გადაწყვეტილება №27207/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27207/2/2026
15 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 22.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27207/2/2026).
დავის საგანი:
მომჩივნის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის უფლების გავრცელების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 6.02.2026 წლის №21-17/7477 გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6124 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2023 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული არაღიარებული საგადასახადო დავალიანების (5,627.53 ლარი) გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, მის მთელ ქონებაზე, მათ შორის №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ქონებაზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №024-12763 შეტყობინებით, დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
საჯარო რეესტრის 2026 წლის 23 იანვრის ამონაწერის თანახმად, აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ ფიქსირდება მომჩივანი. საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღი - 2025 წლის 22 აპრილი. უფლების რეგისტრაციის საფუძველი: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 22.04.2025 წელი.
ამავე ამონაწერის თანახმად, №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე ფ/პ ------- (პ/ნ -------) საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო ფიქსირდებოდა 2023 წლის 26 დეკემბრის №024-12763 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
მომჩივანმა 2026 წლის 27 იანვრის №12002/21-17 განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმება.
ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 6 თებერვლის №21-17/7477 გადაწყვეტილებით მომჩივნის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. განმცხადებელს ეცნობა, რომ ვინაიდან მარეგისტრირებელ ორგანოში უძრავ ქონებაზე (ს/კ -------) საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელებული იყო, ------- (პ/ნ -------) მიმართ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში (22/04/2025 წელს), ქონებაზე სადავო სამართლებრივი შეზღუდვის გავრცელება შესაბამისობაში იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებთან და არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 6 თებერვლის №21-17/7477 გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2026 წლის 20 მარტის №6124 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2026 წლის 23 იანვარს მომზადებული ამონაწერის თანახმად, №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, ფ/პ ------- (პას/ნ -------) საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2025 წლის 22 აპრილს. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის დამოწმების თარიღია 2025 წლის 22 აპრილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ხოლო სადავო შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გავრცელების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულია 2023 წლის 26 დეკემბერს, უძრავ ქონებაზე ფ/პ ------- (პას/ნ -------) საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ამავე ამონაწერში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, ფიქსირდება ფ/პ ------- (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 2023 წლის 26 დეკემბრის N024-12763 შეტყობინების საფუძველზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, უძრავ ქონებაზე (ს/კ №-------) ფ/პ ------- (პას/ნ -------) საკუთრების უფლების რეგისტრაციისას - 2025 წლის 22 აპრილს აღნიშნულ უძრავ ქონებაზე კვლავ გავრცელდა სადავო შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2026 წლის 13 მარტის მდგომარეობით, ფ/პ ------- (ს/ნ -------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია
2025 წლის 22 აპრილს ------- შეიძინა უძრავი ქონება, ბინა, მდებარე მისამართზე: -------, -------, საკადასტრო კოდი: -------.
უძრავი ქონების შეძენამდე, მისი უფლებრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით, გამოთხოვილ იქნა მითითებულ უძრავ ქონებაზე განახლებული ამონაწერი (განაცხადის რეგისტრაციის №-------, 2025 წლის 22 აპრილი, 13:21:16 საათი; მომზადების თარიღი 2025 წლის 22 აპრილი, 15:40:16 საათი), რომლითაც დგინდება, რომ უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: -------, რეგისტრირებულია სს „-------“ იპოთეკა (იპოთეკის ხელშეკრულება №-------, დამოწმების თარიღი 2021 წლის 12 ოქტომბერი). ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაციის შემდეგ, ახალ ამონაწერში (№-------, 2025 წლის 22 აპრილი, 14:52:00 საათი, ამონაწერის მომზადების თარიღი 2025 წლის 22 აპრილი, 15:48:36 საათი), რომლითაც მესაკუთრეა -------, ასევე ფიქსირდება სს „-------“ იპოთეკა (იპოთეკის ხელშეკრულება №-------, დამოწმების თარიღი 2021 წლის 12 ოქტომბერი).
2026 წლის იანვარში ჩამოვიდა საქართველოში ჯანმრთელობის პრობლემების გამო (ოპერაციისთვის საჭირო თანხის მობილიზებისთვის) კუთვნილი უძრავი ქონების (ს/კ -------) გასხვისების მიზნით. 26 იანვარს კი, მას შემდეგ, რაც პოტენციურმა მყიდველმა მოითხოვა ამონაწერის განახლება, აღმოაჩინა, რომ ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რომელიც უკავშირდება წინა მესაკუთრის საგადასახადო დავალიანებას.
საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გაუქმების მოთხოვნაზე ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 6 თებერვლის №21-17/7477 გადაწყვეტილებით ეთქვა უარი. აღნიშნული გადაწყვეტილება მომჩივანს ჩაბარდა 2026 წლის 24 თებერვალს.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლებზე და აცხადებს, რომ იგი არ წარმოადგენს დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელს. რაც შეეხება „სხვა ვალდებულ პირს“, ასეთ პირად მოიაზრებოდა იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიძენდა დავალიანების მქონე პირის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებით დატვირთულ ქონებას და იგი იმთავითვე იქნებოდა იმის მოლოდინში, რომ საგადასახადო დავალიანების მქონე პირის მიერ დავალიანების არდაფარვის შემთხვევაში მოხდებოდა კუთვნილ უძრავ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება.
