ბრძანება N 27254
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27254
11 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ------- (ს/ნ ---------------)
(მის.: ----------------------------)
2025 წლის 21 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა შპს „------“ (ს/ნ ------) 2025 წლის 21 ნოემბრის №98964/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ოქტომბრის №001-225 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას, კერძოდ, კომპანიის მიერ ანგარიშვალდებულ პირზე გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ შემოწმებას წარუდგინა ვალის აღიარების დოკუმენტი და საბუღალტრო პროგრამა, საიდანაც დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში კომპანიას საწყის ნაშთად ერიცხებოდა ავანსი (მყიდველის მიერ წინასწარ ჩარიცხული თანხა), რომლის საფუძველზეც კომპანიამ მყიდველს მიაწოდა შესაბამისი რაოდენობის საქონელი, თუმცა, შემოწმებამ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ გაითვალისწინა. ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 ივნისის №13145 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 13 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 24 ოქტომბრის №23538 ბრძანება და ამავე თარიღის №001-225 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 123 037 ლარი, მათ შორის, გადასახადი 76 184 ლარი, ჯარიმა 37 742 ლარი, საურავი 9 111 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს მეორადი საბურავებით ვაჭრობა. კომპანია საქონლის იმპორტს ახორციელებს -------. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით დადგინდა, რომ კომპანიას ჰყავს არარეზიდენტი (------- მოქალაქე) ანგარიშვალდებული პირი, რომელიც, გადამხდელის განმარტებით, ახორციელებს საქონლის შეძენასა და ანგარიშსწორებას ადგილზე. ამასთან, წარმოდგენილი აღრიცხვის მიხედვით დადგინდა, რომ საწარმოს აღნიშნულ პირთან 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით აქვს ვალდებულება 149 195 ლარის ოდენობით, ხოლო 2025 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით 121 575 ლარი (აღნიშნული ნაშთი უძრავია 2024 წლის 26 თებერვლიდან). შესამოწმებელ პერიოდში ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულია ჯამში 493 291 ლარი, საიდანაც მომწოდებლებზე გადახდილია 222 520 ლარი, კომპანიიდან თანხის გაცემა ხორციელდება როგორც სალაროდან, ასევე ბანკით. გადამხდელის განმარტებით, თანხის გატანა საზღვარგარეთ ხორციელდება სხვადასხვა პირების მიერ, ხოლო ზემოაღნიშნულ ანგარიშვალდებულ არარეზიდენტ პირს საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება. შემოწმებისთვის წარმოდგენილია ურთიერთშედარების აქტი. შემოწმებით ვერ დადასტურდა არარეზიდენტ ანგარიშვალდებულ პირზე ზედმეტად გადახდილი თანხების მიზნობრიობა და ვერ გაიშიფრა შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთის ფორმირების შესახებ ინფორმაცია. ამასთან, 2024 წლის 26 თებერვლიდან ფიქსირდება მოთხოვნა
121 575 ლარის ოდენობით და უცვლელია შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით ეჭვქვეშ დადგა საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების მიზნობრიობა და აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, კომპანიის მიერ გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კომპანიას ჰყავს არარეზიდენტი (----- მოქალაქე) ანგარიშვალდებული პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის შეძენასა და ანგარიშსწორებას ადგილზე. გადამხდელის მიერ წარდგენილი აღრიცხვის მიხედვით დადგინდა, რომ საწარმოს აღნიშნულ პირთან 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით აქვს ვალდებულება 149 195 ლარის ოდენობით, ხოლო 2025 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით 121 575 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულია ჯამში 493 291 ლარი, საიდანაც მომწოდებლებზე გადახდილია 222 520 ლარი. გადამხდელის განმარტებით, თანხის გატანა საზღვარგარეთ ხორციელდება სხვადასხვა პირების მიერ, ხოლო ზემოაღნიშნულ ანგარიშვალდებულ არარეზიდენტ პირს საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება. შემოწმებისთვის წარდგენილია ურთიერთშედარების აქტი, თუმცა, შემოწმებით ვერ დადასტურდა არარეზიდენტ ანგარიშვალდებულ პირზე ზედმეტად გადახდილი თანხების მიზნობრიობა და ვერ გაიშიფრა შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთის ფორმირების შესახებ ინფორმაცია, შესაბამისად, კომპანიის მიერ გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულ დოკუმენტთან, კერძოდ, ვალდებულების აქტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, აღნიშნული აქტი გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა შემოწმების პროცესშიც, შესაბამისად, შემოწმების მიერ განხორციელდა ვალდებულების აქტის შესწავლა და დადგინდა, რომ აღნიშნული დოკუმენტი გავლენას არ ახდენს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ზემოაღნიშნული დოკუმენტი არ იქნა გათვალისწინებული.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება თანხების გაცემა ანგარიშვალდებულ პირზე, რომელთა მიზნობრიობა შემოწმებით ვერ დადგინდა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ანგარიშვალდებულ პირზე გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს მეორადი საბურავებით ვაჭრობა. კომპანიას ჰყავს არარეზიდენტი ანგარიშვალდებული პირი, რომელიც, გადამხდელის განმარტებით, ახორციელებს საქონლის შეძენასა და ანგარიშსწორებას ადგილზე.
შემოწმების შედეგად ანგარიშვალდებულ პირზე გადახდილი თანხების მიზნობრიობა ვერ დადასტურდა. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით ეჭვქვეშ დადგა საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების მიზნობრიობა და აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9);101(1);154(1);