ბრძანება № 33602
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 33602
28 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 4 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №130) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „-----------“-ის (ს/ნ ----------) 2023 წლის 4 მაისის №76750/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №028-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. განმარტავს, რომ ---------- საქალაქო სასამართლოს 2021 წლის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა სარჩელი, ხოლო---------- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავისი განჩინებით უცვლელად დატოვა --------- სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ----------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 6 სექტემბრის №31004 ბრძანება და ამავე თარიღის №028-18 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 დეკემბრის №44462 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 30 სექტემბრის №48310/1/2019 გადაწყვეტილება. ამავე გადაწყვეტილებით დაევალა შემოსავლების სამსახურს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შედეგად, გამოეცა ახალი აქტი საწარმოს მიმართ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით. გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია და ითხოვს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შემცირებული სასესხო ვალდებულებების თანხის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვას. აღნიშნავს, რომ შემმოწმებლების პოზიციით 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოს დირექტორის მიმართ დავალიანება არ გააჩნდა და 2016 წლის განმავლობაში დირექტორზე სესხის ვალის დასაფარად გაცემული 356 816 ლარი ჩაუთვალეს დირექტორს მიღებულად, შემმოწმებლებმა არ გაითვალისწინეს სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტი და დარიცხული გადასახადების გადაანგარიშება არ მოახდინეს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ---------- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება.
---------- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, გაუქმდა ----------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „-----------“-ის (ს/ნ ---------------) სარჩელი და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
------------- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „-----------“-ის (ს/ნ -----------) სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
,,1. შპს „----------“-ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ------------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „-----------“-ის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 6 სექტემბრის №31004 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 6 სექტემბრის №028- 18 საგადასახადო მოთხოვნა;
5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 დეკემბრის №44462 ბრძანება;
6. ბათილად იქნეს ცნობილი დავების განმხილველი საბჭოს 2020 წლის 30 სექტემბრის №48310/1/2019 გადაწყვეტილება.
7. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „-----------“-ის მიმართ საგადასახადო ვალდებულებასთან დაკავშირებით.“
------------ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად:
„პალატა განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, არ გულისხმობს საგადასახადო ორგანოსთვის თვითნებური შეფასებების უფლებამოსილების მინიჭებას. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს გონივრული და შესაბამისად, დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე. საგადასახადო ორგანო ვალდებულია საგადასახადო ვალდებულების დადგენისას იხელმძღვანელოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციით, მტკიცებულებებით და ჯეროვანი ანალიზისა და შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, განახორციელოს მათი გათვალისწინება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
პალატა მიიჩნევს, რომ საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის, ასევე მნიშვნელოვანია შემოსავლების სამსახურმა მხარესთან შეთანხმებით განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდით ფასნამატის გაანგარიშების აუდიტის მიერ არჩეული მეთოდოლოგიის შესაბამისობა რეალურ ფაქტობრივ გარემოებებთან.
გარდა ზემოაღნიშნულისა დადგენილია, რომ შპს „-----------“-ი საწარმოო დანიშნულებით აწარმოებს არასტანდარტული ქსოვილის ნაჭრების იმპორტს, რომლიდანაც საკმაოდ დიდი ნაწილი არის წუნდებული. წარმოების ფუნქციონირების პერიოდის განმავლობაში საზოგადოებას დაუგროვდა ქსოვილის საწარმოო ნარჩენები პირვანდელი ღირებულებით 297 780 ლარის ოდენობით, რაც სასაქონლო მატერიალური მარაგის საბოლოო ნაშთის დადგენისას შემმოწმებლის მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული, რამაც გავლენა იქონია რეალიზებული პროდუქციის მოცულობაზე და ხელოვნურად იქნა გაზრდილი დღგ-ის, ასევე საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
სსიპ ---------- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.10.2019 წლის №00727619 დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი სხვადასხვა ზომის და ფაქტურის ქსოვილის ნაჭრების (ტექსტილი) საერთო წონამ შეადგინა 86995 კგ.
აღნიშნულიდან დასტურდება, რომ საზოგადოებას ნამდვილად გააჩნდა საწარმოო ნარჩენები და კანონმდებლობის შესაბამისად თვითღირებულებით აღრიცხული ჰქონდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მარაგებში.
