გადაწყვეტილება №20193/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20193/2/2023
11 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------ს 6.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20193/2/2023).
დავის საგანი:
საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 3.05.2023 წლის №EL208370 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 3.05.2023 წლის №EL208373 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. საბაჟო დეპარტამენტის 3.05.2023 წლის №EL208376 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
4. საბაჟო დეპარტამენტის 3.05.2023 წლის №EL208379 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
5. საბაჟო დეპარტამენტის 3.05.2023 წლის №EL208382 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
6. შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №14199 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 21 628,88 ლარი (ჯარიმა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით)
ჯარიმა - 1 144,06
ჯარიმა - 13 121,29
ჯარიმა - 5 988,45
ჯარიმა - 585,74
ჯარიმა - 789,34
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 4.11.2022 წლის №27842 ბრძანების საფუძველზე 7.11.2022 წლიდან 18.11.2022 წლის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა კონტროლი მომჩივნის კუთვნილი საბაჟო საწყობის (WHS212856248) საქმიანობის სანებართვო პირობების შესრულებაზე.
აღნიშნული ბრძანების ფარგლებში საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოხდა საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის დათვლა და საწყობის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი საქონლის ფაქტიური რაოდენობის დეკლარირებულთან შედარება.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა საბაჟო საწყობში შენახული საქონლის დანაკლისი, კერძოდ:
- სიგარეტი 1 032 კოლოფი. საბაჟო საწყობში 21.12.2021 წლის №69400/C9388 საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული, შპს ------ს (ს/ნ ------) კუთვნილი სიგარეტის 525 000 კოლოფის ნაცვლად, განთავსებული იყო 523 968 კოლოფი. საქონლის დანაკლისის (1 032 კოლოფი სიგარეტი) საბაჟო ღირებულებამ ინვოისის მიხედვით შეადგინა 823,12 ლარი, ხოლო შესაბამისმა იმპორტის გადასახდელებმა 5 988,45 ლარი (იმპორტის გადასახადი - 99 ლარი, აქციზის გადასახადი - 4 850,4 ლარი, დღგ - 1 039,05 ლარი). საბაჟო დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №EL69400/82 საგადასახადო მოთხოვნით შპს -------ს (ს/ნ -------) უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელი და საურავი – 887,8 ლარის ოდენობით;
- სიგარეტი 2 331 კოლოფი. საბაჟო საწყობში 11.11.2021 წლის №69400/C8274 საბაჟო დეკლარაციით დასაწყობდა, შპს ------ს (ს/ნ -------) კუთვნილი 441 500 კოლოფი სიგარეტი, აღნიშნული სიგარეტის ნაწილი – 134 000 კოლოფი 23.12.2021 წელს გატანილ იქნა საბაჟო საწყობიდან №11111/C174213 საბაჟო დეკლარაციით, შემოწმების მომენტისთვის საბაჟო საწყობში ნაშთის სახით არსებული სიგარეტის 307 500 კოლოფის ნაცვლად, აღმოჩნდა მხოლოდ 305 169 კოლოფი სიგარეტი. საქონლის დანაკლისის (2 331 კოლოფი სიგარეტი) საბაჟო ღირებულებამ ინვოისის მიხედვით შეადგინა 587,84 ლარი, ხოლო შესაბამისმა იმპორტის გადასახდელებმა 13 121,29 ლარი (იმპორტის გადასახადი - 72 ლარი, აქციზის გადასახადი - 10 955,7 ლარი, დღგ - 2 093,59 ლარი). საბაჟო დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №EL69400/83 საგადასახადო მოთხოვნით შპს ------ს (ს/ნ -------) უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელი და საურავი – 3 155,34 ლარის ოდენობით;
- არაყი 48 ბოთლი. საბაჟო საწყობში 3.11.2021 წლის №69400/C7955 საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული, შპს ------ს (ს/ნ -----) კუთვნილი არაყის 13 200 ბოთლის ნაცვლად, განთავსებული იყო 13 152 ბოთლი. საქონლის დანაკლისის (48 ბოთლი არაყი) საბაჟო ღირებულებამ ინვოისის მიხედვით შეადგინა 349,73 ლარი, ხოლო შესაბამისმა იმპორტის გადასახდელებმა 585,74 ლარი (იმპორტის გადასახადი - 119,04 ლარი, აქციზის გადასახადი - 324 ლარი, დღგ - 142,7 ლარი). საბაჟო დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №EL69400/87 საგადასახადო მოთხოვნით შპს --------ს (ს/ნ --------) უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელი და საურავი – 145,27 ლარის ოდენობით;
