გადაწყვეტილება №21178/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 21178/2/2023
29 თებერვალი 202
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------27.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21178/2/2023).
დავის საგანი:
შემოწმებით განსაზღვრულ და მომჩივნის მიერ წარდგენილ ნაღდი ფულის ნაშთს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის №006-311 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.10.2023 წლის №25453 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 85 324,57 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 53 541
ჯარიმა - 26 902
საურავი - 4 881,57
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს ფერადი და შავი ლითონის ჯართით ვაჭრობა ქ. ---------- (იჯარით აღებულ ფართში).
აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგის გარემოებებით:
საწარმო ლითონის ჯართის შეძენას ახორციელებდა ადგილობრივ ბაზარზე, როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისაგან. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა საბანკო ანგარიშების ამონაწერები, ახსნა-განმარტებები, ჯართისა და ნარჩენების რეგისტრაციის სპეციალური აღრიცხვის ჟურნალები და სხვადასხვა ტიპის მატერიალური სახის დოკუმენტაცია, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილების გათვალისწინებით, შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა, როგორც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მატერიალური სახის დოკუმენტაცია, საბანკო ამონაწერები, ახსნა-განმარტებები და სხვა. აღნიშნულის ანალიზის საფუძველზე დათვლილ იქნა საწარმოს მიერ მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა და აღნიშნული მონაცემი შედარებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ნაღდი ფულის ნაშთთან შემოწმების ბოლოსათვის. აღნიშნული ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა შემოწმების შედეგებსა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ნაღდი ფულის ნაშთს შორის, რაც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე (---------- პ/ნ ----------) გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და 154-ე მუხლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, რამაც გამოიწვია გადასახადის დარიცხვა, ასევე განსაზღვრული იქნა სანქცია საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის №006-311 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.10.2023 წლის №25453 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმების მიერ დათვლილი იქნა საწარმოს მიერ მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა და აღნიშნული მონაცემი შედარებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ნაღდი ფულის ნაშთთან შემოწმების ბოლოსათვის. შედეგად, გამოვლინდა სხვაობა შემოწმების შედეგებსა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ნაღდი ფულის ნაშთს შორის, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის და გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმო ფერადი და შავი ლითონის ჯართის შესყიდვას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე იურიდიული/ფიზიკური პირებისგან, მათ შორის ფერადი და შავი ლითონის ჯართის შესყიდვა ხდება აუქციონის მეშვეობით. საწარმოს გამართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის ესაჭიროება ნაღდი ფულის არსებობა რათა მოახდინოს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება. საწარმოს დირექტორი კომპანიისაგან სესხის სახით იღებს ზემოაღნიშნულ ფულად სახსრებს, რაც შემდგომ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განსახორციელებელი ოპერაციების შედეგად უკან ბრუნდება რათა მოახდინოს საქონელის შეძენა. საწარმოს მიერ მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა არ არის დირექტორზე გაცემული ხელფასი, არამედ იგი წარმოადგენს დირექტორზე გაცემულ სესხს და ექვემდებარება მოგებით გადასახადით დაბეგვრას. ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე ეს ოპერაცია არის ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი (საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი), რომელიც პერიოდის გასვლის შემდგომ უკან ბრუნდება და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად განხორციელდება დაბრუნებულ თანხაზე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლა.
ზემოაღნიშნული ოპერაცია განხილული უნდა ყოფილიყო დირექტორზე გაცემულ სესხად რადგან, ზემოაღნიშნული თანხა დაბრუნებული და გამოყენებულია 26.04.2023 წელს მიღებულ აუქციონზე „პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულება
№-----------“, ღირებულება - 298 855 ლარი (დოკუმენტი თან ერთვის).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები. მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შემოწმების პროცესში წარდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერების, ახსნა-განმარტებების, ჯართისა და ნარჩენების რეგისტრაციის სპეციალური აღრიცხვის ჟურნალების, სხვადასხვა ტიპის მატერიალური სახის დოკუმენტაციის და აგრეთვე შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე. საწარმოს მიერ მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა შედარებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ნაღდი ფულის ნაშთთან შემოწმების ბოლოსთვის, რის შედეგად გამოვლინდა სხვაობა ნაღდი ფულის ნაშთებს შორის.
აუდიტის დეპარტამენტის 7.11.2023 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.03.2023 წლის №4209 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. აღნიშნული პროცედურის შედეგად 9.03.2023 წლისთვის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განსაზღვრულ იქნა 4 460 ლარის ოდენობით. ვინაიდან საზოგადოებას არ ქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, დირექტორის მიერ კომპანიისაგან სესხის სახით თანხის მიღება არ იყო აღრიცხული შესაბამისი ნორმების დაცვით, ამასთანავე შემოწმების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია სასესხო ვალდებულებებთან დაკავშირებით, რაც დაადასტურებდა აღნიშნული სახის ურთიერთობას საზოგადოებასა და მის დირექტორს შორის. ამასთანავე, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისას არ ფიქსირდებოდა საპროცენტო შემოსავლების მიღების ფაქტი.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ხოლო შემოწმებით განსაზღვრულ და გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ნაღდი ფულის ნაშთებს შორის გამოვლინდა სხვაობა, აღნიშნულის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოწმებით განსაზღვრულ და მომჩივნის მიერ წარდგენილ ნაღდი ფულის ნაშთს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს ფერადი და შავი ლითონის ჯართით ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. აღნიშნული პროცედურის შედეგად 9.03.2023 წლისთვის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განსაზღვრულ იქნა 4 460 ლარის ოდენობით. ვინაიდან საზოგადოებას არ ქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, დირექტორის მიერ კომპანიისაგან სესხის სახით თანხის მიღება არ იყო აღრიცხული შესაბამისი ნორმების დაცვით. ამასთანავე, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისას არ ფიქსირდებოდა საპროცენტო შემოსავლების მიღების ფაქტი.აღნიშნულიდან გამომდინარე, სხვაობა, განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(9);101(1);154(1)