გადაწყვეტილება №27901/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.09.2026
№ დოკუმენტი 27901/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27901/2/2026

16 სექტემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 03.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27901/2/2026).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფასნამატის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2026 წლის N 232-7 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.07.2026 წლის N 15591 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 501 872.39 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 311 995.00 ლარი;

დღგ -118 066.00 ლარი;

საშემოსავლო გადასახადი - 193 929.00 ლარი;

ჯარიმა - 175 680.00 ლარი;

საურავი - 14 197.39 ლარი;.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტული ტექსტილით, ჭურჭლითა და საყოფაცხოვრებო ელ. ტექნიკით ვაჭრობა. იმპორტი ხორციელდება -----.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 03.09.2025 წლიდან 01.03.2026 წლამდე, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 2026 წლის 27 მარტის ჩათვლით და სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის მიზნებისათვის 2026 წლის 26 მარტის ჩათვლით პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 14 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმებისათვის წარდგენილი იქნა მხოლოდ საბანკო ამონაწერები, არ წარდგენილა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ან/და სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია. ბიუჯეტის მიმართ გადასახადის გადამხდელის ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შემოწმების მიერ, შეძენილი სასაქონლო - მატერიალური ფასეულობები დაყოფილი იქნა 4 კატეგორიად (ტექსტილი, ჭურჭელი, ელ. ტექნიკა და „სხვადასხვა“). ტექსტილის კატეგორიაზე გამოყენებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო დანარჩენ კატეგორიებზე აუდირებული ფასნამატი. „სხვადასხვა“ კატეგორიაზე გავრცელდა საშუალო ფასნამატი. კომპანიაში ჩატარებულია როგორც სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების, ასევე, ფულადი სახსრების ინვენტარიზაცია. 2026 წლის 30 მარტის მდგომარეობით, სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთმა შეადგინა 514 ლარი საბაზრო ღირებულებით, ხოლო ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. შედეგად, კომპანიას დაუდგინდა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად 2025 წლის 30 ნოემბერი. ასევე, დადგენილი შემოსავალი შეპირისპირდა კომპანიის მიერ გაწეულ დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებთან და დადგინდა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 73-ე, 136-ე, 158-ე, 159-ე, 165-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 20 მაისის N 11170 ბრძანება და N 232-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.07.2026 წლის N 15591 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 2026 წლის 25 ივნისს 11:40 სთ-ზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადასახადის გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 159- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციაზე, რომ კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს იმპორტული ტექსტილით, ჭურჭლით და საყოფაცხოვრებო ელ. ტექნიკით ვაჭრობა. იმპორტი ხორციელდება -----. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების ფარგლებში წარადგინა მხოლოდ საბანკო ამონაწერები. კომპანიის მიერ ბიუჯეტის მიმართ ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, შემოწმების მიერ, საქონელი დაყოფილ იქნა 4 კატეგორიად. კერძოდ, ტექსტილი - რაზეც ფასნამატი გავრცელდა 28%, ჭურჭელი - რაზეც ფასნამატი გავრცელდა 56%, ელ. ტექნიკა - რაზეც ფასნამატი გავრცელდა 32% და „სხვადასხვა“ - რაზეც ფასნამატი გავრცელდა 38%. ტექსტილზე გამოყენებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო დანარჩენ კატეგორიებზე აუდირებული ფასნამატი. „სხვადასხვას“ კატეგორიაზე გავრცელდა საშუალო ფასნამატი. კომპანიაში ჩატარებულია როგორც სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების, ასევე ფულადი სახსრების ინვენტარიზაცია. 2026 წლის 30 მარტის მდგომარეობით, სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთმა შეადგინა 514 ლარი საბაზრო ღირებულებით, ხოლო ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ან/და სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რამაც შემოწმებისთვის შეუძლებელი გახადა დაბეგვრის ობიექტის დადგენა შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, კატეგორიებად დაყოფილ საქონელზე, გაევრცელებინა შესაბამისი ფასნამატები, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში.

ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

არ ეთანხმება საგადასახადო მოთხოვნას, შემოწმების აქტს, სადაც აუდიტორის მიერ ფასნამატი ხელოვნურად გაზრდილია და საქონლის ღირებულება გატარებულია შემოსავლებში.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს გარდა საბანკო ამონაწერებისა შემოწმებისათვის არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ან/და სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია. ამდენად, გადასახადის გადამხდელის ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ შეძენილი სასაქონლო - მატერიალური ფასეულობები დაყოფილი იქნა 4 კატეგორიად: ტექსტილი, ჭურჭელი, ელ. ტექნიკა და „სხვადასხვა“, ტექსტილის კატეგორიაზე გამოყენებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, დანარჩენ კატეგორიებზე აუდირებული ფასნამატი, ხოლო „სხვადასხვა“ კატეგორიაზე საშუალო ფასნამატი. ასევე, დადგინდა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საყურადღებოა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაცია, რომ გადასახადის გადამხდელის ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, შემოწმების მიერ, საქონელი დაყოფილ იქნა 4 კატეგორიად და რომ ცალკეულ კატეგორიაზე გავრცელდა ფასნამატები: ტექსტილზე 28%, ჭურჭელზე 56%, ელ. ტექნიკაზე 32% და „სხვადასხვაზე“ გავრცელდა 38%. ამასთან, ტექსტილზე გამოყენებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, დანარჩენ კატეგორიებზე აუდირებული ფასნამატი, ხოლო სხვადასხვას კატეგორიაზე გავრცელდა საშუალო ფასნამატი.

მომჩივანი წარმოდგენილი საჩივრით არ ეთანხმება დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის სახით დარიცხულ თანხებს, შემოწმებით გამოყენებულ ფასნამატს, მაგრამ არ წარმოადგენს არგუმენტებს/დოკუმენტს ან/და მტკიცებულებას და შესაბამისად, არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული პოზიციები რა საფუძველზე დაყრდნობით მიიჩნევს ფასნამატის ოდენობებს და დარიცხვას არამართლზომიერად, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ან/და სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, შესაბამისად შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიიჩნევს, რომ საკმარისი საფუძველი არსებობდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულიყო არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, კატეგორიებად დაყოფილ საქონელზე, გავრცელებულიყო შესაბამისი ფასნამატები, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს დავის ეტაპზე არ წარუდგენია და მომჩივანი არც ამჟამად წარმოადგენს მისი პოზიციის შესაბამის რაიმე დოკუმენტს ან/და მტკიცებულებას, რომელიც შეცვლიდა დადგენილ გარემოებებს და შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების (კორექტირების) საფუძველი გახდებოდა.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფასნამატის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი იყო არასრული დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. დაეკისრა გადასახდელი თანხა და ჯარიმა. გადაწყვეტილება გასაჩივრდა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც შემდგომ გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101(1); 154(1,,ა"); 275; 282;.