- არაყი 80 ბოთლი. საბაჟო საწყობში 16.12.2021 წლის №69400/C9236 საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული, შპს ---------ს (ს/ნ ---------) კუთვნილი არაყის 13 200 ბოთლის ნაცვლად, განთავსებული იყო 13 120 ბოთლი. საქონლის დანაკლისის (80 ბოთლი არაყი) საბაჟო ღირებულებამ ინვოისის მიხედვით შეადგინა 141,16 ლარი, ხოლო შესაბამისმა იმპორტის გადასახდელებმა 789,34 ლარი (იმპორტის გადასახადი - 167,4 ლარი, აქციზის გადასახადი - 480 ლარი, დღგ - 141,94 ლარი). საბაჟო დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №EL69400/86 საგადასახადო მოთხოვნით შპს -------ს (ს/ნ -------) უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელი და საურავი – 181,94 ლარის ოდენობით;
- არაყი 106 ბოთლი. საბაჟო საწყობში 15.10.2021 წლის №69400/C7373 საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული, შპს --------ს (ს/ნ --------) კუთვნილი არაყის 13 200 ბოთლის ნაცვლად, განთავსებული იყო 13 094 ბოთლი. საქონლის დანაკლისის (106 ბოთლი არაყი) საბაჟო ღირებულებამ ინვოისის მიხედვით შეადგინა 182,96 ლარი, ხოლო შესაბამისმა იმპორტის გადასახდელებმა 1 055,77 ლარი (იმპორტის გადასახადი - 230,81 ლარი, აქციზის გადასახადი - 636 ლარი, დღგ - 188.96 ლარი). საბაჟო დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №EL69400/85 საგადასახადო მოთხოვნით შპს --------ს (ს/ნ -------) უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელი და საურავი – 261,83 ლარის ოდენობით;
- სიგარეტი 202 კოლოფი. საბაჟო საწყობში 11.11.2021 წლის №69400/C8260 საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული, შპს --------ს (ს/ნ ------) კუთვნილი სიგარეტის 890 000 კოლოფის ნაცვლად, განთავსებული იყო 889 798 კოლოფი. საქონლის დანაკლისის (202 კოლოფი სიგარეტი) საბაჟო ღირებულებამ ინვოისის მიხედვით შეადგინა 71,32 ლარი, ხოლო შესაბამისმა იმპორტის გადასახდელებმა 1 144,06 ლარი (იმპორტის გადასახადი - 9 ლარი, აქციზის გადასახადი - 949,4 ლარი. დღგ - 185,66 ლარი). საბაჟო დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №EL69400/84 საგადასახადო მოთხოვნით შპს --------ს (ს/ნ ------) უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელი და საურავი – 283,73 ლარის ოდენობით.
საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვის ფაქტზე, მომჩივანს, საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელებთან (შპს ------- (ს/ნ ------) და შპს ------- (ს/ნ ---------)) ერთად, საბაჟო დეპარტამენტის 3.05.2023 წლის №EL208376, №EL208373, №EL208370, №EL208379, №EL208382 და №EL208386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, სოლიდარულად დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.
საბაჟო დეპარტამენტის 3.05.2023 წლის №EL208370, №EL208373, №EL208376, №EL208379 და №EL208382 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №14199 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ჯ“ ქვეპუნქტზე, 122-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ და „თ“ ქვეპუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, და საგულისხმოდ მიაჩნია შემდეგი გარემოებები:
- სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო შეთანხმება დამტკიცებულია იმ გარემოების გამო, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის პირველი ნაწილი).
- საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბრალდებულს განემარტება, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, სასამართლოს განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირი გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს პირს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 210-ე მუხლის 12 ნაწილი).
- სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა შორის არის ასევე, 18.11.2022 წლის №01- WHS212856248-2022 შემოწმების აქტიც, სადაც დაფიქსირებულია საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის დანაკლისები.
- შპს ------ს (ს/ნ -----) დირექტორმა – -------- (პ/ნ -------) აღიარა დანაშაულის ჩადენა და სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საგადასახადო მოთხოვნები) არ გაუხდია სადავოდ.
