გადაწყვეტილება №20964/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.11.2023
№ დოკუმენტი 20964/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20964/2/2023

20 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,10.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ის 2.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20964/2/2023).

 

დავის საგანი:

1. დაქირავებულ პირზე გაცემულ სესხზე სარგებლის გაანგარიშება;

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2023 წლის №001-145 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.09.2023 წლის №22172 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 15 894 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 12 040

საშემოსავლო გადასახადი - 11 685

ქონების გადასახადი - 355

ჯარიმა - 1 953

საურავი - 1 901

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 6.04.2023 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2023 წლის №001-145 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 12.09.2023 წლის №22172 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დაქირავებულ პირზე გაცემულ სესხზე სარგებლის გაანგარიშება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიამ დირექტორზე, რომელიც იმავდროულად არის დამფუძნებელი, 21.12.2021 წლის და 16.03.2022 წლის ხელშეკრულებების საფუძველზე გასცა სესხი 375 500 ლარის ოდენობით. გაცემული სესხის წლიური სარგებელი შეადგენდა 7%-ს. საწარმომ სესხის გაცემის შესაბამის საანგარიშო პერიოდში წარადგინა მოგების გადასახადის დეკლარაცია და გაცემული სესხი დაბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო უკან დაბრუნების შემთხვევებში დაბრუნებული სესხის თანხაზე განახორციელა მოგების გადასახადის ჩათვლა (6 353 ლარი). ფიზიკურ პირს საწარმოსთვის სესხის პროცენტის თანხა გადახდილი არ აქვს (ხელშეკრულების შესაბამისად, საწარმოს მისაღები აქვს 25 198 ლარი) და კომპანიას გადახდის წყაროსთან არ აქვს დაკავებული საშემოსავლო გადასახადის თანხა.

იმის გათვალისწინებით, რომ დირექტორი წარმოადგენს კომპანიის დაქირავებულ პირს, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინიტრის 28.01.2011 წლის№34 ბრძანებით განსაზღვრული 20%-იანი განაკვეთით გაანგარიშებულ თანხასა და მიღებულ სესხზე დარიცხულ პროცენტს შორის სხვაობა ითვლება ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და ექვემდებარება გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. ამასთან, მიუხედავად პირთა შორის ურთიერთდამოკიდებულების არსებობისა, ვინაიდან ზემოაღნიშნული სხვაობა დაკვალიფიცირებულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად, შემდგომ გადაკვალიფიცირებას არ ექვემდებარება და არ იბეგრება მოგების გადასახადით. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, მე-4 ნაწილზე და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 98-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 981 მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინიტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელს დირექტორსა და იმავდროულად დამფუძნებელზე გაცემული აქვს 375 500 ლარის ოდენობის სესხი, რომლის წლიური სარგებელი შეადგენს 7%-ს. საწარმოს გაცემული სესხი დაბეგრილი აქვს მოგების გადასახადით და უკან დაბრუნების შემთხვევებში განხორციელებული აქვს მოგების გადასახადის ჩათვლა. ამასთან, სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრულ პროცენტსა და „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინიტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანებით განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთს შორის სხვაობის თანხა არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. შემოწმებით, აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო საგადასახადო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებლის მსჯელობა არასწორია, მისივე განმარტებით სარგებლის ღირებულებად განისაზღვრება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის სესხის გაცემისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით. რამდენადაც დაქირავებულს დამქირავებლისათვის სესხის პროცენტი ჯერ არ გადაუხდია, შესაბამისად არ დამდგარა ფაქტი და არ არსებობს მოტივი განისაზღვროს დაქირავებულის მიერ მიღებული სარგებელი ან მისი ოდენობა.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის პრინციპების შესაბამისად ნათელია საქმე გვაქვს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელთან, ხოლო სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას რეგულაციის არ გათვალისწინება გამოწვეულია ამავე მუხლის ამავე ნაწილის პრინციპების შესაბამისად მისი შეცდომით/არცოდნით. ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადებში მხარეებს საკუთარი თავისუფალი ნების გამოხატვის ფარგლებში შესაძლებლობა აქვთ დადონ დამატებითი გარიგება, რათა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები გადაიხედოს და მიესადაგოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის ხელშეკრულების მოქმედების დაწყების თარიღიდან, რისი თავისუფალი ნებაც აქვთ. ასე, რომ რამდენადაც ჯერ არ დამდგარა სესხის პროცენტის გადახდის ფაქტი და შეუძლებელია განისაზღვროს დაქირავებულის მიერ მიღებული სარგებელი, რადგან კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში გადახდის წყაროსთან დაბეგრილი და გადახდილი აქვს 2 000 000 ლარი და რომ არა მექანიკური შეცდომა/არცოდნა დამატებით 11 000 ლარის გადახდაც არ წარმოადგენდა პრობლემას, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მიეცეს საშუალება ისარგებლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მონიჭებული უფლებით და შეიტანოს ცვლილება გარიგებაში კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, ხოლო სარგებლის ღირებულებად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინიტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველ პუნქტის თანხმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცდეს 20 პროცენტის ოდენობით.

