გადაწყვეტილება №22894/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.07.2024
№ დოკუმენტი 22894/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22894/2/2024

30 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----ს“ 18.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22894/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №072-3 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 მარტის №6974 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 543 846 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 329 159

დღგ - 203 639

საშემოსავლო გადასახადი - 125 520

ჯარიმა - 164 580

საურავი - 50 107

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 იანვრის №1456 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 26 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

- გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი DSP-ის, DVP-ისა და PVC-ის შეძენა და რეალიზაცია როგორც საბითუმოდ, ასევე საცალოდ. საწარმო ასევე მცირე რაოდენობით ახორციელებს ავეჯის აწყობას და რეალიზაციას. კომპანიის ძირითადი მომწოდებლები არიან შპს „-----------ა“ (ს/ნ --------), შპს „-------ი“ (ს/ნ --------) და შპს „-------ა“ (ს/ნ --------). შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს კომპიუტერულ პროგრამა „ინფო ბუღალტერიაში“, რომელშიც თითოეული შეძენილი საქონლის აღრიცხვა ხდება სახეობრივად, რაოდენობრივად და თანხობრივად. აღნიშნულ პროგრამაში იდენტიფიცირდებოდა როგორც საქონლის საბითუმო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და მისი თვითღირებულება, ასევე საქონლის საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და მისი თვითღირებულება. გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო პროგრამის ანალიზით, საწარმოს 2020 წელს საცალო რეალიზაციის ფასნამატი შეადგენს 14%- ს, ხოლო საბითუმო რეალიზაციის ფასნამატი - 19%-ს, 2021 წელს საცალო რეალიზაციის ფასნამატი შეადგენს 61%-ს, ხოლო საბითუმო რეალიზაციის ფასნამატი - 33%-ს, 2022 წელს საცალო რეალიზაციის ფასნამატი შეადგენს 34%-ს, ხოლო საბითუმო რეალიზაციის ფასნამატი - 25%-ს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მომჩივნის მიერ საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა საბითუმოდ (დოკუმენტით) რეალიზებული საქონლის ფასნამატი წლების მიხედვით, რამაც გამოიწვია გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და შემოსავლის გაზრდა. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

- შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და კომპანიის სააღრიცხვო პროგრამაში ასახულ შემოსავალს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №15766 ბრძანება და №072-3 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 543 846 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 3 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 6 ნოემბრის №27240 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ნოემბრის №27240 ბრძანება 27.11.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 9.02.2024 წლის №21429/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, ნაწილობრივ გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ნოემბრის №27240 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 29 მარტის №6974 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდის მართლზომიერების და მისი გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 მარტის №6974 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 306-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე-2, 161-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 105-ე, 72-ე, 43-ე მუხლებზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა კომპიუტერულ პროგრამა „ინფო ბუღალტერიაში", რომელშიც თითოეული შეძენილი საქონლის აღრიცხვა ხდებოდა რაოდენობრივად, თანხობრივად და სახეობრივად. აღნიშნულ პროგრამაში იდენტიფიცირდებოდა როგორც საქონლის საბითუმო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და მისი თვითღირებულება, ასევე საქონლის საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და მისი თვითღირებულება. საცალოდ რეალიზებულ საქონელთან მიმართებით, პირი შემოსავლის აღიარებას ახორციელებდა საკონტროლო-სალარო აპარატის და საბანკო ტერმინალის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ საწარმოს არ ჰქონდა ცენტრალიზებულად მართული საცალო რეალიზაციის ავტომატიზებული კომპიუტერული სისტემა, რომლის მიხედვითაც იდენტიფიცირებადი იქნებოდა საცალოდ რეალიზებული საქონლის რაოდენობა და ფასი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა საბუღალტრო პროგრამის მეშვეობით, საცალოდ რეალიზებულ საქონელზე დაბეგვრის ობიექტის დადგენა არ იყო შესაძლებელი.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში არსებული ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საწარმოში ბუღალტრული აღრიცხვისთვის გამოიყენება ბუღალტრული კომპიუტერული პროგრამა „ინფო ბუღალტერია“, რომელშიც თითოეული შეძენილი საქონლის აღრიცხვა მიმდინარეობს რაოდენობრივ-თანხობრივ-სახეობრივად, ასევე პროგრამულად იდენტიფიცირდება საცალოდ და საბითუმოდ რეალიზებული საქონლის რაოდენობა, სახეობა, თვითღირებულება და შემოსავლის ოდენობა, უკვე წარმოადგენს იმის აღიარებას, რომ საწარმოს გააჩნია და იყენებს კომპიუტერიზებულ სააღრიცხვო სისტემას და მასში წარმოებული აღრიცხვა საკმარისია დაბეგვრის ობიექტის დასადგენად.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შესასწავლია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების საკითხი. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდის მართლზომიერების და მისი გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურმა თავი ისევ აარიდა სადავო საკითხების შინაარსობრივ განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლების შეფასების ნაწილში ეს უფლება/ვალდებულება დააკისრა აუდიტის დეპარტამენტს, ხოლო გასაჩივრებული დანარჩენი საკითხები არ დააკმაყოფილა. კერძოდ:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერება საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად. მიუხედავად მოცემული მუხლით საგადასახადო ორგანოსთვის მინიჭებული უფლებისა, ეს სულაც არ გულისხმობს თვითნებური შეფასების საფუძველზე გადაწყვიტონ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საჭიროება. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 16 დეკემბრის №ბს-421(2კ-20) გადაწყვეტილებაც, რომლის თანახმად: „საგადასახადო ორგანოს უფლება, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, არ გულისხმობდა საგადასახადო ორგანოსთვის თვითნებური შეფასებების უფლებამოსილების მინიჭებას. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო გონივრული და შესაბამისად, დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე. საგადასახდო ორგანო ვალდებული იყო საგადასახდო ვალდებულების დადგენისას ეხელმძღვანელა მის ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციით, მტკიცებულებებით და ჯეროვანი ანალიზისა და შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, განეხორციელებინა მათი გათვალისწინება გადასახადის გადამხდელის საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრისას...“ ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის Nბს-566-561(2კ-16) გადაწყვეტილების თანახმად, „იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება“.

როგორც შემოწმების აქტშია აღნიშნული, რასაც ასევე ეთანხმება შემოსავლების სამსახური: „შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს კომპიუტერულ პროგრამა ინფო ბუღალტერიაში, რომელშიც თითოეული შეძენილი საქონლის აღრიცხვა ხდება სახეობრივ/რაოდენობრივ/თანხობრივად. სააღრიცხვო პროგრამაში საბითუმო და საცალო რეალიზაციის დროს იდენტიფიცირდება როგორც საბითუმო და საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, ასევე საბითუმო და საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები“. შესაბამისად, თავად შემოწმების აქტიდანვე ირკვევა, რომ საწარმომ წარადგინა ბუღალტრული პროგრამა, სადაც იდენტიფიცირებულია როგორც საცალო, ისე საბითუმო რეალიზაციები, შესაბამისი თვითღირებულებითა და რაოდენობით. რაც თავის მხრივ მიანიშნებს, რომ სრულდება საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანია შესამოწმებელ პერიოდში მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად დაჯარიმებული არ არის. შემოსავლების სამსახურის პირველ გადაწყვეტილებაში (2023 წლის 6 ნოემბრის №27240 ბრძანება) არსებული არგუმენტი, რომლითაც შემოსავლების სამსახური არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მიზანშეწონილობის გამართლებას ცდილობდა („აღსანიშნავია, რომ საწარმოს არ ჰქონდა ცენტრალიზებულად მართული საცალო რეალიზაციის ავტომატიზებული კომპიუტერული სისტემა, რომლის მიხედვითაც იდენტიფიცირებადი იქნებოდა საცალოდ რეალიზებული საქონლის რაოდენობა და ფასი. შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა საბუღალტრო პროგრამის მეშვეობით, საცალოდ რეალიზებულ საქონელზე დაბეგვრის ობიექტის დადგენა არ იყო შესაძლებელი...“), ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ არ მიიჩნია დამაკმაყოფილებლად და თავიდან შესასწავლად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც თავისი მხრივ გადაწყვეტილების მიღება გადააბარა აუდიტის დეპარტამენტს.

აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისას უკვე მიიღო გადაწყვეტილება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესახებ, რომლის მართლზომიერება საკამათოა. შესაბამისად გაუგებარია, ისევ აუდიტის დეპარტამენტს რატომ ავალებს შემოსავლების სამსახური საკითხის შესწავლას, როდესაც არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და როგორც აუდიტის დეპარტამენტის, ასევე მომჩივნის მიერ წარდგენილ არგუმენტებზე დაყრდნობით მისაღებია გადაწყვეტილება. რჩება შთაბეჭდილება, რომ შემოსავლების სამსახური არ არის მოწოდებული ობიექტურად გადაწყვიტოს საკითხი და მოტივირებულია გაამართლოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, თუმცა არგუმენტაციის ნაკლებობის გამო თავიდან ირიდებს პასუხისმგებლობას. ამდენად, შემოსავლების სამსახურისგან უწინდებურად ითხოვს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების კანონიერ დასაბუთებას, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში - არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დარიცხული თანხების შემცირებას.

2. არაპირდაპირი წესით გამოთვლილი შემოსავლის ფულის სახით მიღება. როგორც უკვე აღინიშნა, შემოსავლების სამსახურმა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების შესწავლა გადააბარა აუდიტის დეპარტამენტს, ხოლო დანარჩენი საკითხები საერთოდ დააიგნორა. შესაბამისად, ამ და შემდგომ განხილულ საკითხებზე ეთქვა დაუსაბუთებელი უარი. არაპირდაპირი წესით გამოთვლილი შემოსავლის ფულის სახით მიღების საკითხთან დაკავშირებით, არგუმენტაცია რჩება უცვლელი და მდგომარეობს შემდეგში: იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემოწმება შეძლებს დაასაბუთოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართებულობა, აღნიშნული მას უფლებას არ აძლევს შემოსავლები ან/და მიღებული/მისაღები თანხები განსაზღვროს პირად შეხედულებებზე ან ისეთ დაშვებაზე დაყრდნობით, რომელიც ითვალისწინებს საუკეთესო ბიზნეს გეგმის იდეალურად შესრულებას. კერძოდ, მართალია შემოწმებამ განსაზღვრა რა იქნებოდა შემოსავალი თუ საცალოდ ჩამოწერილ საქონელზე გაავრცელებდა საბითუმო(დოკუმენტურ) ფასნამატს, თუმცა შემდგომ აღნიშნული შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით,მიიჩნია კომპანიის სალაროში ჯერ ფულის სახით მიღებულად, ხოლო შემდეგ ხელფასის სახით განაცემად და ეს მაშინ, როდესაც არ არსებობს რაიმე მტკიცებულება აღნიშნული თანხის მიღების ან შემდგომი განკარგვის შესახებ. ამდენად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, შემოწმებამ მხოლოდ პირად ვარაუდებზე დაყრდნობით სხვაობის თანხა მიიჩნია დირექტორის მიერ სახლში წაღებულ ხელფასად და დაარიცხა როგორც ძირითადი გადასახადის, ასევე ჯარიმა-საურავის თანხები. გადასახადებით შეიძლება დაიბეგროს შემოსავალი, მათ შორის, არაპირდაპირი წესით დათვლილი, თუმცა არსებობს მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც განსაზღვრულ შემოსავალს არ გააჩნია სასყიდლიანი ხასიათი და საწარმოს ოპერაციიდან არ მიუღია ფინანსური სარგებელი/საკომპენსაციო თანხა. საგადასახადო მიზნებისთვის, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს: დანაკლისით; პროდუქციის გაჩუქებით; დაზიანებული პროდუქციის ან ნედლეულის განადგურებით; ნარჩენებისა და დანაკარგების განადგურებით; ქურდობით; კონსიგნაციური მიწოდებით და ა.