ბრძანება N 7907
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7907
11.04.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, სოფელი -------)
2023 წლის 17 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) №79176/1/2023 საჩივარი, რომლითაც იგი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 17 იანვრის №AA1432890 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საჩივარი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მარტის (ოქმი №21) და 30 მარტის (ოქმი N33) სხდომებზე.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ საქმიანობას ახორციელებდა 2022 წლის იანვრამდე. 2022 წლის სექტემბრის თვეში გადაწყვიტა ახალი საქმიანობის დაწყება, ამიტომ გაიუქმა მცირე მეწარმის სტატუსი და შემდეგ დაიწყო ახალი საქმიანობა. ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ი/მ ------- (ს/ნ -------) მიერ 14.09.2022 წ. თარიღში წარმოდგენილი მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმების შესახებ ID------- განაცხადის თანახმად, პირმა მოითხოვა მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმება მცირე მეწარმისთვის აკრძალული საქმიანობის განხორციელების მიზეზით. აღნიშნულის საფუძველზე 01.01.2022 წლიდან პირს გაუუქმდა მცირე მეწარმის სტატუსი
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2023 წლის 17 იანვარს შედგა ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმი №AA1432890 და პირი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლის თანახმად, დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით. სადავო ოქმს გადამხდელი გაეცნო 2023 წლის 27 იანვარს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს;
2. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუქნტის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ: პირი ახორციელებს ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ითვლება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლის თანახმად, ქმედება, რამაც ამ კოდექსის 85-ე მუხლის მე-4 ნაწილით ან 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გამო გამოიწვია საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის ან მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს
ამავე კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტებისა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმება მცირე მეწარმისთვის აკრძალული საქმიანობის განხორციელების მიზეზით და სანქციის დაკისრების მართლზომიერების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ „მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმების შესახებ“ 2022 წლის 14 სექტემბრის ID------- განაცხადის წარმოდგენამდე მცირე მეწარმისათვის აკრძალული საქმინაობის განხორციელების ფაქტი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და გააუქმოს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. მომსახურების დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ „მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმების შესახებ“ 2022 წლის 14 სექტემბრის ID------- განაცხადის წარმოდგენამდე მცირე მეწარმისათვის აკრძალული საქმიანობის განხორციელების ფაქტი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და გააუქმოს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების მიხედვით, დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ითხოვს მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმების შედეგად დარიცხული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი საქმიანობას ახორციელებდა 2022 წლის იანვრამდე. 2022 წლის სექტემბრის თვეში გადაწყვიტა ახალი საქმიანობის დაწყება, რაც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის წარმოადგენდა აკრძალულ საქმიანობას. აღნიშნულის საფუძვლით პირმა მოითხოვა მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმება და შემდეგ დაიწყო ახალი საქმიანობა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ „მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმების შესახებ“ განაცხადის წარმოდგენამდე მცირე მეწარმისათვის აკრძალული საქმინაობის განხორციელების ფაქტი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და გააუქმოს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 88(1-2); 89 (2-გ) 89 (4); 288;