ბრძანება N 9894

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.05.2023
№ დოკუმენტი 9894
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 9894

04.05.2023

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 20 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №40) განიხილა შპს „--ს“ (ს/ნ ---) 2023 წლის 20 იანვრის №78231/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №005-191 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, მათ შორის შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს.

2. გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ მეთოდური მითითება დამტკიცდა 2021 წლის 30 დეკემბერს, ხოლო 2019-2021 წლებში სალაროში არსებული თანხების გონივრული ოდენობა განსაზღვრული არ იყო, შესაბამისად იგი არ კონტროლდებოდა საწარმოს ანგარიშვალდებული პირების მიერ.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 აპრილის №10761 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 26 სექტემბრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 22 დეკემბრის №32422 ბრძანება და ამავე თარიღის №005-191 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 330 595 ლარი, მათ შორის, გადასახადი 162 599 ლარი, ჯარიმა 107 657 ლარი და საურავი 60 339 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საქმიანობის საგანია თხევადი აირის შეძენა ადგილობრივ ბაზარზე და მათი საცალო რეალიზაცია ავტოგასამართი სადგურებიდან, როგორც ავტომობილებისთვის ასევე საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის და პირველადი დოკუმენტების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ დეკლარირებული ფასნამატი წლების მიხედვით შეადგენს, 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე საშუალოდ 3%, 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე საშუალოდ 6%, ხოლო 2022 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვეებზე საშუალოდ 10%, ამასთან დეკლარირება ძირითადად განხორციელებულია საკონტროლო-სალარო აპარატით და საბანკო ანგარიშებზე მიღებული თანხების მიხედვით. მიმდინარე შემოწმების ფარგლებში გადამხდელთან ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები, კერძოდ: შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ივნისის №16944 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა გადამხდელთან საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია, რის საფუძველზეც 2022 წლის 8 აგვისტოს ერთ ობიექტზე, 9 სექტემბერს ერთ ობიექტზე და 29 სექტემბერს ორ ობიექტზე ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები, რა დროსაც გადამხდელთან პირველ ორ შემთხვევაში დაფიქსირდა საკონტროლო-სალარო აპარატიდან ჩეკის გაუცემლობის ფაქტი, რაზედაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმები, ხოლო მინიმალურმა ფასნამატმა შეადგინა 11%.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაანგარიშება განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით, ვინაიდან გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქცია ჩამოწერილია არა კონკრეტული რეალიზაციების მიხედვით (დღის ჭრილში), არამედ 2020 წლის ივლისამდე პერიოდში ყოველი თვის ბოლოს, ხოლო შემდგომ პერიოდში ჩამოწერა განხორციელებულია 2020 წლის დეკემბერში და 2021 წლის დეკემბრის თვეში, რაც არ იძლევა რეალური დაბეგვრის ობიექტის დადგენის საშუალებას. შესაბამისად, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებული იქნა საკონტროლო შესყიდვის შედეგად დადგენილი მინიმალური 11%-ნი ფასნამატი, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის და პირველადი დოკუმენტების (სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერების) ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს სალაროში ყოველი თვის ბოლო რიცხვში უფიქსირდება ფულადი სახსრების ნაშთი, ასევე შემოწმებით გაზრდილ ბრუნვაზე მიღებული თანხები შემოწმებამ განიხილა სალაროს შემოსავლებად. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებულია მეთოდური მითითების „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად, შემოწმების მიერ განისაზღვრა სალაროს გონივრული ნაშთის ოდენობა, ხოლო არაგონივრული ნაშთი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის "ზ" ქვეპუნქტის მიხედვით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო სესხზე გაანგარიშებული საპროცენტო სარგებელი დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე, 101-ე და 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით, ხოლო განაცემთა შესახებ ინფორმაციის არასწორად წარდგენისთვის პირი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად 100 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის“ თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ საწარმო აწარმოებს ბუღალტერიას, შემოწმების თარიღამდე არ უფიქსირდება სამართალდარღვევის ფაქტი და არ არსებობდა რაიმე სხვა გარემოება, რომლის საფუძველზეც შემმოწმებელს შესაძლოა მიეღო გადაწყვეტილება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით. განმარტავს, რომ საწარმო დაფუძნდა 2019 წლის 29 სექტემბერს და შეუძლებელი იყო საქმიანობის დაწყებისთანავე მაღალი ფასნამატი გამოყენება, ასევე საწარმოს ფუნქციონირების პერიოდი დაემთხვა პანდემიის პერიოდს, რაც შემმოწმებლის მიერ არ იქნა მხედველობაში მიღებული. ამასთან, 2022 წლის განმავლობაში დეკლარირებულ და შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს შორის სხვაობა მინიმალურია, რაც დასტურდება შემოწმების აქტით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის დასაბუთებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიზანშეუწონელია, რადგან არ არსებობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების პირობები.

ამდენად, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაზე, რომლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებულია მეთოდური მითითება „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის და პირველადი დოკუმენტების (სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერების) მიხედვით, საწარმოს სალაროში ყოველი თვის ბოლო რიცხვში უფიქსირდება ფულადი სახსრების ნაშთი. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების შესაბამისად, შემოწმების მიერ განისაზღვრა სალაროს გონივრული ნაშთის ოდენობა, ხოლო არაგონივრული ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სესხზე გაანგარიშებული საპროცენტო სარგებელი დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლები ასევე გათვალისწინებულ იქნა სალაროს ნაშთში.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ დღეის მდგომარეობით თანხები განაშთულია, რამდენადაც თანხების დაგროვება ხდებოდა არსებული კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით და აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს გადახდის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია. აღნიშნავს, რომ სალაროს რეალური ნაშთი დღეის მდგომარეობით არ არსებობს და არავითარი სესხი ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული არ არის, ასევე პროცენტი მას ხელფასის სახით არ მიუღია.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ასევე, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული არგუმენტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, ასევე, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული არგუმენტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, მათ შორის შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს.

2. გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებული იქნა საკონტროლო შესყიდვის შედეგად დადგენილი მინიმალური 11%-ნი ფასნამატი, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა.

შემოწმების მიერ განისაზღვრა სალაროს გონივრული ნაშთის ოდენობა, ხოლო არაგონივრული ნაშთი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის "ზ" ქვეპუნქტის მიხედვით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო სესხზე გაანგარიშებული საპროცენტო სარგებელი დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად .

 

გადაწყვეტილება

აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის დასაბუთებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიზანშეუწონელია, რადგან არ არსებობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების პირობები.

დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ასევე, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული არგუმენტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (4); 136 (3); 8 (22); 49; 61 (3); 73 (4,5,9); 2 (2); 2021 წლა,დე მოქმედი 160;161;171;

159;163;164;168;43 (4); 97; 98 2; 101;154; 43 (4).