გადაწყვეტილება №21460/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21460/2/2023
20 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 30.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21460/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.04.2023 წლის №006-147 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.10.2023 წლის №25268 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 264 370 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 144 697
დღგ - 77 641
საშემოსავლო გადასახადი - 66 986
ქონების გადასახადი - 70
ჯარიმა - 72 349
საურავი - 47 324
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: - კომპანიას 2019 წელს შეძენილი აქვს სს „----გან“ (ს/ნ---) აუქციონის სახით ---- საბუქსე კვანძებით დაუკომპლეტქებელი წყვილთვალა, წყვილთვალას თვლები და წყვილთვალას ღერძები, რომლის რეალიზაციას ახდენს ექსპორტის (რუსეთში და ყაზახეთში) სახით და ასევე ადგილობრივ ბაზარზე. გამოყენებისთვის უვარგისი დეტალები რეალიზებული აქვს ჯართის სახით ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხდა, შესაბამისად არ იქნა წარდგენილი შემოწმებასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და ვერ ხდება ჩამოწერილი საქონლის იდენტიფიცირება სახეობების და რაოდენობების მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 136-ე და 73-ე მუხლების თანახმად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შეძენილი საქონლისა და შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო ნაშთის ანალიზის შედეგად, წლების მიხედვით დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება სახეობების ჯგუფების მიხედვით, მთლიანი შეძენის ხვედრითი წილის პროპორციულად და 2020 წელს საცალოდ რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი კატეგორიების მიხედვით (წყვილთვალა, წყვილთვალას ბორბლები და წყვილთვალას ღერძები), ხოლო დანარჩენ კატეგორიებზე (ფიცარი და ხე-ტყის მასალა) გავრცელდა მსგავსი საქმიანობის აუდირებული ფასნამატი.
ასევე, კომპანიას 2021 წლის ივნისში რეალიზებული აქვს მიკრო ავტობუსი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიღებული სხვაობებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საგადასახადო კოდექსის 161-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით, შესაბამისი პერიოდების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;
- შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე განხორციელდა მიღებული და გაცემული თანხების მოძრაობის შესწავლა/ანალიზი. შემოწმების მიერ, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის ანალიზის შედეგად დადგინდა მიღებული/მისაღები ფულადი სახსრები, გათვალისწინებული იქნა დოკუმენტურად დადასტურებული და ბიუჯეტში გადახდილი ხარჯები. 2021 წლის დეკემბრის თვეში ნაშთად დარჩენილი თანხა, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 ნოემბრის №39866 ბრძანების შესაბამისად, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.04.2023 წლის №8454 ბრძანება და 19.04.2023 წლის №006-147 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.10.2023 წლის №25268 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ხე-მასალაზე მეორადი ხე-მასალის აუდირებული ფასნამატის გამოყენება და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 11.10.2023 წლის №25268 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე სარეალიზაციოდ შეძენილი საქონლის რაოდენობასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომ კომპანიას 2019 წელს შეძენილი აქვს სს „---გან“ აუქციონის სახით --- საბუქსე კვანძებით დაუკომპლექტებელი წყვილთვალა, წყვილთვალას თვლები და წყვილთვალას ღერძები. ასევე, 2019-2020 წლებში შპს „---გან“ და შპს „---“-ისგან სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი აქვს ---ის ბორბლები და ღერძები. სულ ჯამში შეძენილია 2 211 496 ლარის ღირებულების საქონელი, რომელიც რეალიზებულია სრულად. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კომპანიას არ გააჩნია ნაშთი. მთლიანი შეძენის და დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის სხვაობა (320 546 ლარის თვითღირებულების საქონელი) წარმოადგენს დოკუმენტების გარეშე რეალიზებულს, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო დეკლარირებული.
შემოწმების მიერ დოკუმენტურ რეალიზაციაში გათვალისწინებულია ექსპორტის რეჟიმში მოქცეული და ადგილობრივ ბაზარზე სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული საქონელი, ასევე ჯართის სახით გაყიდული წყვილთვალას ბორბლები. ჯართის ჯამური წონა სასაქონლო ზედნადებების მიხედვით არის 1 159.1 ტონა. შემოწმების მიერ, საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით დათვლილი იყო საშუალო წყვილთვალას წონა - 1.125 ტონა, საიდანაც გამომდინარეობს, რომ კომპანიის მიერ ჯართის სახით რეალიზებული იყო 1 030 ---ის წყვილთვალა. შემოწმების მიერ საცალოდ რეალიზებულ საქონელზე გავრცელებული იქნა დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატები 27-30% კატეგორიების მიხედვით (წყვილთვალა, წყვილთვალას ბორბლები და წყვილთვალას ღერძები).
