ბრძანება N 19241
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19241
23 აგვისტო 2024
ბრძანება
ი/მ "------" -ის (ს/ნ "------" )
(მის.: "------")
2024 წლის 7 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №89) განიხილა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") №91280/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ივლისის №007-187 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას და აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხულ თანხებს. განმარტავს, რომ მისთვის გაუგებარია სარეალიზაციო ფასების განსაზღვრისას შემოწმებამ რატომ არ იხელმძღვანელა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღწერის მასალებიდან, ასევე, რა პრინციპი დაედო საფუძვლად საბაზრო ფასების განსაზღვრას და შემოწმებამ საიდან აიღო სარეალიზაციო ფასები. საგულისხმოა ისიც, რომ სრული საქონლის საშუალო ფასნამატმა, რაც მეწარმის მიერ არის დაფიქსირებული 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში, შეადგინა 40.1%. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 მაისის №10997 და 26 ივნისის №14974 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდad განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 2 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის შემოწმდეს 2024 წლის 13 მაისის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 10 ივლისს გამოსცა №16409 ბრძანება და 11 ივლისის №007-187 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 66 690 ლარი, მათ შორის, გადასახადი 47 227 ლარი, ჯარიმა 14 763 ლარი და საურავი 4 700 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტონაწილების რეალიზაცია თბილისში. გადამხდელს არ გააჩნია სრულყოფილი ბუღალტრული პროგრამა. არ ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. შედეგად, დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები. მეწარმეს დოკუმენტური ფასნამატი არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 13 მაისის №10978 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ობიექტში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. მეწარმეს ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი/აღურიცხველობა არ გამოუვლინდა, თუმცა ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით დადგინდა საქონლის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შესამოწმებელი პერიოდის თვეებში ჩაიშალა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები კატეგორიებად, დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება წლების და კატეგორიების მიხედვით. ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით განისაზღვრა თითოეული კატეგორიის სარეალიზაციო ფასნამატი და თითოეული კატეგორიის საშუალო ფასნამატი. აღნიშნული გავრცელდა არადოკუმენტურ რეალიზაციაზე. მიღებული შემოსავალი განაწილდა საანგარიშო პერიოდებში შემოსავლის პროპორციულად. შედეგად, გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2024 წლის 21 იანვარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 100-ე მუხლის თანახმად, გაეზარდა პერიოდების მიხედვით ერთობლივი შემოსავალი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს არ გააჩნია სრულყოფილი ბუღალტრული პროგრამა, არ ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შედეგად, დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით, დადგინდა საქონლის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, შესამოწმებელი პერიოდის თვეებში ჩაიშალა შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები კატეგორიებად, დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება წლების და კატეგორიების მიხედვით. ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით განისაზღვრა თითოეული კატეგორიის სარეალიზაციო და საშუალო ფასნამატი, რომელიც გავრცელდა არადოკუმენტურ რეალიზაციაზე. მიღებული შემოსავალი განაწილდა საანგარიშო პერიოდებში შემოსავლის პროპორციულად, რამაც წარმოშვა პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ერთობლივი შემოსავლის გაზრდა, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების დადგენა.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, შემოწმების მიერ სარეალიზაციო ფასების განსაზღვრასა და გამოყენებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ სარეალიზაციო ფასები, რაც გამოყენებულ იქნა ფასნამატის დადგენისას აღებულ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღწერის მასალებიდან. ასევე შემმოწმებელი მიუთითებს, რომ ფასნამატის დადგენა განხორციელდა სმფ-ების ინვენტარიზაციისას საქონლის ფაქტობრივი აღწერის მასალებში მითითებული სარეალიზაციო ფასებისა და უახლოესი შესყიდვის ღირებულების მიხედვით, რაც გავლილ იქნა გადასახადის გადამხდელთან ერთად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ"------"-ის (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას და აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხულ თანხებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის ობიექტში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. მეწარმეს ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი/აღურიცხველობა არ გამოუვლინდა, თუმცა ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით დადგინდა საქონლის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შესამოწმებელი პერიოდის თვეებში ჩაიშალა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები კატეგორიებად, დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება წლების და კატეგორიების მიხედვით. ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით განისაზღვრა თითოეული კატეგორიის სარეალიზაციო ფასნამატი და თითოეული კატეგორიის საშუალო ფასნამატი. აღნიშნული გავრცელდა არადოკუმენტურ რეალიზაციაზე. მიღებული შემოსავალი განაწილდა საანგარიშო პერიოდებში შემოსავლის პროპორციულად. შედეგად, გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2024 წლის 21 იანვარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გაეზარდა პერიოდების მიხედვით ერთობლივი შემოსავალი. შედეგად, გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),79,80,100,102,158,165.