ბრძანება N 25634
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25634
16 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ ------)
(მის.: ---------)
2022 წლის 4 ოქტომბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №101) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის №18531/2/2022 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „------ს“ (ს/ნ -----) 2022 წლის 4 ოქტომბრის №75199/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 სექტემბრის №001-162 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ აუდირებულ ფასნამატს. განმარტავს, რომ შემმოწმებლის მიერ ერთ ჯგუფში მოქცეულია ისეთი სმფ-ები, რასაც ვერც ერთ სავაჭრო ობიექტში ვერ ექნება ერთნაირი ფასნამატი. აცხადებს, რომ საკონტროლო შესყიდვის დროს დაფიქსირებულ ფასნამატში დაადგინა რამდენიმე უზუსტობა, რასთან დაკავშირებითაც წარმოდგენილი აქვს ექსელის ფაილი. ასევე, მიუთითებს კონკურენტულ გარემოზე და აცხადებს, რომ იძულებულია გაავრცელოს ქსელურ მარკეტებზე ნაკლები ფასნამატი. ამასთან, წარმოდგენილი აქვს იდენტიფიცირებული სასაქონლო ზედნადებების მიხედვით გაყიდული პროდუქციის ფასნამატის ცხრილი, რომლებიც მისივე განმარტებით არ იქნა გათვალისწინებული შემმოწმებლის მიერ. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში არასწორია ფაქტობრივი გარემოება თითქოს შესამოწმებელ პერიოდში დაჯარიმებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე და 286-ე მუხლების საფუძველზე. ასევე, განმარტავს, რომ მისი მაღაზია მდებარეობს ------ში და არა -----ზე (---- - მაღაზიის იურიდიული მისამართია), როგორც ეს საგადასახადო შემოწმების აქტშია მითითებული. ამასთან, აცხადებს, რომ საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკით რეალიზაცია რეალურად შეადგენს 25,38%-ს.
2. მომჩივანი არ ეთანხმება საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილული სალაროს ფულის ნაშთის ოდენობას. აცხადებს, რომ არ არის გათვალისწინებული ხარჯები (თელმიკო, დასუფთავება, წყალი, ინტერნეტი, დაცვა, ტერმინალით მომსახურების საკომისიო), რომლებიც ჯამურად შეადგენს 146 220 ლარს. დამატებით მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის გაანგარიშებული ფასნამატის გათვალისწინებით, სალაროზე არსებული ნაშთიდან გამოდის, თითქოს 113 541 ცალი ამოსაბეჭდი ჩეკი იყო ობიექტზე, მაშინ როცა შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების შედეგად (სულ 10), არც ერთი სამართალდარღვევა არ გამოვლენილა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9830 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე, 2022 წლის 29 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 5 სექტემბრის №23047 ბრძანება და 6 სექტემბრის №001–162 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 350 501 ლარი, მათ შორის გადასახადი 210 818 ლარი, ჯარიმა 105 409 ლარი და საურავი 34 274 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 8 დეკემბრის №30951 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 დეკემბრის №30951 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 24 თებერვლის №18531/2/2022 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 დეკემბრის №30951 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„მომჩივნის მიერ დავის წარმოების ეტაპზე წარმოდგენილია ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები, რომელთა მიხედვითაც მიანიშნებს შემოწმების შედეგად გამოვლენილ ფასნამატსა და მის მიერ გაანგარიშებულ ფასნამატს შორის სხვაობაზე. ამასთან, აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებული 10 საკონტროლო შესყიდვიდან სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევა არ დაფიქსირებულა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სურსათითა და პირველადი მოხმარების პროდუქტებით საცალო ვაჭრობა ქალაქ -----ში (------ზე) მდებარე მაღაზიის მეშვეობით. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. დეკლარირებული რეალიზაციის 99,5%-ს შეადგენდა საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკით რეალიზაცია. საბუღალტრო აღრიცხვა წარმოებული იყო 2021- 2022 წლების საანგარიშო პერიოდებზე, საქონელი ჩამოწერილი ჰქონდა ჯამურად და რეალიზებული საქონლის თვითღირებულება დგინდებოდა რეალიზაციის თანხიდან 8% ფასნამატის ამოღებით. გადამხდელს აღნიშნული ფასნამატი გამოყენებული ჰქონდა ზოგადად ყველა საქონელზე. ამდენად, შემოწმებით, სააღრიცხვო დოკუმენტაციით ვერ ხერხდებოდა დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებით, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი სულ 6 763 658 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების (სულ შეძენა 6 849 149 ლარი, საიდანაც გამოიყო ხარჯი-ისეთი საქონლის შეძენა, რომელიც არ იყო სარეალიზაციოდ განკუთვნილი) დაიყო მსგავსი საქონლის ჯგუფებად. სულ გამოიყო 28 საქონლის ჯგუფი (მაგ.: რძის ნაწარმი, სუნელი, ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული საქონელი, ყავა/ჩაი და ა.