ბრძანება N 503
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 503
16 იანვარი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ა(ა)იპ „------“-ის (ს/ნ -----------)
(მის.: -------------------------------)
2025 წლის 17 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 დეკემბრის ხდომაზე (ოქმი №108) განიხილა ა(ა)იპ „------“-ის (ს/ნ -----------) 2025 წლის 17 დეკემბრის №----/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ნოემბრის №041-80 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს, კერძოდ:
● შემოწმებით გაანგარიშებულ ფასნამატთან დაკავშირებით აცხადებს, რომ არასწორია შემოწმებით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი, პლასმასის ყუთების ნაწილში (10- 12% ), ხოლო გრანულების ნაწილში (4%). აღნიშნავს, რომ ვაზიანი 2017 არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. მისი საქმიანობა ორიენტირებული არარის მოგების მიღებაზე, სწორედ ამიტომ ის არის არასამეწარმეო/არაკომერციული იურიდიული პირი. ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა, რომ შემმოწმებელთან ერთად დამატებით შეისწავლოს ფასნამატის გაანგარიშების სისწორე.
● 2023 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდის დასაბეგრ ბრუნვასთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ ყველა რეალზიაცია დაბეგრილი აქვთ.
● შპს ,,------ის“ მიერ კომპანიაში ჩარიცხული 21 720 ლარის ავანსად მიჩნევასთან და დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ გაუგებარია საიდან ადგენს შემმოწმებელი, რომ აღნიშნული თანხა არის ავანსი და მითუმეტეს, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია, ოპერაციის ორივე მხარე არის საქრთველოს რეზიდენტი და არც ერთი მათგანი არ ადასტურებს, რომ აღნიშნული თანხის ჩარიცხვა წარმოადგენს ავანს და დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას.
● შემოწმების აქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით 2025 წლის 15 ოქტომბერს შპს „-----“ზე (ს/ნ-----------) გაწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა-------), რომელიც დაბეგრილია 2015 წლის ოქტომბრის თვეში, ექვემდებარება შემცირებას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის გაანგარიშების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს, კერძოდ:
● მიიჩნევს, რომ შპს ,,-----ის“ მიერ კომპანიაში ჩარიცხული და შემოწმების მიერ ავანსად ჩარიცხული 21 720 ლარი არ უნდა დაემატოს სალაროს ფულის ნაშთს და შესაბამისად, მისი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა ექვემდებარება გაუქმებას.
● გადამხდელი მიიჩნევს, რომ 2025 წლის 15 ოქტომბერს შპს -----ზე (ს/ნ ------) გაწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში (ეა------) მითითებული თანხა არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული ფულის ნაშთის გაანგარიშებისას.
3. გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 ოქტომბრის №21943 და 18 ნოემბრის №25335 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ა(ა)იპ „------“-ის (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 21 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 21 ნოემბრის №25691 ბრძანება და ამავე თარიღის №041-80 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 200 737 ლარი, მათ შორის გადასახადი 75 628 ლარი, ჯარიმა 110 187 ლარი და საურავი 14 922 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. ა(ა)იპ „------ი“ (ს/ნ -----------) გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 16 თებერვალს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2022 წლის 20 დეკემბერს. გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს არასაყოფაცხოვრებო, არასახიფათო ნარჩენებით ვაჭრობა და პოლიპროპილენის ყუთების და გრანულების გაყიდვა. გადამხდელთან 2025 წლის 17 ოქტომბრის N21973 და N 21991 ბრძანებების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სმფ-ის ფაქტიური აღრიცხვა და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შემოწმება. ორგანიზაცია არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმების მიმდინარეობისას წარმოადგინა საბანკო ანგარიშების ამონაწერები და ახსნა-განმარტება.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 159-ე მუხლის, ასევე, 175--ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება განხორციელდა შემდეგი საკითხების მიხედვით:
● შემოწმებით შესწავლილ იქნა, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ იმპორტირებული/ადგილობრივი საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, დოკუმენტური რეალიზაცია და სმფ-ის ინვენტარიზაციის ფაქტიური ნაშთი, რომელთა შედეგად განსაზღვრულ იქნა ჯგუფის მიხედვით დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობა და თვითღირებულება. შემდგომში აღნიშნულ ჯგუფებზე გავრცელდა დოკუმენტური ფასი პლასმასის ყუთების ნაწილში (10-12% ) და გრანულების ნაწილში (4%) .
