გადაწყვეტილება №21789/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.05.2024
№ დოკუმენტი 21789/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21789/2/2024

14 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 3.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21789/2/2024).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატი;

2. წონის კლების და გათვალისწინებული გამოსავლიანობის კორექტირება ღორის ხორცის რეალიზაციის ნაწილში;

3. ექსპორტირებული ცხვრების თვითღირებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

4. უცხოელი კრედიტორებისთვის ანაზღაურებულად საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%-ის ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2023 წლის №007-162 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №29034 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 151 930,32 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 89 204

დღგ - 67 465

საშემოსავლო გადასახადი - 21 739

ჯარიმა - 44 824

საურავი - 17 902,32

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2023 წლის №007-162 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №29034 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატი

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ. დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 3 ჯგუფზე (გრეიპფრუტი, ფორთოხალი, ლიმონი) წლების ჭრილში დადგინდა დოკუმენტური ფასნამატები, რომელიც გავრცელდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში რეალიზებულ სმფ-ებზე. შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილ იქნა ფასნამატი. გაანგარიშებული ფასნამატი (გრეიპფრუტი 2021 წ. - 196%, 2022 წ. - 81%; ფორთოხალი 2021 წ. - 56%, 2022 წ. - 27%, ლიმონი 2021 წ. - 89%, 2022 წ. - 21%) გავრცელდა შემოწმებით დადგენილ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე.

გარდა ზემოაღნიშნულისა, შეძენილი იმპორტირებული სიმინდი ჩაითვალა ადგილობრივ ბაზარზე იმავე ფასით (დღგ-ის გარეშე) მიწოდებად. ცოცხალი ღორის შეძენისა და დაკლული სახით მიწოდების შემთხვევაში დადგინდა აუდირებული გამოსავლიანობა (65%) და სარეალიზაციო ფასად აღებულ იქნა შპს „----------“ მიერ ღორის რეალიზაციის დოკუმენტური ფასი (დღგ-ის გარეშე). ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული კალკულაციის მიხედვით გაანგარიშდა წარმოებული ნაყინის შიგთავსისა და მინანქრის რაოდენობა, რომლის რეალიზაციის ფასად აღებულ იქნა კომპანიის მიერ წარმოებული ნაყინის შიგთავსისა და მინანქრის დოკუმენტური რეალიზაციის საშუალო ფასი, ხოლო წარმოების შემდეგ დარჩენილი ნედლეული (შაქარი) შეძენის საშუალო ფასად (დღგ-ის გარეშე) იქნა მიწოდებულად ჩათვლილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მიღებული/მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას კერძოდ:

- გადასახადის გადამხდელი ბუღალტერიას არ აწარმოებს დადგენილი წესის შესაბამისად. შემოწმებით დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 3 ჯგუფზე (გრეიპფრუტი, ფორთოხალი, ლიმონი) წლების ჭრილში, დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატები, რომელიც გავრცელდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში რეალიზებულ სმფ-ებზე. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილ იქნა ფასნამატი. გაანგარიშებული ფასნამატი (გრეიპფრუტი 2021 წ. - 196%, 2022 წ. - 81%; ფორთოხალი 2021 წ. - 56%, 2022 წ. - 27%, ლიმონი 2021 წ. - 89%, 2022 წ. - 21%) გავრცელდა შემოწმებით დადგენილ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში 2021 წელს შპს „----------“ შეძენილი აქვს 32 169 კგ ცოცხალი ღორი, ხოლო დოკუმენტურად რეალიზებული აქვს 14 528 კგ დაკლული ღორის ხორცი. შემოწმების მიერ ცოცხალი ღორის შეძენისა და დაკლული სახით მიწოდების შემთხვევაში დადგინდა აუდირებული გამოსავლიანობა (65%) და სხვაობა 6 382 კგ ჩაითვალა დამატებით რეალიზებულად. სარეალიზაციო ფასად აღებულ იქნა შპს „----------“ მიერ ღორის რეალიზაციის დოკუმენტური ფასი (დღგ-ის გარეშე).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მიღებული/მისაღები შემოსავლები, შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად და გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.