რაც შეეხება შემცირებულ სასესხო ვალდებულების თანხის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლისა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით საქმეში არსებული მასალიდან გამომდინარე, სასამართლოსთვის გაუგებარია შპს-ს დირექტორის ----------- მიმართ არსებული 456 816 ლარის სასესხო ვალდებულებასთან დაკავშირებით აუდიტორის შეფასება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შპს-ს სალაროს ნაშთი შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდებოდა. ასევე, გაუგებარია რაზე დაყრდნობით ჩათვალა შემმოწმებელმა, რომ დირექტორის მიმართ არსებული სასესხო ვალდებულება, რომლის არსებობა დადგენილია 2015 წლის 15 სექტემბრის №1 სესხის ხელშეკრულებით შპს-მ 2016 წლის 01 იანვრამდე გაისტუმრა, მაშინ, როდესაც საქმეში არსებული 15.09.2016 წლის შეთანხმებით დადგენილია, რომ ცვლილება მოხდა 15.09.2016 წლის №1 სესხის ხელშეკრულებაში და 3.1 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების მომქმედების ვადა გაიზარდა 2 წლით - 2018 წლის 15 სექტემბრამდე, ხოლო მხარეებს შორის 2015 წლის 15 აპრილს გაფორმებული შეთანხმების მიხედვით განსაზღვრული საკრედიტო ხაზის ოდენობა დარჩა უცვლელი 800 000 (რვაასი ათასი) ლარი.
ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „-----------“-სა და ---------- შორის საგადასახადო შემოწმების დროს არსებობდა სასესხო ვალდებულებები.“
------------ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 24 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს შეუმცირდა ჯარიმა 15798 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 4 აპრილის №028-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 12 ივლისის №16897 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 27 ნოემბრის №20443/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 ივლისის №16897 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 ნოემბრის №20443/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ---------- სააპელაციო სასამართლოს 24.01.2022 წლის (საქმე ---------) გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ და დადგენილ გარემოებებზე, ასევე, მომჩივნის არგუმენტებზე და იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა მოხდა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საბჭოს 7 მიაჩნია, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად დამატებით სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, შედეგად არ დგინდება შემოწმების აქტში ასახული ფაქტობრივი გარემოებისგან განსხვავებული სამეურნეო ოპერაციები შესაბამისად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვედებარა შემცირებას. ამასთან აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული წარმოების ნარჩენები გათვალისწინებულია შემოწმების დროს, ნარჩენის რეალიზაცია არ მომხდარა, რადგან საქონლის წარმოება და შესაბამისი ნედლეულის ჩამოწერა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციების შესაბამისად (გადასახადის გადამხდელს თვითონ ჰქონდა აღრიცხული საქონლის წარმოებისას რა რაოდენობის მასალას იყენებდა და რა რჩებოდა ნარჩენების სახით, რაც გათვალისწინებულია შემოწმებისას). ასევე, საშუალო შეწონილი ფასნამატი გავრცელდა კონკრეტული სახეობების/ჯგუფების მიხედვით, ჯგუფში გაერთიანდა იდენტური/მსგავსი საქონელი, ხოლო ფასნამატის გავრცელება მხოლოდ დოკუმენტების გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე და დოკუმენტებით რეალიზებულ საქონელზე ფასნამატის გამოყენება არ მომხდარა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ პალატა დადგენილად მიიჩნევს შპს „----------“-სა და ----------- შორის სასესხო ვალდებულებებების არსებობის ფაქტს. შემოწმების მიმდინარეობისას ჩაითვალა, რომ შპს „-----------“-სა და ------------ შორის შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სასესხო ვალდებულებები არ არსებობდა. მოცემულ შემთხევაში, სესხის ხელშეკრულება გაფორმებულია შესამოწმებელ პერიოდამდე (შესამოწმებელი პერიოდი 01.01.2016 - 01.10.2018) 2013 წლის 15 სექტემბერს, შესაბამისად მხოლოდ სესხის ხელშეკრულების არსებობა ვერ გახდება დარიცხული თანხის შემცირების საფუძველი, რადგან როგორც წინა საგადასახადო შემოწმებით, ასევე ჩვენს მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით და გაზრდილი იქნა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები, რაც გამოწვეული იყო ბუღალტრული