● საქონლის რეალიზაციის შედეგად პირველადი საგადასახადო დოკუმენტის მიხედვით არასწორად აქვს ასახული 2023 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდის დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნულის მიხედვით კორექტირებულ იქნა გადამხდელის დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.
● 2024 წლის ნოემბრის თვეში გადამხდელს საბანკო ჩარიცხვის გზით შპს „----სგან” მიღებული აქვს 21 720 ლარი. გადამხდელის განმარტებით აღნიშნულით უნდა ყოფილიყო დანადგარის შეძენა, მაგრამ ვერ შედგა საბოლოო შესყიდვა და თანხის დაბრუნება მოხდა ნაღდი ფორმით. აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ მოხდა რაიმე სახის დოკუმენტის წარმოდგენა. შემოწმებით აღნიშნული თანხის მიღება დაკვალიფიცირდა როგორც საქონლის შესყიდვის ავანსი და კორექტირებულ იქნა იმავე საანგარიშო პერიოდის დასაბეგრი ბრუნვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადის თანხა და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელს არასწორად აქვს შესრულებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ შემოსავალსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის მიხედვით გაწეულ ხარჯებს (იმპორტირებულ საქონელზე გადახდილი თანხის გათვალისწინებით) შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს მიერ მიღებულად და პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად. ასევე, ორგანიზაციის საბანკო ამონაწერის გავლისას გამოვლინდა რომ, ხელფასის განაცემების სახით გაცემული თანხები არასწორად აქვს დეკლარირებული შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება რომ, ა(ა)იპ „------“-ის (ს/ნ -----------) მიერ 2025 წლის 15 ოქტომბერს შპს -----ზე (ს/ნ -----) გაწერილი ელ.ანგ-ფაქტურაში (ეა-----) ასახული მონაცემები არის ყალბი და არ წარმოადგენს რეალურ ოპერაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა 72 610 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერია.
რაც შეეხება, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის პრინციპს, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, რომლის მიხედვითაც, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ იმპორტირებული/ადგილობრივი საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, დოკუმენტური რეალიზაცია და სმფ-ის ინვენტარიზაციის ფაქტიური ნაშთი, რომელთა შედეგად განსაზღვრულ იქნა ჯგუფის მიხედვით დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობა და თვითღირებულება. შემდგომში აღნიშნულ ჯგუფებზე გავრცელდა დოკუმენტური ფასი, რაც შეეხება ფასნამატს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას მიხედვით, საგადასახადო შემოწმების აქტში საინფორმაციოდ არის დაფიქსირებული.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად,● საქონლის რეალიზაციის შედეგად პირველადი საგადასახადო დოკუმენტის მიხედვით გადამხდელს არასწორად აქვს ასახული 2023 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდის დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნულის მიხედვით კორექტირებულ იქნა გადამხდელის დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.
● 2024 წლის ნოემბრის თვეში გადამხდელს საბანკო ჩარიცხვის გზით შპს „------"-სგან მიღებული აქვს 21 720 ლარი. გადამხდელის განმარტებით აღნიშნულით უნდა ყოფილიყო დანადგარის შეძენა, მაგრამ ვერ შედგა საბოლოო შესყიდვა და თანხის დაბრუნება მოხდა ნაღდი ფორმით. აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ მოხდა რაიმე სახის დოკუმენტის წარმოდგენა. შემოწმებით აღნიშნული თანხის მიღება დაკვალიფიცირდა როგორც საქონლის შესყიდვის ავანსი და კორექტირებულ იქნა იმავე საანგარიშო პერიოდის დასაბეგრი ბრუნვა.
