გადაწყვეტილება №24544/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.03.2025
№ დოკუმენტი 24544/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24544/2/2024

26 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- ჯგუფის 29.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24544/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ნაღდი ფულის დანაკლისის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №№081-317 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.11.2024 წლის №24261 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 13 610 228,17 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 7 889 020

დღგ - 4 313 828

საშემოსავლო გადასახადი - 3 567 478

ქონების გადასახადი - 7 714

ჯარიმა - 3 988 700

საურავი - 1 732 508,17

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა სს ------ იჯარით აღებული სასტუმროს (--------) ტერიტორიაზე, საოფისე ფართების მოწყობა, ტექნიკური აღჭურვა-უზრუნველყოფა, მათ შორის, საოფისე ფართებში მომუშავე პირების სასტუმროს ოთახებით და კვებით უზრუნველყოფა.

აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 4.03.2021 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

ზემოაღნიშნული მომსახურებების მიწოდება შესამოწმებელ პერიოდში ხდება ძირითადად არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე და ჯგუფებზე. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სასტუმროს ნომრების გაქირავება ტურისტული მიზნებისთვის ამ პერიოდში არ ხდებოდა, სასტუმრო ოფისში მომუშავე პირების გარდა სხვა გარე პირებს არ იღებდა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის, ასევე, ადგილზე საქმიანობის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირები ეწეოდნენ კაზინოებისთვის კლიენტების (----- ტერიტორიაზე მცხოვრები) მოძიებას, დაკავშირებასა და მოზიდვას. ვინაიდან გადამხდელის მიერ არ ხდებოდა აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული გადამხდელების მონაცემებით განისაზღვრა საქმიანობის პროცესში გამოყენებული ელექტრო სიმძლავრეების დანახარჯი და კოეფიციენტი მიღებული შემოსავლების მიხედვით.

აღნიშნული კოეფიციენტით და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯებიდან გამომდინარე განისაზღვრა მომჩივნის მიერ არარეზიდენტი კაზინოებისთვის გაწეული საშუამავლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები. გარდა ამისა, შემოწმებით განისაზღვრა ოფისში მომუშავე პირებისთვის კვებისა და საცხოვრებელი ნომრებით უზრუნველყოფის მიწოდებიდან მიღებული შემოსავლები საბაზრო ფასებიდან გამომდინარე.

საგადასახადო კოდექსის 159-ე და 1601 მუხლების საფუძველზე განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის მიხედვითაც გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შეპირისპირებით, გაანალიზდა ნაღდი ფულის მოძრაობა. ვინაიდან სალაროში ნაღდი ფულის არსებობა არ დადასტურდა, საგადასახადო კოდექსის 101- ე და 154-ე მუხლებით ნაღდი ფულის დანაკლისი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №081-317 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19961 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 16.11.2023 წლის №20713/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19961 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 16.11.2023 წლის №20713/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 31.01.2024 წლის №1559 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 25.07.2024 წლის №22448/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 31.01.2024 წლის №1559 ბრძანება. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 25.07.2024 წლის №22448/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 15.11.2024 წლის №24261 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის, ასევე, ადგილზე საქმიანობის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს ------- ჯგუფის მიერ დასაქმებული ფიზიკური პირები ეწეოდნენ კაზინოებისთვის კლიენტების მოძიებას, დაკავშირებასა და მოზიდვას. საწარმო ახორციელებდა, ასევე, ოფისში დასაქმებული პირების სასტუმროს ოთახებით და კვებით უზრუნველყოფა. ვინაიდან გადამხდელის მიერ არ ხდებოდა აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა, შემოწმებამ იხელმძღვანელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული გადამხდელების მონაცემებით. კერძოდ, განისაზღვრა საქმიანობის პროცესში გამოყენებული ელექტრო სიმძლავრეების დანახარჯი და კოეფიციენტი მიღებული შემოსავლების მიხედვით. აღნიშნული კოეფიციენტით და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯებიდან გამომდინარე განისაზღვრა შპს ------- ჯგუფის მიერ არარეზიდენტი კაზინოებისთვის გაწეული საშუამავლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები. გარდა ამისა, როგორც აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, კომპანია ახორციელებდა დასაქმებულების კვებისა და საცხოვრებელი ნომრებით უზრუნველყოფას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მართლზომიერად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

