ბრძანება N 25818
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25818
10 ნოემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ,,------“ (ს/ნ ----- ) (მის.: ----- )
2026 წლის 15 ივლისის საჩივრის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 4 სექტემბრის და 28 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმები N 79 და N 96), განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) N -----/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლისა და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად 2026 წლის 24, 25, 26 და 30 ივნისს გამოცემულ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 24 ივნისის N ----- „საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ შეტყობინებას.
სადავო საკითხი:
1. საქონლის ზოგადი დეკლარირების ვადის დარღვევა და საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევა;
3. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოშობის კანონიერება.
დარიცხული თანხა:
სსკ-ის 165-ე მუხლის შესაბამისად გამოცემული 29 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით - ჯარიმები, ჯამში 6 400 ₾;
სსკ-ის 176-ე მუხლის შესაბამისად გამოცემული 29 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით - ჯარიმები, ჯამში 174 000 ₾.
საკითხი N 1
საბაჟო დეპარტამენტი:
საბაჟო დეპარტამენტში განხორციელებული შესწავლისას გამოირკვა, რომ 2025 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის 20 მარტის ჩათვლით პერიოდში საბაჟო საწყობი შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიერ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ----- ტრანსპორტით შემოტანილი, ----- მომიჯნავე საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის ზოგადი დეკლარირების განხორციელებისთვის, სსიპ – შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან, საბაჟო ორგანოსათვის მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ის „მეშვეობით (მოდული „ფორმა 333“) წარდგენილი 20 207 ჩანაწერის შესწავლისა და ანალიზის შედეგად, 49 -----ზედდებულზე გამოვლინდა ზოგადი დეკლარირების დადგენილ ვადაში განუხორციელებლობის ფაქტი, რომლებზეც განხორციელდა შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, განსახილველ შემთხვევაში – 29 -----ზედდებულზე.
ვინაიდან შპს „-----“ მიერ დაირღვა ზოგადი დეკლარირებისთვის განსაზღვრული ვადა, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის შედგენილ იქნა 29 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რაზეც სანქციამ ჯარიმის სახით შეადგინა ჯამში 6 400 ლარი. ამასთან, საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევისთვის, ამავე კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ასევე გამოიწერა 29 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და სანქციამ ჯარიმის სახით შედგინა ჯამში 174 000 ლარი (თითოეული ოქმით 6 000 ლარი).
მომჩივნის პოზიცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კანონმდებლობით მოთხოვნილი ე.წ. ფორმა N 333-ში მისაწოდებელი ინფორმაციისათვის აუცილებლად საჭიროა, როგორც ავიაზედდებულის ქონა ასევე ტვირთის ფიზიკურად მითვლა და გადამოწმება, რათა არ მოხდეს საბაჟოს შეცდომაში შეყვანა. ამასთან ფორმა N 333 გრაფები არ არის ტექნიკურად სწორად გამართული და მხოლოდ ჩამოფრენის დრო და თარიღის ჩაწერის საშუალებაა და არა კონკრეტულად ტერმინალში ტვირთის მიღების ან/და საბუთის მიღების თარიღის გრაფა. ამავდროულად ნაკლული ინფორმაციის შემთხვევაში, ტექნიკურად ვერ ხერხდება შევსებული ინფორმაციის დადასტურება. საბაჟო ორგანოს მხრიდან მოთხოვნა იყო ჩაწერილიყო თვითმფრინავის ჩამოფრენის თარიღი, რომელიც დადასტურებისას ავტომატურად და შეცდომით ჯდება ტერმინალში მიღების თარიღად, რაც არასწორია. სადავო აქტებთან დაკავშირებით, ერთ შემთხვევაში, რომ ფიზიკურად ტვირთი არ მიუღია, ხოლო მეორე შემთხვევაში დოკუმენტი ტექნიკურად არ ეძლევა საშუალებას დროულად მიაწოდოს კანონით მოთხოვნილი ინფორმაცია, არაერთხელ გამართულა კონსულტაციები საბაჟო ორგანოსთან, თუმცა პროგრამის შესწორება არ ხდება.
ამასთან, გასაჩივრებული აქტები ყველა გამოწერილია ავიაზედდებულებთან დაკავშირებით, რომლებიც მიიღეს და მათზე ინფორმაცია ატვირთეს 2026 წლის პირველ იანვრამდე, შესაბამისად ყველა გასაჩივრებული სამართალდარღვევის აქტი გახლავთ კანონის დარღვევით გამოცემული, ვინაიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა (რა ვადაც გაუშვა საბაჟო დეპარტამენტმა).
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 5) მე-2 მუხლის 21 პუნქტის თანახმად, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი, საერთაშორისო აეროპორტის მომიჯნავე საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საქონლის საბაჟო საწყობში განთავსებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი, საერთაშორისო აეროპორტის მომიჯნავე საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის შემთხვევაში ზოგად დეკლარირებას ახორციელებს შესაბამისი საბაჟო საწყობის მფლობელი.
მითითებული ინსტრუქციის მე-3 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრულია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი, საერთაშორისო აეროპორტის მომიჯნავე საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება შესაბამისი საბაჟო საწყობის მფლობელის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის საფუძველზე სსიპ – შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან საბაჟო ორგანოსათვის ინფორმაციის მიწოდებით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება - მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
კანონმდებლობა პირს, რომელსაც მოეთხოვება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე განსახორციელებელი ქმედება, აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის ზოგადი დეკლარირების ვადის დარღვევას და ასევე საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობის განმეორებით დარღვევას, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლითა და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და არგუმენტები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საკითხი N 2
ვალის მართვის დეპარტამენტი:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2026 წლის 25 ივნისის N -----/----- შეტყობინებით გაუქმდა შპს „-----" (ს/ნ ----- ) ქონებაზე 2026 წლის 24 ივნისის N -----/----- შეტყობინების საფუძველზე, გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
მომჩივნის პოზიცია:
საჩივრის ავტორი ასევე უთითებს 2026 წლის 24 ივნისის N -----/----- შეტყობინებით ქონებაზე იპოთეკის/გირავნობის გავრცელება მოცემულ ეტაპზე წარმოადგენს არაპროპორციულ, არამიზანშეწონილ და ფაქტობრივი გარემოებებით გაუმართლებელ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.
2026 წლის 25 ივნისის N -----/----- საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების შესახებ შეტყობინებით შპს „-----“ (ს/ნ ----- ) ქონებაზე 2026 წლის 24 ივნისის N ----- შეტყობინების საფუძველზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება გაუქმდა. შესაბამისად, არ არსებობს დავის საგანი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2026 წლის 24 ივნისის N -----/----- შეტყობინების გასაჩივრების ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს, სადავო აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საბაჟო დეპარტამენტში განხორციელებული შესწავლისას გამოირკვა, რომ საბაჟო საწყობმა დაარღვია საქონლის ზოგადი დეკლარირების ვადები. დარღვევების გამო შედგა სამართალდარღვევის ოქმები და კომპანიას დაეკისრა მნიშვნელოვანი ოდენობის ჯარიმები.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი ხოლო რაც შეეხება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის საკითხს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 127(3); 165; 176;.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(დ);.