● 2025 წლის 15 ოქტომბერს შპს „------ზე“ (ს/ნ --------) გაწერილი ყალბი ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ეა-------) თანხა დამატებული ღირებულების გადასახადის დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში და დაცულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ შემოსავალსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის მიხედვით გაწეულ ხარჯებს (იმპორტირებულ საქონელზე გადახდილი თანხის გათვალისწინებით) შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს მიერ მიღებულად და პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან, შპს „------ზე” (ს/ნ ------) გაწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანხის ფულის ნაშთის გაანგარიშებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელის მიერ გამოწერილი ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანხა შემოწმების მიერ არ არის ჩართული სალაროს ნაშთის გაანგარიშგებაში.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი, მე-2 , 21 და 22 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა, იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ა(ა)იპ „------“-ის (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება:
1.საგადასახადო შემოწმებით დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს;
2.ფულის ნაშთის გაანგარიშების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს;
3.ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით სანქციისგან გათავისუფლებას;
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №21943 და №25335 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №25691 ბრძანება და №041-80 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 200 737 ლარი, მათ შორის გადასახადი 75 628 ლარი, ჯარიმა 110 187 ლარი და საურავი 14 922 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელთან N21973 და N 21991 ბრძანებების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სმფ-ის ფაქტიური აღრიცხვა და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შემოწმება. ორგანიზაცია არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმების მიმდინარეობისას წარმოადგინა საბანკო ანგარიშების ამონაწერები და ახსნა-განმარტება. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 159-ე მუხლის, ასევე, 175--ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება განხორციელდა შემდეგი საკითხების მიხედვით:
ასევე,შემოწმებით შესწავლილ იქნა, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ იმპორტირებული/ადგილობრივი საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, დოკუმენტური რეალიზაცია და სმფ-ის ინვენტარიზაციის ფაქტიური ნაშთი, რომელთა შედეგად განსაზღვრულ იქნა ჯგუფის მიხედვით დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობა და თვითღირებულება. შემდგომში აღნიშნულ ჯგუფებზე გავრცელდა დოკუმენტური ფასი პლასმასის ყუთების ნაწილში (10-12% ) და გრანულების ნაწილში (4%).საქონლის რეალიზაციის შედეგად პირველადი საგადასახადო დოკუმენტის მიხედვით არასწორად აქვს ასახული 2023 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდის დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნულის მიხედვით კორექტირებულ იქნა გადამხდელის დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.ხოლო 2024 წლის ნოემბრის თვეში გადამხდელს საბანკო ჩარიცხვის გზით კომპანიისგან მიღებული აქვს 21 720 ლარი. გადამხდელის განმარტებით აღნიშნულით უნდა ყოფილიყო დანადგარის შეძენა, მაგრამ ვერ შედგა საბოლოო შესყიდვა და თანხის დაბრუნება მოხდა ნაღდი ფორმით. აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ მოხდა რაიმე სახის დოკუმენტის წარმოდგენა. შემოწმებით აღნიშნული თანხის მიღება დაკვალიფიცირდა როგორც საქონლის შესყიდვის ავანსი და კორექტირებულ იქნა იმავე საანგარიშო პერიოდის დასაბეგრი ბრუნვა.ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადის თანხა და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
ამასთან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელს არასწორად აქვს შესრულებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ შემოსავალსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის მიხედვით გაწეულ ხარჯებს (იმპორტირებულ საქონელზე გადახდილი თანხის გათვალისწინებით) შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს მიერ მიღებულად და პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად. ასევე, ორგანიზაციის საბანკო ამონაწერის გავლისას გამოვლინდა რომ, ხელფასის განაცემების სახით გაცემული თანხები არასწორად აქვს დეკლარირებული შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
ხოლო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება რომ, მომჩივანის მიერ 2025 წლის 15 ოქტომბერს კომპანიაზე გაწერილი ელ.ანგ-ფაქტურაში ასახული მონაცემები არის ყალბი და არ წარმოადგენს რეალურ ოპერაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა 72 610 ლარი.
გადაწყვეტილება
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ხოლო,მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9 „ბ“ ); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“.3 „ა“); 158(1); 159(1„ა“); 163(1.2); 164(1); 175(1 „გ“); 269(7); 282(3);