წინამდებარე საჩივრით ასაჩივრებს აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №081-317 საგადასახადო მოთხოვნას, რომლის საფუძველზეც გადასახდელად დამატებით დაერიცხა 13 610 228,17 ლარი. მათ შორის, გადასახადი 7 889 020 ლარი, ჯარიმა 3 988 700 ლარი და საურავი - 1 732 508,17 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის საფუძველს წარმოადგენს აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №32943 ბრძანება, რომელიც გამოცემულია შპს ------- ჯგუფის კამერალური საგადასახადო შემოწმების 23.12.2022 წლის აქტის საფუძველზე. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის მიერ განხილვა მოხდა მომჩივნის წარმომადგენლის დაუსწრებლად და საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი (შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19961 ბრძანება). აღნიშნული ბრძანება, საგადასახადო შემოწმების აქტი და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის №20713/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19961 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის მიერ აღნიშნული საქმის მომჩივანთან ერთად განხილვის შედეგად ძალაში დარჩა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №081-317 საგადასახადო მოთხოვნა, აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №32943 ბრძანება და შპს ------- კამერალური საგადასახადო შემოწმების 23.12.2022 წლის აქტი. აღნიშნული ბრძანება 3.04.2024 წელს მომჩივნის მიერ გასაჩივრებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის გადაწყვეტილებით გაუქმებული იქნა შემოსავლების სამსახურის 31.01.2024 წლის №1559 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც განიხილა საჩივარი და 15.11.2024 წლის №24261 ბრძანებით არ დააკმაყოფილა. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №081-317 საგადასახადო მოთხოვნა, აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №32943 ბრძანება და შპს ------- კამერალური საგადასახადო შემოწმების 23.12.2022 წლის აქტი, ბათილად უნდა იქნას ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან, აგრეთვე ბათილად უნდა იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 15.11.2024 წლის №24261 ბრძანება.

კამერალური საგადასახადო შემოწმების 23.12.2022 წლის აქტიდან ირკვევა, რომ საგადასახადო ორგანომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა განსაზღვრა შედარების მეთოდითა და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე). საგადასახადო შემოწმების აქტი სრულად დაფუძნებულია არასწორ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, „ფაქტობრივი გარემოება, აუდიტორის შეფასება და დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლების“ გრაფაში აღწერილი გარემოებები არ შეესაბამება შპს ------- ჯგუფის რეალურ საქმიანობას, უფრო მეტიც, კომპანიას არავითარი კავშირი არ აქვს აქტში მოყვანილ მსჯელობასთან. 8.04.2021 წელს შპს ------- „---------“ შემავალ სხვადასხვა კომპანიებთან - სს --------, სს ----------, სს -------- და სს ---------, ასევე 29.06.2021 წელს - სს --------, სს -------- და სს მეტრო --------- - გააფორმა იჯარის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც შპს --------- როგორც მოიჯარეს, 15 წლის ვადით დროებით სარგებლობაში უნდა გადასცემოდა საიჯარო ფართები. ამ ხელშეკრულებათა მოქმედების ფარგლებში შპს ----------- გეგმავდა საქმიანობის განხორციელებას სასტუმრო, კაზინო, სარესტორნე, სავაჭრო ცენტრის ოპერირებისა და ასევე ფართების იჯარით (ქვეიჯარით) გაცემის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების, მაგალითად 8.04.2021 წლის იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, შპს --------- შეიძინა სხვადასხვა ინვენტარი სასტუმროს, კაზინოსა და სარესტორნე საქმიანობის განსახორციელებლად და დაიწყო იჯარით აღებული ფართების სარემონტო სამუშაოებიც თავისი ბიზნეს საქმიანობის განვითარებისათვის. შემდგომში კი სათანადო ხელშეკრულებების საფუძველზე დაიწყო ფართების ქვეიჯარით გაცემა, რაზეც კომპანია იხდიდა კანონმდებლობით განსაზღვრულ გადასახადს.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული იჯარის ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში შპს ------- ძირითადად ხარჯების გაწევით იყო დაკავებული, ცალსახად განმარტავს, რომ იგი დეტალურად ახდენდა მის მიერ მიღებული ნებისმიერი შემოსავლისა თუ დანახარჯის ზუსტ აღრიცხვასა და შესაბამის საგადასახადო დეკლარირებას. არასდროს ჰყოლია „სასტუმრო ოფისში მომუშავე პირები“ და შესაბამისად, არანაირი კავშირი არ გააჩნია ამგვარი ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ რაიმე შესაძლო საქმიანობის პროცესთან („კაზინოებისთვის ------- ტერიტორიაზე მცხოვრები კლიენტების მოძიება, დაკავშირება და მოზიდვა“, როგორც ეს აქტის მე-9 გვერდზეა აღნიშნული) და მით უფრო, მათ მიერ მიღებული შესაძლო შემოსავლებთან. შპს --------- დასაქმებული ჰყავდა 100-მდე პირი საშტატო განრიგისა და შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთაც ჯეროვნად უხდიდა სახელფასო განაკვეთს და უკავებდა შესაბამის გადასახადებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ყოველგვარი ჰიპოთეტური დაშვება და „მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების მონაცემებით“ ხელმძღვანელობა სრულიად არარელევანტურია იმ პირობებში, როდესაც ყოველთვის აწარმოებდა სააღრიცხვო დოკუმენტაციას, საგადასახადო დეკლარირებას, რომელიც დოკუმენტალურად დადასტურებულია და შესაბამისი პირველადი დოკუმენტები რამდენიმე ათეული ე.წ. „--------“ სახით გადაცემული იქნა შემოწმების ჯგუფისათვის, თუმცა მათ მიერ აღნიშნული პირველადი დოკუმენტები საგადასახადო შემოწმების დროს სრულად იქნა იგნორირებული.

