ბრძანება N 15191

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.07.2025
№ დოკუმენტი 15191
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15191

04 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ----- (ს/ნ -----) (მის.: -------)

2025 წლის 12 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 ივნისის სხდომაზე (ოქმი N 51) განიხილა შპს „-----ის“ (ს/ნ -----) N 96195/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 5 ივნისის N EL286907 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და N EL11114/67 (N 006-67) საგადასახადო მოთხოვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2021 წლის 7 დეკემბერს საქართველოში განახორციელა 2000 ცალი ელექტრონული სიგარეტის შემოტანა, საიდანაც 1000 ერთეული გაიმპორტდა 2021 წლის 24 დეკემბერს, ხოლო დარჩენილი 1000 ერთეული სრულად დარჩა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო საწყობიდან არ გაუტანია. საბაჟო დეპარტამენტი ედავება საქონლის უკანონო განკარგვას, რასაც არ ეთანხმება, ვინაიდან კომპანიას დარჩენილ ტვირთთან არც ერთ ეტაპზე არ ჰქონდა წვდომა საბაჟო საწყობში. შესაბამისად, მისი მონაწილეობით საქონლის უკანონო განკარგვა ვერ მოხდებოდა

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტებით დარიცხული თანხების გაუქმებას

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 22 მაისს გაფორმების ეკონომიკურ ზონა „აეროპორტს“ N ----- /21-10-20 განცხადებით მიმართა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელმა – შპს „------მა“ (ს/ნ -----) და აცნობა, რომ კომპანიის მიერ შიდა აუდიტის ჩატარებისას გამოვლენილ იქნა საქონლის დანაკლისი, კერძოდ, შპს „-----ს“ (ს/ნ -----) მიერ N ----(07/12/2021) საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლიდან (2 000 ცალი ელ. სიგარეტი) ნაწილი (1 000 ცალი) მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, ხოლო დარჩენილი რაოდენობა (1 000 ცალი) არც გაფორმებული იყო და არც საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე არ არის განთავსებული.

შესაბამისად, გამოვლენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172- ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 5 ივნისს შედგენილ იქნა N EL286907 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----ს“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო საწყობთან (შპს „-----“) სოლიდარულად და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3435.98 ლარის ოდენობით. ამასთანავე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე, 64-ე მუხლებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე, 272-ე მუხლების გათვალისწინებით, გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა N EL11114/67, რომლითაც ვალდებულ პირს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი და საურავი 4389.15 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად განკარგვამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:

ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;

ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს საბაჟო საწყობის პროცედურაში საქონლის მოქცევასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი მიუთითებს:

1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:

ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;

ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.

ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებული არ არის საბაჟო დეკლარაციის წარდგენასთან, საბაჟო ორგანო ვალდებულ პირს უგზავნის საგადასახადო მოთხოვნას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლი ადგენა, რომ საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-5 ნაწილით, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივნის მიერ N ----- (07/12/2021) საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლიდან (2 000 ცალი ელ. სიგარეტი) ნაწილი (1 000 ცალი) მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, ხოლო დარჩენილი რაოდენობა (1 000 ცალი) არც გაფორმებული იყო და არც საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე არ არის განთავსებული. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, ხოლო ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელთან ერთად სოლიდარულად დაკისრება მართლზომიერია.

ვინაიდან არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ასეთ შემთხვევაში საბაჟო ორგანო აფიქსირებს საბაჟო სამართალდარღვევას და პირს წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას წარმოშობილ ვალდებულებაზე. ამდენად, მომჩივნისთვის უკანონოდ განკარგულ/დაკარგულ/განადგურებულ საქონელზე იმ ოდენობის იმპორტის გადასახდელის დარიცხვა, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავის დაკისრებაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს, რომ საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოშობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დარიცხული თანხა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----ის“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო აქტებით დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

2025 წლის 22 მაისს გაფორმების ეკონომიკურ ზონას განცხადებით მიმართა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელმა და აცნობა, რომ კომპანიის მიერ შიდა აუდიტის ჩატარებისას გამოვლენილ იქნა საქონლის დანაკლისი. კერძოდ, კომპანიის მიერ საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლიდან ნაწილი მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, ხოლო დარჩენილი რაოდენობა არც გაფორმებული იყო და არც საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე არ არის განთავსებული. პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო საწყობთან სოლიდარულად და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა, გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა რომლითაც ვალდებულ პირს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი და საურავი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დარიცხული თანხა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 272.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 172.