გადაწყვეტილება №19421/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.05.2023
№ დოკუმენტი 19421/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19421/2/2023

4.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,4.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ს 29.07.2021 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19421/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ნავთობპროდუქტების შეძენაზე გაწეული ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა;

2. საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხული თანხების არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა;

3. სხვადასხვა სახის საქონლის დაქირავებულ პირზე მიწოდებად განხილვა;

4. გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან;

5. მიღებულ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2020 წლის №002-381 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.07.2021 წლის №22119 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 219 944 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 677 698

დღგ - 193 782

მოგების გადასახადი - 178 873

საშემოსავლო გადასახადი - 305 043

ჯარიმა - 338 243

საურავი - 204 003

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა სამშენებლო, ნაპირსამაგრი და მდინარის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოების წარმოება, როგორც სახელმწიფო შესყიდვის, ასევე იურიდიული თუ ფიზიკური პირებისთვის მომსახურების გაწევის ფარგლებში.

აუდიტის დეპარტამენტის 19.04.2019 წლის №11918 ბრძანების საფუძველზე დღგ-ის ნაწილში ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა 2019 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რაზეც შედგენილია 23.04.2019 წლის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი. აღნიშნული აქტის მიხედვით შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხა 103 722 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის 23.03.2020 წლის №34319-21-04 წერილის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.03.2020 წლის №15/27-20 და 27.03.2020 წლის №9430 ბრძანებების და აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2020 წლის №9430 ბრძანების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2019 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება, უსფ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ხიდებისა და შენობა-ნაგებობების მშენებლობის ფილიალისგან (ს/ნ 406138344) მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტორებით მიღებული ჩათვლების მართლზომიერებასთან დაკავშირებით ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით.

საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიების ფარგლებში მიწოდებული მასალების გათვალისწინებით ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის მიერ 30.03.2020 წელს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლითაც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 206 640 ლარის (ჩათვლილის დღგ-ის 200%) ოდენობით.

საგადასახადო რისკების გაქარწყლების მიზნით 19.02.2020 წლის №4039 ბრძანებით 19.04.2019 წლის №11918 ბრძანებაში შევიდა ცვლილება და დაინიშნა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 1.01.2020 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება, გარდა 3.07.2018 წლის №16585 ბრძანებით მოცული საკითხებისა (2016 წლის სექტემბრის, 2017 წლის ივლისის, ნოემბრის, 2018 წლის იანვრის და თებერვლის საანგარიშო პერიოდებში გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე).

შემოწმების შედეგები აისახა 30.11.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 9.12.2020 წლის №36685 ბრძანება და 10.12.2020 წლის №002-381 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 2021 წლის 24 თებერვალს და 17 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურმა 8.07.2021 წლის №22119 ბრძანებით საჩივრები დააკმაყოფილა ნაწილობრივ:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 8.07.2021 წლის №22119 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ნავთობპროდუქტების შეძენაზე გაწეული ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლების და შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემები განსხვავდება შემოწმების მიერ მიღებული შედეგებისგან.

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით არ უფიქსირდება მოგების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები.

შემოწმების პროცესში შესწავლილია შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების შესაბამისობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებთან. გაირკვა, რომ კომპანიას შეძენილი აქვს 870 150 ლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები, რომელზეც წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტებით ვერ დგინდება მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან მოძიებული ინფორმაციის (შესრულებული სამუშაოების ფორმა 2) და საწარმოს მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დაანგარიშდა საწარმოს მიერ გახარჯული საწვავის ოდენობა, ხოლო ნარჩენი საწვავი თვითღირებულებით დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, გაუქმდა არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ საწვავზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა.

გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი, დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადამხდელის განმარტებით, კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში კონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოების შესრულებას ისეთი სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, რომელიც მიეკუთვნება მაღალი წვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიას და თითოეულ მათგანზე წვის კოეფიციენტი არის საშუალოდ 50 ლიტრი 100 კილომეტრზე. მაღალი წვის სატრანსპორტო საშუალება გამოიყენება როგორც ნედლეულის გადასაზიდად, ასევე ადგილზე სამუშაოების შესასრულებლად. ყველა შემთხვევაში განსხვავებულია დასამუშავებელი ტერიტორიის ფართობი, რაც განსაზღვრავს ხსენებული სპეციალური ტექნიკის დატვირთვას თითოეული მომსახურების ფარგლებში, შესაბამისად, არაგონივრულია იმის დაშვება, რომ შეძენილი საწვავის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ჩაითვალოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყველა გადაადგილებაზე გამოწერილია შიდა გადაზიდვის ზედნადებები, სადაც ჩანს ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი, ასევე ჩანს გადაზიდული ნედლეულის მოცულობა და შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელ ფორმა 2-ებში იდენტიფიცირდება ისეთი დეტალები, როგორებიცაა სამუშაოს კონკრეტული ტიპი, მის შესასრულებლად გამოყენებული სპეციალური ტექნიკის სახეობა და დამუშავების ტერიტორიის ფართობი. ამასთან, ექსპერტიზის მეშვეობით შესაძლებელია თითოეული სატრანსპორტო საშუალების სპეციალური ტექნიკის წვის კონკრეტული ნორმის დადგენა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში წარდგენილი არგუმენტები პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებულ გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია სხვადასხვა სამშენებლო ნედლეულის დანიშნულების ადგილზე გადაზიდვას სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ახორციელებს, რომლებიც იჯარით აქვს აღებული ფიზიკური პირებისაგან. სხვადასხვა დანიშნულების მქონე ასეთივე სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშულებები გამოიყენება დანიშნულების ადგილზე კონტრაქტორებთან შეთანხმებული სამუშაოების შესრულებისთვისაც.

აქტში მითითებულია, რომ შემოწმებამ იხელმძღვანელა ფორმა 2-ებით და რადგან აღნიშნულ დოკუმენტებში არ იყო გათვალისწინებული კონკრეტული სამუშაოების შესრულებისას გამოყენებული საწვავის ოდენობა და მისი ღირებულება, აღნიშნული როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი დაბეგრა მოგების გადასახადით, როგორც ცნობილია, არ დაბეგრილა მხოლოდ 15 337 ლარის ოდენობით საწვავის შეძენაზე გაწეული ხარჯი.

კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში კონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოების შესრულების ისეთი სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, როგორებიცაა ბულდოზერი, ავტოგრეიდერი, სატკეპნი საგზაო თვითმავალი, ექსკავატორი, მოსარწყავი მანქანა და ა.შ. (რასაც მოწმობს „შესრულებული სამუშაოების აქტები“). აღნიშნული მომსახურების განხორციელების მიზნით საჭიროა სხვადასხვა დანიშნულების ადგილამდე შესაბამისი ნედლეულის ტრანსპორტირება. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად გამოყენებული ტექნიკა ძირითადად მიეკუთვნება მაღალი წვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიას და თითოეულ მათგანზე წვის კოეფიციენტი არის საშუალოდ 50 ლიტრი 100 კილომეტრ მანძილზე (დამოკიდებულია სატრანსპორტო საშუალების დატვირთვის მაჩვენებელზე). შესაბამისად, მაღალი წვის სატრანსპორტო საშუალებები გამოიყენება როგორც ნედლეულის გადასაზიდად, ასევე ადგილზე სამუშაოების შესასრულებლად. ყველა შემთხვევაში განსხვავებულია დასამუშავებელი ტერიტორიის ფართობი, რაც განსაზღვრავს ხსენებული სპეციალური ტექნიკის დატვირთვას თითოეული მომსახურების ფარგლებში.

