ბრძანება N 15184
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15184
29 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
სსიპ “-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, სოფ. -------)
2023 წლის 2 ივნისის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია სსიპ “-------“ (ს/ნ -------) №94270/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2009 წლის 13 ნოემბრის N031485 და N031484, 2012 წლის 8 ოქტომბრის N021-1010, 2013 წლის 24 აპრილის N021-439, 2018 წლის 17 იანვრის 021-44, 2018 წლის 12 თებერვლის N021-115, 2019 წლის 24 იანვრის N021-15 და 2019 წლის 11 თებერვლის N021-47 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 ივნისის სხდომაზე (ოქმი №68).
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ დეკლარაციების დაგვიანებით წარდგენა გამოწვეული იყო უმეტესად ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის და ინტერნეტის არქონის გამო და ითხოვს დარიცხული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2009 წლის 13 ნოემბერს მომსახურების დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები N031484 და N031485. შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 137- ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, N031484 ოქმით გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, N031485 ოქმით გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 413 ლარის ოდენობით.
საქმეზე არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, სსიპ “-------“ (ს/ნ -------) 2009 წლის 13 ნოემბრის N031485 და N031484 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების წარდგენა/ჩაბარება არ დასტურდება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა N031485 და N031484 სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი საფუძველი - საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილსა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა გაშვებულად არ მიიჩნევა, თუ საგადასახადო ორგანომ შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე განათავსა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად გადასახადის გადამხდელისთვის N031485 და N031484 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების წარდგენა/ჩაბარება არ დასტურდება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გასულია გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის წარდგენის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის 2009 წლის 13 ნოემბრის N031485 და N031484 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები უნდა გაუქმდეს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი N021-1010, N021-439, N021-44, N021-115, N021- 15, N021-47 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. მე-9 ნაწილის თანახმად, კი საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ N021-1010 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გადამხდელი გაეცნო 10.10.2012 წელს, N021-439 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გადამხდელი გაეცნო 14.05.2013 წელს, N021-115 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გადამხდელი გაეცნო 12.02.2018 წელს, N021-44 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გადამხდელი გაეცნო 21.01.2018 წელს, N021-15 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გადამხდელი გაეცნო 24.01.2019 წელს და N021-47 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გადამხდელი გაეცნო 12.02.2019 წელს, საჩივარი კი წარმოდგენილია 2023 წლის 2 ივნისს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საჩივარი ამ ნაწილში წარმოდგენილია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ დაუმტკიცებია, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სსიპ “-------“ (ს/ნ -------) საჩივარი N031485 და N031484 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მომსახურების დეპარტამენტის 2009 წლის 13 ნოემბრის N031485 და N031484 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები და მათ საფუძველზე შეფარდებული ჯარიმა;
3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. საჩივარი დანარჩენ ნაწილში დარჩეს განუხილველი;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს დეკლარაციების დაგვიანებით წარდგენაზე დარიცხული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2009 წლის 13 ნოემბერს და 2012 წლის 8 ოქტომბრის მომსახურების დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები. შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად გადასახადის 2009 წლის 13 ნოემბერს შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების წარდგენა/ჩაბარება არ დასტურდება, ხოლო 2012 წლის 8 ოქტომბრს შედგენილ სამართალდარღვევის ოქმზე საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრების ვადის დარღვევით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გასულია გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის წარდგენის დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის 2009 წლის 13 ნოემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები უნდა გაუქმდეს, ხოლო 2012 წლის 8 ოქტომბრის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებზე წარმოდგენილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 4(3-4); 44(1); 299(4); 301; 304