გადასახადის გადამხდელის ინფორმაციით, წყვილთვალას საშუალო წონა არის 1.150 ტონა, აღნიშნულის შემოწმების მიერ გათვალისწინების შემთხვევაში, ჯართის სახით რეალიზებული წყვილთვალას რაოდენობა იქნება 1 008 ცალი და საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება გაიზრდება 344 849 ლარამდე, რაც ჯამურად გამოიწვევს დარიცხვის გაზრდას. რაც შეეხება ხე-ტყის მასალას, წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შეძენილი ხე-ტყის მასალა წარმოადგენს წყვილთვალების ტრანსპორტირებისთვის საჭირო დასამაგრებელ საშუალებას და არა გასაყიდ საქონელს, შესაბამისად, მასზე ხე-ტყის აუდირებული ფასნამატის გავრცელება არამართლზომიერია.
ყოველივე ზემოხსენებულის და იმის გათვალისწინებით, რომ ხე-მასალა გამოიყენებოდა წყვილთვალების ტრანსპორტირებისთვის, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხე-მასალაზე გამოყენებულ იქნეს მეორადი ხე-მასალის აუდირებული ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონულად წარდგენილ საჩივარში მითითებული ქონდა, რომ სურდა საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მიღება, შემოსავლების სამსახურს არ შეუტყობინებია განხილვის თარიღი და საჩივარი განხილულია და გადაწყვეტილება მიღებულია ისე, რომ არ მიეცა საშუალება, დაეცვა თავისი პოზიცია. შედეგად, საჩივარი განხილულია ზერელედ, მომჩივანის არგუმენტების სრული იგნორირებით, რის გამოც არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას.
საკითხი 1 - შემოწმების აქტში დაფიქსირებული აზრი, რომ შემმოწმებელს არ ყოფნიდა ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენისა და რეალიზაციის სრული სურათის დასადგენად, მცდარია. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა-რეალიზაციის თვითოეული ფაქტი დადასტურებულია საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადებით, რომლებზე წვდომაც შემმოწმებელს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ჰქონდა და არავითარი დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ საჭიროებდა. უბრალოდ, საჭირო იყო არსებული ინფორმაციის საფუძველზე მარტივი არითმეტიკული გამოთვლების ჩატარება და შედეგის მიღება. საჩივარში მოყვანილია გადასახადის გადამხდელის მიერ ჩატარებული გაანგარიშებები, სადაც საწყის მონაცემებად აღებულია rs.ge-ზე გადასახადის გადამხდელის პირად გვერდზე დაფიქსირებულ საბაჟო დეკლარაციებსა და სასაქონლო ზედნადებებში არსებული მნიშვნელობები და აღნიშნავს, რომ გაანგარიშების შედეგად დგინდება შემდეგი:
1. კომპანიას სს ---გან აუქციონზე შეძენილი აქვს ხმარებაში ნამყოფი, ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარი ---ის არასრულად დაკომპლექტებული 1 631 წყვილთვალა, 657 წყვილთვალას ბორბალი, 147 წყვილთვალას ღერძი და 74 ---ის წყვილთვალას ბუქსი;
2. შეძენილი წყვილთვალების და ნაწილების საერთო მასამ შეადგინა 2 054 700 კგ, ანუ 2 054.7 ტ;
3. რეალიზაციამ შეადგინა: 764 წყვილთვალა, 46 წყვილთვალას ბორბალი, 1 წყვილთვალას ღერძი და 1 159 100 კგ (1 159.1 ტ) ჯართი;
4. ვინაიდან შემოწმების თარიღისათვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ნულოვანი იყო, დანაკლისის მნიშვნელობა უტოლდება 56.4 ტ-ს, აქედან 42.1 ტ, საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის 10.ა პუნქტის თანახმად, სანქცირებას არ ექვემდებარება, ანუ რეალიზაციად შეიძლება განხილული იქნას მხოლოდ დარჩენილი 14.3 ტ, საიდანაც, მთლიანი შეძენა-რეალიზაციის დოკუმენტაციის ანალიზით, ნახევარი, ანუ დაახლოებით 7 ტ უნდა მიეკუთვნოს წყვილთვალების რეალიზაციას (6 წყვილთვალა) და ნახევარი, დაახლოებით 7 ტ ჯართის რეალიზაციას.
