ბრძანება N 3111

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.02.2023
№ დოკუმენტი 3111
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3111

20.02.2023

შპს „-----“-ის (ს/ნ ------)

(მის.: ქ. -------------------)

2017 წლის 17 თებერვლის, 30 მარტისა და 29 მაისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 3 ნოემბრის, 16 დეკემბრის, 2023 წლის 18 იანვრისა და 26 იანვრის სხდომებზე (ოქმები №104; №119; №4; №6) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 20 მაისის №16415/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-----“-ის (ს/ნ ------) 2017 წლის 17 თებერვლის №35982/21-11, 30 მარტის №71176/21-11 და 29 მაისის №122942/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 18 იანვრის №002-11 საგადასახადო მოთხოვნასა და 2017 წლის პირველი მარტის №002-75 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

 აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 18 იანვრის №002-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. განმარტავს, რომ არ არის გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნები. მიუთითებს, რომ იგი სრულად ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რასაც ადასტურებს მრავალჯერ განხორციელებული საკონტროლო შესყიდვაც, რომლის დროსაც არც ერთი სამართალდარღვევა არ გამოვლენილა. ამასთან, მიუთითებს, რომ პერიოდულად ახორციელებდა სმფ-ების მარაგების აღრიცხვას. განმარტავს, რომ მის მიერ გაწეული ხარჯის დეკლარირებულ შემოსავალზე გადაჭარბების ფაქტი სამართლებრივად დაუსაბუთებელია. ასევე, აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში ჩანაწერი, თითქოს მის მიერ დეკლარაციით განსაზღვრული ფასნამატის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მცირდება და იცვლება საგადასახადო პერიოდების მიხედვით უსაფუძვლოა და არ წარმოადგენს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების კანონმდებლობით განსაზღვრულ საფუძველს.

 აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის პირველი მარტის №002-75 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

 აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 18 იანვრის №002-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 30 აგვისტოს №25157 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“-ის (ს/ნ ------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. 2014 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდებზე შედგა 2017 წლის 10 იანვრის საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2017 წლის 18 იანვრის №788 ბრძანება და ამავე თარიღის №002-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 311 852 ლარი, მათ შორის გადასახადი 183 467 ლარი, ჯარიმა 80 046 ლარი და საურავი 48 339 ლარი.

გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა 2017 წლის 18 იანვრის №002-11 საგადასახადო მოთხოვნას და 2017 წლის 17 თებერვალსა და 29 მაისს წარმოადგინა საჩივრები შემოსავლების სამსახურში, რომლებიც შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 15 ივნისის №16322 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად:

„გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნება სმფ-ებზე ფასნამატის გასაზღვრა, ამასთან, დღგ-ს ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირების მიზნით წარმოადგინოს ფ/პ --------- მიერ შპს „-----“-ის (ს/ნ ------) გაწეული მომსახურების ფარგლებში შპს ------ს მიერ მიღებული ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს წარმოდგენილი საქმის მასალები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).“

გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული ბრძანება გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2017 წლის 7 სექტემბრის №4285/2/17 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით გადასახადის დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადახდელის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი არასრულად ახორციელებდა შემოსავლების აღრიცხვას, სრულად არ იყო დაცული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნები. არასრულად იყო ნაწარმოები სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვა, 2015 წელს პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისთვის გაწეული ხარჯი აჭარბებდა დეკლარირებულ შემოსავალს. ამასთანავე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციების მონაცემების ანალიზით ფასნამატის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მცირდება და იცვლება საგადასახადო პერიოდების მიხედვით (2013 წელს 3,66%; 2014 წელს 2,85%; 2015 წელს 0,96%). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებამ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დადგენის მიზნით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა გაშიფრული საწყისი და საბოლოო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთები, შემოწმების მიერ საწყისი და საბოლოო ნაშთები განისაზღვრა იმავე წლის შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პროპორციულად. საკონტროლო შესყიდვა ჩატარდა დაახლოებით 60 დასახელების საქონელზე, თითოეული კატეგორიიდან მინიმუმ 3 საქონელზე. საკონტროლო შესყიდვისას დაფიქსირებულ საქონელზე გავრცელდა თავისივე ფასნამატი, ხოლო კატეგორიაზე იმ სამი დასახელების საქონლის საშუალო ფასნამატი, რომელიც იქნა შესყიდული. მიღებული სხვაობებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები (დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად) და ერთობლივი შემოსავალი.

