ბრძანება N 9008
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 9008
26.04.2023
შპს „-----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ------------------)
2022 წლის 6 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 აპრილის სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ -----------) 6 დეკემბრის №221074/01 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 ნოემბრის №006-497 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოდგენს მეორადი საქონლით ვაჭრობა (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშო, ჩანთა და სხვა), ხოლო სხვა რაიმე სახის შემოსავლების მიღება არ უფიქსირდება. ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს მემორიალური ორდერებით და არ გააჩნიათ ბუღალტრული პროგრამა. აქვს მხოლოდ ერთი საწყობი მდებარე -------- ში, საიდანც ხდება საქონლის რეალიზაციას (ყველა რეალიზაცია ხდება მხოლოდ სათანადო ზედნადებით). საქონლის შეძენას ახდენს როგორ ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ხდება იმპორტით შემოტანა სხვადასხვა ევროპის ქვეყნებიდან, რაზეც ასევე გააჩნია შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია. გადამხდელი უთითებს შეძენილი და რეალიზებული საქონლის ოდენობაზე, ასევე სმფ-ების ნაშთებზე. აგრეთვე, უთითებს საწყის და საბოლოო ნაღდი ფულის ნაშთებზე და დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების ოდენობებზე.
აცხადებს, რომ 28.02%-იანი ფასნამატი წარმოადგენს არარეალურს, რადგან ისინი ახდენენ მეორადი საქონლით ვაჭრობას, რომელიც არის მესამე კატეგორიის. ხოლო იმ გარემოების გამო, რომ ბაზარი გაჯერებულია მეორადი ტანსაცმლით ამ ფასნამატით ვაჭრობა არის შეუძლებელი. რეალური ფასნამატი, რომლითაც რეალიზაცია ხდებოდა არის თვითღირებულებას დამატებული 8%. ამასთან, მიუთითებს, რომ შემოწმების მიმდინარეობისას მოთხოვილი იქნა ფიზიკური პირებისგან მათ მიერ შეძენილი საქონლის (რაოდენობის და ფასის) დადასტურება, თუმცა ფიზიკურმა პირებმა მხოლოდ სიტყვიერად დაადასტურეს საქონლის შეძენის ფაქტები, მაგრამ ხელმოწერილი ახსნა-განმარტების წარმოდგენაზე უარი განაცხადეს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 იანვრის №1676 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 4 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 9 ნოემბრის №28113 ბრძანება და ამავე თარიღის №006-497 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 114 882 ლარი, მათ შორის, გადასახადი 68 533 ლარი, ჯარიმა 32 863 ლარი, საურავი 13 486 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:
გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს იმპორტით შემოტანილი/ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი მეორადი საქონლის (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თეთრეული, სათამაშო, ჩანთა) რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. საწარმო ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა ქ. -----ში -------- ქუჩა №- ში არსებულ საწყობში. წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას სააღრიცხვო პროგრამის საშუალებით. საწარმოში 01.01.2015-01.05.2018 წლების საანგარიშო პერიოდზე ჩატარებული იყო საგადასახადო შემოწმება, რომლის ფარგლებშიც დადგინდა, რომ საწარმოს მიერ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული მყიდველი ფიზიკური პირები არ ადასტურებდნენ საქონლის შესყიდვის ფაქტს. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა გარკვეულ ფიზიკურ პირებზე სასაქონლო ზედნადებით გაყიდული საქონლის რეალიზაციის ფაქტის დადასტურება. თუმცა წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში გადამხდელი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფიზიკური პირები უარს აცხადებენ აღნიშნული რეალიზაციის ფაქტის დადასტურებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ფიზიკურ პირებზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელებთან დაფიქსირებული ფასნამატი (28%). აღნიშნულმა გამოიწვია საწარმოს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ზრდა. საწარმოს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების მიმდინარეობისას განხორციელდა ფულადი სახსრების ანალიზი, რომლის ფარგლებშიც დადგინდა, რომ საწარმოს 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გამოუვლინდა ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთი 311 998 ლარის ოდენობით. გადამხდელი წარმოდგენილ ახსნაგანმარტებაში აღნიშნავს, რომ მას 01.01.2022-ის მდგომარეობით ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა (ასევე არ უფიქსირდება ანგარიშვალდებული პირის მიმართ არსებული მოთხოვნაც). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთიდან ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს სჭირდებოდა 01.01.2022-ის მდგომარეობით არსებული კრედიტორული დავალიანების (105 358 ლარი) დასაფარად ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ფ/პ -----------ზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
ზემოაღნიშნულთან ერთად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილ ნაღდი ფულის ნაშთს გამოაკლდა შემოწმებით საწარმოს დირექტორზე სესხად კვალიფიცირებული თანხა 105 358 ლარი და დარჩენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ფ/პ ----------------ზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ საწარმო როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე ახდენს მეორადი საქონლის რეალიზაციას, ამასთან ფიზიკურ პირებებზე რეალიზაციის წილმა მთლიან რეალიზაციაში შეადგინა 54% (309 636 ლარი). შემოწმების მიმდინარეობისას მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია (ურთიერთშედარების აქტები) ფიზიკური პირების მიერ შეძენილი საქონლის რაოდენობის და ფასის შესახებ, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა არ მომხდარა. აგრეთვე, გადამხდელი სრულყოფილად არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ფიზიკურ პირებზე გაწერილი სასაქონლო ზედნადებების თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელებთან დაფიქსირებული ფასნამატი (28%). ამასთან, სადავო საკითხთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოწმების მიერ განხორციელდა რამოდენიმე დებიტორ ფიზიკურ პირთან დაკავშირება და რომლებმაც აღნიშნული საქონლის შეძენის ფაქტები სატელეფონო საუბარში არ დაადასტურეს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, განისაზღვრა სმფ-ების საწყისი ნაშთი, ხოლო გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებულ საწყის ნაშთსა და არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად და დაექვემდებარა დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის ეტაპზე, გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელმა ვერ მოახდინა გარკვეულ ფიზიკურ პირებზე სასაქონლო ზედნადებით გაყიდული საქონლის რეალიზაციის ფაქტის დადასტურება. ფიზიკურ პირებზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელებთან დაფიქსირებული ფასნამატი (28%). აღნიშნულმა გამოიწვია საწარმოს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ზრდა. საწარმოს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთიდან ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს სჭირდებოდა 01.01.2022-ის მდგომარეობით არსებული კრედიტორული დავალიანების დასაფარად ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
ზემოაღნიშნულთან ერთად შემოწმებით დადგენილ ნაღდი ფულის ნაშთს გამოაკლდა შემოწმებით საწარმოს დირექტორზე სესხად კვალიფიცირებული თანხა და დარჩენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49(1), 61(3), 136(3), 73, 174, 159(1), 163(1), 164(1), 101(1), 154(1), 97(1), 982(3)"ზ"(8).
2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1).