- შემოწმებისთვის წარმოდგენილი, ექსპორტისთვის განკუთვნილი ცხვრის ადგილობრივ ბაზარზე ფიზიკური პირებისგან შესყიდვის დამადასტურებელ შესყიდვის აქტებში ასახული მონაცემების დაზუსტების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოსგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შესყიდვის აქტში დაფიქსირებული ფიზიკური პირების საკუთრებაში მყოფი ცხვრების შესახებ (მათ შორის, აღნიშნულ პირებზე რეგისტრაციამოხსნილი ცხვრების შესახებ). მიღებული პასუხის თანახმად ირკვევა, რომ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ფიზიკური პირების სახელზე შესამოწმებელ პერიოდში არ არის რეგისტრირებული წვრილფეხა საქონელი (ცხვარი). გარდა ამისა, შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული პირებისგანაც გამოთხოვილ იქნა ინფორმაციას მიწოდებული ცხვრების შესახებ, საიდანაც მხოლოდ ---------- ცხვრის შეძენის ფაქტი დასტურდება წერილობითი ახსნა-განმარტებით (500 ცალი ცხვარი, ერთეულის ფასი 330 ლარი).

ვინაიდან ექსპორტის ფაქტი სახეზეა და შესყიდვის დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს, გადასახადის გადამხდელის მიერ ექსპორტირებული ცხვრების თვითღირებულება განისაზღვრა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ მის მიერვე იმავე საანგარიშო წელს იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასის გათვალისწინებით (290 ლარი - შპს „----------“- ისგან შეძენის ფასი), ხოლო 2021-2022 წელს ვინაიდან არ ფიქსირდება შეძენა, იმავე სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით ხარჯად განისაზღვრა ცხვრების რეალიზაციის 75%. გარდა ამისა, ვინაიდან რიგ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი, არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საქონლის შეძენისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადასახადო დავალება, ჩეკი, ქვითარი, შედარების აქტი და ა.შ.) და სახეზეა მხოლოდ ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითაც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, ამასთანავე, გადამხდელის მიერ აღნიშნული საქონლის უსასყიდლოდ მიღების ან/და მისთვის დავალიანების პატიების ფაქტი დადგენილი არ არის, უცხოელი კრედიტორებისთვის ანაზღაურებულად ჩაითვალა საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა საწარმოს ფულის ნაშთი, რაც ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელ პერიოდში ---------- განხორციელებულია ციტრუსის იმპორტი. პროდუქციის შემოტანა ჯამში განხორციელდა რამდენჯერმე და არ წარმოადგენდა კომპანიის ძირითადი საქმიანობის საგანს. პროდუქციის რეალიზაცია უმეტესწილად ხორციელდებოდა ქსელურ მარკეტებზე. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ქსელებისგან მოთხოვნა იყო უმაღლეს ხარისხზე, ხდებოდა პროდუქციის გადარჩევა/სორტირება და ქსელზე იყიდებოდა მხოლოდ საუკეთესო ხარისხის გადარჩეული პროდუქცია. შესაბამისად აღნიშნული პროდუქტის ფასნამატიც იყო ბევრად მაღალი, ვიდრე გადარჩევის შედეგად დარჩენილი პროდუქციის.

დარჩენილი პროდუქციიდან ნაწილის რეალიზაცია მოხდა საცალოდ, ზედნადების გამოწერის გარეშე (რადგან ეს პროდუქცია არ შეიძინეს ცნობილი მიზეზების გამო ქსელურმა მარკეტებმა), ხოლო უმეტესი ნაწილი ჩამოიწერა. გამომდინარე იქიდან, რომ პროდუქცია იყო მალფუჭებადი, ვინაიდან ჩამოწერის ნაწილი არ გაფორმებულა შემოსავლების სამსახურის თანდასწრებით და ვერ ვადასტურებთ, აღნიშნულ ნაწილზე დოკუმენტური ფასნამატის ნაცვლად უნდა გავრცელდეს „მესამე მხარისგან“ გამოთხოვილი/შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გარკვეულ საქონელზე იყო 100 პროცენტზე მეტი ფასნამატი, მაგრამ მისი წილი მთლიან ბრუნვაში იყო ცოტა, ციტრუსის წილი იყო საკმაოდ მაღალი და ამიტომ საცალოდ რეალიზებულზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი. დოკუმენტური ფასის დაკავშირება მოხდა 100%-ით, შეძენა-რეალიზაციები დაკავშირებული იქნა. ყველაზე დიდი რაოდენობის მიწოდება განხორციელებულია საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიისთვის და ორი ნაბიჯისთვის. სხვა დანარჩენის წილი იყო მცირე. ორი ნაბიჯისთვის მიწოდებული პროდუქცია არ წარმოადგენს მაღალხარისხიან პროდუქციას და მიწოდების ფასიც არ აქვს ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს სხვა მაღაზიათა ქსელისთვის მიწოდებისას. მესამე პირების ფასნამატის გამოყენების საფუძვლები არ არსებობს იმ პირობებში, როდესაც არსებობს დოკუმენტური ფასნამატი.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებული იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილი დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. წონის კლების და გათვალისწინებული გამოსავლიანობის კორექტირება ღორის ხორცის რეალიზაციის ნაწილში