რაც შეეხება მომჩივნის მიერ საჩივარში მოყვანილ არგუმენტს, რომ ვინაიდან მიბარებული საქონლის დანაკლისი არ აღემატება 3%-ს, საბაჟო პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №9) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ითვალისწინებს იმ შემთხვევას, თუ საბაჟო საწყობში შენახული საქონლის დანაკლისი არ აღემატება დეკლარირებული რაოდენობის 3 პროცენტს, საბაჟო ორგანო საბაჟო დეკლარაციაში შესაბამის ცვლილებებს ახორციელებს დეკლარანტის მიერ გაცხადებული და საბაჟო საწყობის მიერ დადასტურებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით.
მომჩივანს პასუხისმგებლობა დაეკისრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს მომართვის საფუძველზე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 4.11.2022 წლის №27842 ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ 7.11.2022 წლიდან 18.11.2022 წლის ჩათვლით პერიოდში შპს --------ს (ს/ნ -------) კუთვნილი საბაჟო საწყობის მიერ (WHS212856248; GEA26) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების შედეგების საფუძველზე (18.11.2022 წლის №01-WHS212856248-2022 შემოწმების აქტი). შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტი არ გამომდინარეობს იმ სამართლებრივი ნორმიდან, რომელსაც არეგულირებს შესაბამისი ინსტრუქციის მითითებული ნორმა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
20.10.2021 წელს შპს -------ს (სნ -------) და შპს ---------ს (ს/ნ ---------) შორის გაფორმებული მიბარების ხელშეკრულების ფარგლებში საბაჟო საწყობი ახორციელებდა მიბარებული ქონების დასაწყობებას და შენახვას.
საბაჟო საწყობში 21.12.2021 წელს შპს -------ს კუთვნილი სიგარეტის დასაწყობებისას სიგარეტის შემოტანა მოხდა არა დაშლილად ცალ-ცალკე კოლოფებით, არამედ დალუქული ყუთების მეშვეობით. შესაბამისად დასაწყობებისას შპს --------ს მხრიდან მოხდა ყუთების რაოდენობის გადათვლა და სიგარეტის რაოდენობის ამ გზით დადგენა. ხოლო დასახელებული ყუთების გახსნა არ მომხდარა შემნახველის მხრიდან (რისი არც ვალდებულება და არც უფლება საბაჟო საწყობს არ გააჩნდა). კომპანიის საწყობში არასდროს დარღვეულა ლუქების მთლიანობა და მასში განთავსებულ საქონელს არ დამუქრებია დაკარგვის საფრთხე.
7.11.2022 წლიდან 18.11.2022 წლის ჩათვლით შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს -------ს საბაჟო საწყობის შემოწმება, რის შემდეგაც დასახელებული უწყების მიერ 18.11.2022 წელს შედგა შემოწმების აქტი 01-WHS212856248-2022. შემოწმების აქტით დადგენილი იქნა დანაკლისი, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩათვლილ იქნა როგორც უკანონო განკარგვა და დარიცხული იქნა შესაბამისი იმპორტის გადასახდელები და კომპანიას შემოსავლების სამსახურის 22.03.2023 წლის №EL69400/82 (021-82), №EL69400/83 (021-83), №EL69400/84 (021-84), №EL69400/85 (021-85), №EL69400/86 (021-86), №EL69400/87 (021-87) საგადასახადო მოთხოვნების შესაბამისად დაკისრა გადასახადების გადახდა - 22 684,65 ლარის ოდენობით.
აქტით დარიცხული თანხა გადახდილი იქნა სრულად კომპანიის მიერ, მითითებულ სახაზინო ანგარიშზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტები მათი კანონიერების შესწავლის მიზნით გასაჩივრებული იქნა კანონით დადგენილი წესით და მიმდინარეობს განხილვა.
ამავე დროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით შპს --------ს დირექტორი -------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, რაც ასევე გადახდილი იქნა მის მიერ.
ამის შემდეგ საბაჟო დეპარტამენტის მიერ ამავე საქმეზე გამოცემული იქნა 3.05.2023 წლის №EL208370, №EL208373, №EL208376, №EL208379 და №EL208382 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იქნა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას.
აღნიშნულის მუხლის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, რაც იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით, რაც გასაჩივრებული იქნა კანონით დადგენილი წესით, რაზეც შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №14199 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი. აღნიშნული ბრძანება არის არასწორი და არაკანონიერი.
