გადაწყვეტილება №24717/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 17.03.2025
№ დოკუმენტი 24717/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№24717/2/2025

17 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ის 9.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24717/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2024 წლის №006-488 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.01.2025 წლის №323 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 108 160,75 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 68 101,22

ჯარიმა - 34 050,50

საურავი - 6 009,03

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს არაალკოჰოლური სასმელების ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და ექსპორტი, ასევე საწარმო ახორციელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ყიდვა/გაყიდვის ოპერაციებს სხვადასხვა შერეული სახის საქონლით (ძირითადად: არაალკოჰოლური სასმელები, საკონდიტრო ნაწარმი, სანელებლები). გადასახადის და ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 27.08.2019 წელს. აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: რეალიზებულ საქონელზე საშუალო ფასნამატი მერყეობს 2%-5%-მდე. შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტში ჩარიცხულია სულ 8 160 ლარი, დაბრუნებულია 500 300 ლარი. საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა ბალანსში. 2022 წლიდან უფიქსირდება საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით წარმოქმნილი მოთხოვნები (დებიტორული დავალიანება) და ასევე მომწოდებელზე გადახდილი ავანსები, აღნიშნული დებიტორული დავალიანებების და მოთხოვნების წარმოშობიდან გასულია გონივრული ვადა. წარმოდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით ფიქსირდება მიღებული ავანსები, საწარმო მომსახურებიდან და მიწოდებიდან წარმოქმნილი მოთხოვნების ნაწილის გადახურვას ახორციელებს მიღებული ავანსებით, ასევე წარმოდგენილია საკრედიტო შეთანხმებები რომლის მიხედვითაც მიწოდებიდან წარმოქმნილი მოთხოვნების ნაწილი იხურება მომწოდებელთან არსებული კრედიტორული დავალიანებით. საქონლის/მომსახურების მიმღების მიერ აღნიშნული დავალიანება არ არის ანაზღაურებული (საწარმოს მიერ წარმოდგენილია მეორე მხარეებთან შედარების აქტები), ამასთან, ვერ დგინდება საქონლის მიმღების მიერ საქონლის ნაწილის ან სრულად დაბრუნების ფაქტი, ანაზღაურებული თანხა/თანხის ნაწილი ასევე არ ფიქსირდება საწარმოს საბანკო ანგარიშებზე. გადარიცხულ ავანსთან დაკავშირებით არ დგინდება საქონლის/მომსახურების მიღების ფაქტი, ასევე არ დასტურდება ავანსის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების, ასევე შემოსავლების სამსახურის „დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ“ მეთოდური მითითებების გათვალისწინებით, შპს „---ის“ მოთხოვნები და გადარიცხული ავანსის თანხები დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2024 წლის №006-488 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.01.2025 წლის №323 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ გამოცემული უარყოფითი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა იმას, რომ თითქოსდა მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებდა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებები. კომპანია კატეგორიულად არ ეთანხმება მსგავს დასკვნებს და მათ საფუძველზე დარიცხულ გადასახადსა და ჯარიმებს. საგადასახადო ორგანოს პოზიცია ტრანზაქციების არსის ხელახალი კლასიფიკაციისა და დებიტორული დავალიანების „გონივრული ვადის“ დამოუკიდებლად დაწესებასთან დაკავშირებით ნაადრევია, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს მოქმედ, ისე საერთაშორისო კანონმდებლობას, ასევე კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ფაქტობრივ გარემოებებს და შესამოწმებლად გათვალისწინებულ დოკუმენტებს, შემდეგ მოსაზრებებსა და სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, აღნიშნულია, რომ ,,თუ რომელიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირების სასარგებლოდ, აღნიშნული თანხა ჩაითვლება ამ პირების მიერ მიღებულად“. აუდიტის დასკვნა არ შეიცავს ფაქტებს ან მითითებებს დირექტორის ანაზღაურების სახით წინასწარი ანაზღაურების გამოყენების ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტებზე. ყველა წინასწარი გადახდა კომპანიის მიერ სათანადოდ აღირიცხება სააღრიცხვო ჩანაწერებში. უფრო მეტიც, ყველა კონტრაგენტი, რომლებმაც მიიღეს ავანსები, ადასტურებენ შპს „---ის“ მიმართ დავალიანების არსებობას და მზად არიან ნებისმიერ დროს განახორციელონ შესაბამისი ორმხრივი ანგარიშსწორება. საქმის მასალები შეიცავს ყველა კონტრაგენტთან შერიგების ანგარიშს, რომელიც ადასტურებს დავალიანების არსებობას.

საგადასახადო ორგანო ამ დოკუმენტების არსებობაზე კომენტარს არ აკეთებს, უბრალოდ უგულებელყოფს მათ. ასევე, როგორც შემოწმებისას მოწოდებული დოკუმენტებიდან ირკვევა, ქართული ბანკები უარს ამბობენ კომპანიის-შპს ,,---ის“ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე და კომპანიის სასარგებლოდ გადახდებს უბრუნებენ გამგზავნს. შესაბამისი ახსნა-განმარტებები დირექტორმა შემოწმებისას მისცა. საქმის მასალებში ასევე მოცემულია დოკუმენტების ასლები წარმოდგენილი საფინანსო ინსტიტუტებიდან. დებიტორული დავალიანების ხელახალი კლასიფიკაციისას საგადასახადო ორგანოებმა ფაქტობრივად გამოთვალეს საშემოსავლო გადასახადი არაპირდაპირი მეთოდებით. აუდიტის ანგარიშში არ არის მითითებული მიზეზები, რის საფუძველზეც იქნა გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდები. საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ვადაგადაცილებული დებიტორული დავალიანების არსებობა, რომელთა დაფარვა შეუძლებელია მხარეთა კონტროლის მიღმა მიზეზების გამო, არ შეიძლება ჩაითვალოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ნაკლებობად, აქტივების გაუმართლებელ ზრდად ან დეკლარაციის არასწორ შევსებად. შპს ---მა ოპერატიულად და სრულად მიაწოდა საგადასახადო შემოწმების ჯგუფს ამომწურავი ახსნა-განმარტებები და შესაბამისი დოკუმენტების სრული მოცულობა, როგორც დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით, ასევე მისი გადაჭრის მცდელობებთან დაკავშირებით (საფინანსო ინსტიტუტებიდან წარმოდგენილი დოკუმენტები საბანკო ანგარიშების დახურვის შესახებ კომპანიის მიმართ).

