გადაწყვეტილება №24341/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24341/2/2024
20 იანვარი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 22.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24341/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7145 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2024 წლის №021-27 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.11.2024 წლის №23590 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 519 726 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 269 675
დღგ - 61 113
საშემოსავლო გადასახადი - 196 533
ქონების გადასახადი - 12 029
ჯარიმა - 115 260
საურავი - 134 791
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს უმაღლესი განათლების მომსახურება.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით:
1. საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. დამფუძნებლის განცხადებით, დაწესებულებამ 2005 წელს ვერ გაიარა აკრედიტაცია და მას შემდეგ ითვლება მილევად რეჟიმში მოქმედ სასწავლებლად. აქტიურ საქმიანობას მას შემდეგ ვერ ახორციელებს, თუმცა პერიოდულად დარჩენილი სტუდენტები, რომლებსაც არ დაუსრულებიათ სწავლა, ასრულებენ კურსს და შესაბამისად იღებენ განათლების დამადასტურებელ დიპლომს. კომპანიის საკუთრებაშია უძრავი ქონება (სასწავლო დაწესებულება), რომლის ნაწილიც იჯარით აქვს გაცემული. ამასთან, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ აღნიშნული ქონების ნაწილი რეალიზებული აქვს 2020 წელს, ხოლო ნაწილი ჩამორთმეულია საქართველოს ბანკის მიერ სესხის სანაცვლოდ. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საწარმოს კუთვნილი უძრავი ქონება რეალიზებული აქვს 2020 წლის 30 აგვისტოს. ვინაიდან აღნიშნული ოპერაცია აღემატებოდა 100 000 ლარს, გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2020 წლის 30 აგვისტოდან. შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა ყველა სხვა ოპერაცია, რომელიც არ არის გათავისუფლებული დღგ-ისგან. საწარმოს როგორც უძრავი ქონების რეალიზაციით, ასევე ქონების იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავალი და დიპლომებისთვის ჩარიცხული თანხები დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.
2. შესამოწმებელ პერიოდში შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია-საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, ასევე გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციები. გაუკეთდა ანალიზი მიღებული და გაცემული თანხების მოძრაობას, გათვალისწინებული იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და მომზადდა ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ცხრილი, რის შედეგადაც მიღებული იქნა თანხა, რომლის ფაქტობრივი არსებობა და მიზნობრიობა არ დგინდება. ამასთან ირკვევა, რომ კომპანიამ განახორციელა რამდენიმე მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენა-რეალიზაცია, რომელთა ღირებულებები არ დგინდება. საწარმოს შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია ბუღალტრულ აღრიცხვა. დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის არასრული წარმოდგენისთვის საწარმო დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით. შემოწმების შედეგად, დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალ-ხარჯების მიხედვით, დადგენილ იქნა ნაღდი ფულის ნაშთი, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარეალიზაციო ფასად მიჩნეული იქნა მსგავსი ავტომობილების საბაზრო ფასები, ხოლო ხარჯის დასადგენად გათვალისწინებული იქნა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და ფულის მოძრაობაში ხარჯად იქნა მიჩნეული ავტომობილების საბაზრო ღირებულების 75%. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, დარჩენილი განკარგვადი თანხა პერიოდების მიხედვით განხილულია საწარმოს დირექტორების - ------- და ------- მიერ მიღებულ ხელფასად და დაბეგრილი იქნა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზითა და გადასახადის გადამხდელის განმარტებით დგინდება, რომ კომპანიის დამფუძნებლის მიერ აღებული იქნა სესხი სს „საქართველოს ბანკში“, ხოლო იპოთეკით დაიტვირთა შპს „-------“ საკუთრება (-------, -------), უძრავი ქონების ნაწილი, რომელიც სესხის გადაუხდელობის გამო 2021 წლის 30 სექტემბერს ჩამორთმეული იქნა ბანკის მიერ. როგორც ერთიანი ელექტრონული ბაზებითა და გადამხდელის ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარმოდგენილი განმარტებით დგინდება, აღნიშნული სესხი კომპანიის ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის გამოყენებული. არ ჩანს კომპანიაში ფულის შემოსვლა და დოკუმენტურად დადასტურებული რაიმე კაპიტალური ხარჯის გაწევა, წარდგენილი ანგარიშგებით კი დგინდება, რომ საწესდებო კაპიტალი პერიოდების მიხედვით შეადგენს 4800 ლარს. წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების მიხედვით 2021 წელს დებიტორული დავალიანების ზრდა არ ფიქსირდება, შესაბამისად, ირკვევა, რომ ბანკის მიერ ქონების ჩამორთმევის ოპერაციის მიხედვით, საწარმოს დირექტორის მიმართ რაიმე მოთხოვნა არ აქვს აღრიცხული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დამფუძნებლის პირადი სარგებლობის სესხის გადაუხდელობისთვის ბანკის მიერ ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულება (რომელიც განსაზღვრული იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ) მიჩნეულია დირექტორის ------- სარგებლად/ხელფასად, რაზეც დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
4. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ შპს „-------“ საკუთრებაშია უძრავი ქონება, რომელიც არ აქვს დაბეგრილი ქონების გადასახადით. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ შეფასებული იქნა საწარმოს უძრავი ქონება. შედეგად, 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში პირს განესაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა საბაზრო ფასით და საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მიხედვით დაერიცხა ქონების გადასახადი.
შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 27.12.2023 წლის №33357 ბრძანება და №021-123 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7145 ბრძანებით:
1. საჩივრები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის №188649 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2023 წლის 5 ოქტომბრის №24619 ბრძანებასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი;
2. საჩივრები შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის №021-123 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
3. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7145 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 იანვრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგებად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 1.05.2024 წლის №10288 ბრძანება და №021-27 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12871 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს 26.07.2024 წლის №23306/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12871 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 5.11.2024 წლის №23590 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 306-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რის გამოც საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელს არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს დამატებით წარმოდგენილი ხარჯების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურს შეეძლო მიეღო უარყოფითი გადაწყვეტილება იმ მოტივით რომ, არ ეთანხმებოდა წარდგენილ დოკუმენტებს, მან კი მიიღო გაუგებარი გადაწყვეტილება იმ მოტივით რომ, საერთოდ არაა წარდგენილი მტკიცებულებები.
თითქმის 9 თვეა სამინისტროს სისტემიდან მიღებულ დოკუმენტებში მიგვითითებენ რომ ჩვენი არგუმენტები არაა დადასტურებული მტკიცებულებებით, თუმცა არ მიუთითებენ რომელია ეს არგუმენტი და რა დოკუმენტები არ კმარა, რაც აფერხებს პროცესს.
განსაკუთრებით დამაბნეველია შემდეგი გარემოება - აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებაში მითითებულია, რომ ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ------- საქალაქო სასამართლოში. შესაბამისად, გარდა იმისა რომ, შემოსავლების სამსახურში დროულად შეიტანა განცხადება გასაჩივრების შესახებ, შეიტანა საჩივარი ------- საქალაქო სასამართლოში. მიუხედავად ამისა, ეუბნებიან რომ, დააგვიანა გასაჩივრება.
