გადაწყვეტილება №25787/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25787/2/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ ------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 3.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25787/2/2025).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 13 ივნისის №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 13 ივნისის №----/--- საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 აგვისტოს №18641 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 218 613.29 ლარი.
მათ შორის: ჯარიმა - 1 000 (საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლი)
საურავი - 217 613.29
ფაქტების აღწერა
2025 წლის 13 ივნისს მომჩივანმა ელექტრონული განცხადებით (ID:--------) მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა --- ტიპის ძრავიანი სამგზავრო გემის ----- („----“) IMO:------ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირება. აღნიშნული განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტების, მათ შორის, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს №--/-- (16.05.2025) წერილის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მითითებული საზღვაო ტრანსპორტი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა 2025 წლის 30 იანვარს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განუხორციელებია დეკლარირება.
აღნიშნულზე მომჩივანს 2025 წლის 13 ივნისის №---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა, საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე დღეს გამოცემული №-----/-- საგადასახადო მოთხოვნით დაერიცხა საურავი – 217 613.29 ლარი.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 აგვისტოს №18641 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-8 მუხლზე, საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270–ე და 272–ე მუხლზე, საბაჟო კოდექსის 163- ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-6 და 165-ე, მუხლებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე. და აღნიშნავს, რომ კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს საბაჟო სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო აქტები და დარიცხული თანხა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის მიერ------ პირველად მოხდა საბორნე გადაზიდვებისთვის განკუთვნილი გემის „-----” შეძენა და მისი შემოყვანა საქართველოში. მოხდა ამ გემის საზღვაო რეგისტრში გატარება და საქართველოს დროშის აღება, რის შემდეგაც დაიწყო ოპერირება. აღნიშნული ბორანის შეძენა განხორციელდა ბანკიდან აღებული დიდი ოდენობის კრედიტით. მის მიერ საბანკო კრედიტით შეძენილი ბორანის მეშვეობით აწარმოებს საზღვაო გადაზიდვებს ----ის საზღვაო ნავსადგურიდან -------ში და პირიქით, რუმინეთიდან ფოთის ნავსადგურის მიმართულებით, შესაბამისად მიღებული შემოსავლები აისახება მისი კომპანიის შემოსავლებში, ხოლო სათანადო საბიუჯეტო გადასახადების გადახდა ასევე სრულად საქართველოს ბიუჯეტში ხორციელდება.
სამწუხაროდ მისთვის უცნობი იყო ის გარემოება, რომ უნდა მოეხდინა აღნიშნული საზღვაო მცურავი საშუალების იმპორტის რეჟიმში მოქცევა, მისი განბაჟება და შესაბამისი იმპორტის დღგ-ის სათანადო წესით დეკლარირება, ვინაიდან ასეთი სახის საზღვაო მცურავი საშუალების ქართული კომპანიის მხრიდან შეძენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო ის ფაქტი, რომ ბორანის საქართველოში შემოყვანის, მისი საზღვაო რეგისტრში გატარებისა და ქართული დროში აღების შემდეგ უნდა მომხდარიყო ამ გემის განბაჟების პროცედურებში მოქცევა და მის ანგარიშში, შესაბამისი იმპორტის დღგ-ს დადეკლარირება, რის გამოც ამ გემის განბაჟების პროცედურების დადგენილ ვადაში დარღვევისთვის დაერიცხა საურავი, ასევე მასზე გავრცელდა 1 000 ლარიანი ჯარიმა.
ამასთან, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მის კონკრეტულ შემთხვევაში სათანადო და დადგენილი წესით იმპორტით განბაჟების პროცედურების ჩატარების პირობებში ამ კონკრეტულ ოპერაციაზე იმპორტის დღგ-ს გადახდის ვადად განსაზღვრულია 45 დღიანი ვადა, რაც თავის მხრივ შესაბამისი თვის დღგ-ს დეკლარაციაში ასახვის გზით ჯერ წინსწრებით იძლევა იმპორტის დღგ-ის ჩათვლის უფლებას, ხოლო 45 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ კომპანიის ბარათზე მოხდებოდა შესაბამისი იმპორტის დღგ-ს თანხის დარიცხვა, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მის კომპანიას მისცემდა დამატებითი ფულადი სახსრების გადახდის გარეშე მოეხდინა განბაჟების პროცედურების გავლა და ჩატარება. ანუ სახეზეა ის გარემოება, რომ მის კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია განბაჟების პროცედურებისგან შეგნებულად თავის არიდებას, ვინაიდან მისი სრულყოფილად და დროულად ჩატარების პირობებში მომჩივნის ამ გემის განბაჟების ანგარიშში დამატებით გადასახდელი თანხა არ ექნებოდა.