შ. შესაბამისად, ერთია რამდენად სამართლიანად განისაზღვრა შემოსავალის ოდენობა, მაგრამ სასყიდლიანია თუ უსასყიდლო ასეთი სახით განსაზღვრული შემოსავალი, ეს წარმოადგენს ცალკე მტკიცების საგანს. შესაბამისად, ერთია რამდენად სამართლიანად განისაზღვრა შემოსავალის ოდენობა, მაგრამ სასყიდლიანია თუ უსასყიდლო ასეთი სახით განსაზღვრული შემოსავალი, ეს წარმოადგენს ცალკე მტკიცების საგანს. შემოწმების არგუმენტაციის სისუსტეზე ის გარემოებაც მიუთითებს, რომ შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდით გამოყენებისას კომპანიას სალაროში ფული მიაღებინა მათ შორის ისეთ საქონელზე გავრცელებული დოკუმენტური ფასნამატიდან, რომელიც ბუღალტრულად აღიარებულია დანაკლისად. მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შემოწმების მხრიდან არ წარმოდგენილა როგორც საქონლის სასყიდლიანი რეალიზაციის, ასევე საკომპენსაციო თანხის მიღების ან/და მისი შემდგომ გატანის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება (სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები, სალაროს ჩეკი, თანხის გადამხდელი პირები ან ნაღდი ფულის მიღების/გატანის მაიდენტიფიცირებელი რაიმე მტკიცებულება). ეს კი, თავის მხრივ შემოწმების მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევაზე მიუთითებს. ფაქტიურად შემოწმებამ, საკუთარი ვარაუდი თანხების მიღებაგაცემის შესახებ, შეაფასა საწარმოს მხრიდან სამართალდარღვევად და დააკისრა პასუხისმგებლობა, მათ შორის, სისხლის სამართლებრივი (დამატებით დარიცხული გადასახადი აღემატება 100 000 ლარს). საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამრიგად, შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე (თუ რაიმე შემოსავალი დადგინდა, ის აუცილებლად ფულის სახით იქნებოდა მიღებული და შემდგომ ხელფასად წაღებული) გადასახადების და ჯარიმის დარიცხვა, უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციასაც. მით უმეტეს, აღნიშნული გავლენას ახდენს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზეც. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. შესაბამისად, ვინაიდან არ დასტურდება შემოსავლის ნაღდი ფულის სახით მიღების ან შემდეგ "ამ ფულის" სადმე წაღების ფაქტი, ვერ დგინდება ვინ გადაიხადა ეს ფული, ან ვისზე განხორციელდა არაპირდაპირი გზით გამოთვლილი მიწოდება, მიაჩნია, რომ არაპირდაპირი წესით განსაზღვრული შემოსავალი უნდა განვიხილოთ როგორც უსასყიდლო ხასიათის შემოსავალი. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 105-ე, 286-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან არ დგინდება თანხის რეალური მოძრაობა, ვერ დგინდება პირები, რომლებმაც კომპანიის სასარგებლოდ გადაიხადეს ან კომპანიიდან წაიღეს თანხები, მსგავსი შემთხვევები, საგადასახადო კოდექსის 97-98-ე მუხლების შესაბამისად, უნდა დაიბეგროს არა საშემოსავლო, არამედ მოგების გადასახადით. სხვა სიტყვებით, არაპირდაპირი წესით გამოთვლილი შემოსავალი არ უნდა განვიხილოთ როგორც ნაღდი ფულის მიღებად და ხელფასად გატანად თუ არ არსებობს ამისთვის საკმარისი მტკიცებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას/კონსტიტუციას. არაპირდაპირი წესით განსაზღვრული შემოსავალი უნდა დაიბეგროს მხოლოდ დღგ-ით და მოგების გადასახადით. შესაბამისად, ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას. დამატებით აღნიშნავს, რომ მოთხოვნილ მიდგომას შემოსავლების სამსახური იყენებდა მოგების გადასახადში ესტონურ მოდელზე გადასვლამდე არსებულ პერიოდში. მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა მეტად შეესაბამება არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოებს და ამასთან, ის არის უკვე აპრობირებული.