არც თუ დიდი ხნის წინ კი, როდესაც მიმართა იურისტებს, გაირკვა გამაოგნებელი რეალობა - თურმე, მიუხედავად აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებისა, საჩივარი, პირველ რიგში, მაინც შემოსავლების სამსახურში უნდა შეეტანა. გაცხადდა რომ, აუდიტის დეპარტამენტის 5 ნოემბრის ბრძანებაში და თანმხლებ წერილში განზრახაა შეტანილი შეცდომაში შემყვანი, ყალბი ჩანაწერები და შეცდომაში შემყვანი მისამართი იმ მიზნით რომ, დოკუმენტაცია დროულად არ ჩაბარდეს. დოკუმენტებში ყალბი ჩანაწერების შეტანა კი სისხლის სამართლის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.
ამასთან, აშკარაა რომ შემოსავლების სამსახურის გარკვეულ მოხელეებს „სახელმწიფოზე ზრუნვის მიზნით“ დამუშავებული აქვთ უღირსი, დანაშაულებრივი მანიპულაციები, რაც ბოლო დღეებში, კიდევ ერთხელ დადასტურდა.
მ.წ. 12 სექტემბერს ჩაბარდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 სექტემბრის ორი სხვადასხვა გადაწყვეტილება, რომლებიც ------- კამერალური შემოწმების შედეგების ხელახლა განხილვას ეხება.
ამ გადაწყვეტილებებს შორის არის გარკვეული საფრთხის შემცველი შეუსაბამობა, რის გამოც მიმართა დავების განხილვის საბჭოს თხოვნით, დაეზუსტებინა ეს საკითხი და გაეხადთ გადაწყვეტილებები უფრო ნათელი, რაზეც მიუთითეს, რომ ორივე გადაწყვეტილება შეეძლო გაესაჩივრებინა თბილისის საქალაქო სასამართლოში. შესაბამისად, მ.წ. 27 სექტემბერს, ვადების სრული დაცვით, მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. საჩივარს თან დაურთო დოკუმენტები 109 გვერდზე.
ასეთ ვითარებაში, 10 დღის შემდეგ, შემოსავლების სამსახურიდან დაურეკა ქალბატონმა და აცნობა რომ, მისი საჩივრების ხელახლა განხილვა დანიშნული იყო მ.წ. 11 ოქტომბერს. როდესაც ქალბატონს უპასუხა, რომ ფინანსთა სამინისტროს ორივე გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო სასამართლოში, მან უპასუხა რომ, მისივე ინტერესებისათვის უკეთესი იყო, საკითხი ჯერ შემოსავლების სამსახურში ყოფილიყო განხილული.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ, მოგვიანებით, მოსამართლის თანაშემწემ დაურეკა და საკმაოდ მკაცრი ტონით უთხრა, რომ 27 სექტემბერს სასამართლოში შეტანილი საჩივარი საქმეზე N3/7213-24 არაა სწორად შეტანილი და პირველ რიგში საკითხი უნდა განხილული ყოფილიყო შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის მოულოდნელი ინფორმაცია მისთვის სრულიად გაუგებარი და დამაბნეველი იყო. თუკი იგეგმებოდა საკითხის ხელახალი განხილვა 2 აპრილის N7145 ბრძანების შესაბამისად, ალბათ განხილვა სათანადოდ უნდა მომზადებულიყო. პირველ რიგში, თუკი თვლიდნენ, რომ არ კმაროდა მტკიცებულებები, უნდა დაეყენებინა არგუმენტებთან დაკავშირებული იმ მტკიცებულებების მიწოდების საკითხი, რასაც მანამდე თხოულობდნენ. ქალბატონს კი არანაირი დოკუმენტები არ მოუთხოვია (შესაძლებელია საუბრის გადამოწმება). შესაბამისად, ჩათვალა, რომ გაითვალისწინა შემოსავლების სამსახურმა და ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში 2 აპრილის შემდეგ წარდგენილი ვრცელი მასალა და აღარაფერს თხოულობდნენ. (ანალოგიური მასალა დართული ჰქონდა 27 სექტემბრის სარჩელსაც, რომელიც განხილვების დასრულებამდე შემოსავლების სამსახურსაც გადაუგზავნა).
ამასთან ერთად, იცნობდა რა, საკუთარი მწარე გამოცდილებით, აუდიტის დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა ღირსებიდან დაცლილ მანიპულაციებს, აწუხებდა იმის საფრთხე რომ, არ დაებრალებინათ 2 აპრილის ბრძანების შესაბამისად დოკუმენტების წარდგენაზე უარის თქმა. ამიტომ, გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, 9 ოქტომბრის განცხადებით, აცნობა შემოსავლების სამსახურს, რომ თანახმა იყო ჩატარებულიყო მისი საჩივრების (ყველა საჩივრის) ერთად განხილვა, რაც თავს მოუყრიდა ყველა დოკუმენტს. ამასთან, თავის დაცვის მიზნით, 10 ოქტომბერს, დამატებითი განცხადებით, აცნობა შემოსავლების სამსახურს, რომ თანახმა იყო მონაწილეობა მიეღო ასე სასწრაფოდ (დამატებითი მასალების წარდგენის გარეშე) ჩანიშნულ განხილვაში, თუკი შემოსავლების სამსახური საკმარისად მიიჩნევდა იმ დოკუმენტაციას, რომელიც მ.წ. 2 აპრილის N7145 ბრძანების შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წარადგინა.
შესაბამისად, თუკი მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია საკმარისი არ იყო, 11 ოქტომბერს, ინტერნეტით განხილვის დაწყებამდე, ან თუნდაც ონლაინ განხილვის დროს, შეეძლოთ ეთქვათ კიდევ, რომელი დოკუმენტი სჭირდებოდათ იმისათვის, რომ განხილვა სრულფასოვნად ჩაეთვალათ.
სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და რეალურად არც განხილვა არ მომხდარა. ონლაინ განხილვაში ჩართული იყო მხოლოდ ერთი, მისთვის უცნობი ქალბატონი. მისი თხოვნით რამდენიმე წუთში, კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეტენზიები და არგუმენტები. განხილვა დასრულდა ასე, ყველანაირი შეკითხვის გარეშე.
ასეთი ზერელე მიდგომის გამო, დამრჩა ორმაგი შთაბეჭდილება: საკითხი ან უკვე დადებითად იყო გადაწყვეტილი, ან საერთოდ არ აინტერესებდათ მისი დოკუმენტები და მიუხედავად იმისა რომ, გადაწყვეტილებები სასამართლოში გასაჩივრებული იყო, კანონმდებლობის გვერდის ავლით და უკანონო მანიპულაციებით სურდათ გაეგრძელებინათ მიზანმიმართული დაზარალება.
ამიტომ, 16 ოქტომბერს, კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს თხოვნით, თუკი მის მიერ მანამდე წარდგენილი მასალა და 11 ოქტომბრის ონლაინ კონტაქტით მოთხოვნილი მწირი ინფორმაცია არ იყო საკმარისი, მოეცადათ, ვინაიდან, ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია მისი არგუმენტების დასასაბუთებლად უკვე წარდგენილი ჰქონდა სხვადასხვა ინსტანციებში, მ.შ. სასამართლოში, ხოლო კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია თხოულობდა გარკვეულ დროს და პროცედურებს.