რაც შეეხება „საქმიანობის პროცესში გამოყენებული ელექტრო სიმძლავრეების დანახარჯს“ და „მიღებული შემოსავლების მიხედვით კოეფიციენტის განსაზღვრას“ ესეც სრულიად არ შეესაბამება რეალობას - მარტივად დადასტურებადია, რომ საიჯარო ფართის (სათანადო ნაწილის) სარგებლობაში მიღების პირველ თვეებში ფართის ჯეროვნად გამართვისა და განვითარებისათვის საჭირო სხვადასხვა საქმიანობისათვის (ასე მაგ. სარემონტო სამუშაოები, აუზის მოწყობა და ფუნქციონირება და ა.შ), ელექტრო მოხმარება/დანახარჯი მაღალი გახლდათ, განსხვავებით შემდეგი თვეებისაგან, როდესაც შპს -------- ჯგუფმა დაიწყო ფართების გარკვეული ნაწილის მიზნობრივად გამოყენება და ამგვარი ხარჯი მინიმუმამდე შემცირდა.

გარდა აღნიშნულისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წინა განხილვის დროს აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ გაიჟღერა ფრაზამ, თითქოს მოწყობილი იყო ე.წ. „---------“, რაც საერთოდ აბსურდს წარმოადგენს. საგადასახადო შემოწმების აქტში ნორმატიული საფუძველი მითითებულია საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი. შემოწმების მიერ გამოყენებული იქნა საგადასახადო ორგანოს მხოლოდ უფლება და სრულად იქნა იგნორირებული, აღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნა, თუ რა შემთხვევაში შეუძლია აღნიშნული უფლების გამოყენება, რადგან კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი იქნა სრული საბუღალტრო დოკუმენტაცია, ხოლო საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები საერთოდ არ იქნა მითითებული საგადასახადო შემოწმების აქტში ასეთის არარსებობის გამო.