შემოწმებით დადგენილი გარემოება, რომ კომპანიამ დირექტორზე, რომელიც იმავდროულად არის დამფუძნებელი, 21.12.2021 წლის და 16.03.2022 წლის ხელშეკრულებების საფუძველზე გასცა სესხი 375 500 ლარის ოდენობით. გაცემული სესხის წლიური სარგებელი შეადგენდა 7%-ს. საწარმომ სესხის გაცემის შესაბამის საანგარიშო პერიოდში წარადგინა მოგების გადასახადის დეკლარაცია და გაცემული სესხი დაბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო უკან დაბრუნების შემთხვევებში დაბრუნებული სესხის თანხაზე განახორციელა მოგების გადასახადის ჩათვლა (6 353 ლარი). ფიზიკურ პირს საწარმოსთვის სესხის პროცენტის თანხა გადახდილი არ აქვს (ხელშეკრულების შესაბამისად, საწარმოს მისაღები აქვს 25 198 ლარი) და კომპანიას გადახდის წყაროსთან არ აქვს დაკავებული საშემოსავლო გადასახადის თანხა.

საბჭო მიუთითებს შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებზე, რომლის მიხედვით კომპანიის მიერ სესხი გაცემულია დამფუძნებელზე და ამავდროულად კომპანიის დირექტორზე, ხოლო გაცემული სესხის სარგებელი არ შეესაბამება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინიტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანებით განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთს, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნებისთვის სარგებლის კორექტირება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 1 953 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2023 წლის №001-145 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 1 901,75 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველ-22 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული აქვს ოცამდე სახელმწიფო მნიშვნელობის თუ კერძო დაკვეთა, რომელთა ბრუნვამ შეადგინა 10 000 000 ლარამდე. ამავე პერიოდში დაბეგვრის წყაროსთან დაბეგრილმა და გადახდილმა გადასახადმა შეადგინა 2 000 000 ლარამდე, ამჟამად აქვს 5 მოქმედი ობიექტი, კომპანიაში მუდმივად დასაქმებულია 70 ადამიანამდე, კომპანიის ფუნქციონირების პერიოდში არ ფიქსირდება რაიმე სამართალდარღვევა საქმის/სამეურნეო ოპერაციების არაკეთილსინდისიერად წარმოების გამო, რაც ასევე დასტურდება შემოწმების აქტითაც (გარდა ზემოთ აღწერილი შეცდომისა). მიაჩნია, რომ წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს და ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლებულ იქნას დაკისრებული სანქციებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილების თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოწმების შედეგად განსაზღვრულია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები, რაც საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად დეკლარირებული არ არის.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლებულ იქნას დაკისრებული სანქციებისგან.

2.გადამხდელს მიაჩნია, რომ წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს და ითხოვს, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლებულ იქნას დაკისრებული სანქციებისგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.კომპანიამ დირექტორზე, რომელიც იმავდროულად არის დამფუძნებელი, 21.12.2021 წლის და 16.03.2022 წლის ხელშეკრულებების საფუძველზე გასცა სესხი.გაცემული სესხის წლიური სარგებელი შეადგენდა 7%-ს. საწარმომ სესხის გაცემის შესაბამის საანგარიშო პერიოდში წარადგინა მოგების გადასახადის დეკლარაცია და გაცემული სესხი დაბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო უკან დაბრუნების შემთხვევებში დაბრუნებული სესხის თანხაზე განახორციელა მოგების გადასახადის ჩათვლა. ფიზიკურ პირს საწარმოსთვის სესხის პროცენტის თანხა გადახდილი არ აქვს და კომპანიას გადახდის წყაროსთან არ აქვს დაკავებული საშემოსავლო გადასახადის თანხა.სხვაობა დაკვალიფიცირებულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად, შემდგომ გადაკვალიფიცირებას არ ექვემდებარება და არ იბეგრება მოგების გადასახადით.გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

2.გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.ასევე,აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2023 წლის №001-145 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნებისთვის სარგებლის კორექტირება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

2. საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

12,73(9),101,154,269(7),272,275.