კერძოდ, არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც კიდევ უფრო ამტკიცებს მის პოზიციას, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს, რომელიც თავს არიდებს მის არგუმენტებს, შეეძლო გაცილებით სერიოზულად შეესწავლა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დიდი ხნის წინ წარდგენილი უმნიშველოვანესი დოკუმენტები, რომლის ძირითად ნაწილზე წვდომაც, სამწუხაროდ აღარ გააჩნია და საჭიროებს სპეციალურ შესწავლას. ამიტომ, დაჟინებით თხოულობდა არქივის კომისიურ შესწავლას.
საქმე იმაშია რომ, ------- საგადასახადო ინსპექციაში 2007 წლის 10 იანვარს სარეგისტრაციო ნომრით 108, წარდგენილი აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი მასალები, რომლებითაც დასტურდება, რომ ბანკისგან წართმეული ქონება, რომლის რეალიზებასაც აბრალებენ, პირადი სახსრებითაა შეძენილი. მ.წ. 24 ოქტომბრის წერილით, ამის თაობაზე, შეახსენა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 5 ნოემბრის N23590 ბრძანებით დადასტურებულია, რომ 24 ოქტომბრის სხდომაზე, ხსენებული წერილი განხილულია. ე.ი. სხდომის მონაწილეებს შეეძლოთ გაეთვალისწინებინათ ეს ინფორმაცია დიდი ხნის წინ წარდგენილი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების შესახებ და მაინც, რატომღაც ეს არ მოხდა.
ხდება საოცარი რამ - რამდენჯერმე შეახსენა შემოსავლების სამსახურს წარდგენილი მასალების თაობაზე და თხოვა, თუ არ აკმაყოფილებდათ მტკიცებულებები, არ ჩაეტარებინათ ნაჩქარევი განხილვა, ანუ დალოდებოდნენ სასამართლოს, სადაც წარდგენილი ჰქონდა ყველა მასალა. მისმა მოხელეებმა კი, ისე რომ არც კი აცნობეს რა დამატებითი მტკიცებულებები იყო საჭირო არგუმენტებისათვის, სასწრაფოდ ჩაატარეს ე.წ. განხილვა და დაადგინეს რომ, თურმე არ წარადგინა მტკიცებულებები.
ასეთ პირობებში, ხაზი უნდა გაესვას შემდეგ გარემოებას - პირი, რომელიც ამზადებდა სხდომას, ინფორმირებული იყო რომ, ედავებოდნენ მტკიცებულებათა ნაკლებობას. მეორეს მხრივ 9, 10 და 16 ოქტომბრის განცხადებებით, მოითხოვა ყველა საჩივრის ერთად განხილვა, რაც თავს მოუყრიდა ყველა მტკიცებულებას. როგორც გაირკვა, მიუხედავად მისი მოთხოვნისა, ინტერესების საზიანოდ, არ დაინტერესდნენ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი ვრცელი მასალით და განხილვისთვის გამოიტანეს საჩივრების მხოლოდ მცირე ნაწილი (20 მაისის საჩივარი და 1 განცხადება). ანუ, 11 ოქტომბრის სხდომა არ იყო იმგვარად მომზადებული, რომ განხილვა სრულფასოვანი ყოფილიყო. ასეთ ვითარებაში, ნაცვლად იმისა, რომ საკითხის ხელმეორედ განხილვამდე, აღნიშნულ პიროვნებას მოეთხოვა მისთვის ყველა საჭირო მასალა, მან ურჩია რომ, სასამართლოს გვერდის ავლით, (სადაც წარდგენილი ჰქონდა ყველა მასალა), დათანხმებოდა მოუმზადებელ განხილვაში მონაწილეობაზე იმ მოტივით, რომ თითქოს ეს უკეთესი იყო მისი ინტერესებისათვის. ამგვარი ქმედებით მან მოტყუებით აიძულა მიეცა ჩვენება მისთვის საზიანო, მოუმზადებელ სხდომაზე და რეალურად ხაფანგში შეიტყუა. იმავდროულად მან, როგორც პირმა, რომელიც ამზადებდა სხდომას, არასათანადოდ შეასრულა თავისი მოვალეობა და ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა (დაარღვია სსკ-ის 342-ე მუხლი). ხოლო ასეთ სხდომაზე მისი მიწვევით და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მოწოდებით, გადაამეტა საკუთარ უფლებებს.
შესაბამისად, ადგილი აქვს შემდეგი სახის დანაშაულებრივ ქმედებებს:
ა- სისხლის სამართლის კოდექსის 333 - ე მუხლის თანახმად (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.
ბ- გამოსაკითხი პირისადმი, მოწმისადმი, დაზარალებულისადმი, ექსპერტისადმი ან თარჯიმნისადმი მიმართვა ან მისი დაყოლიება, ინფორმაციის მიწოდებაზე და ჩვენების მიცემაზე წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი პუნქტით დასჯად დანაშაულს (ზემოქმედების განხორციელება გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე).
გ- სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის (სამართალწარმოების განხორციელებისათვის, გამოძიებისათვის ან დაცვის განხორციელებისათვის ხელის შეშლა) მე-2 პუნქტით, სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევა წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას.
დ- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის (განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება). პირველი პუნქტით, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მოტყუებით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულება განმარტების ან ჩვენების მიცემისათვის წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.
ამგვარად, შემოსავლების სამსახურის ცალკეული მოხელეებისათვის უცხო არაა ზნეობისაგან დაცლილი, თაღლითური მანიპულაციები, რაც აშკარას ხდის რომ, თაღლითური მეთოდებით, სხვა უწყებების მოხელეთა მონაწილეობით, ართმევენ არამარტო ქონებრივ უფლებებს, არამედ სამართლიანი სასამართლოს უფლებასაც. კერძოდ:
აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 5 ოქტომბრის N21-14/78593 წერილში, რომელიც 12 ოქტომბერს ჩაბარდა, მითითებულია რომ, 5 სამუშაო დღის ვადაში, მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარედგინა მისამართზე წითლანაძის 4. შესაბამისად, 16 ოქტომბერს მის ხელთ არსებული მასალა 70 გვერდზე, აღნიშნულ მისამართზე გააგზავნა. გზავნილი ფოსტაში ზუსტად 30 დღე შეაფერხეს და არ ჩაიბარეს. ფოსტის ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კურიერს აცნობეს, რომ დეპარტამენტი სხვა მისამართზე გადავიდა, რაც სრული სიცრუეა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომ აუდიტორი ინფორმირებული იყო გზავნილის ფოსტაში მისვლის შესახებ. მიუხედავად ამისა, არავინ დაინტერესდა იმით რომ, გზავნილი, აუდიტის დეპარტამენტიდან 100 მეტრში მდებარე ფოსტის განყოფილებაში ელოდა ადრესატს, ის კი სპეციალურად არ ჩაიბარეს. ამის შემდეგ კანონდამრღვევად გამოაცხადეს, დააჯარიმეს და სამარცხვინოდ, ინფორმაციის მისაღებად სასამართლოშიც დაიბარეს.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის N24619 ბრძანებაში გარკვევითაა მითითებული რომ, ბრძანება შემოწმების შესახებ შეიძლია გაასაჩივროს ------- საქალაქო სასამართლოში. შესაბამისად, 26 ოქტომბერს, შეიტანა საჩივარი ------- საქალაქო სასამართლოში. სასამართლოში საჩივარი იმავე დღეს დაახარვეზეს იმ მოტივით, რომ თურმე ჯერ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში უნდა ეჩივლა. მაშინ ვერ წარმოედგინა, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელი სიყალბეს ავრცელებდა და დიდი ხანი მიაჩნდა, რომ ამ საქმეში მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილს, რაღაც შეეშალა. ამასთან ერთად, იმის გამო, რომ ხსენებულ მოსამართლეს მიჰყავდა მისი შენობის დაზარალებულ მესაკუთრეთა კოლექტიური სარჩელი საქმეზე 3/364-22, არ სურდა, ამ გაუგებრობის გამო, დაეზიანებინა მეზობლების ინტერესები.