შემოსავლების სამსახური აუდიტის ჩატარებისას ყურადღებას ამახვილებს „საგადასახადო შემოწმების შესახებ“ კანონით, სავარაუდოდ, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, იმავდროულად, არ წარმოადგენს რაიმე დოკუმენტურ მტკიცებულებას მისი გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, შემოწმებული პერიოდის დასაწყისში გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო ჩანაწერებში შედის რამდენიმე კომპანიაზე გადახდილი ავანსის ოდენობა. საგადასახადო ორგანოს ეს მოსაზრება ეფუძნება მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიურ მითითებებს „დებიტორული დავალიანებების შესახებ“ და არ ასახავს რეალურად განხორციელებული ბიზნეს ოპერაციების არსს. გარდა ამისა, საგადასახადო ორგანომ პირდაპირ და ახსნა-განმარტების გარეშე უგულებელყო გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაცია. კერძოდ: არ იყო გაცემული სათანადო ანალიზი და მხედველობაში არ იქნა მიღებული დაბალი ხარისხის პროდუქციის საკრედიტო შენიშვნა კომპანია-----დან და საკრედიტო ბარათი კომპანია ---. მითითებული საკრედიტო ნოტების მიხედვით, ბულგარული კომპანია ---ის სახელით საქონლის შემომავალი გადახდების დაკრედიტების შესახებ სამმხრივი ხელშეკრულებების გათვალისწინებით, განხორციელდა ფაქტობრივი გადახდები 53,064.00 აშშ დოლარის ოდენობით. რის შემდეგაც, 2024 წლის ივლისში, ----მა სცადა გადახდილიყო შპს „---ის“, მაგრამ ქართულმა ბანკმა თანხები დააბრუნა უკან თანხის გადმომრიცხავთან შპს „---ის“ საგარეო ეკონომიკური აქტივობის შემცირების გამო. ბანკის შესაბამისი წერილი წარმოდგენილი იყო შემოწმების დროს, მაგრამ ასევე არ იყო გათვალისწინებული საგადასახადო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას. სავაჭრო ურთიერთობები კომპანია ----თან (ბულგარეთი) გრძელდება და იყო 2024 წელს, შესაბამისად, ანგარიშსწორების დროებითი შეუძლებლობის მიუხედავად, არსებული დავალიანება არ შეიძლება ჩაითვალოს დაკარგულად ან საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. ყველა ეს მოსაზრება გამოიკვეთა საგადასახადო ორგანოში საჩივრის შეტანისას, მაგრამ საჩივრის განხილვისას მისი უარყოფის ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ საგადასახადო ორგანოს აზრით, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე ახალი დოკუმენტი ან საფუძველი თავისი საქმის დასადასტურებლად. უფრო მეტიც, როგორც შემოწმებისას, ასევე საჩივრის განხილვისას, არსებითად არ იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის არც ერთი არგუმენტი და არც ერთ მოწოდებულ დოკუმენტს არ მიუღია ობიექტური შეფასება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა, დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, ამასთან, წარმოდგენილია დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც საჭიროებს დამატებით შესწავლას, მიიჩნევს, რომ საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.01.2025 წლის №323 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს არაალკოჰოლური სასმელების ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და ექსპორტი, ასევე საწარმო ახორციელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ყიდვა/გაყიდვის ოპერაციებს სხვადასხვა შერეული სახის საქონლით .

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საწარმო მომსახურებიდან და მიწოდებიდან წარმოქმნილი მოთხოვნების ნაწილის გადახურვას ახორციელებს მიღებული ავანსებით, ასევე წარმოდგენილია საკრედიტო შეთანხმებები რომლის მიხედვითაც მიწოდებიდან წარმოქმნილი მოთხოვნების ნაწილი იხურება მომწოდებელთან არსებული კრედიტორული დავალიანებით.

საქონლის/მომსახურების მიმღების მიერ აღნიშნული დავალიანება არ არის ანაზღაურებული (საწარმოს მიერ წარმოდგენილია მეორე მხარეებთან შედარების აქტები), ამასთან, ვერ დგინდება საქონლის მიმღების მიერ საქონლის ნაწილის ან სრულად დაბრუნების ფაქტი, ანაზღაურებული თანხა/თანხის ნაწილი ასევე არ ფიქსირდება საწარმოს საბანკო ანგარიშებზე. გადარიცხულ ავანსთან დაკავშირებით არ დგინდება საქონლის/მომსახურების მიღების ფაქტი, ასევე არ დასტურდება ავანსის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების, ასევე შემოსავლების სამსახურის „დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ“ მეთოდური მითითებების გათვალისწინებით, მოთხოვნები და გადარიცხული ავანსის თანხები დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, ამასთან, წარმოდგენილია დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც საჭიროებს დამატებით შესწავლას, მიიჩნევს, რომ საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304, 1, ბ.