20.10.2021 წელს შპს -------ს (სნ -------), შპს -------ს (ს/ნ -------) და შპს -------ს (ს/ნ -------) შორის გაფორმებული მიბარების ხელშეკრულების შესაბამისად შპს -------- ახორციელებდა მიბარებული ქონების დასაწყობებას და შენახვას.
21.12.2021 წელს როგორც შპს -------ს კუთვნილი სიგარეტისა და შპს -------ს კუთვნილი არაყის დასაწყობებისას ორივე შემთხვევაში საქონლის შემოტანა განხორციელდა არა დაშლილ მდგომარეობაში (ცალ-ცალკე კოლოფებით), არამედ დალუქული ყუთების მეშვეობით. შესაბამისად დასაწყობებისას მოხდა შპს ---------ს მიერ ყუთების გადათვლა და სიგარეტის რაოდენობის ამ მხრივ დადგენა, ხოლო დასახელებული ყუთების გახსნა არ მომხდარა შემნახველის მხრიდან (რისი პირველ რიგში ვალდებულება და მითუმეტეს უფლება არ გააჩნდა, რადგანაც ყუთების გახსნა გამოიწვევდა სასაქონლო სახის დარღვევას).
ხოლო 7.11.2021 წლიდან 18.11.2022 წლის ჩათვლით შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული შპს -------ს საბაჟო საწყობის შემოწმების შედეგად 18.11.2021 წლის შემოწმების აქტში №01-WHS212856248-2022, დაფიქსირებული გარემოებების თანახმად:
1. შპს -------ს კუთვნილი №69400/C9388 საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული 1 032 კოლოფი სიგარეტი ღირებულებით 823 ლარი, რაზეც გადასახადმა შეადგინა: იმპორტის გადასახადი 99 ლარი, აქციზის გადასახადი 4 850,4 ლარი, დღგ 1 039,05 ლარი, სულ 5 988,45 ლარი;
2. შპს -------ს კუთვნილი №69400/C8274 საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული 2 331 კოლოფი სიგარეტი - ღირებულებით 587,84 ლარი, რაზეც გადასახადი -13 121,29 ლარი (იმპორტის გადასახადი 72 ლარი, აქციზის გადასახადი 10 955,7 ლარი, დღგ 1 093,59 ლარი);
3. შპს -------ს კუთვნილი №69400/C8260 საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული 202 კოლოფი სიგარეტის დანაკლისი, ღირებულება ინვოისის მიხედვით 71,32 ლარი, ხოლო შესაბამისი იმპორტის გადასახდელები 1 144,06 ლარი (იმპორტის გადასახადო 9 ლარი, აქციზის გადასახადი 949,4 ლარი, დღგ 185,66 ლარი);
4. შპს --------ს კუთვნილი №69400/C7373 საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული არაყი 106 ბოთლი. საბაჟო ღირებულებით ინვოისის მიხედვით 182,96 ლარი, ხოლო შესაბამისი იმპორტის გადასახდელები 1 055,77 ლარი (იმპორტის გადასახადი 230,81 ლარი, აქციზის გადასახადი 636 ლარი, დრ 188,96 ლარი;
5. შპს -------ს კუთვნილი №69400/C9236 საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული არაყი 80 ბოთლი. საბაჟო ღირებულება ინვოისის მიხედვით 141,16 ლარი, ხოლო შესაბამისი იმპორტის გადასახდელები 789,34 ლარი (იმპორტის გადასახადი 167,4 ლარი, აქციზის გადასახადი 480 ლარი, დღგ 141,94 ლარი);
6. შპს -------ს კუთვნილი №69400/C7955 საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული არაყი 48 ბოთლი. საბაჟო ღირებულება ინვოისის მიხედვით 349,73 ლარი, ხოლო შესაბამისი იმპორტის გადასახდელები 585,74 ლარი (იმპორტის გადასახადი 119,04 ლარი, აქციზის გადასახადი 324 ლარი, დღგ 142,7 ლარი).
სადავო საბაჟო დეპარტამენტის 3.05.2023 წლის №EL208370, №EL208373, №EL208376, №EL208379 და №EL208382 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების თანახმად, ზემოაღნიშნული თანხა გვეკისრება სოლიდარულად, რაც არასწორი და არაკანონიერია.
