გადაწყვეტილება №23409/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23409/2/2024
13 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 1.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23409/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2023 წლის №007-348 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.06.2024 წლის №13566 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 109 917,97 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 73 831
დღგ - 27 969
საშემოსავლო გადასახადი - 45 862
ჯარიმა - 29 980
საურავი - 6 106,97
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.07.2023 წლამდე პერიოდი. აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების პარალელურად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №15966 ბრძანების შესაბამისად დაინიშნა საზოგადოების კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ფაქტობრივი ნაშთის დადგენის მიზნით. ინვენტარიზაციის მასალებიდან ირკვევა, გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური მარაგების ფაქტობრივი ნაშთი 5.07.2023 წლის მდგომარეობით განესაზღვრა 1 111 783 ლარის ოდენობით (პირვანდელი ღირებულებით). საზოგადოებას ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ აქვს კანონით დადგენილი წესით. დეკლარირებული ბრუნვის მცირე ნაწილი არის დოკუმენტური, საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო განხორციელებული შეძენები და დოკუმენტური რეალიზაციები და განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში მთლიანი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, საიდანაც გამოიყო დოკუმენტით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და დარჩენილ რპთ-ზე, რომელიც წარმოადგენდა საცალოდ გაყიდული პროდუქციის რპთ-ს, გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი საშუალო ფასნამატი.
შედეგად, მიღებული იქნა შესამოწმებელ პერიოდში საცალოდ რეალიზებული პროდუქციიდან შემოსავალი, რასაც დაემატა შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტური რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი. ასეთი სახით დადგენილ იქნა შემოწმების შედეგად მიღებული შემოსავალი, რაც შეუდარდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ შემოსავალს და გამოვლენილი იქნა სხვაობა, რაზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და გადასახადის შემცირებისთვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოწმების შედეგად მიღებული შემოსავლების და ხარჯების ანალიზის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დამატებით გამოვლენილი შემოსავალი განხილული იქნა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2023 წლის №007-348 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.01.2024 წლის №235 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 21.05.2024 წლის №22099/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 12.01.2024 წლის №235 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 21.05.2024 წლის №22099/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 10.06.2024 წლის №13566 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე, 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე2 მუხლებზე, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე, 161-ე, 159-ე, 163- ე, 164-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო შემოწმებით ასევე დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №15966 ბრძანების შესაბამისად საწარმოში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით, სასაქონლო-მატერიალური მარაგების ფაქტობრივი ნაშთი 5.07.2023 წლის მდგომარეობით შეადგენს 1 111 783 ლარს (პირვანდელი ღირებულებით). საწარმოს მიერ დეკლარირებული ბრუნვის მცირე ნაწილი არის დოკუმენტური. ვინაიდან, საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ აქვს დადგენილი წესით, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დამუშავებული იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული შეძენები და დოკუმენტური რეალიზაციები და განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში მთლიანი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, საიდანაც გამოიყო დოკუმენტით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და დარჩენილ რპთ-ზე, რომელიც წარმოადგენდა საცალოდ გაყიდული პროდუქციის რპთ-ს, გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი საშუალო ფასნამატი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საკითხი ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის არგუმენტაციაზე, რომ 2022 წლის ივნისის თვეში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები შესაბამისობაშია დოკუმენტურ რეალიზაციებში გამოყენებულ ფასნამატთან.
კერძოდ, პირველი ინვენტარიზაციის (ივნისი 2022) შედეგებიდან გამოყვანილი ფასნამატი დაემთხვა კომპანიის მიერ დეკლარირებულ ფასნამატს და არაპირდაპირი მეთოდის ფარგლებში გადამხდელს დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები არ ერიცხებოდა. თუმცა, შემოწმების მიერ შესამოწმებელი პერიოდის რეალიზაციებზე გამოყენებულ იქნა 2023 წლის ივლისის თვეში ჩატარებული ინვენტარიზაციისას დადგენილი ფასნამატები. გადამხდელი ითხოვს 2020-2022 წლებზე გავრცელებულ იქნას 2022 წლის ივნისის თვის ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე გამოყვანილი ფასნამატი, ხოლო 2023 წელზე - ამავე წლის ივლისის თვის ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე დადგენილი ფასნამატი
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელთან 2022 წელს ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და აღნიშნული ინვენტარიზაციის საფუძველზე გამოყვანილია შედეგები, 2023 წელს ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგების გადავრცელება 2020, 2021 და 2022 წლებზე არამართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2022 წლის ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი გაავრცელოს 2020-2022 წლებში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, ხოლო 2023 წლის ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი 2023 წელს რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა 10.06.2024 წლის №13566 ბრძანების გამოცემისას არ გაითვალისწინა ადმინისტრაციულ საჩივარში დაფიქსირებული მოთხოვნა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულად მოხდეს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ფარგლებში საწარმოსათვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დარიცხული გადასახადების ანულირება, თუ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები საწარმოს მიერ დეკლარირებულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით არაარსებითია 5%-ზე ნაკლებია, რაც საბჭოს მიერ დადგენილი პრაქტიკით შეიძლება მიჩნეული იქნას არაპირდაპირი მეთოდის დასაშვებ ცდომილებად.
შემოსავლების სამსახურმა ნაწილობრივ აღასრულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.05.2024 წლის №22099/2/2024 გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში დარჩა აღუსრულებელი. სწორედ ამიტომ, ითხოვს შემოსავლების სამსახურის 10.06.2024 წლის №13566 ბრძანების ნაწილობრივ (დაუკმაყოფილებლობის ნაწილში) ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საზოგადოებას ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ აქვს კანონით დადგენილი წესით. დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მცირე ნაწილს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილია 5.07.2023 წლის მდგომარეობით სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი 1 111 783 ლარის ოდენობით (პირვანდელი ღირებულებით). საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი საშუალო ფასნამატი.
შემოსავლების სამსახურის 10.06.2024 წლის №13566 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 2022 წლის ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი გაავრცელოს 2020-2022 წლებში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, ხოლო 2023 წლის ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი 2023 წელს რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 10.06.2024 წლის №13566 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 10.06.2024 წლის №13566 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
საბჭოს 21.05.2024 წლის №22099/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 12.01.2024 წლის №235 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 21.05.2024 წლის №22099/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 10.06.2024 წლის №13566 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 10.06.2024 წლის №13566 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),101,154,302.