ბრძანება N 7035

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 03.04.2023
№ დოკუმენტი 7035
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 7035

03.04.2023

შპს „----------“ (ს/ნ----------)

(მის.: -----------------------)

2023 წლის 3 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 და 17 მარტის სხდომებზე (ოქმი №21 და №28 ) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ -----------) №78841/1/2023 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ჯარიმის დაკისრების შესახებ 2023 წლის 31 იანვრის №1501 ბრძანებას.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი აღნიშნავს, რომ მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 24 იანვრის №860 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის №19-03/437 ნებართვით ორგანიზებული წამახალისებელი გათამაშების „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება. შემოწმების შედეგების შესახებ 2023 წლის 27 იანვარს შედგა შემოწმების აქტი №03-03, რომლის შედეგად შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული რეგლამენტით გათვალისწინებული წამახალისებელი გათამაშების პირველი ეტაპის ბოლო გათამაშება, რომელიც 2022 წლის 29 დეკემბერს ჩატარდა და რომლის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია შემოსავლების სამსახურში წარადგინეს 2023 წლის 4 იანვარს ID:---------- განცხადებით, შემოსავლების სამსახურის მიერ ვადის დარღვევით წარდგენილად იქნა მიჩნეული „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად. შედეგად, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 31 იანვრის №1501 ბრძანებით გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

გადამხდელი აღნიშნავს, რომ წამახალისებელი გათამაშება ჩატარდა 2022 წლის 29 დეკემბერს - ხუთშაბათს საღამოს საათებში. მათი ვალდებულება იყო 2 დღის ვადაში წარედგინათ გათამაშების ოქმი შემოსავლების სამსახურში. ვინაიდან 2 დღის ვადა 2022 წლის 31 დეკემბერს იწურებოდა, რომელიც არასამუშაო შაბათ დღეს ემთხვეოდა. ამასთან საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის №580 დადგენილებით „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა უქმე დღეებად“. უქმე დღეები 6 იანვრის ჩათვლით გრძელდებოდა, 7 და 8 იანვარი ასევე უქმე დღეებს ემთხვეოდა, შესაბამისად გადამხდელი თვლის, რომ სრული უფლება ჰქონდა ადმინისტრაციული ორგანოსათვის 2023 წლის 9 იანვრის ჩათვლით მიემართა და წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც 4 იანვარს ვადის სრული დაცვით წარადგინა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადის გამოთვლისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59 – 69-ე მუხლებით დადგენილი წესი“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, „თუ უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე“. შესაბამისად, გადამხდელისთვის გაუგებარია რატომ უნდა მიემართა ადმინისტრაციული ორგანოსათვის არასამუშაო დღეს, ისევე როგორც ვერ მიმართავდა, პირობითად სასამართლოს ნებისმიერი ტიპის საჭიროებისათვის და ვადა გაშვებულად არ ჩაითვლებოდა.

გადამხდელი აღნიშნავს, რომ განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენის საშუალება არ კრძალავს მისი მატერიალური ფორმით წარდგენის შესაძლებლობას და თუ მატერიალურად წარდგენა შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უქმე დღეების ფარგლებში შეუძლებელია, ანალოგიური პირობები მოქმედებს ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაშიც. ადმინისტრაციული ვადები განსაზღვრულია ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობისათვის, ხოლო თუ აღნიშნული ორგანო შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე, უქმე დღეების რეჟიმში იმყოფება, ადმინისტრაციული ვადა ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის ნაწილში, კერძო სექტორის მიერ გაშვებულად ვერ ჩაითვლება საპროცესო კანონმდებლობით უკვე დადგენილი წესის შესაბამისად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს სადავო ბრძანებისა და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 24 იანვრის №860 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის №19- 03/437 ნებართვის მფლობელის - შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემოწმება. სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2023 წლის 27 იანვარს შედგა შემოწმების აქტი №03-03, რომლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული რეგლამენტით გათვალისწინებულ წამახალისებელი გათამაშების პირველ ეტაპს ატარებდა 2022 წლის 17 ივნისიდან 2022 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით. ნებართვის მფლობელის მიერ 2022 წლის 29 დეკემბერს ჩატარებული წამახალისებელი გათამაშებების შედეგების შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იქნა 2023 წლის 4 იანვარს ID:---------- ელექტრონული განცხადებით, რითაც შპს „------------“ (ს/ნ -----------) მიერ დარღვეული იქნა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა („წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია, გათამაშების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე ინფორმაცია 2 დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს“). აღნიშნულიდან გამომდინარე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „------------“ (ს/ნ -----------) დაჯარიმდა 1000 (ათასი) ლარით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი დააწესოს. ამ მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე შეიძლება შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნული შემოწმების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია, გათამაშების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე ინფორმაცია 2 დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ შეადგენს 1 000 ლარს.

საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით არის განსაზღვრული უქმე დღეები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია განისაზღვროს სხვა უქმე დღეებიც. აღნიშნული პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის №580 დადგენილებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა უქმე დღეებად.ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა შესრულებულ იქნა კანონით დადგენილ ვადაში და უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ჯარიმის დაკისრების შესახებ 2023 წლის 31 იანვრის №1501 ბრძანება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. შპს „---------------“ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ჯარიმის დაკისრების შესახებ 2023 წლის 31 იანვრის №1501 ბრძანება;

3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), ამ ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.