ბრძანება N 11218

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.05.2026
№ დოკუმენტი 11218
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11218

21 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ -------)

(მის: -------, -------)

2026 წლის 22 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 7 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №37) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 აპრილის №26903/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ ------- (ს/ნ -------) №100235/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №007-401 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში აღრიცხვიანობის ერთადერთ ხარვეზად მითითებულია თვის ბოლო რიცხვში საცალო რეალიზაციის ჩამოწერა ჯამურად, რაც არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველს. ბუღალტრულ პროგრამაში დოკუმენტური რეალიზაციის ყველა ოპერაცია ასახულია შესაბამისი თარიღისა და დოკუმენტის მითითებით, როგორც შემოსავლის მიღების კუთხით, ასევე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებით ჩამოწერის თვალსაზრისით. სასაქონლო ზედნადებებში მითითებულია რეალიზებული საქონლის უნიკალური კოდები ბუღალტრული პროგრამიდან, რითაც შესაძლებელია მათი იდენტიფიცირება და თვითღირებულების განსაზღვრა. ფასნამატი რეალურად 31%-ს შეადგენს, როდესაც აქტში დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი 51%-ია დაფიქსირებული. შემოწმების მიერ არ მოხდა ბუღალტრულ პროგრამაში არსებული მონაცემების შესწავლა და მათი სისწორის შემოწმება. საქონლის თვითღირებულების გააანგარიშების ცხრილი პრინციპული ცდომილებითაა შედგენილი, რადგან არ ითვალისწინებს მომწოდებლისათვის ავანსად გადახდილ თანხებს და იმპორტის ოპერაციის განხორციელებისას არსებული კურსის საფუძველზე განსაზღვრავს საინვოისო ღირებულებას. მისთვის უცნობია როგორ მოხდა ამ თვითღირებულებების შესაბამება დოკუმენტით რეალიზებულ საქონელთან და 51%-ის დადგენა. საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული ფასნამატი 35%-ს შეადგენს, რაც შეესაბამება დეკლარირებულ საშუალო ფასნამატს და მნიშვნელოვნად განსხვავდება საცალო რეალიზაციიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლების განსასაზღვრად გამოყენებული 60%-საგან.

2. მომჩივანი აღნიშნავს, რომ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას არ არის გათვლისწინებული გამოსაქვითი ხარჯი - გადახდილი კომუნალური გადასახადი, რომელიც დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან და დადასტურებულია დოკუმენტურად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ივნისის №13395 და 5 დეკემბრის №26828 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 26 დეკემბერს გამოსცა №28514 ბრძანება და №007-401 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 130 363 ლარი, მათ შორის, გადასახადი 79 204 ლარი, ჯარიმა 26 223 ლარი და საურავი 24 937 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2026 წლის 20 თებერვლის №3951 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 20 აპრილის №26903/2/2026 გადაწყვეტილებით, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 თებერვლის №3951 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 აპრილის №26903/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭომ ყურადღება გაამახვილა სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის წარმომადგენლის შემდეგ არგუმენტებზე:

ბუღალტრულ პროგრამაში დოკუმენტური რეალიზაციის ყველა ოპერაცია ასახულია შესაბამისი თარიღისა და დოკუმენტის მითითებით. სასაქონლო ზედნადებებში მითითებულია რეალიზებული საქონლის უნიკალური კოდები, რაც უზრუნველყოფს მათი იდენტიფიცირების და თვითღირებულების სწორად განსაზღვრის შესაძლებლობას. დოკუმენტით რეალიზებული საქონლის ფასნამატი შეადგენს 31%-ს, რომელიც მთლიან რეალიზაციაში შეადგენს დაახლოებით 35%-ს. საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილი თვითღირებულების გაანგარიშების ცხრილი არსებითი ხარვეზებითაა შედგენილი:

• არ ითვალისწინებს მომწოდებლისთვის ავანსად გადახდილ თანხებს;

• იმპორტის ოპერაციისას საინვოისო ღირებულებას განსაზღვრავს ისე, რომ არ ასახავს რეალურ ეკონომიკურ გარემოებებს.

გარდა ამისა, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული ფასნამატი შეადგენს 35%-ს, რაც შეესაბამება დეკლარირებულ საშუალო ფასნამატს და მნიშვნელოვნად განსხვავდება გამოყენებული 60%-ისგან.

„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 10) „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ფასნამატები გამოიყენება შემდეგი რიგითობით:

ა) პირველი - „დოკუმენტური ფასნამატი“;

ბ) მეორე - „მიმდინარე კონტროლის ფასნამატი“.