მოგვიანებით კი დარწმუნდა, რომ აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებას არ უნდა ნდობოდა, მიხვდა, რომ მოატყუეს და ამ თვალსაზრისით მოსამართლეს არაფერი შეშლია.
მიუხედავად ამისა, მის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მხოლოდ აუდიტის დეპარტამენტის უფროსი არაა დამნაშავე. თუკი მისი საჩივარი 26 ოქტომბერსვე კანონიერად დახარვეზდა, საჭირო იყო მისი დროული ინფორმირება. განჩინება ხარვეზის შესახებ მისთვის, რომ 10 ნოემბრამდე მაინც მიეწოდებინათ, თავისუფლად შეიტანდა საჩივარს შემოსავლების სამსახურში, არ გაუშვებდა გასაჩივრების 30 დღიან ვადას და თავისუფლად აირიდებდა თაღლითური დეზინფორმაციის შედეგებს. თუმცა, მისთვის უცნობია, ვისი ბრალეულობით, კრიმინალის მფარველი ფინანსთა სამინისტროს მოხელეების გასახარად, განჩინება რატომღაც 30 დღის დაგვიანებით, 27 ნოემბერს ჩაბარდა (ფაქტი წერილობითაა დადასტურებული საქმეზე N3/ბ-65-2024 ------- სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 ივნისის განჩინებით). ამნაირი თაღლითური პინგ-პონკით, გამოატოვებინეს ვადები და მოუჭრეს ყველანაირი გზა უკანონო შემოწმების გასაჩივრებისა.
ამგვარად, აიძულეს, უარი ეთქვა გასაჩივრებაზე. ვიღაცას ძალიან სურს მისი დაზარალება და საინტერესოა ვის სასარგებლოდაა ეს ყველაფერი მიმართული. ფინანსთა სამინიტრო, მ.შ. აუდიტის დეპარტამენტი მისგან ინფორმირებული იყო, რომ მისი ქონების დატაცებაში მონაწილეობა აქვთ მიღებული ფინანსთა სამინისტროს, საჯარო რეესტრის და საქართველოს ბანკის ადგილობრივ მოხელეებს. მასზე დაკისრებული საგადასახადო მოთხოვნის გამო ქონების წართმევის შემთხვევაში, ამ ქონებას სახელმწიფო საბაზრო ფასად ვერ გაყიდის. აღნიშნულ ქონებას კი ჰყავს მხოლოდ ერთი დაინტერესებული მყიდველი, ის, ვინც დაიტაცა შესასვლელი. ე.ი. აუდიტის დეპარტამენტის ქმედებები მიმართულია იმ პირთა სასარგებლოდ, ვინც დაიტაცა შესასვლელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის თანახმად (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას.
ამგვარად, ფინანსთა სამინისტროს მოხელეების ხელშეწყობით, ------- უნიკალურ ადგილზე არსებული ქონების ყაჩაღურად დატაცება არამც თუ არ იქნა აღკვეთილი, არამედ წარმატებით გრძელდება და კოჰაბიტაციით გალაღებული კრიმინალის მხარდამჭერები იმ დონემდე მივიდნენ რომ, მისგან წართმეულ ქონებაზე მ.წ. 10 აგვისტოს დემოკრატიის მხარდამჭერი ფესტივალიც კი (-------) ჩაატარეს ლოზუნგით -------.
აი, ვის სასარგებლოდაა ეს ყველაფერი მიმართული. იმის გამო რომ ჩაკეტილი ქონება არ იყიდება, კამერალური შემოწმების დანიშვნა რეალიზაციის საბაბით უსაფუძვლოა. ქონება, რომელსაც შესასვლელი სადარბაზო პირველ სართულზე ჩაუკეტეს, არ იყიდება და არანაირ ქონების რეალიზაციას ადგილი არა აქვს. ეს შეუძლებელია, ვიდრე არ მოხდება უკანონოდ მიტაცებული საერთო სარგებლობის ფართების მესაკუთრეებზე დაბრუნება.
შესასვლელის ჩაკეტვა და იძულება, დათმოს ქონება, გამოწვეულია ფინანსთა სამინისტროს მოხელეთა უკანონო ქმედებებით. შემოსავლების სამსახურს შეეძლო არ მიეღო მხედველობაში ქონების იძულებით დათმობის ეს გარემოება და წამოეყენებინა საგადასახადო ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ ფინანსთა სამინისტროს ბრალეულობა არ ექნებოდა ამ დანაშაულთან. მაგრამ, ამ შემთხვევაში, აქვს განსხვავებული ვითარება. შესასვლელი და საერთო სარგებლობის სხვა ქონება (ისევე, როგორც სს „-------“ 7 მილიონი ლარის ქონება) დატაცებულია საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელობის და ფინანსთა სამინისტროს ადგილობრივი გამომძიებლის (-------) ხელშეწყობით, დოკუმენტების გაყალბებით და მტკიცებულებათა განადგურებით, ანუ, სისხლის სამართლის კოდექსის 368-ე მუხლის დარღვევით. სამინისტროს კი რეაგირება დღემდე არ მოუხდენია.
როგორც 2023 წლის 5 ოქტომბრის კამერალური შემოწმების დაგეგმვა, ისე ჩატარება, მოხდა ფინანსთა სამინისტროს (ძირითადად აუდიტის დეპარტამენტის) მოხელეთა მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 146-ე, 150-ე, 332-ე, 333-ე, 335-ე, 341-ე, 342-ე, 364 -ე, 368 -ე, 372-ე, მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენით, იძულებით გარემოებათა ხელოვნურად შექმნით, მის მიერ საკუთარ ქონებაზე და სამართლიანი სამართლოს უფლებებზე იძულებითი უარის თქმით, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო კონვენციებით დაცული ადამიანის უფლებათა უმძიმესი შელახვის გზით. რის გამოც, პრობლემის შემდგომი გაგრძელების შემთხვევაში, იძულებული გავხდები, მოვითხოვო შესაბამის პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახურთან დავის პროცესში დარღვეულია მისი უფლებები აწარმოოს სამართლებრივი ბრძოლა ვინაიდან მისი ბრძანებები არის ზოგადი, შეცდომაში შემყვანი ხასიათის და, იმისათვის რომ, ეწარმოებინა სწორი ოპონირება, უნდა სცოდნოდა კონკრეტულად რომელი არგუმენტი არ იყო დოკუმენტურად დასაბუთებული.