საქონლის დასაწყობებისას კომპანიის წარმომადგენლების მიერ მოხდა ყუთების დათვლა, თავის მხრივ ყუთები, რომელშიც მოთავსებული იყო სიგარეტის კოლოფები, იმყოფებოდა დალუქულ მდგომარეობაში და მისი გახსნის არც უფლება და არც ვალდებულება შემნახველ საწყობს არ გააჩნდა (თუ ჩავთვლით, რომ შემნახველი საწყობი ვალდებული იყო გაეხსნა დალუქული ყუთები, იგივე ლოგიკით შეგვიძლია, რომ შემნახველ საწყობს მოვთხოვოთ, სიგარეტის კოლოფების გახსნაც და მასში მოთავსებული სიგარეტის ღერების დათვლაც, რაც ცხადია შეუძლებელია განხორციელდეს). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დანაკლისი აღმოჩნდა სწორედ იმის ხარჯზე, რომ სიგარეტის მთლიან ყუთების ნაწილს აკლდა სიგარეტის კოლოფები. ხოლო ყუთების რაოდენობა იგივეა, რაც დასაწყობდა საბაჟო საწყობში. ასევეა არაყების შემთხვევაშიც.
გარდა ამისა, დანაკლისად აღრიცხული სიგარეტიც და არაყიც შეფასებული იქნა უფრო ძვირად (ანუ შეფასებული იქნა არა რეალურ საბაზრო ღირებულებად, არამედ გაცილებით უფრო მაღალი ღირებულებით, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია დარიცხული თანხის ოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა), რაც ასევე არასწორია.
კომპანიას შემოსავლების სამსახურის მიერ წაყენებული მოთხოვნის თანახმად დარიცხული აქვს ის გადასახადი, რისი გადახდის ვალდებულებაც გააჩნია დეკლარანტს იგივე მიმბარებელს შპს ------ს, ხოლო მეორე შემთხვევაში კი შპს ------ს, რაც მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. მიბარებული საქონლის დანაკლისი არ ცდება 3%-იანი ზღვარს. საბაჟო კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების ან თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მისი შენახვის უზრუნველყოფისთვის ანდა სასაქონლო სახის ან მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ქმედებები ან საქონლის გაყიდვისთვის/ტრანსპორტირებისთვის მოსამზადებელი ქმედებები. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავებისა და თავისუფალი ზონის პროცედურებში მოქცეული საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. ხოლო, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დანართის სახით დამტკიცდა „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ ინსტრუქცია“. დასახელებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კი თუ საბაჟო საწყობში შენახული საქონლის დანაკლისი არ აღემატება დეკლარირებული რაოდენობის 3 პროცენტს, საბაჟო ორგანო საბაჟო დეკლარაციაში შესაბამის ცვლილებას ახორციელებს დეკლარანტის მიერ გაცხადებული და საბაჟო საწყობის მიერ დადასტურებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით.
უდავო ფაქტია, რომ დეკლარირებული იყო 525 000 კოლოფი სიგარეტი და 13 200 ბოთლი არაყი, თავად შემოსავლების სამსახურის მიერ წამოყენებულ მოთხოვნაში მითითებულია, რომ დანაკლისი გაცილებით ნაკლებია სრული რაოდენობის 3%-ზე, შესაბამისად თავად ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული რეგულაციით დაშვებული დანაკლისი ამ შემთხვევაში შესაძლოა ყოფილიყო მეტი და აღნიშნული დანაკლისი არ გამოიწვევს სანქცირებას, რაც ასევე სრულიად გაუგებარს ხდის შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიის მიმართ წამოყენებულ მოთხოვნას.
საწყობი პასუხისმგებელია მხოლოდ მიბარებული ქონების შენახვაზე, რაც ამ შემთხვევაში კეთილსინდისიერად განხორციელდა კიდეც საბაჟო საწყობის მხრიდან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კომპანიის მიმართ მსგავსი სანქცია გამოყენებული არასდროს ყოფილა.
მიუხედავად დავისა, აღნიშნული თანხა გადახდილია სრულად, საგადასახადო მოთხოვნაში მითითებული ანგარიშზე (სახაზინო კოდზე). შესაბამისად, კომპანიისთვის თანხის დაკისრება არის არაკანონიერი და სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები უნდა იქნას ბათილად ცნობილი, რადგანაც კომპანიის მიერ არ განხორციელებულა და ვერ განხორციელდებოდა მის საწყობში დასაწყობებული ქონების განკარგვა, შესაბამისად ამ ნაწილში ნებისმიერი გადასახადის, მათ შორის ჯარიმის დარიცხვა ქონების შემნახველისთვის არ გამომდინარეობს საკანონმდებლო ნორმების მოთხოვნებიდან და ვერ იქნება ლეგიტიმური.
