ბრძანება N 19631
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19631
09 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------“-ის (ს/ნ --------)
(მის.: ----------)
2023 წლის 24 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 ივლისის №20051/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“-ის (ს/ნ -------) №80551/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის №225-1 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე ვინაიდან მეორად საბურავებს არ აქვთ შტრიხკოდი, აცხადებს, რომ მათ რეალიზაციას ვერ ახდენს სკანერის გამოყენებით. საცალო აღრიცხვისთვის კომპანია აწარმოებს დღიურ საცალო გაყიდვის აქტებს. აღნიშნავს, რომ შემოწმებისთვის წარდგენილი ჰქონდა ბუღალტრული პროგრამაც და შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია, რომლის მიხედვითაც დადგენილი ფასნამატი შეადგენს 27%- ს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ოქტომბრის №26464 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“- ის (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 28 მარტის №6144 ბრძანება და ამავე თარიღის №225-1 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 115 496 ლარი, მათ შორის, გადასახადი 68 478 ლარი, ჯარიმა 31 449 ლარი, საურავი 15 569 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 14 ივნისის №13467 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13467 ბრძანება გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 20 ივლისის №20051/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13467 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 ივლისის №20051/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: ,,საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები/საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტები. შედეგად, გასაჩივრებული ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახადო შემოწმებით შესწავლილი იქნა საწარმოს დღგ-ის დარიცხვის სისწორე. შესამოწმებელ პერიოდში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, გადამხდელს განხორციელებული აქვს დოკუმენტური რეალიზაცია. საქონელი რეალიზებული აქვს საცალოდ საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით. გადამხდელს არ ჰქონდა რეალიზებული საქონლის ინდივიდუალური აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის მქონე საწარმოს ფასნამატი (საშუალო 43%). მიღებული სხვაობებით განსაზღვრული იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა (დადგენილსა და დეკლარირებულს შორის) ჩართული იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. პირს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
რეალიზებული საქონლის ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით) ჩაითვალა ნაღდი ფულის შემოსავლად, რომელიც შემცირდა საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხის ოდენობით. დარჩენილი თანხა ჩაითვალა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაიბეგრა მოგების გადასახადით. მიღებული სარგებელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი განმარტავს, რომ მეორადი საბურავების საცალო რეალიზაციის აღრიცხვის მიზნით აწარმოებს საცალო გაყიდვის აქტებს, ვინაიდან მეორად საბურავებს არ აქვთ შტრიხკოდი და რეალიზაციას ვერ ახდენს სკანერის გამოყენებით. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია, რომლის მიხედვითაც დადგენილი ფასნამატი შეადგენს 27%- ს.
იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს კანონდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელს საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს ფასნამატით, განხორციელდა მართლზომიერად.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“-ის (ს/ნ ------- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმებით შესწავლილი იქნა საწარმოს დღგ-ის დარიცხვის სისწორე. გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის მქონე საწარმოს ფასნამატი (საშუალო 43%). მიღებული სხვაობებით განსაზღვრული იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. პირს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
რეალიზებული საქონლის ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით) ჩაითვალა ნაღდი ფულის შემოსავლად, რომელიც შემცირდა საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხის ოდენობით. დარჩენილი თანხა ჩაითვალა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად, რომელიც დაიბეგრა მოგების გადასახადით. მიღებული სარგებელი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4), 73(5"ა"), 159(1"ა"), 163(1), 164(1), 136(1), 49(1"ე"), 61(3).
2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 161(1).