შ). ასევე, თითოეული ჯგუფის რეალიზებული საქონლის თვითღირებულების დასადგენად საქონლის საწყისი და საბოლოო ნაშთებიც დაიყო მსგავსი საქონლის ჯგუფებად. დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება აღნიშნულ შემთხვევაში იყო შეუძლებელი, რადგან დოკუმენტური რეალიზაცია იყო არაარსებითი. შემოწმებამ საქონლის ჯგუფებზე გამოიყენა ანალოგიური საქმიანობის მქონე, აუდირებული, მსგავსი სასურსათო მაღაზიის ფასნამატები. გამოყენებული ფასნამატის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა 16.6%. შპს ,,------"-ში სხვადასხვა პერიოდში ჩატარდა საქონლის საკონტროლო შესყიდვები. საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილ საქონელზე, სადაც შესაძლებელი იყო დადგინდა შეძენის ფასები და მიღებული ფასნამატის კოეფიციენტი აღემატებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ გაცხადებულ ფასნამატს (8%-ს) და ასევე, აღემატებოდა შემოწმებით გამოყენებული ფასნამატის კოეფიციენტსაც. შედეგად, შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 136-ე, 161-ე, 158-ე, 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად, განისაზღვრა საწარმოს მიერ მიღებული დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, არაპირდაპირი მეთოდის შედეგად გაზრდილი ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით დადგინდა, რომ საწარმოს 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით სალაროში უნდა ერიცხებოდეს ნაღდი ფულის ნაშთი 548 405 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, სალაროში ფულის რეალურ ნაშთსა და შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე 2022 წლის მარტის საანგარიშო პერიოდში გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი განმარტავს, რომ შემმოწმებლის მიერ ერთ ჯგუფში მოქცეულია ისეთი სმფ-ები, რასაც ვერც ერთ სავაჭრო ობიექტში ვერ ექნება ერთნაირი ფასნამატი. აცხადებს, რომ საკონტროლო შესყიდვის დროს დაფიქსირებულ ფასნამატში დაადგინა რამდენიმე უზუსტობა, რასთან დაკავშირებითაც წარმოდგენილი აქვს ექსელის ფაილი. ამასთან, წარმოდგენილი აქვს იდენტიფიცირებული სასაქონლო ზედნადებების მიხედვით გაყიდული პროდუქციის ფასნამატის ცხრილი, რომლებიც მისივე განმარტებით არ იქნა გათვალისწინებული შემმოწმებლის მიერ.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ არ არის გათვალისწინებული ხარჯები (თელმიკო, დასუფთავება, წყალი, ინტერნეტი, დაცვა, ტერმინალით მომსახურების საკომისიოები), რომლებიც ჯამურად შეადგენს 146 220 ლარს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, სალაროში ფულის რეალურ ნაშთსა და შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის გაწევის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფასნამატის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, სალაროში ფულის რეალურ ნაშთსა და შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის გაწევის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ აუდირებულ ფასნამატს.
2. მომჩივანი არ ეთანხმება საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილული სალაროს ფულის ნაშთის ოდენობას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სურსათითა და პირველადი მოხმარების პროდუქტებით საცალო ვაჭრობა ქალაქ თბილისში (თემქაზე) მდებარე მაღაზიის მეშვეობით. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმებით გადასახადის გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებამ საქონლის ჯგუფებზე გამოიყენა ანალოგიური საქმიანობის მქონე, აუდირებული, მსგავსი სასურსათო მაღაზიის ფასნამატები. გამოყენებული ფასნამატის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა 16.6%. მომჩივანთან სხვადასხვა პერიოდში ჩატარდა საქონლის საკონტროლო შესყიდვები. საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილ საქონელზე, სადაც შესაძლებელი იყო დადგინდა შეძენის ფასები და მიღებული ფასნამატის კოეფიციენტი აღემატებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ გაცხადებულ ფასნამატს (8%-ს) და ასევე, აღემატებოდა შემოწმებით გამოყენებული ფასნამატის კოეფიციენტსაც. შედეგად, შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 136-ე, 161-ე, 158-ე, 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად, განისაზღვრა საწარმოს მიერ მიღებული დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, სალაროში ფულის რეალურ ნაშთსა და შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე 2022 წლის მარტის საანგარიშო პერიოდში გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, სალაროში ფულის რეალურ ნაშთსა და შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის გაწევის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 49(1"ე"), 61(3), 73(4)(5"ა")(9"ბ"), 159(1"ა"), 163(1), 164(1), 101(1), 154(1"ა"), 72(1), 105(2), 43(4).
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 161(1"ა").