აღნიშნულის მიხედვით, შეიძლება ითქვას რომ შესამოწმებელ პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებები და მათ საფუძველზე შესრულებული სხვადასხვა ტიპის სამუშაოები ცხადს ხდის დიდი რაოდენობით საწვავის მოხმარების საჭიროებას, რასაც თავის მხრივ განაპირობებს არაერთი სახის მაღალი წვის მქონე სატრანსპორტო საშუალების ჩართულობა მომსახურების გაწევის პროცესში. შესაბამისად, არაგონივრულია იმის დაშვება რომ შეძენილი საწვავის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ჩაითვალოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულად, როცა შესამოწმებელ პერიოდში ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სპეციალური ტექნიკის გამოყენებით სრულდება ზემოაღნიშნული სხვადასხვა ტიპის სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ ყველა გადაადგილებაზე გამოწერილია შიდა გადაზიდვის ზედნადებები სადაც ჩანს ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილი, ასევე ჩანს გადაზიდული ნედლეულის მოცულობა. ასევე, შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელ ფორმა 2-ებში იდენტიფიცირდება ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, როგორებიცაა სამუშაოს კონკრეტული ტიპი, მის შესასრულებლად გამოყენებული სპეციალური ტექნიკის სახეობა და დამუშავებული ტერიტორიის ფართობი. გარდა ამისა, თითოეული ობიექტის მიხედვით კომპანია აწარმოებს სამუშაოთა წარმოების ჟურნალს, რომელიც მოიცავს დეტალურ ჩამონათვალს შესრულებული სამუშაოსი. შესაბამისად, ექსპერტიზის მეშვეობით შესაძლებელია თითოეული სატრანსპორტო საშუალების და სპეციალური ტექნიკის წვის კონკრეტული ნორმის დადგენა, სამუშაოთა წარმოების ჟურნალში მოცემული ინფორმაციის და ასევე ზედნადებების მეშვეობით კი შესაძლებელია კონკრეტული სატრანსპორტო საშულების მიერ შესრულებული სამუშაოს იდენტიფიცირება, რაც საბოლოო ჯამში შესაძლებელს გახდის გახარჯული საწვავის გამოანგარიშებას. იმის გათვალისწინებით რომ კომპანია ძირითადად სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში ახორციელებს სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს, რაც დადასტურებულია შესაბამის კონტრაგენტებთან გაფორმებული მიღებ-ჩაბარების აქტებით და ფორმა 2-ებით, აღნიშნული კი თავის მხრივ ვერ განხორციელდებოდა საწვავის გამოყენების გარეშე, მიაჩნია, რომ საწვავის ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა არაგონივრულია.

აღნიშნული გარემოებების გამო არ ეთანხმება საწვავის ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრას, დღგ-ის ნაწილში მიღებული ჩათვლის შემცირებას და ითხოვს აღნიშნული დარიცხვის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება: ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება .

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად:

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

2. დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

შემოსავლების სამსახურის 8.07.2021 წლის №22119 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები; ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის განმარტებით ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რითაც შესაძლებელია გაანგარიშდეს გახარჯული საწვავის ოდენობა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

2. საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხული თანხების არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმებისას შესწავლილია საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლები და შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემები განსხვავდება შემოწმების მიერ მიღებული შედეგებისგან.

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით არ უფიქსირდება მოგების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები.

შემოწმების პროცესში შესწავლილია შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ გაწეული ხარჯები, გადარიცხვები საბანკო ანგარიშებიდან და სხვა გადახდები, ასევე კომპანიიდან გამოთხოვილია ინფორმაცია აღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებული დოკუმენტების შესახებ. საწარმოს მიერ წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით ვერ დასტურდება საბანკო ანგარიშებიდან სხვადასხვა სახის დანიშნულების მქონე საბანკო გადარიცხვების მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი.

აღნიშნული ოპერაციების ჯამმა შეადგინა 158 804 ლარი, რომელიც საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელი მიუთითებს, რომ აღნიშნული ხარჯი უკავშირდება კომპანიის მიერ კრედიტორებისთვის გადარიცხულ თანხებს. ეს გადარიცხვები განხორციელებულია სხვადასხვა ტიპის მომსახურების ასანაზღაურებლად ან საქონლის შესაძენად. კომპანიას კრედიტორებისგან მიღებული აქვს სასაქონლო ზედნადებები, ხოლო შპს „N2“ შემთხვევაში, გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტები.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში წარდგენილი არგუმენტები სადავო საკითხთან დაკავშირებით საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებულ გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღნიშნული ხარჯი უკავშირდება კომპანიის მიერ კრედიტორებისათვის გადარიცხულ თანხებს, ეს გადარიცხვები განხორციელებულია სხვადასხვა ტიპის მომსახურების ასანაზღაურებლად ან საქონლის შესაძენად. კომპანიას კრედიტორებისგან ("-----" და "------" ) მიღებული აქვს სასაქონლო ზედნადებები, ასევე მიღებული და დადასტურებული აქვს მომწოდებლის მიერ გამოწერილი ფაქტურები ერთ-ერთ მომწოდებლის, შპს N1 შემთხვევაში, ასევე გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტები. მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დოკუმენტურად დადასტურებულია კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები და ამდენად სახეზე არ არის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი. შესაბამისად ითხოვს აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის განმარტებით მოცემულ შემთხვევაში დოკუმენტურად დადასტურებულია კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები და სახეზე არ არის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი.

ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 8.07.2021 წლის №22119 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები; ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ მართებულია და საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სხვადასხვა სახის საქონლის დაქირავებულ პირზე მიწოდებად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმებისას შესწავლილია საწარმოს მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რომლის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები განსხვავდება შემოწმებით მიღებული შედეგებისგან.

გადასახადის გადამხდელს გარდა ძირითადი საქმიანობის ფარგლებში წარმოქმნილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვებისა, უფიქსირდება საწვავის, ავტონაწილების და სხვა სახის საქონლის რეალიზაცია, რომელიც ასახული არ არის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში, ასევე საწარმოს შეძენილი აქვს საკვები პროდუქტები, ალკოჰოლური სასმელები, სხვადასხვა სახის თეთრეული და სხვა. გადამხდელის განმარტებით აღნიშნული საქონელი მიაწოდა საწარმოში დასაქმებულ ფიზიკურ პირებს.

საგადასახადო ორგანომ ოპერაცია ჩათვალა საქონლის თვითღირებულებით მიწოდებად და დაბეგრა დღგ-ით. ამასთან, საწარმოში დასაქმებულ ფიზიკურ პირებზე მიწოდებული საქონელი საბაზრო ღირებულებით ჩაითვალა სარგებლად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

შემოწმების შედეგად გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადასახადის გადამხდელი ეთანხმება შეძენილი საკვები პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების დასაქმებული პირების სარგებლად განხილვას, მაგრამ არ ეთანხმება ისეთი შეძენილი საქონლის სარგებლად განხილვას, რომელიც წარმოადგენს კომპანიის ხარჯს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში წარდგენილი არგუმენტები სადავო საკითხთან დაკავშირებით საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებულ გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ეთანხმება შემმოწმებლის შეფასებას შეძენილი საკვები პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების დასაქმებული პირების სარგებლად განხილვასა და დაბეგვრასთან დაკავშირებით. თუმცა, აუდიტის გაანგარიშების ფაილის მიხედვით, სარგებლად განხილულია და საქონლის ჩამონათვალში ფიქსირდება საქონლის ისეთი ჯგუფებიც, რომელთა დასაქმებულების სარგებლად განხილვა არალოგიკურია. რადგანაც აღნიშნული შეძენები წარმოადგენს კომპანიის ოფისის ხარჯს. მაგალითისთვის საქონლის ისეთი ჯგუფები როგორიცაა საკანცელარიო ნივთები, ერთჯერადი ჭურჭელი, სხვადასხვა ქიმიური და საწმენდი საშუალებები, საოფისე ტექნიკა, აღნიშნული ხარჯები გაწეულია ოფისისთვის და თვლის, რომ თანამშრომლის სარგებელს ცალსახად არ წამოადგენს.

შესაბამისად, მიაჩნია რომ ამ ნაწილში კომპანიისთვის დარიცხული თანხები უნდა დაექვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა: საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. 2. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე საქონლის/მომსახურების თანამშრომლებისათვის მიწოდების შემთხვევაში.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას – ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განმარტა, რომ სარგებლად განხილულია და საქონლის ჩამონათვალში ფიქსირდება საქონლის ისეთი ჯგუფები, რომელთა დასაქმებულების სარგებლად განხილვა არალოგიკურია, რადგან აღნიშნული შეძენები წარმოადგენს კომპანიის ოფისის ხარჯს.

შემოსავლების სამსახურის 8.07.2021 წლის №22119 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები; ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერების, საწარმოს დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების შესახებს ინფორმაციის, საბანკო ამონაწერების შესწავლით და ფულის მოძრაობის ანალიზით საწარმოში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საბანკო ტრანზაქციის საშუალებით გადახდილია თანხები გადასახადის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე.

