ბრძანება N 4121

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.03.2023
№ დოკუმენტი 4121
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4121

06.03.2023

შპს „--------“ (ს/ნ -------)

(მის.:----------------------)

2022 წლის 11 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 1 დეკემბრის №17455/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „------------“ (ს/ნ ----------) №124050/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 10 ივნისის №EL168296 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით შპს „------------“ (ს/ნ ----------) არ წარმოადგენს არც ტვირთის მესაკუთრეს/ტვირთმფლობელს და არც მინდობილ პირს. იგი წარმოადგენს მხოლოდ კონტეინერის მიმღებს, ხოლო დეკლარირებაზე უფლებამოსილ და ვალდებულ პირს წარმოადგენს -------- LTD. კომპანიას არ ჰქონდა ტვირთის შესყიდვის კომერციული დოკუმენტაცია, რომლის გარეშეც საქონლის დეკლარირება ვერ განხორციელდება. კომპანიის ვალდებულებაში შედიოდა მხოლოდ ექსპედიტორ/გადამზიდველის ფუნქცია და დაუშვებლად მიაჩნია შპს „------------“ (ს/ნ ----------) პასუხისმგებლობის დაკისრება. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის 11 აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტი „---------------“ გავლით №------------ კონტეინერით სხვა საქონელთან ერთად საქართველოში შემოტანილ იქნა და შპს „------------“ (ს/ნ ----------) საბაჟო საწყობში განთავსდა 1 ერთეული მოწყობილობა (წონით 425 კგ). ვინაიდან აღნიშნული საქონლის დეკლარირება არ განხორციელდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „---------“ უფლებამოსილი პირის მიერ, 2022 წლის 10 ივნისს შედგენილ იქნა №EL168296 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც №---------- კონტეინერის მიმღებს (საზღვაო ხაზის №----------- კონოსამენტის მიხედვით) – შპს „------------“ (ს/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შპს „------------“ (ს/ნ ----------) გაეგზავნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „--------“ 2022 წლის 10 ივნისის №21-10-19/------- წერილობითი შეტყობინებით და ეცნობა, რომ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან რეექსპორტის განხორციელების მიზნით საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად მიეცა 10 დღე (წერილის ჩაბარებიდან), ხოლო მითითებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის მიმართ განხორციელდებოდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საქონლის განკარგვის ღონისძიებები.

საბაჟო დეპარტამენტის №21-10-19/-------- (10.06.2022) შეტყობინებას შპს „------------“ (ს/ნ ----------) გაეცნო იმავე დღეს – 2022 წლის 10 ივნისს, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე და საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-10 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად ჩაითვალა ადრესატისთვის ჩაბარებულად.

შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში შპს „------------“ (ს/ნ ----------) მიერ კუთვნილი საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა ან საქონლის განკარგვის ღონისძიება არ განხორციელებულა. შესაბამისად, 2022 წლის 30 ივნისს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოიცა №17011 ბრძანება, შპს „------------“ (ს/ნ ----------) კუთვნილი საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 აგვისტოს №20778 ბრძანებით შპს „------------“ (ს/ნ ----------) №124050/21 საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

საჩივარში მომჩივანმა მიუთითა, რომ შპს „------------“ (ს/ნ ----------) არ წარმოადგენს დეკლარანტს, ვინაიდან ის არ წარმოადგენს არც ტვირთის პოტენციურ მესაკუთრეს/ტვირთმფლობელს და არც მინდობილ პირს. უფრო მეტიც, კომპანია არ წარმოადგენს აღნიშნული ტვირთის მიმღებს, იგი წარმოადგენდა მხოლოდ კონტეინერის მიმღებს, ხოლო ტვირთმიმღებს და მის დეკლარირებაზე უფლებამოსილ და ვალდებულ პირს წარმოადგენს -------------- LTD.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №17455/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ 11.04.2022 წელს, საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ გავლით №--------- კონტეინერით სხვა საქონელთან ერთად საქართველოში შემოტანილ იქნა და შპს -----------ს (ს/ნ ---------------) საბაჟო საწყობში განთავსდა 1 ერთეული მოწყობილობა (წონით 425 კგ). აღნიშნული საქონლის დეკლარირება არ განხორციელდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში. საბაჟო სამართალდარღვევისთვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია დაეკისრა მომჩივანს.

საბჭომ ყურადღება გაამახვილა მომჩივნის არგუმენტებზე და მიიჩნია, რომ მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, სამართალდარღვევის სუბიექტის განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. ამ მიზნით შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს. შესაბამისად, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 3.08.2022 წლის №20778 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს:

ზოგადი დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით, დადგენილ ვადაში აცნობებს საბაჟო ორგანოს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შესახებ;

საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს.

დეკლარანტი კი გულისხმობს პირს, რომელიც საბაჟო ორგანოს თავისი სახელით წარუდგენს საბაჟო დეკლარაციას, დროებით შენახვის დეკლარაციას, საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციას, საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციას, რეექსპორტის დეკლარაციას ან რეექსპორტის შეტყობინებას, ან პირი, რომლის სახელითაც საბაჟო ორგანოს წარედგინება შესაბამისი დეკლარაცია ან შეტყობინება;

საბაჟო პროცედურა არის ნებისმიერი პროცედურა, რომელშიც შეიძლება მოექცეს საქონელი საბაჟო კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ადმინისტრაციული წარმოებისას.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს და სხვა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები და სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „--------“ (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები და სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.