ფაქტების აღწერა

დარიცხვის საფუძვლები მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ცოცხალი ღორის შესყიდვა ხდებოდა ----------. მისი დაკვლა და რეალიზაცია კი ----------. ცოცხალი წონის დაფიქსირება ხდებოდა შესყიდვის პროცესში, ----------, ხოლო სარეალიზაციო წონა ფიქსირდებოდა დაკვლის შემდგომ, ----------. ტრანსპორტირების პროცესში, ცხოველი ვარდება სტრესში და კარგავს წონას, შესაბამისად გამოსავლიანობის დათვლისას გათვალისწინებული უნდა იქნას ტრანსპორტირების პროცესში დაკარგული წონის პროცენტიც. ჩვენი აღრიცხვით, ტრანსპორტირების პროცესში ცხოველს დაკლებული აქვს საშუალოდ 4-5%, რომლის გათვალისწინებაც არ მომხდარა შემოწმების პროცესში. გარდა ამისა, პროცესში იყო ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, სარეალიზაციო პროდუქტს წარმოადგენდა ---------- იმპორტირებული ღორი, რომლის გამოსავლიანობაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ევროპის ქვეყნების საშუალო გამოსავლიანობას. შესაბამისად, შემოწმების მიერ გამოყენებული უნდა იქნას გამოსავლიანობის 55% ნაცვლად 65%-ისა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, დაკვლის მომსახურება გაწეული აქვს შპს „----------“, რომლისგანაც გამოთხოვილი იქნა მონაცემები, სადაც მიუთითა, რომ საშუალო გამოსავლიანობა იყო 73%. მომჩივნის მიმართ გამოყენებული იქნა მესამე პირების აუდირებული მონაცემები. წონის კლების განსაზღვრასთან დაკავშირებით ოფიციალური მონაცემები არ არსებობს.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ მითითებული წონის კლების და გამოსავლიანობის მაჩვენებლის შესახებ წარმოდგენილი არ არის კომპანიის მიერ საბუღალტრო აღრიცხვის შესაბამისი დოკუმენტაცია ან/და ექსპერტიზის დასკვნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ექსპორტირებული ცხვრების თვითღირებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების პროცესში ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლისას შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და წარმოებული სმფ მთლიანად ჩაითვალა რეალიზებულად. გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოსგან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ კარანტინში განთავსებული ცხვრების რაოდენობის შესახებ. დადგინდა, რომ 2020 წელს კომპანიის მიერ კარანტინში განთავსებული ცხვრების რაოდენობა (7 195 ცალი) აღემატებოდა ექსპორტზე გაყვანილს (6 583 ცალი). სხვაობა, 602 ცალი ცხვარი, შემოწმების მიერ ჩაითვალა ადგილობრივ ბაზარზე მიწოდებად. სარეალიზაციო ფასად განისაზღვრა შპს „----------“ მიერ შპს „----------“-ისგან ცხვრის შეძენის ფასი.

ფულის გასვლად ჩაითვალა რეზიდენტისგან შეძენის ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, გარდა შემოწმებისთვის წარმოდგენილი ექსპორტისთვის განკუთვნილი ცხვრის ადგილობრივ ბაზარზე ფიზიკური პირებისგან შესყიდვის დამადასტურებელი შესყიდვის აქტებისა. აღნიშნული შესყიდვის აქტებში ასახული მონაცემების დაზუსტების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოსგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შესყიდვის აქტში დაფიქსირებული ფიზიკური პირების საკუთრებაში მყოფი ცხვრების შესახებ (მათ შორის, აღნიშნულ პირებზე რეგისტრაციამოხსნილი ცხვრების შესახებ). მიღებული პასუხის თანახმად ირკვევა, რომ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ფიზიკური პირების სახელზე შესამოწმებელ პერიოდში არ არის რეგისტრირებული წვრილფეხა საქონელი (ცხვარი). გარდა ამისა, შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული პირებისგანაც გამოთხოვილ იქნა ინფორმაციას მიწოდებული ცხვრების შესახებ, საიდანაც მხოლოდ ---------- ცხვრის შეძენის ფაქტი დასტურდება წერილობითი ახსნა-განმარტებით (500 ცალი ცხვარი, ერთეულის ფასი 330 ლარი). საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, თუ ამავე კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. ამასთანავე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შესაძლებელია ხარჯი განისაზღვროს პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ვინაიდან ექსპორტის ფაქტი სახეზეა და შესყიდვის დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ ექსპორტირებული ცხვრების თვითღირებულება განისაზღვრა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ მის მიერვე იმავე საანგარიშო წელს იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასის გათვალისწინებით (290 ლარი - შპს „----------“- ისგან შეძენის ფასი), ხოლო 2021-2022 წელს ვინაიდან არ ფიქსირდება შეძენა, იმავე სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით ხარჯად განისაზღვრა ცხვრების რეალიზაციის 75%.