ასევე ითხოვს იმ გარემოების გათვალისწინებას, რომ საქართველოს მიმართულებით საზღვაო საბორნე გადაზიდვები ხორციელდება როგორც -------დან, ასევე ------დან, -----დან და ------დან და არცერთი ასეთი ბორნის მფლობელი არაა ქართული კომპანია და ყველა ასეთი გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლების უმეტესი ნაწილი მიემართება ამ ქვეყნების ბიუჯეტში და არა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო მოცემულ შემთხვევაში კი შემოსავლების მიღება, ხელფასების გაცემა, საშემოსავლო, ქონების და ყველა სხვა გადასახადის დარიცხვა და გადახდა ხორციელდება უშუალოდ ქართული კომპანიის მიერ და ისიც მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
გარდა ამისა, ითხოვს იმ ფაქტის გათვალისწინებას, რომ აღნიშნული მცურავი საშუალება შეძენილია საბანკო დაწესებულებიდან აღებული დიდი ოდენობის კრედიტის მეშვეობით, ხოლო ამ ოდენობის საურავების დარიცხვის პირობებში მომჩივანი ვერანაირად ვერ შეძლებს ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებების დროულად და სრულად დაფარვას, ასევე სხვა ვალდებულებების დროულად დაფარვას, რაც მისი კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას ძალზედ დაამძიმებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 10.09.2025 წლის №----21-10 წერილით დგინდება, რომ ---- ტიპის ძრავიანი სამგზავრო გემი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა 2025 წლის 30 იანვარს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა მისი დეკლარირება. შესაბამისად, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად და საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის დაერიცხა საურავი.
ვინაიდან მომჩივნის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა საქონლის დეკლარირება, საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო ორგანოს ქმედება, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის შეფარდების თაობაზე მართებულია და არ ექვემდებარება გაუქმებას.
მომჩივანი ითხოვს როგორც კეთილსინდისიერ გადამხდელს ეპატიოს უცოდინრობის გამო შეფარდებული ჯარიმა-საურავის თანხები, თავის მხრივ კვლავ დასძენს რომ მის ინტერესებში არანაირად არ შედიოდა საბაჟო პროცედურების დარღვევა და განბაჟების პროცედურების დროულად ჩატარების პირობებში მის კომპანიას არანაირი დამატებით გადასახდელი ფულადი თანხა, მათ შორის ჯარიმა - საურავის სახით არ ექნებოდა, რაც ამ ნაწილში მისი მხრიდან არაშეგნებულად დაშვებული შეცდომის ნათელი გამოვლინებაა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მომჩივანმა 2025 წლის 13 ივნისს თავად მიმართა საბაჟო ორგანოს --- ტიპის ძრავიანი სამგზავრო გემის (----- („------“) IMO: ------) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებისთვის, რაც განახორციელა კიდეც. საბჭო, ასევე მიუთითებს, რომ საგადასახადო ვალდებულების დარიცხვისა და შესაბამისად, საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, საქონლის იმპორტთან დაკავშირებული ჩათვლის მიღების პირობებში, საურავის დარიცხვის საფუძველი არ იარსებებდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საურავისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2025 წლის 13 ივნისის №----/--- საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საურავისგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
2025 წლის 13 ივნისს მომჩივანმა ელექტრონული განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა სამგზავრო გემის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირება. აღნიშნული განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტების, მათ შორის, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (16.05.2025) წერილის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მითითებული საზღვაო ტრანსპორტი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა 2025 წლის 30 იანვარს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განუხორციელებია დეკლარირება.
აღნიშნულზე მომჩივანს 2025 წლის 13 ივნისის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა, საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე დღეს გამოცემული საგადასახადო მოთხოვნით დაერიცხა საურავი – 217 613.29 ლარი.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №18641 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან მომჩივნის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა საქონლის დეკლარირება, საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო ორგანოს ქმედება, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის შეფარდების თაობაზე მართებულია და არ ექვემდებარება გაუქმებას.
ამასთან, სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საურავისგან მომჩივანი უნდა განთავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმას: 269(7);
ასევე,საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმას: 165;