უძრავი ქონება შეიძინა საჯარო რეესტრის სანდო მონაცემებზე დაყრდნობით. ამონაწერში არ ფიქსირდებოდა რაიმე შეზღუდვა. სანდოობის პრინციპის თანახმად, მესამე პირს უფლება აქვს დაეყრდნოს რეესტრში არსებულ ჩანაწერს. საჯარო რეესტრის ხარვეზის უარყოფითი შედეგი არ შეიძლება დაეკისროს კეთილსინდისიერ შემძენს. საგადასახადო გირავნობის შემდგომი რეგისტრაცია წინა თარიღით არ შეიძლება აუარესებდეს კეთილსინდისიერი შემძენის მდგომარეობას. სამართლებრივი უსაფრთხოება და ლეგიტიმური ნდობა წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ ელემენტს. მოცემულ შემთხვევაში რეესტრის ამონაწერი წარმოადგენს სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტს და მომჩივანმა ამ დოკუმენტზე დაყრდნობით განახორციელა უძრავი ქონების შეძენა, შესაბამისად, წარმოიშვა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ქონება თავისუფალი იყო ყოველგვარი შეზღუდვისგან.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 185-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ მასში დაცული ჩანაწერები არის ერთგვარი გარანტია კეთილსინდისიერი შემძენისათვის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენისას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს, გაუქმდეს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება და მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე ს/კ №------- რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-6 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-9 ნაწილების თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ.
საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება უქმდება:
ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;
ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;
დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;
დ1 ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;
ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
სადავო საკითხზე ვალის მართვის დეპარტამენტის 7.05.2026 წლის №40557-21-17 წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, საიდანაც ირკვევა, რომ:
საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ფ/პ ------- (პ/ნ -------) მთელ ქონებაზე 2023 წლის 26 დეკემბრის №024-12763 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №------- (29/12/2023) გადაწყვეტილებით ფ/პ ------- (პ/ნ -------) მთელ ქონებაზე განხორციელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის 2026 წლის 23 იანვარს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების ს/კ №------- მესაკუთრედ ფიქსირდებოდა ფ.პ. ------- (პ/ნ -------). საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღი - 2025 წლის 22 აპრილი. უფლების რეგისტრაციის საფუძველი: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 22.04.2025 წელი. ამავე ამონაწერის თანახმად, №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე ფ/პ ------- (პ/ნ -------) საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო ფიქსირდებოდა 2023 წლის 26 დეკემბრის №024-12763 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. ვინაიდან მარეგისტრირებელ ორგანოში უძრავ ქონებაზე (ს/კ -------) საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელებული იყო, ------- (პ/ნ -------) მიმართ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში (22/04/2025 წელს), ქონებაზე სადავო სამართლებრივი შეზღუდვის გავრცელება შესაბამისობაში იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებთან და არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის განმარტებით, მან ------- (ს/კ №-------) შეიძინა 22.04.2025 წელს და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე (22.04.2025 წლის 15:40:16 საათი) განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერით ნასყიდობის საგნზე არ ვრცელდებოდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამონაწერი განახლდა ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაციის შემდგომაც (22.04.2025 წლის 15:48:36 საათი) სადაც მესაკუთრედ უკვე ფიქსირდებოდა ------- და არც აღნიშნულ ვერსიაში იყო დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების ქონებაზე გავრცელების ფაქტი. 26.01.2026 წელს ------- მისი ამ ქონების გასხვისების დროს აღმოაჩინა, რომ საჯარო რეესტრში მის კუთვნილ ქონებაზე ვრცელდებოდა საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის უფლება, რომელიც როგორც შემდგომ გაარკვია მიმართული იყო ამ ქონების წინა მესაკუთრის ზაკირ პაშაევის საგადასახადო ვალდებულებების გადახდევინების უზრუნველსაყოფად. მომჩივანი თვლის რომ მისთვის ქონების შეძენის დროს უცნობი იყო აღნიშნული ფაქტი, ამ ქონების მის სახელზე რეგისტრაციის პროცესში არსებული ზემოაღნიშნული ნაკლოვანების ფაქტზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელი წარდგენილი აქვს ------- საქალაქო სასამართლოში (საქმის ნომერი: -------).
საბჭოს მიაჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივანსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის სასამართლოში მიმდინარე დავაზე (საქმის ნომერი: -------) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, შეაფასოს მომჩივნის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის გავრცელების მართლზომიერების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6124 ბრძანება;
3. დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს, მომჩივანსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის სასამართლოში მიმდინარე დავაზე (საქმის ნომერი: -------) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, შეაფასოს მომჩივნის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის გავრცელების მართლზომიერების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
ქონებაზე საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის უფლების გავრცელების მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, ფიზიკური პირის მთელ ქონებაზე 2023 წლის 26 დეკემბრის შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით მთელ ქონებაზე განხორციელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაცია.
მომჩივნის განმარტებით, მან ფიზიკური პირისგან ქონება შეიძინა 22.04.2025 წელს და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერით ნასყიდობის საგნზე არ ვრცელდებოდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამონაწერი განახლდა ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაციის შემდგომაც, სადაც მესაკუთრედ უკვე ფიქსირდებოდა და არც აღნიშნულ ვერსიაში იყო დაფიქსირებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების ქონებაზე გავრცელების ფაქტი. მომჩივანმა ქონების გასხვისების დროს აღმოაჩინა, რომ საჯარო რეესტრში მის კუთვნილ ქონებაზე ვრცელდებოდა საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის უფლება, რომელიც როგორც შემდგომ გაარკვია მიმართული იყო ამ ქონების წინა მესაკუთრის საგადასახადო ვალდებულებების გადახდევინების უზრუნველსაყოფად.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივანსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის სასამართლოში მიმდინარე დავაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, შეაფასოს მომჩივნის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის გავრცელების მართლზომიერების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 239(5)