აღნიშნული გადახდები შემოწმების მიერ დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: საგადასახადო აგენტს გადახდილი თანხების წყაროსთან დაკავების ვალდებულება წარმოეშვება მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში. გაანგარიშების ფაილის მიხედვით კი, აუდიტორის მიერ წყაროსთან დაბეგრილია ავტომობილის ნაწილის და მასალის ღირებულება, ანუ საქონლის შესაძენად განხორციელებული გადახდა, რაც არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში წარდგენილი არგუმენტები სადავო საკითხთან დაკავშირებით საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებულ გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო აგენტს გადახდილი თანხების წყაროსთან დაკავების ვალდებულება წარმოეშვება მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში. გაანგარიშების ფაილის მიხედვით კი, აუდიტორის მიერ წყაროსთან დაბეგრილია ავტომობილის ნაწილის და მასალის ღირებულება, ანუ საქონლის შესაძენად განხორციელებული გადახდა, რაც არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

ამდენად, მიაჩნია რომ ამ ნაწილში განხორციელებული დარიცხვა საჭიროებს დამატებით შესწავლას და გადაანგარიშებას (შემცირებას).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის განმარტებით გადახდის წყაროსთან დაბეგრილია ავტომობილის ნაწილის და მასალის ღირებულება, ანუ საქონლის შესაძენად განხორციელებული გადახდა, რაც არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

შემოსავლების სამსახურის 8.07.2021 წლის №22119 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები; ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. მიღებულ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, შემოწმების ჯგუფის ხელთ არსებული ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების ანალიზის მიხედვით, მიღებულ შემოსავლებსა და საწარმოს მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის გამოვლინდა სხვაობა (დღგ-ის ჩათვლით), რომელმაც შეადგინა 1 291 479 ლარი. აღნიშნული თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) განაცემად, რაც დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: შემოწმების მიერ დაბეგვრას დაექვემდებარა ის ხარჯი, რომელიც მიჩნეულია დოკუმენტურად დაუდასტურებლად, მათ შორის საწვავის შეძენაზე გაწეული ხარჯი და სხვა ხარჯი, რომელიც უკვე დაბეგრილი იყო მოგების გადასახადით, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი. შესაბამისად, სალაროს დადებითი ნაშთის დადგენის მიზნით, შემმოწმებლის მიერ უნდა მომხდარიყო ამ ხარჯის გათვალისწინება. გარდა აღნიშნულისა, სალაროს ნაშთის გამოყვანისას გასათვალისწინებელი იყო კომპანიის დამფუძნებლის და დირექტორის მიერ გატანილი თანხები, რომლის მიზანი იყო კომპანიის სასესხო ვალდებულების დასაფარად აღებული სესხის გადაფარვა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანიას მომსახურებას უწევს ფიზიკური პირები თავიანთი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. მძღოლების დიდი ნაწილისთვის ანაზღაურების გადახდა ხორციელდება ნაღდი ფულის სახით, რომელიც კომპანიის ანგარიშიდან გაჰქონდა დირექტორს. შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში წარდგენილი არგუმენტები სადავო საკითხთან დაკავშირებით საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებულ გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებლის შეფასებაში არსებული მითითება იმის შესახებ, რომ აღნიშნული სხვაობა გამოვლენილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების ანალიზის მიხედვით მიღებულ შემოსავლებსა და საწარმოს მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე ირკვევა, რომ შემმოწმებლის მიერ დაბეგვრას დაექვემდებარა ის ხარჯები, რომლებიც მიჩნეულია იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებლად, მათ შორის საწვავის შეძენაზე გაწეული ხარჯი (870 150 ლარი) და სხვა ხარჯი (158 804 ლარი), რომელიც უკვე დაბეგრილი იყო მოგების გადასახადით, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები. შესაბამისად, სალაროს დადებითი ნაშთის დადგენის მიზნით, შემმოწმებლის მიერ უნდა მომხდარიყო ამ ხარჯების გათვალისწინება ანუ გამოკლება საწარმოს შემოსავლებიდან. შესაბამისად, მიაჩნია რომ ამ ნაწილში ადგილი აქვს ხარჯების ორმაგად დაბეგვრას, რაც საკანონმდებლო ნორმებს ეწინააღმდეგება.