მომჩივანმა მოითხოვა აღნიშნული მეთოდური მითითების მიხედვით, რიგითობის დაცვა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა: 1. დოკუმენტური ფასნამატით, ან 2. სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული ფასნამატით. ამასთან, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას გამოსაქვითი ხარჯი საქონლის საინვოისო ღირებულების ვალუტის შესაბამისი კურსით არ არის გათვალისწინებული, ასევე, გამოსაქვით ხარჯში არ არის გათვალისწინებული ელექტროენერგიის ხარჯი.“

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები (მომჩივნის არგუმენტების და ხსენებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით) საჭიროებს დამატებით გამოკვლევას/შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. ი/მ ------- (ს/ნ -------) გადამხდელად რეგისტრირებულია 2005 წლის 15 ივნისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2011 წლის 16 მაისს. საქმიანობის სფეროა ჭაღების, ბრების, სანათების და მსგავსი საქონლის იმპორტი და რეალიზაცია. მეწარმეს არ ჰყავს დაქირავებული პირები და საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართებში სავაჭრო ცენტრ „-------“ ტერიტორიაზე. შემოწმების პერიოდში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის (არ იქნა დროულად მოწოდებული ინფორმაცია ------- საბანკო ანგარიშებისა და მათი ამონაწერების შესახებ), 2025 წლის 11 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №189294. გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც საქონლის რეალიზაცია არ იშიფრება კონრეტული რეალიზაციების მიხედვით და ხდება თვის ბოლო რიცხვში საცალო რეალიზაციის ჩამოწერა ჯამურად. სალარო აპარატის ჩეკით რეალიზაცია ვერ იშიფრება პროგრამულად, შესაბამისად, შეუძლებელია კონკრეტული სახეობის საქონელზე ფასნამატის დადგენა. ჯამურად პროგრამულად გადამხდელი ადეკლარირებს საშუალოდ 35,6%, რაც მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული ფასნამატებისგან მნიშვნელოვნად განსხვადება. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური მარაგების ფაქტობრივი ნაშთის დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 13 აგვისტოს №18238 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა ბუღალტრული პროგრამა „ორისი“ და ასევე ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ საცალო რეალიზაცია ჩამოწერილია ჯამურად, თვის ბოლოს. დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან შემოსავალში მცირეა, ფასნამატი მერყეობს 51%-მდე. გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მეწარმის მიერ მიღებული/მისაღები შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატით (საცალო 60 %). გამოვლენილ სხვაობებზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

2. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებსა და შემოწმების მიერ გაანგარიშებულ მონაცემებს შორის ვლინდება სხვაობა. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საანგარიშო შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით, მეწარმის მიერ სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული წლიური შემოსავალი და ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოსაქვითი ხარჯები. საგადასახადო შემოწმების შედეგად, გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის)შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულ და გადასახადის გადამხდელის მიერ საქმის ზეპირ განხილვაზე დაფიქსირებულ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ:

● გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც საქონლის რეალიზაცია არ იშიფრება კონრეტული რეალიზაციების მიხედვით და ხდება თვის ბოლო რიცხვში საცალო რეალიზაციის ჩამოწერა ჯამურად. სალარო აპარატის ჩეკით რეალიზაცია ვერ იშიფრება პროგრამულად, შესაბამისად, შეუძლებელი იყო კონკრეტული სახეობის საქონელზე ფასნამატის დადგენა. ჯამურად, პროგრამულად, გადამხდელი ადეკლარირებს საშუალოდ 35,6%-ს, რაც მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული ფასნამატებისგან მნიშვნელოვნად განსხვადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ გადასახადის გადამხდელის საცალო რეალიზაციაზე გაავრცელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების აუდირებული ფასნამატი 60%, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცია გაანგარიშებულ იქნა პრინციპით - შეძენილი საქონლის თვითღირებულება და დოკუმენტური სარეალიზაციო ფასის შეპირისპირებით.

● ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის დოკუმენტებით ვერ იდენტიფიცირდება შესყიდვისას შეძენილი საქონელი - კოდის და დასახელების მიხედვით, მაგალითად, შეძენილი საქონელი საკონტროლო შესყიდვის ოქმში აღწერილია როგორც „ჭაღი 266/4“– 70 ლარად, გადასახადის გადამხდელთან კი აღრიცხულია ჭაღები შემდეგი დასახელებებით: ჭაღი 266/4 AB+GC, ჭაღი 266/4 PBK , ჭაღი 266/4 AB, ჭაღი 266/4 TBG, ჭაღი 266/4 WT, ჭაღი 266/4 BK, ჭაღი 266/4 TBG, ჭაღი 266/4 PBK, რომელთა თვითღირებულება მერყეობს 38 ლარიდან 85 ლარამდე. ასევე, შეძენილია ერთ ნათურიანი ,,ჭაღი250’’ – 25 ლარად, მსგავსი კოდით საქონელი გადამხდელთან არ იდენტიფიცირდება.

● გადამხდელი აპელირებს ინვენტარიზაციის 35%-იან ფასნამატზე, რაც ვერ გამოდგება ფასნამატის გაანგარიშების არგუმენტად, ვინაიდან სარეალიზაციო ფასები ფაქტიური აღწერისას მითითებულია გადამხდელის მიერ (რასაც ადასტურებენ ინვენტარიზაციაში მონაწილე საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებიც) და ხშირ შემთხვევაში განსხვავდება გასაყიდი საბაზრო ფასისგან.

● საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას გამოსაქვით ხარჯად გადახდილი კომუნალური გადასახადის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ არ მომხდარა გადამხდელის მიერ დეკლარირებული გამოსაქვითი ხარჯების კორექტირება (ამასთან, შემმოწმებლის განმარტებით, შემოწმების პროცესში გათვალისწინებულ იქნა კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გამოსაქვითი ხარჯი), ხოლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველია ის, რომ გადამხდელი არ ახდენს პროგრამაში სრულყოფილად ყოველდღიურ ჩამოწერებს, რაც ირკვევა მისი ახსნა-განმარტებითა და წარდგენილი პროგრამით. კერძოდ: 2022 წელი, ამობეჭდილი ჩეკი 947 605 ლარი, ხოლო პროგრამაში გატარებულია 470 156 (6110 და 3330 ჯამი); 2023 წელი, ამობეჭდილი ჩეკი 394 945 ლარი, ხოლო პროგრამაში გატარებულია 341 323 (6110 და 3330 ჯამი); 2024 წელი, ამობეჭდილი ჩეკი 434 592 ლარი, ხოლო პროგრამაში გატარებულია 380 961(6110 და 3330 ჯამი).

● შემოწმებისას გაანგარიშდა ინვოისების მიხედვით სრულად შეძენილი სმფ-ის თვითღირებულება, თითოეული დასახელების მიხედვით. ინვოისში დეტალურად არის მითითებული საქონლის ზომები და სხვა მახასიათებლები, მაგალითად: CEILING LAMP HL21658/300 SILVER, რითაც შესაძლებელია კონკრეტული სახეობების იდენტიფიცირება. ამავე დასახელებებით არის ზედნადებებში საქონელი გაწერილი, რომელთა დაკავშირების შედეგად გაანგარიშდა დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც პროგრამულ თვითღირებულებებში არსებული სხვაობის გამო არ დაემთხვა გადამხდელის პროგრამულ ფასნამატს. აღნიშნულ საკითხზე გადამხდელი განმარტავს, რომ საქონლის შესაძენად გადახდილია ავანსად თანხა, რომლის კურსიც განსხვავდებოდა იმპორტის დეკლარაციის დღეს არსებული კურსისგან, რამაც გამოიწვია გადამხდელის მიერ დაანგარიშებულ თვითღირებულებასა და შემოწმების მიერ გამოთვლილ თვითღირებულებებს შორის სხვაობები. გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებში ერთადერთ დეკლარაციაზე ჩანს ავანსის გადახდა, კერძოდ A15985 (17.02.2025) დეკლარაციის საფასური გადარიცხულია 2025 წლის 15 იანვარს, თუმცა აღნიშნული დეკლარაციით შეძენილი საქონლის თვითღირებულებას არ მიუღია მონაწილეობა ფასნამატის გაანგარიშებაში, რადგან 2025 წლის 17 თებერვლის შემდეგ გაწერილ ზედნადებებში არ ფიქსირდებოდა A15985 დეკლარაციით შეძენილი საქონლის სახეობები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა არ არის სრულყოფილი, საქონლის რეალიზაცია არ იშიფრება კონრეტული რეალიზაციების მიხედვით და ხდება თვის ბოლო რიცხვში საცალო რეალიზაციის ჩამოწერა ჯამურად ასევე სალარო აპარატის ჩეკით რეალიზაცია ვერ იშიფრება პროგრამულად და შესაბამისად შეუძლებელია კონკრეტული სახეობის საქონელზე ფასნამატის დადგენა, შემოწმების მიერ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებულ სასაქონლომატერიალური ფასეულობის თვითღირებულებაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული საწარმოს ფასნამატის გავრცელება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ერთობლივი შემოსავლის გაზრდა, მათ შორის, დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში, მათ შორის საქმის ზეპირ განხილვაზე, გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორქტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული ფასნამატი და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

2. სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული გამოსაქვითი ხარჯის გათვლისწინება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც საქონლის რეალიზაცია არ იშიფრება კონრეტული რეალიზაციების მიხედვით და ხდება თვის ბოლო რიცხვში საცალო რეალიზაციის ჩამოწერა ჯამურად. სალარო აპარატის ჩეკით რეალიზაცია ვერ იშიფრება პროგრამულად, შესაბამისად, შეუძლებელია კონკრეტული სახეობის საქონელზე ფასნამატის დადგენა. ჯამურად პროგრამულად გადამხდელი ადეკლარირებს საშუალოდ 35,6%, რაც მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული ფასნამატებისგან მნიშვნელოვნად განსხვადება. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური მარაგების ფაქტობრივი ნაშთის დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა ბუღალტრული პროგრამა ,,ორისი“ და ასევე ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ საცალო რეალიზაცია ჩამოწერილია ჯამურად, თვის ბოლოს. დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან შემოსავალში მცირეა, ფასნამატი მერყეობს 51%-მდე. გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მეწარმის მიერ მიღებული/მისაღები შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, შემოწმებამ იხელმძღვანელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატით. გამოვლენილ სხვაობებზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

2. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებსა და შემოწმების მიერ გაანგარიშებულ მონაცემებს შორის ვლინდება სხვაობა. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საანგარიშო შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით, მეწარმის მიერ სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული წლიური შემოსავალი და ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოსაქვითი ხარჯები. საგადასახადო შემოწმების შედეგად, გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 102; 105; 159; 163; 164;