შემოსავლების სამსახურის და საგამოძიებო სამსახურის ადგილობრივ მოხელეთა უსამართლო ბრალდებები მის მიმართ ვერ იქნება უგულებელყოფილი თუკი არ იქნება შესწავლილი მისი სასწავლო და საფინანსო საქმიანობა და არ იქნება გათვალისწინებული ------- საგადასახადო ინსპექციაში 2007 წლის 10 იანვარს (სარეგისტრაციო N108) წარდგენილი წერილი, აუდიტორ ------- დასკვნასთან ერთად, რომლიდანაც ჩანს რომ, წართმეული ------- ფართი, რომლის რეალიზებასაც აბრალებენ, შეძენილია პირადად მისი სახსრებით. ამასთან ერთად, მის სახელზე რიცხულ ------- ფართში, რომელსაც ორგანიზაცია 13 წელი იყენებდა, არაა სათანადოდ გადახდილი იჯარის თანხა. ანუ ორგანიზაციას გააჩნია სოლიდური დავალიანება ჩემს მიმართ.
ის თანხა. ანუ ორგანიზაციას გააჩნია სოლიდური დავალიანება ჩემს მიმართ. მომჩივანი მოითხოვს გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის N24619 ბრძანება საწარმოს კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშნვის შესახებ, შესაბამის შედეგებთან ერთად და შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 ნოემბრის N23590 ბრძანება საწარმოს 2024 წლის 20 მაისის, 9, 10, 16 და 24 ოქტომბრის საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
მომჩივანმა 4.12.2024 წელს წარმოადგინა განცხადება აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით დამატებითი არგუმენტების წარმოდგენის შესახებ.
საქმეზე 3/668-23 ------- საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის განჩინების თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის 5 ოქტომბრის N21-14/78593 ბრძანება შემოწმების შესახებ, სასამართლოში კი არა, შემოსავლების სამსახურში უნდა გაესაჩივრებინა. ეს თუ ასეა:
ცხრა თვის განმავლობაში არ იცოდა რომ, აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა -------, ბრძანებაში შეტანილი შეცდომაში შემყვანი ჩანაწერით მოატყუა და საჩივარი სასამართლოში შეატანინა.
ცხრა თვის განმავლობაში ღებულობდა საჩივრებზე უარყოფით გადაწყვეტილებებს და არ ეუბნებოდნენ, რომ მოატყუეს, ე.ი. 9 თვე სხვებიც ატყუებდნენ.
ცხრა თვის განმავლობაში არამარტო მალავდნენ სამარცხვინო მანიპულაციას, არამედ თვითონაც იგივე მანიპულაციებს აგრძელებდნენ და კანონს არღვევდნენ.
ცხრა თვის თავზე შეიტყო რეალობა და აღარ დაუჯერა შემოსავლების სამსახურის მ.წ. 5 ნოემბრის ბრძანებას, რომელზეც კვლავაც შეცდომაში შემყვანი ჩანაწერია იმის თაობაზე რომ შეუძლია გაასაჩივროს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების საბჭოში ან სასამართლოში - რაც ტყუილია !!
ცხრა თვის თავზე, მადლობა ღმერთს რომ, არ გაება ახალ ხაფანგში, თორემ სასამართლო საჩივარს ისევ დაახარვეზებდა და კიდევ ერთხელ „გააცურებდნენ“.
მ.წ. 6 სექტემბრის N22941/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარზე უარის მიზეზად მითითებულია რომ არაა წარმოდგენილი გასაჩივრების დაგვიანების გამამართლებელი არგუმენტები. სწორი შენიშვნაა, წარმოადგინა ყველა მტკიცებულება, მაგრამ პირდაპირ ვერ დაასახელა ის არგუმენტები, რომლებშიც ბოლომდე დარწმუნებული არ იყო.
ახლა კი, თანდართული სამართლებრივი დასაბუთებით და დოკუმენტებით ასახელებს ამ არგუმენტებს:
აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და მისმა თანამშრომლებმა, თაღლითური მანიპულაციებით და უღირსი ტყუილით, სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე, 341-ე, 364-ე მუხლების, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 132 და 133 მუხლების, შესაბამისად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-მუხლის დარღვევით, ჩვენი ქონების მიტაცების დანაშაულებრივი პროცესის მხარდაჭერის მიზნით, წაგვართვეს სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, რითაც უხეშად დაარღვიეს როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (N982 05/09/2024 წ. კონსოლიდირებული ვერსია) მე 133 მუხლის მე -2 პუნქტის თანახმად „დაუშვებელია საჯარო მოსამსახურემ მიზანმიმართულად გაავრცელოს საეჭვო, გადაუმოწმებელი ან/და მცდარი ინფორმაცია“
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ------- 2023 წლის 5 ოქტომბრის N24619 ბრძანებით, ასევე სხვა დოკუმენტებით უხეშადაა დარღვეული ეს კანონი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 108-ე მუხლის ე) პუნქტით კი, აღნიშნული კანონის დარღვევა არის საფუძველი საჯარო მოხელის სამსახურიდან განთავისუფლებისა. (უფრო დეტალურად იხილეთ დანართი 1)
აუდიტორმა არ შეისწავლა ბანკის მიერ ქონების ჩამორთმევის დროს მომზადებული დოკუმენტების კანონიერება, თვალი დახუჭა იმ უკანონობაზე, რომელსაც ბანკი იყენებს მოქალაქეთა ძარცვის და ------- უნიკალურ ადგილზე არსებული ქონების სრულად ხელში ჩაგდების მიზნით და ჩვენი დაბეგვრით სცადა დახმარებოდა დანაშაულის ჩამდენთ ამ მიზნის მიღწევაში.
მ.წ. 15 იანვარს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან ------- ცნობილი გახდა რომ 2021 წლის 30 სექტემბერს იპოთეკით დატვირთული ორი ქონების ბანკის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით დათმობის გამო „სესხის გადაუხდელობისათვის ბანკის მიერ ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულება (რომელიც განსაზღვრული იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ), მიჩნეულია ------- სარგებლად/ხელფასად, რაზეც დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275 მუხლის შესაბამისად“ შესაბამისად, დააკისრეს თანხა 92500 ლარის ოდენობით რასაც დამატებით დაერიცხა ჯარიმაც“
აუდიტის დასკვნის ეს ჩანაწერი უკანონოა ვინაიდან:
ა. აღნიშნული ჩაკეტილი ფართების საბაზრო ფასი დღემდე ნულის მახლობლობაშია. ქონება ნაკლოვანია. იმის გამო რომ ფართები ჩაკეტილია, ექსპერტს ისინი თვალითაც არ უნახავს. ექსპერტიზის სამმართველოს მიერ განსაზღვრული საბაზრო ფასი კი მხოლოდ შემფასებლის სუბიექტური მოსაზრებაა.