გაანგარიშება, თანდართული, rs.ge-ზე დაფიქსირებული საბაჟო დეკლარაციებიდან და სასაქონლო ზედნადებებიდან ამოკრეფილი ინფორმაციით შევსებული ცხრილებით, თან ერთვოდა საჩივარს. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებიდან არ ჩანს, გაანგარიშების რა ნაწილი არ ჩაითვალა სწორად და შემმოწმებლის რა არგუმენტების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა საჩივრის ეს ნაწილი.
საკითხი 2 - შემოწმების აქტის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი 20.011 კუბ.მ. ხე-ტყე, საბოლოო ნულოვანი ნაშთის გამო, განხილულია დანაკლისად, შესაბამისად, საცალოდ რეალიზებულად და დასანქცირებულია.
საჩივარში მიუთითა, რომ კომპანიას სარეალიზაციოდ არ მოუხდენია აღნიშნული ხე-ტყის შეძენა, ხე-ტყის მთლიანი რაოდენობა გახარჯულია რეალიზებული წყვილთვალების ---- და საავტომობილო გადაზიდვისას ავტომობილის ძარაში და ნახევარი ---ში ტვირთის დასამაგრებლად. საჩივარს თანდართული აქვს ---სა და ძარაზე ტვირთის დამაგრების ნორმატიული დოკუმენტები.
თუ შემმოწმებელი ამტკიცებს, რომ 33 საავტომობილო და 5 ---- გადაზიდვა განხორციელებულია ტვირთის დაუმაგრებლად და შემოსავლების სამსახური ეთანხმება ამ მტკიცებას, რადგან მიუთითებს შემმოწმებელს, რომ დანაკლისის რეალიზაციად განხილვისას, რეალიზაციის ფასად ჩაითვალოს არა „აუდირებული“, არამედ ამ ფასეულობის შეძენის ფასი (რადგან იგი, ამ შემთხვევაში, ემთხვევა საბაზროს), მაშინ, უნდა წარმოადგინოს რაიმე მტკიცებულება, რომ ტვირთი, ყველა შემთხვევაში, ნორმატიული დოკუმენტების საწინააღმდეგოდ, გაგზავნილი იყო ძარასა და ---ნში ყოველგვარი დამაგრების გარეშე, რაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ საღი აზრისგან შორსაა.
გაანგარიშების მიხედვით:
1. ერთ საავტომობილო ძარაში წყვილთვალების დასამაგრებლად საჭიროა 0.186 კუბ.მ. ხე-ტყე. 33 განხორციელებული გადაზიდვისათვის უნდა გახარჯულიყო სულ 6.138 კუბ.მ.;
2. ერთ ---ში წყვილთვალების დასამაგრებლად საჭიროა 2.892 კუბ.მ. ხე-ტყე; 5 განხორციელებული გადაზიდვისათვის უნდა გახარჯულიყო სულ 14.460 კუბ.მ.; 3. ჯამში, ნორმატივების მიხედვით, უნდა გახარჯულიყო 20.598 კუბ.მ.; გახარჯულია 20.011 კუბ.მ. ხე-ტყე; დანაკლისი გამოდის 0.413 კუბ.მ.; მთლიანი რაოდენობის 2% შეადგენს 0.412 კუბ.მ-ს, ანუ სანქცირებადი დანაკლისია 0.001 კუბ.მ. ძელაკი ზომებით 10 სმ X 10 სმ X 10 სმ.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში არ ჩანს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი გაანგარიშების გაბათილების მცდელობა, უბრალოდ, ძალაშია დატოვებული შემმოწმებლის მიერ ვითომდა დანაკლისის აღმოჩენა და დავალებულია შემმოწმებლისთვის მხოლოდ ფასების კორექტირება და სანქციების გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგნებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები. საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 11.10.2023 წლის №25268 ბრძანება;
3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 11.10.2023 წლის №25268 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ხე-მასალაზე მეორადი ხე-მასალის აუდირებული ფასნამატის გამოყენება და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 11.10.2023 წლის №25268 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1 ბ).