ბრძანება N 23404
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23404
04 ნოემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:------)
2024 წლის 4 სექტემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 სექტემბრის და 3 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმები №101 და №107) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 4 სექტემბრის №91787/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 აგვისტოს №022-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნევას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. მიუთითებს, რომ კომპანიის საბანკო ბარათით, პირადი მიზნებისთვის გახარჯული თანხა კომპანიას არ აქვს აღიარებული ხარჯად, ხოლო ბუღალტრულ პროგრამაში აღნიშნული ოპერაცია ფიქსირდება როგორც მოთხოვნა ანგარიშვალდებულ პირზე, რომელსაც პერიოდულად შეჰქონდა კომპანიაში გახარჯული თანხა.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დირექტორის პირად ანგარიშზე, პირადი მიზნებისთვის ჩარიცხული თანხების კომპანიის კუთვნილ თანხად განხილვას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას. მიუთითებს საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებზე, რომლითაც დასტურდება, რომ დირექტორის პირად ანგარიშზე თანხები ირიცხებოდა პირადი მიზნებისთვის. ამასთან, აცხადებს, რომ დირექტორს პირად ანგარიშზე შეტანილი აქვს მცირე თანხები პირადი მიზნებისთვის, რაც შემოწმებით, ასევე კომპანიის კუთვნილ თანხად ჩაითვალა. აცხადებს, რომ შემოწმებას საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდა.
3. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით, კერძოდ, კომპანიას გამორჩენილი ჰქონდა ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურებების, ზოგიერთ თვეში გაცემული ხელფასების დაა ასევე ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხის მოგების გადასახადით დაბეგვრა. აცხადებს, რომ კომპანიის მიზანს არ წარმოადგენდა გადასახადების გადახდისგან თავის არიდება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 ივლისის №18675, 21 დეკემბრის №32258 და 28 დეკემბრის №33664 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 28 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 25 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 2 აგვისტოს №17972 ბრძანება და ამავე თარიღის №022-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 106 776 ლარი, მათ შორის, გადასახადი 61 102 ლარი, ჯარიმა 30 617 ლარი, საურავი 15 057 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს საბანკო ამონაწერის მიხედვით უფიქსირდება სხვადასხვა კომერციულ დაწესებულებებსა და სავაჭრო ობიექტებში გადახდილი თანხები ჯამში 8 972 ლარის ოდენობით, რომელიც ბუღალტრულად აღიარებულია, როგორც დირექტორზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა. აღნიშნული ხარჯის გაწევის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა საწარმოს მიერ საბანკო ანგარიშებიდან გასული თანხების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი შემოწმების ეტაპზე არ იქნა წარმოდგენილი. ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით არ დგინდება აღნიშნული ტრანზაქციების მიზნობრიობა, შესაბამისად, აღნიშნული თანხები განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ასევე, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა „ინფო ბუღალტერი“, საბანკო ამონაწერები, რეალიზაციის ამსახველი ინვოისები და სხვა დაბეგვრისთვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნული მასალების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ დირექტორის პირად საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება კომპანიის კუთვნილი ფულადი სახსრების ჩარიცხვა, რომელიც სრულად არ არის გადატანილი კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე დანიშნულებისამებრ და აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრულ პროგრამაში ასახულ შემოსავალს 89 023 ლარით. შემოწმებამ აღნიშნული სხვაობა განიხილა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს საბანკო ამონაწერის მიხედვით უფიქსირდება სხვადასხვა კომერციულ დაწესებულებებსა და სავაჭრო ობიექტებში გადახდილი თანხები, რომლებიც ბუღალტრულად აღიარებულია, როგორც დირექტორზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული ხარჯის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. შესაბამისად, აღნიშნული თანხები განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს საბანკო ამონაწერების მიხედვით უფიქსირდება სხვადასხვა კომერციულ დაწესებულებებსა და სავაჭრო ობიექტებში თანხების გადახდა, რომლებიც ბუღალტრულად აღიარებულია, როგორც დირექტორზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში არ იქნა წარმოდგენილი ისეთი დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა საწარმოს მიერ საბანკო ანგარიშებიდან გასული თანხების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების პროცესში თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ დირექტორის პირად საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება კომპანიის კუთვნილი ფულადი სახსრების ჩარიცხვა, რომელიც სრულად არ არის გადატანილი კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე დანიშნულებისამებრ და აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრულ პროგრამაში ასახულ შემოსავალს. შედეგად, შემოწმებამ აღნიშნული სხვაობა განიხილა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლითაც ირკვევა, რომ მომჩივანმა შემოწმების პროცესში რამდენიმე ამგვარ პირად ჩარიცხვასთან დაკავშირებით შემმოწმებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა ნაწილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გაითვალისწინა, ხოლო დანარჩენი არ გაუთვალისწინებია. მიუთითებს საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებზე, რომლებითაც დასტურდება, რომ დირექტორის პირად ანგარიშზე თანხები ირიცხებოდა პირადი მიზნებისთვის. აცხადებს, რომ დირექტორს პირად ანგარიშზე შეტანილი აქვს მცირე თანხები საკუთარი მიზნებისთვის, რაც შემოწმებით, ასევე კომპანიის კუთვნილ თანხად ჩაითვალა. აღნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე ასეთი მცირე თანხები კლიენტების ჩარიცხული ვერ იქნებოდა, ამასთან, მიუთითებს, რომ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების შესახებ დეტალური ინფორმაცია შემოწმებას მიეწოდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი, სათანადო წესით დამოწმებული, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. შპს „----------“ (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი, სათანადო წესით დამოწმებული, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება
(შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნევას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დირექტორის პირად ანგარიშზე, პირადი მიზნებისთვის ჩარიცხული თანხების კომპანიის კუთვნილ თანხად განხილვას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას.
3. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით და ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს საბანკო ამონაწერის მიხედვით უფიქსირდება სხვადასხვა კომერციულ დაწესებულებებსა და სავაჭრო ობიექტებში გადახდილი თანხები, რომელიც ბუღალტრულად აღიარებულია, როგორც დირექტორზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა.
არ დგინდება აღნიშნული ტრანზაქციების მიზნობრიობა, შესაბამისად, აღნიშნული თანხები განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
2.შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა გამოვლინდა, რომ დირექტორის პირად საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება კომპანიის კუთვნილი ფულადი სახსრების ჩარიცხვა, რომელიც სრულად არ არის გადატანილი კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე დანიშნულებისამებრ და აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრულ პროგრამაში ასახულ შემოსავალს. შემოწმებამ აღნიშნული სხვაობა განიხილა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
პირველ საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი, სათანადო წესით დამოწმებული, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება)
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;101;154;73(9);105(2);275;