გარდა ამისა, სალაროს ნაშთის გამოყვანისას გასათვალისწინებელი იყო კომპანიის დამფუძნებლის და დირექტორის მიერ 2017-2019 წლებში სალაროდან გატანილი თანხები. თანხების გატანის მიზანი იყო მის მიერ აღებული სესხის მომსახურება, აღნიშნული სესხი კი თავის დროზე მოხმარდა სწორედ კომპანიის ვალდებულების გადაფარვას. ფაქტობრივი გარემოებები იყო შემდეგი:

23.02.2015 წლის საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო სს საქართველოს ბანკსა და კომპანიას შორის, რომლის მიხედვით კრედიტორის მიერ კომპანიაზე გაცემულია სესხი 79 000 ლარის ოდენობით საბრუნავი საშუალებების შესაძენად. კომპანიის სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა დირექტორის და 80%-იანი წილის მფლობელის, დირექტორის ოჯახის წევრის (დედის) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

გამომდინარე იქიდან რომ კომპანიამ თავისი ფულადი სახსრებით ვერ უზრუნველყო სესხის დაფარვა. დირექტორის მიერ აღებული იქნა სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან კომპანიის სასესხო ვალდებულების დაფარვის მიზნით, რადგან სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული იყო მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ 30.12.2016 წელს კომპანიის დირექტორსა და შპს "------" - ის დირექტორს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება 35 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხის გაცემის თაობაზე. მხარეებს შორის ამ შემთხვევაშიც დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება და სესხი უზრუნველყოფილ იქნა დირექტორის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ზემოხსენებული უძრავი ქონებით. აღნიშნული სესხის აღების მიზანს წარმოადგენდა სწორედ კომპანიის მიერ სს საქართველოს ბანკისგან აღებული 79 000 ლარის ოდენობის სესხის დაფარვა. დირექტორის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერითაც დასტურდება რომ მის მიერ 2016 წლის ბოლოს შპს"------" - ისგან აღებული სესხით მთლიანად დაიფარა კომპანიის მიერ სს საქართველოს ბანკის წინაშე არსებული დარჩენილი დავალიანება (74 527 ლარი).

მოგვიანებით დირექტორისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო საჭირო გახდა შპს "------" - ის ვალის დაფარვა, რაც განხორციელდა კერძო იპოთეკარისგან აღებული სესხით. კერძოდ 2018 წლის 11 ივნისს კერძო იპოთეკარებსა და დირექტორის დედას შორის დაიდო სასესხო ხელშეკრულება ჯამში 85 800 ლარის ოდენობის სესხის აღების შესახებ. დირექტორის დედის მიერ აღებული სესხის, მასზე დარიცხული სარგებლის, პირგასამტეხლოსა და შესაძლო ზიანის გადახდა უზრუნველყოფილი იყო მისივე უძრავი ქონებით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო რომ მან იკისრა ვალდებულება დაუყონებლივ დაეფარა პირველი რიგის იპოთეკარის, შპს "------" - ის წინაშე არსებული დავალიანება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც აღნიშნულ იპოთეკარებს ეძლეოდათ უფლება მოეთხოვათ მათ მიერ გაცემული სესხის თანხები. აღნიშნული სესხით მოხდა შპს "------" - ის ვალის დაფარვა, რაც დასტურდება შპს "------" - ის ანგარიშიდან ამონაწერით.

აქედან გამომდინარე, დირექტორი 2017-2019 წლებში კომპანიის ანგარიშიდან გატანილი თანხებით ახორციელებდა ჯერ შპს "------" - ის , შემდეგ კი უკვე კერძო იპოთეკარის დავალიანების დაფარვას. ზემოაღნიშნული ოპერაციები ადასტურებს დირექტორის მიერ კომპანიის ანგარიშიდან თანხის გატანის რეალურ მიზნობრიობას - კომპანიის მიერ ბანკის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვას. რაც განხორციელდა სწორედ კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი თუ დირექტორის მიერ კომპანიის სასარგებლოდ სს საქართველოს ბანკის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვა განიხილება დირექტორის მიერ კომპანიისთვის უპროცენტოდ სესხის გაცემად, გამოდის რომ 2017-2019 წლებში იგი ახორციელებს კომპანიისთვის გაცემული სესხის ძირი თანხების დაბრუნებას სალაროდან თანხების გატანის გზით. 2016 წლის დეკემბრიდან 2018 წლის ივნისამდე პერიოდში დირექტორის მიერ შპს N3 -ის წინაშე ვალდებულების დასაფარად სალაროდან გატანილია ჯამურად 18 270 დოლარი, რაც დასტურდება შპს "------" - ის ანგარიშიდან ამონაწერით, ხოლო 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ჩათვლით პერიოდში კერძო იპოთეკარის ვალის დაფარვის მიზნით სალაროდან გატანილია 15 675 დოლარი, რაც დასტურდება ამ პირებთან გაფორმებული შედარების აქტით.