3. დღგ-ის ხელფასად დაბეგვრა. დღგ-ის ხელფასად დაბეგვრის ნაწილში (რაც ასევე არ დაკმაყოფილდა მისი იგნორირების გამო) არგუმენტაცია რჩება უცვლელი: მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმება არაპირდაპირი წესით განსაზღვრული შემოსავლის ფულის სახით მიღებას და მის შემდგომ ხელფასად დაბეგვრას, მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ შემოწმების მხრიდან მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე განხორციელებული დარიცხვა სამართლიანია, შემოწმებას მაინც ვერ დაეთანხმებოდა ასეთი "ხელფასის" ოდენობის განსაზღვრის ნაწილში. კერძოდ, შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით განიხილა როგორც კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემი. ამდენად, ერთის მხრივ, შემოწმება არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილ შემოსავალს განიხილავს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად, არიცხავს დღგ-ს, ხოლო მეორეს მხრივ, ის რაც ბიუჯეტის კუთვნილი დღგ-ა, ასევე განხილულია დირექტორის კუთვნილ სარგებლად და ბიუჯეტის კუთვნილ დღგ-ზე (18%-ზე) დამატებით საზღვრავს საშემოსავლო გადასახადს. შემოწმების მხრიდან მსგავსი მიდგომა არღვევს ყველა სამართლებრივ პრინციპს და უგულვებელყოფს საგადასახადო კოდექსის პრინციპებს. სრულიად გაუგებარია როგორ შეიძლება ჩაითვალოს ბიუჯეტის კუთვნილი თანხა სხვა პირის სარგებლად, ვინაიდან არსებული დარიცხვით შემოწმება ერთის მხრივ ითხოვს დარიცხული დღგ-ის გადახდას, ხოლო მეორეს მხრივ განიხილავს მას თანამშრომლის სარგებლად. სხვა სიტყვებით, ერთის მხრივ შემოწმებამ დაასკვნა, რომ ბიუჯეტს ეკუთვნის დღგ, ხოლო მეორეს მხრივ ითხოვს ამ თანხის თან ხელფასად დაბეგვრას, თან "უკან მოტანას". იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემოწმება დღგ-ის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის არგუმენტად მოიყვანს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს, რომელიც თანამშრომელზე საქონლის/მომსახურების მიწოდების შემთხვევაში სარგებლის თანხად საზღვრავს ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასს, მაშინ მივიღებდით კიდევ უფრო მეტ აბსურდს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ერთის მხრივ, შემოწმება მიიჩნევს, რომ საცალოდ რეალიზდა საქონელი მის მიერ დადგენილი ფასნამატით და მთელი ფული ნაღდი სახით შემოვიდა კომპანიის სალაროში, ხოლო მეორეს მხრივ თვლის, რომ საცალო რეალიზაცია განხორციელდა მხოლოდ თანამშრომლებზე და ისიც უსასყიდლოდ. დღგ-ის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით დამატებით აღნიშნავს თავად საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებსაც. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილი თავდაპირველი რედაქციით განისაზღვრა შემდეგნაირად: ამ კოდექსის მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით. ხოლო მოგვიანებით, 2017 წლის 28 ივნისს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით (დოკუმენტის ნომერი: -----ს), აღნიშნული ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ამ კოდექსის მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე. როგორც ვხედავთ, კანონმდებლებმა საჭიროდ მიიჩნიეს დაეკონკრეტებინათ საბაზრო ფასის ცნება მოგების გადასახადის ნაწილში, რათა დღგ-ს არ დარიცხვოდა მოგების გადასახადი. ვერ ხედავს რაიმე პრინციპულ სხვაობას დღგ-ის მოგების გადასახადითა და დღგ-ის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას შორის. მიაჩნია, რომ გადასახადი, რომელიც ისედაც ეკუთვნის ბიუჯეტს, არ უნდა დაიბეგროს არც მოგების და არც საშემოსავლო გადასახადით. არ ეთანხმება არაპირდაპირი წესით განსაზღვრული შემოსავლების კომპანიის სალაროში ფულად მიღებასა და შემდგომ ხელფასად გაცემას (რადგან ეს წარმოადგენს აშკარად უკანონო და ანტიკონსტიტუციურ ქმედებას), თუმცა მიაჩნია, რომ ასეთად დაშვების შემთხვევაშიც კი, ხელფასად გაცემულად უნდა განვიხილოთ მხოლოდ დღგ-ის გარეშე თანხა და დღგ-ს საშემოსავლო გადასახადი არ უნდა დაერიცხოს.

