ბრძანება N 16712

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.08.2026
№ დოკუმენტი 16712
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16712

23 ივლისი 2026

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.: „-------“)

2026 წლის 20 თებერვლის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 15 ივლისის სხდომაზე (ოქმი №62) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 ივნისის №27373/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 20 თებერვლის №100938/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 დეკემბრის №007-391 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1.გადასახადის გადამხდელი 2022 წლის პერიოდზე დარიცხულ დღგ-ის თანხასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს საბუღალტრო დოკუმენტაციის შეცდომით წარმოების შედეგს და დარღვევა არ იყო გამიზნულად ჩადენილი.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2023 წლის პერიოდზე დარიცხულ დღგ-ის თანხას და აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა ვერ დასტურდება ვერც კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხებით, ვერც კომპანიის ქონების გადაცემით და ვერც სხვა ფინანსური ოპერაციით. გადამხდელი ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული დღგ-ის თანხის 9 248 ლარის შემცირებას შესაბამისი რაოდენობის ჯარიმა/საურავით.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2022 წლის აპრილის თვეში ყოფილ დირექტორზე გადაფორმებული ავტომობილის დასაბეგრი თანხის 56 733 ლარის ოდენობით განსაზღვრას. აცხადებს, რომ ამ მარკის და ამ მოდელის ავტომანქანის ახლის ღირებულებაც ვერ იქნებოდა 56 733 ლარი, რასაც ადასტურებს იმ პერიოდისთვის არსებული ავტომანქანების სადილერო ქსელების ფასები. ასევე აცხადებს, რომ აღნიშნული მანქანა ავტოავარიის შედეგად იქნა დაზიანებული და მისი საბოლოო ღირებულება შეადგენდა არაუმეტეს 3 000 ლარს. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი (შეთანხმება და ფოტოები) და ითხოვს საშემოსავლო გადასახადის შემცირებას 750 ლარამდე შესაბამისი რაოდენობის ჯარიმა/საურავით.

4. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის გათვალისწინებით ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

5. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სავარაუდო დარიცხვების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22692 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 აპრილიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 22 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 დეკემბრის №28219 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №007-391 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 70 464 ლარი, მათ შორის, გადასახადი 35 067 ლარი, ჯარიმა 17 733 ლარი და საურავი 17 663 ლარი.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2026 წლის 20 თებერვალს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 13 მაისის №10558 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 30 ივნისის №27373/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 13 მაისის №10558 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 ივნისის №27373/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია:

„საბჭო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს“.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1-2. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 121 547 ლარს. შემოწმების შედეგად საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის რეალიზაციები შეადგენდა 236 496 ლარს. შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა 114 949 ლარის ოდენობით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე ასახულ იქნა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებში. საწარმოს დაერიცხა დღგ. გადასახადის გადამხდელს აგრეთვე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის აპრილის თვეში საწარმოსგან მოხდა კუთვნილი ავტომობილის („-------“) გადაფორმება ყოფილ დირექტორზე. აღნიშნული ავტომობილის მიწოდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად დაკვალიფიცირდა, როგორც თანამშრომლის მიერ მიღებული სარგებელი. შემოწმების შედეგად ზემოაღნიშნული სარგებელი 56 733 ლარის ოდენობით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის შესაბამისად დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად წყაროსთან დაკავებას. გადასახადის გადამხდელს აგრეთვე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2026 წლის 15 ივლისს 12:00 საათზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

პირველ და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის დოკუმენტაციის შესწავლისას დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს ნაშთად უნდა ჰქონოდა 60 625 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები და ინვენტარი (ღირებულებები გავლილი და განხილულია გადამხდელის მონაწილეობით), თუმცა გადამხდელის ახსნაგანმარტებით ნაშთები არ გააჩნდა. შემოწმების შედეგად აღნიშნული პროდუქცია ჩაითვალა თვითღირებულებით რეალიზებულად და ასახულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, კომპანიის მიერ 2022 წლის აპრილის თვეში ყოფილ დირექტორზე გადაფორმებულია ავტომობილი. შემოწმებით, აღნიშნული მიწოდება განხილულ იქნა თანამშრომლის მიერ მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი არ ეთანხმება ყოფილ დირექტორზე გადაფორმებული ავტომობილის დასაბეგრი თანხის 56 733 ლარის ოდენობით განსაზღვრას. აცხადებს, რომ აღნიშნული ავტომობილი დაზიანებული იყო ავტოავარიის შედეგად და მისი საბოლოო ღირებულება შეადგენა არაუმეტეს 3 000 ლარს.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ იქნა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ისეთი ინფორმაცია/მტკიცებულებები (მ.შ. ექსპერტიზის დასკვნა საბაზრო ღირებულების შესახებ), რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 661 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების გარეშე განახორციელოს სავარაუდო დარიცხვა თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელმა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ შეასრულა დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება.

ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

2. სავარაუდო დარიცხვა შესაძლებელია გაუქმდეს შესწორებითი დარიცხვით.

3. სავარაუდო და შესწორებითი დარიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 221 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სავარაუდო დარიცხვა შეიძლება გაუქმდეს შესწორებითი დარიცხვით:

ა) საგადასახადო შემოწმების შედეგების საფუძველზე მიღებული საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებით;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

გ.ა) პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გზით. ამ შემთხვევაში, პირის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება დაგვიანებულად წარდგენილად ჩაითვლება;

გ.ბ) საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით.

ამავე ინსტრუქციის 31 მუხლის მიხედვით, სავარაუდო დარიცხვის თაობაზე პირს ეცნობება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთანავე, პირი უფლებამოსილია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სავარაუდო დარიცხვა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელებული სავარაუდო დარიცხვები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტის გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელებული სავარაუდო დარიცხვების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტის გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელებული სავარაუდო დარიცხვების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი 2022 წლის პერიოდზე დარიცხულ დღგ-ის თანხასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს საბუღალტრო დოკუმენტაციის შეცდომით წარმოების შედეგს და დარღვევა არ იყო გამიზნულად ჩადენილი.

2. გადამხდელი არ ეთანხმება 2023 წლის პერიოდზე დარიცხულ დღგ-ის თანხა

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2022 წლის აპრილის თვეში ყოფილ დირექტორზე გადაფორმებული ავტომობილის დასაბეგრი თანხის 56 733 ლარის ოდენობით განსაზღვრას.ითხოვს საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1-2. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 121 547 ლარს.დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის რეალიზაციები შეადგენდა 236 496 ლარს. შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა 114 949 ლარის ოდენობით სსკ-ის 159-ე მუხლის საფუძველზე ასახულ იქნა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებში. საწარმოს დაერიცხა დღგ. გადამხდელს აგრეთვე დაერიცხა ჯარიმა.

3.შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის აპრილის თვეში საწარმოსგან მოხდა კუთვნილი ავტომობილის გადაფორმება ყოფილ დირექტორზე. აღნიშნული ავტომობილის მიწოდება სსკ-ის 101-ე მუხლის შესაბამისად დაკვალიფიცირდა, როგორც თანამშრომლის მიერ მიღებული სარგებელი. ზემოაღნიშნული სარგებელი სსკ-ის 80-ე მუხლის შესაბამისად დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და სსკ-ის 154-ე მუხლის შესაბამისად წყაროსთან დაკავებას. გადამხდელს აგრეთვე დაერიცხა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

პირველ და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტის გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელებული სავარაუდო დარიცხვების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

661,73(9),101,154,163,164,