ამდენად, მიაჩნია რომ შემმოწმებლის მიერ გამოყვანილი სალაროს დადებითი ნაშთი ასევე უნდა შემცირდეს დირექტორის მერე საკრედიტო ვალდებულების დაფარვის მიზნით 2017-2019 წლებში კომპანიის სალაროდან გატანილი თანხების მოცულობით, ვინაიდან ეს თანხები წარმოადგენს დირექტორის წინაშე კომპანიის ვალდებულების დაფარვას და ვერ იქნება განხილული სახელფასო განაცემად.

გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ კომპანიას მომსახურებას უწევენ ფიზიკური პირები თავიანთი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. მძღოლების დიდი ნაწილისთვის ანაზღაურების გადახდა ხორციელდებოდა ნაღდი ფულის სახით, რომელიც კომპანიის ანგარიშიდან გაქონდა დირექტორს. კომპანიის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული იქნა ინფორმაცია თითოეული მძღოლის და მანქანის, ასევე გადახდილი თანხების შესახებ (სალაროს გასავლის ორდერების სახით). შესაბამისად, დასტურდება რომ სალაროდან თანხების გასვლა ასევე ხორციელდებოდა კომპანიის ხარჯების დასაფინანსებლად, რაც ასევე წარმოადგენს სალაროს დადებითი ნაშთის შემცირების საფუძველს. მოთხოვნის შემთხვევაში მძღოლები დაადასტურებდენენ კიდეც რომ მიღებული აქვთ ანაზღაურება კომპანიისგან ნაღდი ფულის სახით.

ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით არ ეთანხმება შემმოწმებლის შეფასებას შემოწმებისას გამოვლენილი სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე განაცემად ჩათვლასთან დაკავშირებით და ითხოვს ამ ნაწილში დარიცხული თანხების გადაანგარიშებას (შემცირებას).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის განმარტებით შემოწმების მიერ დაბეგვრას დაექვემდებარა ის ხარჯი, რომელიც მიჩნეულია დოკუმენტურად დაუდასტურებლად, მათ შორის საწვავის შეძენაზე გაწეული ხარჯი და სხვა ხარჯი, რომელიც უკვე დაბეგრილი იყო მოგების გადასახადით, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი. შესაბამისად, სალაროს დადებითი ნაშთის დადგენის მიზნით, შემმოწმებლის მიერ უნდა მომხდარიყო ამ ხარჯის გათვალისწინება. ასევე, შემმოწმებლის მიერ დადგენილი სალაროს დადებითი ნაშთი უნდა შემცირდეს დირექტორის მიერ საკრედიტო ვალდებულების დაფარვის მიზნით 2017-2019 წლებში კომპანიის სალაროდან გატანილი თანხის მოცულობით, ასევე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხით, რომლებიც კომპანიას მომსახურებას უწევენ თავიანთი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.

საჩივარს ახლავს ხელშეკრულება ტექნიკით მომსახურებაზე, მიღება-ჩაბარების აქტები, საკრედიტო ხელშეკრულებები, იპოთეკის ხელშეკრულება.

ამასთან, ამ ნაწილში მომჩივანმა გაზარდა მოთხოვნა და განმარტა, რომ კომპანიას ოპერაციები განხორციელებული ჰქონდა დიდი ოდენობის ნაღდი ფულით, მათ შორის მძღოლებზე გაცემული, საქონლის შესაძენად და მომსახურების გაწევისთვის გადახდილი თანხები, რასთან დაკავშირებითაც დოკუმენტები სრულყოფილად ვერ იქნა მოძიებული. შემოწმების შედეგად დაახლოებით 1 300 000 ლარამდე თანხა დაიბეგრა, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი. რაც გულისხმობს, რომ კომპანიას მოგების მარჟა დაახლოებით ჰქონდა 35%, რაც არარეალურია. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს კომპანიის მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების მოგების მარჟების შესწავლა და აღნიშნულის გათვალისწინებით არაპირდაპირი მეთოდით დამატებით ხარჯის განსაზღვრა.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა რომ მის ხელთ არსებული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები გათვალისწინებულია, როგორც შემოწმების ისე გადაანგარიშების ეტაპზე და აღნიშნულის შედეგად სალაროს ნაშთი შემცირებულია. ამ ეტაპზე სხვა სახის ინფორმაცია მისთვის ცნობილი არ არის.

