გადაწყვეტილება №10245/2/2020

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.12.2020
№ დოკუმენტი 10245/2/2020
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№10245/2/2020

11.12.2020

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ--------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.12.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ ის 25.03.2020 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №10245/2/2020).

 

დავის საგანი:

.სალაროს უძრავი ნაშთიდან უპროცენტო სესხზე სარგებლის და სალაროდან გატანილი თანხის ხელფასის სახით განაცემად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1.აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2019 წლის №024-79 საგადასახადო მოთხოვნა;

2.აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2019 წლის №024-135 საგადასახადო მოთხოვნა;

3.შემოსავლების სამსახურის 9.03.2020 წლის №6852 ბრძანება;

4.შემოსავლების სამსახურის 9.03.2020 წლის №6850 ბრძანება;

 

დარიცხული თანხა:

9.10.2019 წლის №024-79 საგადასახადო მოთხოვნა - 65 597 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი: 28 911

დღგ - 5 655

საშემოსავლო გადასახადი - 23 176

ქონების გადასახადი - 80

ჯარიმა - 15 579

საურავი - 21 107

 

25.12.2019 წლის №024-135 საგადასახადო მოთხოვნა - 79 936 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი: 34 936

დღგ - 5 711

მოგების გადასახადი - 6 435

საშემოსავლო გადასახადი - 22 220

ქონების გადასახადი - 570

ჯარიმა - 26 087

საურავი - 18 913

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ბუნებრივი აირის რეალიზაცია. მომჩივანს სადავო თანხები დაერიცხა აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 28.12.2018 წლის შუალედური აქტისა და 9.12.2019 წლის აქტის საფუძველზე. შუალედური აქტი შედგენილია 1.01.2015 წლიდან 31.12.2015 წლის ჩათვლით პერიოდზე, ხოლო 9.12.2019 წლის შემოწმების აქტის მიხედვით შემოწმებულია 1.01.2016 წლიდან 31.10.2018 წლამდე პერიოდი,შუალედური აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2018 წლის №024-117 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.04.2019 წლის №10619 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

მომჩივანს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში წარმოდგენილი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება), ასევე შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 27.12.2018 წლის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 11.04.2019 წლის №10619 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 18.12.2019 წლის №9484/2/2019 გადაწყვეტილებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

შემოსავლების სამსახურის 11.04.2019 წლის №10619 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 1.10.2019 წლის დასკვნის მიხედვით გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 5 848 ლარი, მათ შორის გადასახადი 4 647 ლარი და ჯარიმა 1 201 ლარი (მოგების გადასახადის ნაწილში შემცირდა სულ 10 931 ლარი, მათ შორის გადასახადი 7 288 ლარი და ჯარიმა 3 644 ლარი. დღგ-ის ნაწილში შემცირდა სულ 29 881 ლარი, მათ შორის გადასახადი 19 891 ლარი და ჯარიმა 9 990 ლარი. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაერიცხა სულ 34 876 ლარი, მათ შორის გადასახადი 22 451 ლარი და ჯარიმა 12 425 ლარი. ქონების გადასახადის ნაწილში დაერიცხა სულ 88 ლარი, მათ შორის გადასახადი 80 ლარი და ჯარიმა 8 ლარი).

აუდიტის დეპარტამენტის 1.10.2019 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 9.10.2019 წლის №024-79 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 9.03.2020 წლის №6852 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 9.12.2019 წლის აქტის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2019 წლის №024-135 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 9.03.2020 წლის №6850 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხი:

სალაროს უძრავი ნაშთიდან უპროცენტო სესხზე სარგებლის და სალაროდან გატანილი თანხის ხელფასის სახით განაცემად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 9.12.2019 წლის აქტის მიხედვით, გადამხდელმა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშების პროცესში წარადგინა ბუღალტრული ჩანაწერები, სადაც აფიქსირებს სალაროს ნაშთად არსებულ ფულად საშუალებებს. შესამოწმებელ პერიოდში, მიუხედავად არსებული ნაშთისა, საწარმოს აღებული აქვს სესხი ბანკიდან და დამფუძნებელი ფიზიკური პირებისგან.

შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №1817 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, სალაროს ანგარიშზე არსებული უძრავი ფულადი ნაშთი განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. საგადასახადო კოდექსის მე-100 და 102- ე მუხლების გათვალისწინებით, ყოველდღიურად უძრავ ნაშთსა (რაც დაკორექტირდა დანაკარგის თანხით) და საკასო ხარჯის 10 %-ს შორის სხვაობაზე დარიცხული პროცენტის თანხა აისახა ერთობლივ შემოსავალში და გამოიქვითა ხარჯებიდან დაქირავებული პირის მიერ მიღებული ხელფასის სახით. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი გაცემული სესხის თანხებზე და ასევე, შეუმცირდა მოგების გადასახადი დაბრუნებულ სესხის თანხაზე. გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ყოველდღიურად უძრავ ნაშთსა (რაც დაკორექტირდა დანაკარგის თანხით) და საკასო ხარჯის 10 %-ს შორის სხვაობაზე გაანგარიშებულ იქნა დარიცხული პროცენტის თანხა (სესხის საბაზრო განაკვეთი 20 %-ის ოდენობით). ვინაიდან აღნიშნული სესხის პროცენტის მოთხოვნა/დარიცხვა კომპანიის უფლებამოსილ პირზე არ ხდებოდა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით აღნიშნული თანხები ჩაითვალა დაქირავებული პირის მიერ კომპანიისგან მიღებულ სარგებლად (ხელფასის სახით განაცემად) და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული ჩანაწერების, საბანკო ანგარიშების, შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებზე დაყრდნობით დგინდება, რომ სალაროდან გარკვეული თანხების გატანა არ არის დოკუმენტურად დადასტურებული.

სალაროდან გატანილი, დოკუმენტურად დაუდასტურებელი თანხები ჩაითვალა გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. საქართველოს ფინანასთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 39-ე მუხლის შინაარსის და იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის ხელფასის გაცემის ფაქტი, საწარმოს წარმოეშვა საგადასახადო აგენტისა და შესაბამისად დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება.

ამასთანავე, საწარმო ვალდებული იყო სწორად აესახა სარგებლის ღირებულება განაცემების შესახებ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ ინფორმაციაში.

საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისთვის/არასრულად წარდგენისთვის მომჩივანი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით, თითოეულ საანგარიშო პერიოდზე 100 ლარის ოდენობით (სულ 3 400 ლარი).

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია მე-2 დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გაუგებარი და ბუნდოვანია სადავო აქტის (შემოსავლების სამსახურის 9.03.2020 წ. №6850 ბრძანება) სხვა პუნქტებში მითითებული ხელფასის სახით განაცემებად და პროცენტის სახით მიღებულად მიჩნეული შემოსავლების, შესაბამისად განხორციელებული დარიცხვების, ასევე ე. წ. მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდების მოტივით საბაზრო ფასით დაბეგვრის საფუძვლიანობა და მასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რაც ასევე განაპირობებს ამ აქტის უკანონობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსაბუთებლობის გამოც შესაბამისად, ამ მხრივ გაუგებარია და არარელევანტურია მათთან მიმართებაში საგადასახადო კოდექსის მითითებული ნორმების (მაგალითად, მე-8, 105-ე, 142-ე, 154-ე, 173-174-ე, 179-ე, 269-ე, 275-ე, 291-ე მუხლების) გამოყენების საფუძვლიანობა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა)მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან, გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქმის მასალებით დგინდება, რომ მომჩივნის ბუღალტრული ფიქსირდება სალაროს ნაშთად არსებულ ფულადი საშუალებები. საწარმოს აღებული აქვს სესხი ბანკიდან და დამფუძნებელი ფიზიკური პირებისგან. აგრეთვე დგინდება, რომ სალაროდან გარკვეული თანხების გატანა არ არის დოკუმენტურად დადასტურებული.

ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ სალაროს ნაშთის არსებობის მიუხედავად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას გააჩნია სესხი ბანკიდან და დამფუძნებელი ფიზიკური პირებიდან,საბჭოს მიაჩნია, რომ სალაროს ნაშთი ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად ჩაითვალა არსებული გარემოებების გათვალისწინებით და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის არ არის წარდგენილი სალაროდან გატანილი თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხის ხელფასის სახით განაცემად კვალიფიკაცია და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.