გადაწყვეტილება №25662/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.10.2025
№ დოკუმენტი 25662/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25662/2/2025

16 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 16.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25662/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წლის №001-114 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №15996 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 247 234.14 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 150 716.87

დღგ - 52 101.27

საშემოსავლო გადასახადი - 98 615.60

ჯარიმა - 83 652.53

საურავი - 12 864.74

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 7.05.2025 წლის №9009 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 6.06.2025 საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:

შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემების მიხედვით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 15.06.2024 წელი. დღგ-ის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდზე კი შემოწმების შედეგად დადგენილსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობა, საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 158-ე და 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, რის საფუძველზეც მიღებული დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდზე გადანაწილდა გადასახადის გადამხდელის მიერ პერიოდების მიხედვით შეძენილი საქონლის პროპორციულად. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით.

შემმოწმებელმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოწმების შედეგად შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების გათვალისწინებით შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულია საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. საგადასახადო კოდექსის 101-ე, 130-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წლის №13734 ბრძანება და ამავე თარიღის №001-114 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში

შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №15996 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

საგადასახადო შემოწმების აქტისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულისა და სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალაროში ნაღდი ფულისა და სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა. ვინაიდან, წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას, საწარმოს დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ 100 000 ლარს გადააჭარბა და პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 15.06.2024 წელს, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ იყო დარეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. დღგ-ის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდზე კი შემოწმების შედეგად დადგენილსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით, რის საფუძველზეც მიღებული დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდზე გადანაწილდა გადასახადის გადამხდელის მიერ პერიოდების მიხედვით შეძენილი საქონლის პროპორციულად. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულებების მიხედვით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (რპთ), რომელზეც გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. იმპორტის დროს საქონლის აფასებას ადგილი არ ჰქონია, შემოწმების მიერ კი შეძენილი საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა საინვოისო ღირებულებებზე დაყრდნობით. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაცია არ უფიქსირდებოდა, შესაბამისად, შემოწმების მიერ შეუძლებელი იყო გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის დადგენა, რის გამოც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების აუდირებული ფასნამატი. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების მიხედვით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების (რპთ) განსაზღვრა და მასზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქციისა და დამატებითი შემოსავლის დადგენა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმების მიერ დამატებით დადგენილი შემოსავალი, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისათვის.

შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო და დღგ-ის გადასახადები, კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. დღემდე უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა მისი კომპანიის იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. სამწუხაროდ შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია.

ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არარის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

ასევე აღსანიშნია, რომ გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე მისი დოკუმენტური ფასნამატი. ასევე ზოგადად არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული, მაგალითად შპს „ა.ზ. პრინცი 2022“-ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით, შემოწმების შედეგად ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასანამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასანამატი? არსებობს ასევე სხვა არაერთი მსგავსი გადაწყვეტილება.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. როგორც ზემოთ აღინიშნა, არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთი დადგენა. ასევე არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ. „აგროსვა“ და არარსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

მომჩივნის განმარტებით:

- შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისათვის;

- დღემდე უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა მისი კომპანიის იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია;

- უცნობია რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე მისი დოკუმენტური ფასნამატი;

- ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას თუ ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასანამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასანამატი;

- არასწორად გაანგარიშებულმა საწარმოს ფასნამატმა განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთი დადგენა და არარსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა.

საჩივართან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2025 წლის №83741-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას სალაროში ნაღდი ფულისა და სმფ-ების ნაშთი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, შემოწმების პროცესში განისაზღვრა, რომ შესამოწმებელი პერიოდს ბოლოს გადასახადის გადამხდელს სასაქონლომატერიალური მარაგებისა და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებზე დაყრდნობით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით; კერძოდ იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულებების მიხედვით განისაზღვრა რპთ, რომელზეც გავრცელებულია აუდირებული ფასნამატი. მომჩივნის არგუმენტზე აღსანიშნია, რომ იმპორტის დროს საქონლის აფასებას ადგილი არ ჰქონია, შემოწმების შედეგად კი შეძენილი საქონლის თვითღირებულება განსაზღვრულია საინვოისო ღირებულებებზე დაყრდნობით. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაცია არ უფიქსირდება, შესაბამისად შეუძლებელი იყო გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის დადგენა, რის გამოც გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების აუდირებული ფასნამატი. შემოწმების შედეგად შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების გათვალისწინებით შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულია საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.

აღსანიშნავია, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ამასთან, დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომას.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას სალაროში ნაღდი ფულისა და სმფ-ების ნაშთი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, შემოწმების პროცესში განისაზღვრა, რომ შესამოწმებელი პერიოდს ბოლოს გადასახადის გადამხდელს სასაქონლომატერიალური მარაგებისა და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით; კერძოდ იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულებების მიხედვით განისაზღვრა რპთ, რომელზეც გავრცელებულია აუდირებული ფასნამატი. მომჩივნის არგუმენტზე აღსანიშნია, რომ იმპორტის დროს საქონლის აფასებას ადგილი არ ჰქონია, შემოწმების შედეგად კი შეძენილი საქონლის თვითღირებულება განსაზღვრულია საინვოისო ღირებულებებზე დაყრდნობით. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაცია არ უფიქსირდება, შესაბამისად შეუძლებელი იყო გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის დადგენა, რის გამოც გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების აუდირებული ფასნამატი. შემოწმების შედეგად შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების გათვალისწინებით შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულია საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159