ბ. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით მითითებული არაა რომ ბანკის მიერ ჩამორთმეული ორგანიზაციის კუთვნილი ქონება ითვლება შემოსავლად, რომელიც ექვემდებარება დეკლარირებას და დაბეგვრას. ეს არის იმ აუდიტორის პირადი მოსაზრება, რომელმაც გაგზავნილი მასალა შეგნებულად არ ჩაიბარა და გააკეთა აქტში რამდენიმე ყალბი ჩანაწერი. როდესაც ფიზიკურ პირს აქვს ქონება და არა აქვს თანხა, ხოლო გარანტორ ორგანიზაციას ფიზიკური პირის ნაცვლად ბიუჯეტის ვალის ჩაფარვა არ უკისრია და არც შეუძლია, ბიუჯეტის გასტუმრება შეიძლებოდა მხოლოდ და მხოლოდ ქონების რეალიზაციით. ეს შეეძლო გაეკეთებინა მხოლოდ ბანკს.
გ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301 -ე მუხლის პირველი ნაწილით, იპოთეკარს (ბანკს) უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია. ამასთან ერთად, უძრავი ნივთის რეალიზაცია შეიძლება მოხდეს მესაკუთრის მიერ, ან ბანკის მიერ, შესაბამისი აუქციონის გამოცხადებით. ამასთან ერთად ------- მიერ ქონების რეალიზაცია არ მომხდარა. ------- ქონებას ვერ ყიდის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის პირველი ნაწილით, აუქციონის გამოცხადების შესახებ უნდა მოხდეს მესაკუთრისა და კრედიტორის წერილობითი შეთანხმება, რაც არ მომხდარა. შესაბამისად, ქონების რეალიზაცია არ მომხდარა არც მესაკუთრის და არც ბანკის მიერ. როგორც აქტშია მითითებული, მოხდა ქონების ჩამორთმევა ბანკის მიერ.
სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილით დასაშვებია მხარეები შეთანხმდნენ აუქციონისაგან განსხვავებულ რეალიზაციის ფორმაზე. ხოლო იგივე მუხლის 31-ე პუნქტით, მხარეთა შეთანხმებით, უძრავი ნივთის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება მოხდეს ნოტარიუსისგან გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
ამასთან, საერთოდ უცნობია, რა სტატუსს ატარებს ბანკის მიერ 2021 წლის 30 სექტემბერს მომზადებული ხელშეკრულებები. მაგალითისათვის წარმოდგენილია ორი ხელშეკრულებიდან ერთერთი (იხ. დანართი 10). მას სათაური არა აქვს. თუკი ბანკი განიხილავს მას როგორც ნოტარიუსისაგან ქონების სარეალიზაციოდ გაცემულ სააღსრულებო ფურცელს, მასში მითითებული უნდა იყოს რეალიზაციის პირობები და ბანკს დროულად უნდა მოეხდინა მისი რეალიზაცია.
სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილით, ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში თუ მხარეები (ციტირებს): „ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ მარეგისტრირებელ ორგანოს“.
ე.ი. ბანკის საკუთრებაში ქონების რეგისტრაციის მიზნით, ბანკის წარმომადგენელი და ------- უნდა გამოცხადებულიყვნენ საჯარო რეესტრში, სადაც -------, როგორც ქონების მეპატრონეს და ორგანიზაციის დამფუძნებელს უნდა გაეკეთებინა თანხმობა ქონების ბანკის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. მხარეებს საჯარო რეესტრისათვის ერთობლივად არ მიუმართავთ.
ამგვარად, ნოტარიუსთან გაფორმებული ხელშეკრულება უნდა განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შედგენილი აქტი, რომელიც შეიძლებოდა შემდგარიყო კრედიტორის და უძრავი ნივთის მესაკუთრის ერთობლივი განცხადების საფუძველზე. ამასთან ნოტარიუსი უნდა განხილული იქნას როგორც მარეგისტრირებელი ორგანო. ნოტარიუსის მიერ მომზადებული აქტი უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა. უსათაურო ხელშეკრულებებში ------- მოხსენიებულია როგორც ორგანიზაციის დირექტორი, ხელმოწერის ადგილზე არაა მითითებული მისი სტატუსი, ხოლო ნოტარიუსი მოიხსენიებს მას როგორც ფიზიკურ პირს. ამასთან, ხელშეკრულებას არ ახლავს ქონების პატრონის თანხმობა (დამფუძნებელთა ოქმი), რის გარეშეც ნოტარიუსს არ ქონდა უფლება დაემოწმებინა დოკუმენტი.
ბ. დოკუმენტით დადასტურებულია რომ ნოტარიუსი ადასტურებს მხოლოდ ხელმოწერის ნამდვილობას და არა დოკუმენტის კანონიერებას. ამიტომ ეს დოკუმენტი არ შეიძლება განხილული იყოს როგორც ქონებრივი უფლების რეგისტრაციისათვის საკმარისი სამართლებრივი აქტი.
გ. ხელშეკრულებაში მითითებულია საკუთრებაში გადასული ქონების ღირებულება, მაგრამ არაა მითითებული ამ ქონებიდან რა რაოდენობით მცირდებოდა სესხი და რა რაოდენობა ხმარდებოდა სხვადასხვა, მ. შ. საბიუჯეტო ხარჯების დაფარვას.
უნდა აღინიშნოს რომ, ხელშეკრულება ბანკთან რამდენჯერმე გადაფორმდა, როგორც ქონების ეტაპობრივი დათმობის, ისე კორონავირუსის პერიოდში განხორციელებული რესტრუქტურიზაციის პირობებში. ყოველი გადაფორმების დროს ხდებოდა სესხის გადაანგარიშება შესაბამისი მოსაკრებლებით და შესწორებებით, რასაც ემატებოდა ის რომ სესხი ჰქონდა ევროში. სწორედ ამიტომ ქონების ჩამორთმევის და სესხის შემცირების დროს არ შეეძლო გაეგო, რომ ხდებოდა რაიმე დარღვევა. ასეთი სახის დეტალები დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო დამატებით დოკუმენტში, ხელშეკრულების სპეციალურ პირობებში, რომელიც საშუალებას მისცემდა, აუცილებლობის შემთხვევაში, გადაემოწმებინა ურთიერთობების ეს დეტალები.
მართლაც, 2023 წლის 30 სექტემბრის სამგვერდიან ხელშეკრულებაში, რომელიც ნოტარიუსის მიერაა დალუქული, 4.2 პუნქტში მითითებულია რომ არსებობს ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები (დანართი 2), მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებას ეს დანართი არ ახლავს, ხელშეკრულებაში გარკვევით წერია რომ, იგივე მასალა განთავსებულია ბანკის ვებგვერდზე www.bankofgeorgia.ge. აღნიშნული ჩანაწერით ------- მიაჩნდა, რომ დაცული იყო ყოველგვარი გაუგებრობებისაგან. თუმცა, დიდი ხნის შემდეგ აღმოჩნდა რომ ის ბანკმა მოატყუა.