აღრიცხვის არასწორად/არასრულად წარმოების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენება და სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით ოპერაციას კვალიფიკაციის შეცვლა მართებულია, შესაბამისად შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა შემცირებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი მოგება. იგი განისაზღვრება, როგორც სხვაობა გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მონეტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადახდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტმა მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინა სასამართლოს გადაწყვეტილება და მიაჩნია, რომ შემმოწმებლები ზერელედ მიუდგნენ სასამართლოს გადაწყვეტილებით დასმული საკითხების გადაწყვეტას. სასამართლომ
გაითვალისწინა მოყვანილი არგუმენტები შემოწმების დროს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის დროს არარეალურად მაღალი ფასნამატების გამოყენების შესახებ, რომლის დროსაც საწარმოს სხვადასხვა ობიექტებზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილი საქონლის ნაშთები შემმოწმებლების მიერ დაყოფილ იქნა სხვადასხვა ჯგუფებად და გამოყვანილ იქნა საქონლის ფასნამატები, რომელიც იყო საშუალოდ 100%, ხოლო ზოგიერთი სახის პროდუქციაზე - 300-400% და 756%-ის ოდენობით. მიუთითებს, რომ შემმოწმებლებმა გადამხდელის გარეშე განიხილეს აღნიშნული საკითხი და არ გაითვალისწინეს წარდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ვერსია, რომელშიც ფასნამატი გაანგარიშებულია საწარმოში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილი საქონლის სარეალიზაციო ფასების შეპირისპირებით ამავე საქონლის შეძენის დოკუმენტებში მითითებულ ფასებთან.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ------------ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც პალატა დადგენილად მიიჩნევს შპს „----------“-ს და --------- შორის საგადასახადო შემოწმების დროს სასესხო ვალდებულებების არსებობას. ხოლო შემმოწმებლის არგუმენტი, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სესხის ხელშეკრულება გაფორმებულია შესამოწმებელ პერიოდამდე (შესამოწმებელი პერიოდი 01.01.2016 - 01.10.2018წწ.) 2013 წლის 15 სექტემბერს და შესაბამისად, მხოლოდ სესხის ხელშეკრულების არსებობა ვერ გახდება დარიცხული თანხის შემცირების საფუძველი, დაუსაბუთებელია. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქმეში არსებული 2016 წლის 15 სექტემბრის შეთანხმებით დადგენილია, რომ ცვლილება მოხდა 2016 წლის 15 სექტემბრის №1 სესხის ხელშეკრულებაში და 3.1 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაიზარდა 2 წლით - 2018 წლის 15 სექტემბრამდე, ხოლო მხარეებს შორის 2015 წლის 15 აპრილს გაფორმებული შეთანხმების მიხედვით განსაზღვრული საკრედიტო ხაზის ოდენობა დარჩა უცვლელი 800 000 (რვაასი ათასი) ლარი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის №--------- (კ-16) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის, თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური არ იზიარებს შემმოწმებლის პოზიციას შპს „-----------“-ს და---------- შორის შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სასესხო ვალდებულებების არარსებობასთან დაკავშირებით, ამასთან, აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს საქმის შესწავლის შემდეგ, მათ შორის დავის პროცესში, განსხვავებული არგუმენტი ან დასაბუთება არ წარმოუდგენია. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საწარმოს მიერ განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა არამართლზომიერია, შესაბამისად უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შესამოწმებელ პერიოდში შემცირებული სასესხო ვალდებულების თანხის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------------“-ის (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შესამოწმებელ პერიოდში შემცირებული სასესხო ვალდებულების თანხის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. -----------, ), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შემცირებული სასესხო ვალდებულებების თანხის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმო აწარმოებს არასტანდარტული ქსოვილის ნაჭრების იმპორტს, რომლიდანაც საკმაოდ დიდი ნაწილი არის წუნდებული.
საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით და გაზრდილი იქნა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები, რაც გამოწვეული იყო ბუღალტრული აღრიცხვის არასწორად/არასრულად წარმოების გამო.
რაც შეეხება შემცირებულ სასესხო ვალდებულების თანხის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლისა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით საქმეში არსებული მასალიდან გამომდინარე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შპს-ს სალაროს ნაშთი შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდებოდა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5,9);97(1);100(3);101(1);102(1);160;161(1);154(1);