შემოსავლების სამსახურის 8.07.2021 წლის №22119 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები; ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1. გადამხდელი არ ეთანხმება საწვავის ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრას, დღგ-ის ნაწილში მიღებული ჩათვლის შემცირებას და ითხოვს აღნიშნული დარიცხვის გაუქმებას.

2.გადამხდელს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დოკუმენტურად დადასტურებულია კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები და ამდენად სახეზე არ არის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი. შესაბამისად ითხოვს აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

3.გადამხდელი არ ეთანხმება სარგებლად განხილვას საქონლის ისეთი ჯგუფების, რომელთა დასაქმებულების სარგებლად განხილვა არალოგიკურია. .

შესაბამისად, მიაჩნია რომ ამ ნაწილში კომპანიისთვის დარიცხული თანხები უნდა დაექვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).

4.გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტორის მიერ წყაროსთან დაბეგრილ ავტომობილის ნაწილისა და მასალის ღირებულებას, ანუ საქონლის შესაძენად განხორციელებულ გადახდას, რაც არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

ამდენად, მიაჩნია რომ ამ ნაწილში განხორციელებული დარიცხვა საჭიროებს დამატებით შესწავლას და გადაანგარიშებას (შემცირებას).

5.მომჩივანი არ ეთანხმება შემმოწმებლის შეფასებას შემოწმებისას გამოვლენილი სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე განაცემად ჩათვლასთან დაკავშირებით და ითხოვს ამ ნაწილში დარიცხული თანხების გადაანგარიშებას (შემცირებას).

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

1.გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით არ უფიქსირდება მოგების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები.

შემოწმების პროცესში შესწავლილია შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების შესაბამისობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებთან. დაანგარიშდა საწარმოს მიერ გახარჯული საწვავის ოდენობა, ხოლო ნარჩენი საწვავი თვითღირებულებით დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, გაუქმდა არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ საწვავზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა.

გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი, დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2.საწარმოს მიერ წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით ვერ დასტურდება საბანკო ანგარიშებიდან სხვადასხვა სახის დანიშნულების მქონე საბანკო გადარიცხვების მიზნობრიობა და ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით დაიბეგრა მოგების გადასახადით.

ასევე, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

3.გადასახადის გადამხდელს გარდა ძირითადი საქმიანობის ფარგლებში წარმოქმნილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვებისა, უფიქსირდება საწვავის, ავტონაწილების და სხვა სახის საქონლის რეალიზაცია, რომელიც ასახული არ არის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში, ასევე საწარმოს შეძენილი აქვს საკვები პროდუქტები, ალკოჰოლური სასმელები, სხვადასხვა სახის თეთრეული და სხვა. გადამხდელის განმარტებით აღნიშნული საქონელი მიაწოდა საწარმოში დასაქმებულ ფიზიკურ პირებს.ოპერაცია ჩაითვალა საქონლის თვითღირებულებით მიწოდებად და დაბეგრა დღგ-ით. ამასთან, საწარმოში დასაქმებულ ფიზიკურ პირებზე მიწოდებული საქონელი საბაზრო ღირებულებით ჩაითვალა სარგებლად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად

4.საწარმოში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საბანკო ტრანზაქციის საშუალებით გადახდილია თანხები გადასახადის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე.

აღნიშნული გადახდები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

5.მიღებულ შემოსავლებსა და საწარმოს მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის გამოვლინდა სხვაობა (დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნული თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) განაცემად, რაც დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

1. საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

2.საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ მართებულია და საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3.საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

4.საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

5.საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

97(1 "ა","ბ") ,982,174(1,2 "ა"),161(1 "ა"),101(1,2 "ა"),73(4,9).275