გარდა ამისა, ვინაიდან რიგ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი, არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საქონლის შეძენისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადასახადო დავალება, ჩეკი, ქვითარი, შედარების აქტი და ა.შ.) და სახეზეა მხოლოდ ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითაც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, ამასთანავე, გადამხდელის მიერ აღნიშნული საქონლის უსასყიდლოდ მიღების ან/და მისთვის დავალიანების პატიების ფაქტი დადგენილი არ არის, უცხოელი კრედიტორებისთვის ანაზღაურებულად ჩაითვალა საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%. დადგინდა საწარმოს ფულის ნაშთი, რაც ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 81-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების მიმდინარეობისას აუდიტორთან წარდგენილია ადგილობრივ ბაზარზე ცხვრის შესყიდვის დამადასტურებელი აქტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 72- ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით განსაზღვრულია, რომ პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. წარდგენილ ყველა დოკუმენტში ფიქსირდება როგორც თარიღი, ასევე საქონლის ჩამონათვალი და ღირებულება. ასევე, შესაძლებელია გამყიდველი მხარის იდენტიფიცირება, რადგან დოკუმენტში მითითებულია პირის სახელი/გვარი და პირადი ნომერი. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა შესყიდვის ოპერაციაზე წარდგენილია საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისი დოკუმენტი, შესაბამისად დაკმაყოფილებულია საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები და არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენების საფუძველი. მეორეს მხრივ, როგორც საგადასახადო აქტში არის აღნიშნული, შემოწმების მიერ სურსათის ეროვნული სააგენტოსთან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესყიდვის აქტში დაფიქსირებულ ფიზიკური პირების საკუთრებაში მყოფი ცხვრების შესახებ. რამდენადაც ცნობილია, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რეესტრის წარმოება საწყის ეტაპზეა, წვრილფეხა საქონელი (ცხვარი) აღრიცხული არ არის სრულყოფილად და შესაბამისად არ არსებობს ცხვრის მფლობელ ფერმერთა შესაბამისი ბაზა. შემოწმების აქტში შემმოწმებელი აფიქსირებს, რომ იგი დაუკავშირდა ცხვრის მომწოდებელ ერთ-ერთ ფიზიკურ პირს, ---------- (პ/ნ ----------), რომელმაც დაადასტურა ცხვრის მოწოდების ფაქტი. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს არ გააჩნია სრულყოფილი ბაზები და აღნიშნული ბაზების გამოყენება დაბეგვრის მიზნებისთვის საფუძველს მოკლებულია. ასევე, იმ მომწოდებლებმა, რომელთანაც დაკავშირება მოახერხა შემმოწმებელმა, 100-ივე პროცენტმა დაადასტურა ცხვრის მოწოდების ფაქტი, შესაბამისად აუდიტორს არ გააჩნდა არანაირი საფუძველი საგადასახადო კოდექსის ნორმებით შედგენილ საგადასახადო დოკუმენტი არ მიეღო მხედველობაში და გამოეყენებინა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი (№0256 სიტუაციური სახელმძღვანელო, ე.წ. 75%-იანი მანუალი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მონაცემები გამოთხოვილი იქნა, თუმცა უარი მოვიდა. ყველა პირთან, ვისგანაც მომჩივანს უფიქსირდება შეძენები გაგზავნილი იქნა წერილი საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე. დაგვიკავშირდა მხოლოდ ----------, რომელსაც აუდიტის დეპარტამენტში მოსვლამდე განცხადებით ჰქონდა მიმართული შემოსავლების სამსახურისთვის, სადაც შესყიდვის საშუალო ფასს აფიქსირებდა 130 ლარამდე. ხოლო შესყიდვის აქტებში საშუალო ფასია 330 ლარი. აუდიტის დეპარტამენტში მოსვლის დროს შეცვალა შესყიდვის ფასი და დაადასტურა შესყიდვის აქტში მითითებული ფასი. რადგან ბოლოს დაადასტურა შესყიდვის აქტის ფასი, შემოწმების შედეგად გათვალისწინებული იქნა აღნიშნული ფასი. სხვა პირებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. მომჩივანს ეთხოვა წარმოედგინა ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები, რაც ვერ წარმოადგინა. ასევე შეძენილი ჰქონდა შპს „----------“-ისგან, თუმცა შეძენილია უფრო ნაკლებ ფასად, ვიდრე ფიზიკური პირებისგან. ფასების ანალიზით გამოდიოდა, რომ ექსპორტზე უფრო ნაკლებ ფასად გაყავდა ცხვარი, ვიდე ჰქონდა შეძენილი, რის გამოც ეჭვის ქვეშ დადგა შესყიდვის აქტების ფასები. ასევე, ერთ-ერთი პირი საქართველოში არ იმყოფებოდა შესყიდვის აქტის შედგენისთვის. კარანტინზე დაყენებული ცხვრების რაოდენობა აღემატებოდა ექსპორტის რაოდენობას და სხვაობა ჩაითვალა ადგილობრივ რეალიზაციად. ექსპორტზე გაყვანისას დაფიქსირებულია ფასი 301 ლარი, მაშინ როდესაც შესყიდვის აქტებში ფიქსირდება ფასი 330 და 340 ლარი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან საქონლის თვითღირებულების განსაზღვრა შეუძლებელია შესყიდვის აქტების საფუძველზე, ექსპორტირებული ცხვრების თვითღირებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. უცხოელი კრედიტორებისთვის ანაზღაურებულად საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%-ის ჩათვლა