გარდა ამისა, კომპანიის დირექტორის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.04.2022 წლის განაჩენის თანახმად, განაჩენში ნამსჯელი იქნა ყველა იმ დარღვევებზე, რომელიც გამოვლენილ იქნა შემოწმების დროს. შესაბამისად განაჩენით განისაზღვრა როგორც ზიანი ასევე, სასჯელის ოდენობა და მიზანი. ამდენად, ერთი და იგივე პასუხისგება არ არის კანონიერი და რელევანტური. შესაბამისად, უკანონოა სადავო საბაჟო სამართალდარღვევების ოქმებით დარიცხული ჯარიმა, რაც გამოიწვევს ორგანიზაციის გაკოტრებას, რაც თავის მხრივ დაკავშირებული იყო სამუშაო ძალის (პერსონალის) დათხოვნასთან, შესაბამისად იქნა ის გადაწყვეტილება მიღებული და საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობა გაცხადებული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 122-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის პროცედურა საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი დასაწყობდეს საბაჟო საწყობში, საბაჟო ორგანოს საწყობში ანშენახვის სხვა ადგილზე, რაც არ იწვევს:
ა) იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობას;
ბ) საქონლის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.
საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:
ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;
ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.
3. საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
2. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:
ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;
ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის:
ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;
ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია;
გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა საქონელი ან რომელიც ფლობს საქონელს და რომელმაც მისი შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელი ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივანი წარმოადგენდა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს, საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელის ფაქტიური რაოდენობის დეკლარირებულთან შედარების შედეგად გამოვლინდა საქონლის დანაკლისი.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 13.07.2023 წლის №68261-21-10 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს -------ს (ს/ნ -----) დირექტორის – ---------ს (პ/ნ -------) მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე სანებართვო პირობების დარღვევით უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, მათ შორის, ზემოაღნიშნული საქონლის უკანონო განკარგვაზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს. საქონლის უკანონო განკარგვის ფაქტი დადასტურდა აღნიშნულ საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.04.2023 წლის განაჩენითაც (საქმე №1/360-23; გამოძიება №092181021007), რომლითაც დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ---------ს შორის 11.04.2023 წელს დადებული საპროცესო შეთანხმება. მითითებული განაჩენის მიხედვით, შპს -------ს (ს/ნ -------) დირექტორმა – -------მ (პ/ნ ---------) აღიარა დანაშაულის ჩადენა და სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადავოდ.
საბაჟო დეპარტამენტი მიუთითებს, რომ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №9) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის პირობა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო ორგანოში წარდგენილია დეკლარანტის წერილობითი განცხადება საბაჟო საწყობში საქონლის დანაკლისის არსებობის შესახებ, რაც დადასტურებულია საბაჟო საწყობის მიერ. მოცემულ შემთხვევაში კი, მომჩივნის საბაჟო საწყობში დანაკლისი აღმოჩენილ იქნა საბაჟო საწყობის მიერ (WHS212856248; GEA26) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების შედეგების საფუძველზე (18.11.2022 წლის №01-WHS212856248-2022 შემოწმების აქტი).
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ სანებართვო პირობების დარღვევით უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, საქონლის უკანონო განკარგვის ფაქტი დადასტურდა აღნიშნულ საქმეზე გამოტანილი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ბრძანების საფუძველზე 7.11.2022 წლიდან 18.11.2022 წლის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა კონტროლი მომჩივნის კუთვნილი საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების შესრულებაზე. აღნიშნული ბრძანების ფარგლებში საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოხდა საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის დათვლა და საწყობის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი საქონლის ფაქტიური რაოდენობის დეკლარირებულთან შედარება. შემოწმების შედეგად გამოვლინდა საბაჟო საწყობში შენახული საქონლის დანაკლისი.
საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვის ფაქტზე, მომჩივანს, საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელებთან ერთად, საბაჟო დეპარტამენტის 3.05.2023 წლის №EL208376, №EL208373, №EL208370, №EL208379, №EL208382 და №EL208386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, სოლიდარულად დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია. საბაჟო დეპარტამენტის 3.05.2023 წლის №EL208370, №EL208373, №EL208376, №EL208379 და №EL208382 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №14199 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 122(1), 127(1)(3), 70(1)(2), 49(1)(2)(3), 172(1).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N 257 ბრძანება.
საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის N 455 დადგენილება.