 2017 წლის პირველი მარტის №002-75 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 იანვრის №326 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----“-ის (ს/ნ ------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„2. გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნება სმფ-ებზე ფასნამატის გასაზღვრა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს წარმოდგენილი საქმის მასალები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდეს შესაბამისი კორექტირება.

4. ამ ბრძანების აღსრულებისთვის აუდიტის დეპარტამენტს ვადა განესაზღვროს გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში დოკუმენტების წარმოდგენის დღიდან 15 სამუშაო დღე. 5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 იანვრის ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2017 წლის 23 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2017 წლის პირველი მარტის №002-75 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 ივნისის №16409 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. გადამხდელი არ დაეთანხმა შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 ივნისის №16409 ბრძანებას და საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს, რომლის 2017 წლის 7 სექტემბრის №4286/2/17 გადაწყვეტილებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 18 იანვრის №002-11 საგადასახადო მოთხოვნასა და 2017 წლის პირველი მარტის №002-75 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოცემული შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები გადამხდელმა გაასაჩივრა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „-----“-ის (ს/ნ ------) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის მიხედვით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები -შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 15 ივნისის №16322 და 2017 წლის 16 ივნისის №16409 ბრძანებები და შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება. ხოლო საქართველოს უზენაესი სასამრთლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შემოსავლების სამსახურმა გამოსცა 2022 წლის 31 მარტის №7992 ბრძანება, რომლის საფუძველზე შპს „-----“-ის (ს/ნ ------) 2017 წლის 17 თებერვლის, 30 მარტისა და 29 მაისის საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ შესაბამის საანგარიშო პერიოდებში დადგენილი მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3.დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №7992 ბრძანება გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 20 მაისის №16415/2/2022 გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №7992 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით დგინდება შემდეგი:

„საბჭო ყურადღებას ამახვილებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების განმარტებაზე (საქმე №ბს-566-561(2კ-16) მითითებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ „განსახილველ შემთხვევაში უტყუარად არ დასტურდება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადების გადამხდელთან მიმართებაში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებისა და მის საფუძველზე გადასახადების დარიცხვის მართებულობა. ამასთან, გასაჩივრებული ინდივიდუალური აქტი შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 15 ივნისის №16322 ბრძანება შპს „-----“-ის (ს/ნ ------) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ) არ შეიცავს მითითებას აღნიშნულზე. შესაბამისად, ითვლება, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის საგადასახადო ორგანოს მიერ, მისი, როგორც გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის, მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) გადასახადების დარიცხვას, ამასთან, გასაჩივრებული ინდივიდუალური აქტი - შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 ივნისის №16409 ბრძანება შპს „-----“-ის (ს/ნ ------) საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) არ შეიცავს მითითებას აღნიშნულზე. შესაბამისად, ითვლება, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულება არ არის განხორციელებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის, საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ამდენად, საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტების მოსმენის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს და დაევალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულება მასში მითითებული გარემოებების გათვალიწინებით.“

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, განუსაზღვროს პირს საგადასახადო ვალდებულებები არსებული მასალების საფუძველზე, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), ქვემოთ მოყვანილი ერთზე მეტი ნებისმიერი პირობის არსებობისას:

ა) პირი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას ან არ ახორციელებს მას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმითა და წესით;

ბ) სააღრიცხვო დოკუმენტაცია დაკარგულია ან განადგურებულია;

გ) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

დ) პირის დასაბეგრი შემოსავალი ან/და ოპერაციის მოცულობა ან/და ფასნამატის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იცვლება საგადასახადო პერიოდების მიხედვით;

ე) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ვ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა ან/და არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და ამ ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი მოგება. იგი განისაზღვრება, როგორც სხვაობა გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

 აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 18 იანვრის №002-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე, რომლის თანახმად, „მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებას, მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურმა უგულებელყო სასამართლოს გადაწყვეტილება და სამართლის პრინციპები, მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის ამავე თემაზე კომპანიის მიმართ გამოცემულ სასამართლო გადაწყვეტილებასთან, სადავო საკითხზე სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო საქმის გარემოებების დამატებითი გამოკვლევა, რომელიც არ განხორციელებულა შემოსავლების სამსახურის მიერ და მხოლოდ თავდაპირველ აქტებში მითითებული გარემოებები მიიჩნია სარწმუნოდ. შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინიდან იგივე მტკიცებულებები, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა მიჩნეული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების უტყუარ მტკიცებულებად, შემოსავლების სამსახურმა საკმარისად მიიჩნია.“

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, სადაც განმარტებულია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები. მითითებული გარემოებები და არგუმენტაცია აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოშიც განხილვის ეტაპზეც, რაც დავების განხილვის საბჭომ არ მიიჩნია საკმარის არგუმენტად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების დასაბუთებისთვის, ხოლო ახალი არგუმენტი ან დასაბუთება აუდიტის დეპარტამენტს საქმის შესწავლის შემდეგ არ წარმოუდგენია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 20 მაისის №16415/2/2022 გადაწყვეტილებაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა 2017 წლის 18 იანვრის №002-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის დასაბუთებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერება. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2014-2016 წლების საანგარიშო პერიოდებზე არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

 აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის პირველი მარტის №002-75 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ: საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 იანვრის №326 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----------“-ის (ს/ნ -----------) საჩივარი და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიჩნეულ იქნა მართლზომიერად, მაგრამ ფასნამატთან დაკავშირებით გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნება სმფ-ებზე ფასნამატის გასაზღვრა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად განეხორციელებია შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2017 წლის 15 მარტის №14078/2/17 გადაწყვეტილებით, ასევე, მართლზომიერად იქნა მიჩნეული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება. ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად: „გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მის ხელთ არსებული დოკუმენტები/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).“ საგულისხმოა, რომ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 იანვრის №326 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 15 მარტის №14078/2/17 გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებით აღნიშნულ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება. ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამრთლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება.

რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 იანვრის №326 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ 2017 წლის პირველი მარტის №002-75 კორექტირებულს საგადასახადო მოთხოვნას, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა, მისი გასაჩივრების შედეგად შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 ივნისის №16409 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 სექტემბრის №4286/2/17 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილებები გადამხდელმა, ასევე გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 ივნისის №16409 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 სექტემბრის №4286/2/17 გადაწყვეტილება და დაევალა შემოსავლების სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება. ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამრთლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება.

ამდენად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 იანვრის №326 ბრძანება შესულია კანონიერ ძალაში და 2013 წლის საანგარიშო პერიოდზე შემოწმების მიერ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით სასამართლოს მიერ მიჩნეულია მართლზომიერად, მაგრამ აღნიშნულ პერიოდზე შემოწმებით გამოყენებული ფასნამატის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დაზუსტებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2013 წლის საანგარიშო პერიოდზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ შესაბამის საანგარიშო პერიოდში დადგენილი მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“-ის (ს/ნ ------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 18 იანვრის №002-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2014-2016 წლების საანგარიშო პერიოდებზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას);

3. აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის პირველი მარტის №002-75 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, 2013 წლის საანგარიშო პერიოდზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ შესაბამის საანგარიშო პერიოდში დადგენილი მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადახდელის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით. შემოწმებით დადგინდა, რომ არასრულად იყო ნაწარმოები სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვა, პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისთვის გაწეული ხარჯი აჭარბებდა დეკლარირებულ შემოსავალს. ამასთანავე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციების მონაცემების ანალიზით ფასნამატის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მცირდება და იცვლება საგადასახადო პერიოდების მიხედვით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებამ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2013 წლის საანგარიშო პერიოდზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის მიმართ შესაბამის საანგარიშო პერიოდში დადგენილი მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5);