ფაქტების აღწერა დარიცხვის საფუძვლები

მითითებულია მე-3 დავის საგნის ნაწილში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მიუღებელია იმპორტიორებისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხებიდან ხარჯებში მხოლოდ 75%-ის გათვალისწინება. როგორც პრაქტიკაში ხშირად ხდება, იმპორტიორებისთვის თანხების გადახდა ხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით, მძღოლისთვის თანხის გატანების გზით. ამ შემთხვევაშიც მომწოდებლების მოთხოვნით ხდებოდა მსგავსი პრაქტიკის გამოყენება. ვინაიდან შემოსავლების სამსახურის მიერ ოპერაციის განხორციელების პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო მიღებული მეთოდური მითითება, რომლის საფუძველზეც განხორციელდა გადასახადების დარიცხვა, თანხის გადახდისას მომწოდებლისგან მოთხოვნილი არ ყოფილა შედარების აქტი, ხოლო ამჟამად მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება, რომ წარმოდგენილი იქნას შედარების აქტი.

ერთ-ერთ მომწოდებელთან დაკავშრება მოხერხდა და წარმოდგენილია შედარების აქტი, რომლის საფუძველზეც სრულად დადასტურდა ნაღდი ანგარიშსწორებით თანხის გადახდა. მიმდინარე ეტაპზე კომპანია კვლავ ცდილობს დაუკავშირდეს აღნიშნულ მომწოდებელს (სულ 2 მომწოდებლისგან ჰქონდა შესყიდვები, საიდანაც ერთმა წარმოადგინა შედარების აქტი), რათა მოიპოვოს შედარების აქტი.

ვინაიდან მომწოდებლისგან, რომლისგანაც იყო შესყიდვების უმეტესი ნაწილი დადასტურდა თანხების სრულად გადახდა და ასევე აღნიშნული ოპერაციების პერიოდში არ არსებობდა მეთოდური მითითება, რომლის მიხედვითაც შეიძლებოდა, რომ გადასახადის გადამხდელს ეხელმძღვანელა, მომწოდებელზე გადახდილი თანხები უნდა ჩაითვალოს სრულად გადახდილად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადარიცხვები საბანკო ანგარიშიდან სრულად არ იყო განხორციელებული. წარმოდგენილი შედარების აქტი გათვალისწინებულია, რაზეც ვერ წარმოადგინა შედარების აქტები ის თანხა სრულად არ იქნა გათვალისწინებული.

საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე, შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია საგადასახადო ორგანოსთვის სრულად არ იქნა წარდგენილი, აღნიშნულის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატი;

2. წონის კლების და გათვალისწინებული გამოსავლიანობის კორექტირება ღორის ხორცის რეალიზაციის ნაწილში;

3. ექსპორტირებული ცხვრების თვითღირებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

4. უცხოელი კრედიტორებისთვის ანაზღაურებულად საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%-ის ჩათვლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გარკვეულ საქონელზე იყო 100 პროცენტზე მეტი ფასნამატი, მაგრამ მისი წილი მთლიან ბრუნვაში იყო ცოტა, ციტრუსის წილი იყო საკმაოდ მაღალი და ამიტომ საცალოდ რეალიზებულზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი. დოკუმენტური ფასის დაკავშირება მოხდა 100%-ით, შეძენა-რეალიზაციები დაკავშირებული იქნა. ყველაზე დიდი რაოდენობის მიწოდება განხორციელებულია საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიისთვის და ორი ნაბიჯისთვის. სხვა დანარჩენის წილი იყო მცირე. ორი ნაბიჯისთვის მიწოდებული პროდუქცია არ წარმოადგენს მაღალხარისხიან პროდუქციას და მიწოდების ფასიც არ აქვს ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს სხვა მაღაზიათა ქსელისთვის მიწოდებისას. მესამე პირების ფასნამატის გამოყენების საფუძვლები არ არსებობს იმ პირობებში, როდესაც არსებობს დოკუმენტური ფასნამატი.

2. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, დაკვლის მომსახურება გაწეული აქვს კომპანიას, რომლისგანაც გამოთხოვილი იქნა მონაცემები, სადაც მიუთითა, რომ საშუალო გამოსავლიანობა იყო 73%. მომჩივნის მიმართ გამოყენებული იქნა მესამე პირების აუდირებული მონაცემები. წონის კლების განსაზღვრასთან დაკავშირებით ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ მითითებული წონის კლების და გამოსავლიანობის მაჩვენებლის შესახებ წარმოდგენილი არ არის კომპანიის მიერ საბუღალტრო აღრიცხვის შესაბამისი დოკუმენტაცია ან/და ექსპერტიზის დასკვნა.

3. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მონაცემები გამოთხოვილი იქნა, თუმცა უარი მოვიდა. ყველა პირთან, ვისგანაც მომჩივანს უფიქსირდება შეძენები გაგზავნილი იქნა წერილი საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე. დაგვიკავშირდა მხოლოდ ერთი ფიზიკური პირი, რომელსაც აუდიტის დეპარტამენტში მოსვლამდე განცხადებით ჰქონდა მიმართული შემოსავლების სამსახურისთვის, სადაც შესყიდვის საშუალო ფასს აფიქსირებდა 130 ლარამდე. ხოლო შესყიდვის აქტებში საშუალო ფასია 330 ლარი. აუდიტის დეპარტამენტში მოსვლის დროს შეცვალა შესყიდვის ფასი და დაადასტურა შესყიდვის აქტში მითითებული ფასი. რადგან ბოლოს დაადასტურა შესყიდვის აქტის ფასი, შემოწმების შედეგად გათვალისწინებული იქნა აღნიშნული ფასი. სხვა პირებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. მომჩივანს ეთხოვა წარმოედგინა ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები, რაც ვერ წარმოადგინა. ასევე შეძენილი ჰქონდა კომპანიისგან, თუმცა შეძენილია უფრო ნაკლებ ფასად, ვიდრე ფიზიკური პირებისგან. ფასების ანალიზით გამოდიოდა, რომ ექსპორტზე უფრო ნაკლებ ფასად გაყავდა ცხვარი, ვიდე ჰქონდა შეძენილი, რის გამოც ეჭვის ქვეშ დადგა შესყიდვის აქტების ფასები. ასევე, ერთ-ერთი პირი საქართველოში არ იმყოფებოდა შესყიდვის აქტის შედგენისთვის. კარანტინზე დაყენებული ცხვრების რაოდენობა აღემატებოდა ექსპორტის რაოდენობას და სხვაობა ჩაითვალა ადგილობრივ რეალიზაციად. ექსპორტზე გაყვანისას დაფიქსირებულია ფასი 301 ლარი, მაშინ როდესაც შესყიდვის აქტებში ფიქსირდება ფასი 330 და 340 ლარი.

4. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადარიცხვები საბანკო ანგარიშიდან სრულად არ იყო განხორციელებული. წარმოდგენილი შედარების აქტი გათვალისწინებულია, რაზეც ვერ წარმოადგინა შედარების აქტები ის თანხა სრულად არ იქნა გათვალისწინებული.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ყველა ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 160(1); 163(1); 164(1); 275.