ ჩვენ მიერ აღწერილ მიზეზებთან ერთად), რომ შემმოწმებლის მიერ არ მომხდარა ფაქტობრივი გარემოების სიღრმისეული და მასშტაბური შესწავლა. მეორეს მხრივ, იმ შემთხვევაში თუ საგადასახადო ორგანოს აუდიტორი ამ ოპერაციას შეაფასებდა დაუსაბუთებლად დამფუძნებლის შენატანის ზრდად, შემდგომში დაუბეგრავად ფულადი სახსრების გამოტანის მოტივით, ეს არგუმენტაციაც არასწორია, ვინაიდან, საწარმოს დღემდე არ დაუფარავს დამფუძნებლის მიმართ არსებული ვალდებულება.“
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, კომპანიას აღნიშნული პროცენტისა და სესხის დარჩენილი თანხის დასაფარად არ გააჩნდა შესაბამისი ფინანსური (ფულადი) სახსრები. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ვალდებულების დასაფარად დამფუძნებელმა განახორციელა საწარმოს კაპიტალში ფულადი სახსრების შეტანა, რომლის უკან დაბრუნებაც კომპანიას დღემდე არ განუხორციელებია საწარმოს დამფუძნებლის მიმართ. აგრეთვე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საკითხის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლითაც ითხოვს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით სალაროდან გადახდილი თანხის საწესდებო კაპიტალის შემცირებად დაკვალიფიცირებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებაში მითითებულ გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე და მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით სალაროდან გადახდილი თანხა დააკვალიფიციროს კაპიტალის შემცირებად და აღნიშნულის გათვალისწინებით უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“-ს (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით სალაროდან გადახდილი თანხა დააკვალიფიციროს კაპიტალის შემცირებად და აღნიშნულის გათვალისწინებით, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით სალაროდან გადახდილი თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრას
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 თებერვლის №3434 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 10 აგვისტოს №19728 ბრძანება და ამავე თარიღის №005-130 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 229 491 ლარი, მათ შორის, გადასახადი 115 235 ლარი, ჯარიმა 59 903 ლარი, საურავი 54 353 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით სალაროდან გადახდილი თანხა დააკვალიფიციროს კაპიტალის შემცირებად და აღნიშნულის გათვალისწინებით უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),97,982