4. სალაროს ნაშთი შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით ისევ იგნორირებულია. სალაროს მინიმალური გონივრული ნაშთის საკითხთან დაკავშირებით არგუმენტაცია და მოთხოვნა რჩება უცვლელი: შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში - ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების მითითების დამტკიცების თაობაზე, 2023 წლის 3 ივლისის №15615 შემოსავლების სამსახურის ბრძანებით შესული ცვლილებების მიხედვით, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) სალაროში არსებულის ფულის არაგონივრული ნაშთის მიმართ. იმავე მეთოდური მითითების თანახმად, თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში გააჩნია როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი, შემოწმებას არ გაუთვალისწინებია აღნიშნული გარემოება და ნაღდი ფულის ნაშთი მიიჩნია კომპანიის მიერ დირექტორზე სრულად გაცემულად, რითაც დაირღვა აღნიშნული მეთოდური მითითების მოთხოვნები, რასაც დავების განხილვის საბჭოს წევრთა უმრავლესობა სხდომაზე ერთხმად დაეთანხმა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებაში ეს საკითხი საერთოდ გამოტოვებულია. შესაბამისად, ითხოვდა და ითხოვს სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინებას. შემოსავლების სამსახურის დავების საბჭომ თავის გადაწყვეტილებაში რატომღაც გვერდი აუარა აღნიშნულ საკითხებს და იგნორირება გაუკეთა როგორც მომჩივნის არგუმენტებს, ისე მოთხოვნებს.

გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას/შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა კომპიუტერულ პროგრამა „ინფო ბუღალტერიაში", რომელშიც თითოეული შეძენილი საქონლის აღრიცხვა ხდებოდა რაოდენობრივად, თანხობრივად და სახეობრივად. აღნიშნულ პროგრამაში იდენტიფიცირდებოდა როგორც საქონლის საბითუმო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და მისი თვითღირებულება, ასევე საქონლის საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და მისი თვითღირებულება. საცალოდ რეალიზებულ საქონელთან მიმართებით, საწარმო შემოსავლის აღიარებას ახორციელებდა საკონტროლო-სალარო აპარატის და საბანკო ტერმინალის მეშვეობით. ამასთან, კომპანიას არ ჰქონდა ცენტრალიზებულად მართული საცალო რეალიზაციის ავტომატიზებული კომპიუტერული სისტემა, რომლის მიხედვითაც იდენტიფიცირებადი იქნებოდა საცალოდ რეალიზებული საქონლის რაოდენობა და ფასი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა საბუღალტრო პროგრამის მეშვეობით, საცალოდ რეალიზებულ საქონელზე დაბეგვრის ობიექტის დადგენა არ იყო შესაძლებელი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

ამასთან, შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და კომპანიის სააღრიცხვო პროგრამაში ასახულ შემოსავალს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ნოემბრის №27240 ბრძანებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, 9.02.2024 წელს დავების განხილვის საბჭომ განიხილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი და მიიჩნია, რომ დამატებით შესწავლას საჭიროებს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების საკითხი. შესაბამისად, ნაწილობრივ გააუქმა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და საჩივარი დაუბრუნა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დააკმაყოფილა.

დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდის მართლზომიერების და მისი გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება გამოცემულია დავების განხილვის საბჭოს 9.02.2024 წლის №21429/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №1456 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში.შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №15766 ბრძანება და №072-3 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 543 846 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №27240 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით.

შემოსავლების სამსახურის №27240 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც №21429/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, ნაწილობრივ გააუქმა შემოსავლების სამსახურის №27240 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და №6974 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდის მართლზომიერების და მისი გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის №6974 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება გამოცემულია დავების განხილვის საბჭოს №21429/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1);