შემოწმების მიერ გამოყენებული იქნა აგრეთვე საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით მინიჭებული უფლება, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. ამ შემთხვევაშიც ადგილი აქვს კანონთან ცალმხრივ მიდგომასთან, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი საგადასახადო ორგანოს უფლებას აძლევს გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდით მხოლოდ გარკვეული, კონკრეტული შემთხვევების არსებობისას, რომელთაგანაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, პირიქით, პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაცია სრულად იქნა წარდგენილი შემმოწმებლებისათვის და აღნიშნული დოკუმენტაციით თუ შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუცილებლად უნდა ყოფილიყო მითითებული საგადასახადო შემოწმების აქტში, თუმცა აღნიშნული პირველადი დოკუმენტებით სრულადაა შესაძლებელი დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით ყოველგვარ კანონიერ საფუძველსაა მოკლებული.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს -------- საქმიანობას წარმოადგენს სს -------- იჯარით აღებული სასტუმროს (--------) ტერიტორიაზე, საოფისე ფართების მოწყობა, ტექნიკური აღჭურვა-უზრუნველყოფა, მათ შორის, საოფისე ფართებში მომუშავე პირების სასტუმროს ოთახებით და კვებით უზრუნველყოფა. ზემოაღნიშნული მომსახურებების მიწოდება შესამოწმებელ პერიოდში ხდება ძირითადად არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე და ჯგუფებზე. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სასტუმროს ნომრების გაქირავება ტურისტული მიზნებისთვის ამ პერიოდში არ ხდებოდა, სასტუმრო ოფისში მომუშავე პირების გარდა სხვა გარე პირებს არ იღებდა. ფიზიკური პირები ეწეოდნენ კაზინოებისთვის კლიენტების (-------- ტერიტორიაზე მცხოვრები) მოძიებას, დაკავშირებასა და მოზიდვას. შემოწმებით განისაზღვრა შპს --------- მიერ არარეზიდენტი კაზინოებისთვის გაწეული საშუამავლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის და ნაღდი ფულის დანაკლისის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, მომჩივნის მიერ დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გათვალისწინებით, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოდან დამატებით გამოთხოვის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტაციისა და საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის გათვალისწინებით. დამატებით წარდგენილი/მოპოვებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ უნდა განხორციელდეს შემოწმების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ხელახალი შესწავლა/შეფასება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.11.2024 წლის №24261 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით;

4.აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით წარდგენილი/მოპოვებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე, შემოწმების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ხელახალი შესწავლა/შეფასება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ნაღდი ფულის დანაკლისის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს-ს საქმიანობას წარმოადგენს სს-გან იჯარით აღებული სასტუმროს ტერიტორიაზე, საოფისე ფართების მოწყობა, ტექნიკური აღჭურვა-უზრუნველყოფა, მათ შორის, საოფისე ფართებში მომუშავე პირების სასტუმროს ოთახებით და კვებით უზრუნველყოფა.ზემოაღნიშნული მომსახურებების მიწოდება შესამოწმებელ პერიოდში ხდება ძირითადად არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე და ჯგუფებზე. სასტუმროს ნომრების გაქირავება ტურისტული მიზნებისთვის ამ პერიოდში არ ხდებოდა, სასტუმრო ოფისში მომუშავე პირების გარდა სხვა გარე პირებს არ იღებდა. ფიზიკური პირები ეწეოდნენ კაზინოებისთვის კლიენტების მოძიებას, დაკავშირებასა და მოზიდვას. შემოწმებით განისაზღვრა მომჩივანის მიერ არარეზიდენტი კაზინოებისთვის გაწეული საშუამავლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები. ვინაიდან, გადამხდელის მიერ არ ხდებოდა აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა, შემოწმებამ იხელმძღვანელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული გადამხდელების მონაცემებით. კერძოდ, განისაზღვრა საქმიანობის პროცესში გამოყენებული ელექტრო სიმძლავრეების დანახარჯი და კოეფიციენტი მიღებული შემოსავლების მიხედვით. აღნიშნული კოეფიციენტით და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯებიდან გამომდინარე განისაზღვრა მომჩივანის მიერ არარეზიდენტი კაზინოებისთვის გაწეული საშუამავლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები. გარდა ამისა, , კომპანია ახორციელებდა დასაქმებულების კვებისა და საცხოვრებელი ნომრებით უზრუნველყოფას.

შემოწმების მიერ განხორციელდა მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შეპირისპირება და ფულის მოძრაობის ანალიზი, რის მიხედვითაც სალაროში ნაღდი ფულის არსებობა არ დადასტურდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაღდი ფულის დანაკლისი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით; აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით წარდგენილი/მოპოვებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე, შემოწმების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ხელახალი შესწავლა/შეფასება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 159(1);73(5):163(1);164(1);101(1);154(1)