თუ გადახედავს მითითებულ ვებგვერდზე განთავსებულ ძალიან ვრცელ მასალას, 2024 წლის 28 ნოემბრის მონაცემებით, სპეციფიკურ პირობებთან დაკავშირებით, იქ რეგისტრირებული იყო 2021 წელს მოქმედი, ამჟამად უკვე გაუქმებული შემდეგი დოკუმენტები: საქართველოს ბანკის საკრედიტო ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები (24.08.2021 კონსოლიდირებული ვერსია), საქართველოს ბანკის იპოთეკის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები (10.06.2021 კონსოლიდირებული ვერსია), გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები (24.08.2021 კონსოლიდირებული ვერსია), საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები (24.08.2021 კონსოლიდირებული ვერსია), გირავნობის შესახებ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები(10.06.2021 კონსოლიდირებული ვერსია). ამ მასალას გიგზავნით ელექტრონულად,ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, ეს დოკუმენტები მონიშნულია როგორც დანართი 1. ვებგვერდზე ვერ ვნახავთ ვერც ერთ დოკუმენტს დანართი 2-ის სახით, რომელიც ეხება ქონების ჩამორთმევის სპეციფიკურ პირობებს, რომლის ძალითაც კლიენტის (კონტრაჰენტის) თანხმობით, ბანკს, სესხის დასაფარად, უფლება აქვს საკუთრებაში მიიღოს ორგანიზაციის გარანტად ჩადებული ქონება ისე რომ ხელშეკრულება არ შეესაბამებოდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებულ არც ერთ მუხლს და არ შეასრულოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ვალდებულებები.
ა. ------- ნოტარიუსში დარღვევებით გაფორმებული ხელშეკრულებით, საქართველოს ბანკს არ შეეძლო ქონების საკუთრებაში დარეგისტრირება. ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, დაშვებული შეცდომის გამოსწორების მიზნით, სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის თანახმად, ბანკს შეეძლო ეთხოვა ორგანიზაციის დამფუძნებლისათვის მიემართათ ერთობლივი განცხადებით საჯარო რეესტრისათვის, რასაც მოჰყვებოდა ორგანიზაციის ვალდებულებათა გადახედვა, დამფუძნებელთა ოქმის მომზადება და საჯარო რეესტრის სტანდარტული ხელშეკრულების გაფორმება ქონების დათმობის შესახებ. ვინაიდან ბანკმა ეს არ გააკეთა, აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ბანკს, ასევე შეეძლო, გაეტანა ქონება აუქციონზე ხელშეკრულებაში დაფიქსირებული (ან უფრო მაღალი) ფასით და თუ მყიდველი არ აღმოჩნდებოდა, შესაბამისი პროცედურების დაცვით, დარეგისტრირებულიყო, როგორც აუქციონზე გამარჯვებული ისე რომ ------- აღარ მისულიყო არც აუქციონზე და არც საჯარო რეესტრში. უნდა აღინიშნოს რომ მ.წ.15 ივლისს ზუსტად ასე ჩამოართვა თიბისი ბანკმა ------- ოჯახს ჩაკეტილი ორი ქონება. საქართველოს ბანკმა კი ეს არ გააკეთა.
ამგვარად, ბანკმა საკუთრებაში დაირეგისტრირა ქონება ისეთი პროცედურებით, რომლებიც არ შეესაბამება ქონების ჩამორთმევის შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის არც ერთ მუხლს. ამასთან, არ დაფიქსირდა სტანდარტული პროცედურებიდან გადახვევის ამსახველი კონკრეტული სპეციფიკური პირობები. ასეთი ქმედებებით, ბანკის მოხელეებმა შექმნეს საფუძველი საბიუჯეტო დარღვევებისათვის. იმავდროულად, არაა გამორიცხული, რომ ასეთი შეცდომაში შემყვანი დოკუმენტებით ------- თანხა უკანონოდაც მიითვისეს, რაც დამატებითი შესწავლის საგანია და წესით აუდიტის დეპარტამენტი არ უნდა ებრძოდეს, არამედ აღნიშნული ბანკის კამერალურ შემოწმებას უნდა ატარებდეს.
მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული შედეგი მიღებულია ბანკის მოხელეთა ბრალეულობით, რეალობის გაცხადებისთანავე უმოკლეს ვადებში 2024 წლის 31 იანვარს მე მივმართე ბანკს N11 წერილით და დავაყენე არასწორად გაფორმებული ხელშეკრულებების გაუქმების და ხელახლა გაფორმების საკითხი. თხოვა ბანკს, პრობლემის სამართლებრივი მოგვარება და რადგან ფინანსური სახსრები არ გააჩნდა, თხოვა ბიუჯეტის ვალის შემცირება, სანაცვლოდ კი შევთავაზე საკუთარი ქონება. რაზეც რეაგირება ვერ მიიღო.
დასკვნა ერთია, ბანკს აინტერესებს ჩაკეტილი ფართები და ის ცდილობს შეგნებულად დააზიანოს -------, რომ წაართვას მას დარჩენილი ქონებაც!!!
ბანკის მიერ უკანონო საბანკო ოპერაციების შესრულების და წართმეული ქონების უკანონოდ დაბეგვრის გამო, უმძიმესი ზიანი მიადგა მის მეცნიერულ კვლევებს და რეპუტაციას. სწორედ მოხელეთა თაღლითური ქმედებების გამო, ვერ შეძლო გაგრძელება იმ უმნიშვნელოვანესი თეორიული კვლევებისა, რომლითაც ტურბულენტობის ურთულესი, საუკუნოვანი მათემატიკური პრობლემა გადავჭერი და 2020 წლის უკანასკნელ მონოგრაფიაში გამოაქვეყნა.
სწორედ ამის გამო, 3 წელია, იურისტად და გამომძიებლად გადააქციეს. ვერ მუშაობს, ვერ აგრძელებს უმნიშვნელოვანეს თეორიულ კვლევებს ალტერნატიული ენერგეტიკის სფეროში.
2023 წლის შემოდგომაზე, მიუნხენის ვაკუუმის ენერგიის ლაბორატორიის, საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს მეცნიერთა კონგრესის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა მხარდაჭერით, მისი თეორიული შედეგები და გერმანელი მარკუს რეიდის მიერ შექმნილი უნიკალური თვითდამტენი ბატარეა, რომელიც, მზის ენერგიის გარეშე, ავტომატურად იმუხტება გარემოს ენერგიის ხარჯზე, ერთობლივად წარდგენილი იქნა იაპონიის პრიზის 2025 წლის ნომინანტად. იაპონიის პრიზი, 100 მილიონი დოლარის ფონდით, არის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში.
2023 წლის 6 დეკემბერს, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და გენერალურმა მდივანმა (-------) დაადასტურა წარდგენილი მასალის მიღება (იხილეთ დანართი 11).
2023 წლის 30 დეკემბერს კი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა, დოკუმენტების სათანადოდ შესწავლის გარეშე, კოლოსალური საგადასახადო ვალდებულება წარუდგინა. შესაბამისად, სრულად გაეთიშა მომდინარე განხილვებს თუ სამეცნიერო დისკუსიებს და მთლიანად უსამართლო შემოტევების მოგერიებაზე გადავერთე.
