გადაწყვეტილება №22848/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22848/2/2024
10 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----------“ (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 11.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22848/2/2024).
დავის საგანი:
1. ფულადი სახსრების ნაშთის გაანგარიშებისას გასათვალისწინებელი ხარჯის ოდენობა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №082-15 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.03.2024 წლის №5382 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 135 936.83 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 87 853
დღგ - 31 578
საშემოსავლო გადასახადი - 56 275
ჯარიმა - 36 908
საურავი - 11 175.83
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა კულტურულ-სპორტული ღონისძიებების ორგანიზება და დამატებით საქმიანობას წარმოადგენს ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის გზით (ასევე გამარტივებული ტენდერებით).
აუდიტის დეპარტამენტის 18.09.2023 წლის №22917 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 13.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 25.12.2023 წლის №32652 ბრძანება და ამავე თარიღის №082-15 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული 27.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.03.2024 წლის №5382 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ფულადი სახსრების ნაშთის გაანგარიშებისას გასათვალისწინებელი ხარჯის ოდენობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის
საფუძვლები გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის, შემოწმება დაეყრდნო სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე და შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის ფულადი სახსრების ნაშთი, შემოსავალი აღებულ იქნა ტენდერებით, გამარტივებული ტენდერებით და ბანკში დამატებით მიღებული შემოსავლით, ხოლო ხარჯის ნაწილში გათვალისწინებულია კომპანიის მიერ სასაქონლო ზედნადებებით გაწეული ხარჯები, ასევე გადამხდელის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტები, გადახდილი გადასახადები, გაცემული ხელფასები და ბანკის საკომისიო ხარჯები, რის შედეგადაც გამოყვანილია გადასახადის გადამხდელის ფულადი სახსრების ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის შემოწმება დაეყრდნო სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე და შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს, რომელთა საფუძველზეც პირის შემოსავალი დაანგარიშებული იქნა ტენდერებით, გამარტივებული ტენდერებით და ბანკში დამატებით მიღებული შემოსავლით, ხოლო ხარჯის ნაწილში გათვალისწინებულია საწარმოს მიერ სასაქონლო ზედნადებებით გაწეული ხარჯები, ასევე გადამხდელის მიერწარდგენილი დოკუმენტები, გადახდილი გადასახადები, გაცემული ხელფასები და ბანკის საკომისიო ხარჯები, რის საფუძველზეც გაანგარიშებული ფულადი სახსრების ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმებისას გამოვლენილი ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ტენდერების დროულად და ხარისხიანად შესასრულებლად კომპანია იყენებდა საკუთარ რესურსებს და გაცემულ ხელფასს ბეგრავდა კიდეც. გარდა საკუთარი რესურსებისა კომპანია სამუშაოების მნიშვნელოვან ნაწილს შესასრულებლად აძლევდა მცირე მეწარმეებს, რომლებთანაც ანგარიშსწორებას ნაღდი თანხით ახდენდა. ბუნებრივია კომპანია დარწმუნებული იყო, რომ მიღებული თანხის დეკლარირებას და გადასახადის გადახდასაც თვითონ მცირე მეწარმეები ახდენდნენ. მათდამი ნდობისა და ზოგადად უყურადღებობის გამო არ ჰქონდა მათთან შესაბამისი დოკუმენტები გაფორმებული. თუმცა ამ დოკუმენტების მოწესრიგებას მომავალში აპირებდნენ. აქედან გამომდინარე ითხოვს მიეცეს გონივრული ვადა, რომ შეძლოს და წარადგინოს ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
მომჩივანი მიუთითებს, რომ გარდა საკუთარი რესურსებისა კომპანია სამუშაოების მნიშვნელოვან ნაწილს შესასრულებლად აძლევდა მცირე მეწარმეებს, რომლებთანაც ანგარიშსწორებას ნაღდი თანხით ახდენდა. ბუნებრივია კომპანია დარწმუნებული იყო, რომ მიღებული თანხის დეკლარირებას და გადასახადის გადახდასაც თვითონ მცირე მეწარმეები ახდენდნენ. მათდამი ნდობისა და ზოგადად უყურადღებობის გამო არ ჰქონდა მათთან შესაბამისი დოკუმენტები გაფორმებული. თუმცა ამ დოკუმენტების მოწესრიგებას მომავალში აპირებდნენ. აქედან გამომდინარე ითხოვს მიეცეს გონივრული ვადა, რომ შეძლოს და წარადგინოს ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები.
მომჩივნის არგუმენტზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი 23.04.2024 წლის №39125- 21-14 ინფორმაციით შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ საკითხზე არ წარუდგენია დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც ასევე არ არის წარდგენილი საჩივართან ერთად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების შედეგად მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა 36 908 ლარი, მათ შორის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 28 136 ლარი და 282-ე მუხლით 8 772 ლარი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №082-15 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 11 175.83 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია მიუხედავად ბაზარზე მაღალი კონკურენციისა გამოირჩევა, როგორც საიმედო პარტნიორი მომწოდებლებთან თავისდროული გახდის უნარიანობით და დაკისრებული ვალდებულების ხარისხიანი შესრულებით. მიუხედავად ამისა ის თანხა რაც სანქციითა დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემთხვევაში, ნიშნავს კომპანიის გაკოტრებას. ყოველივე ეს არ ყოფილა წინასწარი განზრახვით და ეს იყო არცოდნით გამოწვეული. იგივე შეიძლება ითქვას დღგ-ის ნაწილშიც, ამ შემთხვევაშიც შეცდომასთან გვაქვს საქმე, ამიტომ ითხოვს საბჭომ გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლებები და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისაგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ფულადი სახსრების ნაშთის გაანგარიშებისას გასათვალისწინებელი ხარჯის ოდენობა და. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №22917 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა №32652 ბრძანება და №082-15 საგადასახადო მოთხოვნა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის, შემოწმება დაეყრდნო სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე და შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, გამოყვანილ იქნა გადასახადის გადამხდელის ფულადი სახსრების ნაშთი, კერძოდ: პირის შემოსავალი აღებულ იქნა ტენდერებით, გამარტივებული ტენდერებით და ბანკში დამატებით მიღებული შემოსავლით, ხოლო ხარჯის ნაწილში გათვალისწინებულია პირის მიერ ზედნადებებით გაწეული ხარჯები, ასევე გადამხდელის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტები, გადახდილი გადასახადები, გაცემული ხელფასები და ბანკის საკომისიო ხარჯები, რის შედეგადაც გამოყვანილ იქნა გადასახადის გადამხდელის ფულადი სახსრების ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №5382 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(4 .9 „ბ“); 101(1); 154(1„ა“);