ქონების ჩაკეტვის, ფიზიკურად დაზიანების, დატაცების და დამატებით დაბეგვრის გზით, მუშაობის დაბლოკვის გამო, მის მიმართ დარღვეულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის 1967 წლის 17 ივლისის სტოკჰოლმის დამფუძნებელი კონვენცია (მუხლი 2[VIII] ), ასევე 1883 წლის 20 მარტის სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის აქტი (პარიზის კონვენცია).
შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა, რომ, მის მიერ მ.წ. 24 ოქტომბერს შეტანილ განცხადებაში, ითხოვა დაინტერესებულიყვნენ 2007 წლის 10 იანვარს (რეგ N108) ------- საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილი განცხადებით და აუდიტის დასკვნით.
აღნიშნული დოკუმენტებით დადასტურებულია რომ, არამარტო ის ქონება, რომლის გაყიდვასაც აბრალებენ, არამედ დანარჩენი ფართების გარკვეული ნაწილიც, მისი პირადი სახსრებითაა შეძენილი და ორგანიზაციას მისი სოლიდური ვალი აქვს. სამწუხაროდ, აუდიტის დეპარტამენტი არამც თუ არქივში ჩაკეტილი, არამედ სამინისტროს სისტემაში არსებული არგუმენტებით არასოდეს დაინტერესებულა.
ითხოვს გათვალისწინებული იქნას, აუდიტის დეპარტამენტის წინასწარ გამიზნული ქმედება ჩააგდოს ფინანსურ კრიზისში ემსახურება მიზანს, გამოაძევონ იმ ქონებიდანაც, რომელიც ჯერ ჯერობით ვერ წაართვეს და რომელსაც ყავს მხოლოდ ერთი კლიენტი. ვინც ჩაკეტა. სხვა არავინ ჩაკეტილ და დაზიანებულ ქონებას არ იყიდის.
ამასთან ერთად, შესაბამის ორგანოებში წარადგინა მასალა, რომლის თანახმადაც ქონების დატაცების პროცესის უმთავრესი მოსარგებლე არის წინა რეჟიმის მხარდამჭერთა კუთვნილი საქართველოს ბანკი, რომელიც უკვე დაეუფლა ქონების დიდ ნაწილს და იმ დონემდეც მივიდნენ, რომ დატაცებულ ფართზე, 10 აგვისტოს დემოკრატიული ფესტივალი ------- ჩაატარეს.
ასეთ ვითარებაში, თხოვს მისს მიერ მ.წ. 20 ნოემბერს შემოტანილი საჩივრის განხილვისას გათვალისწინდეს მითითებული არგუმენტები და აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა მიერ ჩადენილი დარღვევები (იხ. დანართი 1).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7145 ბრძანებით:
საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის №188649 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2023 წლის 5 ოქტომბრის №24619 ბრძანებასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი;
2. საჩივრები შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის №021-123 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 3. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7145 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 იანვრის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტისთვის შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7145 ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ წარუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი, რომლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგებად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა.
დავების განხილვის საბჭოს 26.07.2024 წლის №23306/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12871 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 5.11.2024 წლის №23590 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ დასკვნაში აღწერილ და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან მტკიცებულებებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7145 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება. ასევე, სადავოდ ხდის ისეთ საკითხს (კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშნვის შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის N24619 ბრძანების გაუქმება, შესაბამის შედეგებთან ერთად), რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7145 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ.
ამასთან, რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტებს და მოთხოვნას (მათ შორის: საბანკო დაწესებულების, ცალკეულ სახელმწიფო დაწესებულებების, შესაბამისი ხელმძღვანელი პირების, საგამოძიებო თუ საჯარო მოხელეების ქმედებების დარღვევა), საბჭო განმარტავს, რომ საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობით, დავების განხილვის საბჭო წარმოადგენს საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტიდან გამომდინარე, სადავო შემთხვევაში მსჯელობს საგადასახადო და დავის განმხილველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მართლზომიერებაზე. შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას, გარდა ზემოთ დასახელებული დავის საგნისა, იმსჯელოს მომჩივნის მიერ საჩივარში დასახელებულ სხვა დანარჩენ არგუმენტებზე/საკითხებზე, ვინაიდან სცილდება საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს კომპეტენციას, ამისათვის მომჩივანმა უნდა მიმართოს შესაბამის სამსახურებს/ორგანოებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7145 ბრძანების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7145 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
1. დაწესებულებამ 2005 წელს ვერ გაიარა აკრედიტაცია და მას შემდეგ ითვლება მილევად რეჟიმში მოქმედ სასწავლებლად. აქტიურ საქმიანობას ვერ ახორციელებს, თუმცა პერიოდულად დარჩენილი სტუდენტები, რომლებსაც არ დაუსრულებიათ სწავლა, ასრულებენ კურსს და შესაბამისად იღებენ განათლების დამადასტურებელ დიპლომს. საწარმოს კუთვნილი უძრავი ქონება რეალიზებული აქვს, რომლის ღირებულება აღემატებოდა 100 000 ლარს. გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა უძრავი ქონების რეალიზაციით, ქონების იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავალი და დიპლომებისთვის ჩარიცხული თანხები დაიბეგრა დღგ-ით.
2. შესამოწმებელ პერიოდში შესწავლილი იქნა მიღებული და გაცემული თანხების მოძრაობა, გათვალისწინებული იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და მომზადდა ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ცხრილი, რის შედეგადაც მიღებული იქნა თანხა, რომლის ფაქტობრივი არსებობა და მიზნობრიობა არ დგინდება. ამასთან კომპანიამ განახორციელა რამდენიმე მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენა-რეალიზაცია, რომელთა ღირებულებები არ დგინდება. შემოწმების შედეგად, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარეალიზაციო ფასად მიჩნეული იქნა მსგავსი ავტომობილების საბაზრო ფასები, ხოლო ხარჯად იქნა მიჩნეული ავტომობილების საბაზრო ღირებულების 75%. დარჩენილი განკარგვადი თანხა პერიოდების მიხედვით განხილულია საწარმოს დირექტორების მიერ მიღებულ ხელფასად და დაბეგრილი იქნა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
3. კომპანიის დამფუძნებლის მიერ აღებული იქნა სესხი, ხოლო იპოთეკით დაიტვირთა მომჩივანის უძრავი ქონების ნაწილი, რომელიც სესხის გადაუხდელობის გამო ჩამორთმეული იქნა ბანკის მიერ. შემოწმებით დგინდება, რომ აღნიშნული სესხი კომპანიის ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის გამოყენებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დამფუძნებლის პირადი სარგებლობის სესხის გადაუხდელობისთვის ბანკის მიერ ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულება მიჩნეულია დირექტორის სარგებლად/ხელფასად დაბეგრილი იქნა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
4. მომჩივანის საკუთრებაშია უძრავი ქონება, რომელიც არ აქვს დაბეგრილი ქონების გადასახადით. შეფასებული იქნა საწარმოს უძრავი ქონება, პირს განესაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა საბაზრო ფასით და დაერიცხა ქონების გადასახადი.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7145 ბრძანების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);