გადაწყვეტილება №27376/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.07.2026
№ დოკუმენტი 27376/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27376/2/2026

14 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“ 19.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27376/2/2026).

 

დავის საგანი:

1. საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და და იმპორტის გადასახდელების დარიცხვა და საურავის დაკისრება;

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.09.2024 წლის N 23072/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 29.05.2023 წლის N EL211182 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 30.05.2023 წლის N EL77777/14 (001-14) საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 25.04.2024 წლის N 9691 ბრძანება;

4. საბაჟო დეპარტამენტის 30.03.2026 წლის N 7084 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 413 465,13 ლარი.

30.05.2023 წლის N EL77777/14 (001-14) საგადასახადო მოთხოვნა - 832 748,15 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 580 716,98 ლარი;

დღგ საბაჟო - 100 971,84 ლარი;

აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 470 000 ლარი;

იმპორტის გადასახადი - 9 745,14 ლარი;

საურავი - 252 031,17 ლარი;

29.05.2023 წლის N EL211182 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 580 716,98 ლარი;.

 

პროცედურული გარემოებები:

საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვის ფაქტზე მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 29.05.2023 წლის N EL211182 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 580 716,98 ლარის (უკანონოდ განკარგულ საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთან, 30.05.2023 წელს გამოიცა N EL77777/14 (001-14) საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 580 716,98 ლარი და საურავი – 252 031,17 ლარის ოდენობით.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.07.2023 წლის N 18630 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 02.11.2023 წლის N 20607/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის N 18630 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 02.11.2023 წლის N 20607/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 25.04.2024 წლის N 9691 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 26.09.2024 წლის N 23072/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 25.04.2024 წლის N 9691 ბრძანება. საბაჟო დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სადავო აქტების კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 26.09.2024 წლის N 23072/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი საბაჟო დეპარტამენტის 30.03.2026 წლის N 7084 ბრძანებით არ დაკორექტირდა შპს ,,-----“ (ს/ნ -----) მიმართ 29.05.2023 წელს შედგენილი N EL211182 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და ამავე წლის 30 მაისს გამოცემული N EL77777/14 (001-14) საგადასახადო მოთხოვნა.

საბაჟო დეპარტამენტის 30.03.2026 წლის N 7084 ბრძანება, 29.05.2023 წელს შედგენილი N EL211182 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, ამავე წლის 30 მაისს გამოცემული N EL77777/14 (001-14) საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 25.04.2024 წლის N 9691 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და იმპორტის გადასახდელების დარიცხვა და საურავის დაკისრება.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 16.12.2021 წლის N ----- (რეგ. N ----- ; 17.12.2021 წ.) და 20.12.2021 წლის N ----- (რეგ. N ----- ; 20.12.2021 წ.) მომართვებისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 20.12.2021 წლის N 39356 და 21.01.2022 წლის N 1120 ბრძანებების საფუძველზე, 21.12.2021 წლიდან - 18.05.2023 წლის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა ქ. ----- მდებარე, მომჩივნის კუთვნილი საბაჟო საწყობების სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და ამავე საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმება.

საბაჟო საწყობში ----- არსებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთების შემოწმებისას (შემოწმების აქტი N ----- 18.05.2023), არ აღმოჩნდა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) კუთვნილი, N ----- საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი – ფილტრიანი სიგარეტი „-----“ 100 000 კოლოფი (200 ყუთი). საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, რაზეც მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 29.05.2023 წლის N EL211182 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 580 716,98 ლარის (უკანონოდ განკარგულ საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთან, 30.05.2023 წელს გამოიცა N EL77777/14 (001-14) საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 580 716,98 ლარი და საურავი – 252 031,17 ლარის ოდენობით.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით (N -----/2/2026) მომჩივანი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის 25.04.2024 წლის N 9691 ბრძანებას, საბაჟო დეპარტამენტის 29.05.2023 წლის N EL211182 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და ამავე წლის 30 მაისს გამოცემულ N EL77777/14 (001-14) საგადასახადო მოთხოვნას.

საქმის მასალებით დგინდება, რომ მომჩივანმა მის მიმართ შედგენილი საბაჟო დეპარტამენტის 29.05.2023 წლის N EL211182 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და ამავე წლის 30 მაისს გამოცემული N EL77777/14 (001-14) საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის მიერ 25.04.2024 წლის N 9691 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 26.09.2024 წლის N 23072/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

ამგვარად, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.09.2024 წლის N 23072/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

საბაჟო დეპარტამენტის 30.03.2026 წლის N 7084 ბრძანების მიხედვით, დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებული დამატებითი შესწავლით დასტურდება, რომ: – N ----- 2021 საქონლის საბაჟო დეკლარაციით შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიერ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეულ იქნა და შპს „-----“ კუთვნილ საბაჟო საწყობში ----- განთავსდა უცხოური საქონელი – ფილტრიანი სიგარეტი „-----“, 100 000 კოლოფი (200 ყუთი). აღნიშნული საქონლის საბაჟო დეკლარაციის 44-ე გრაფაში მითითებულია ჩანაწერი „-----“, ხოლო 49-ე გრაფაში – ჩანაწერი „-----“.

საბაჟო საწყობის პროცედურის განხორციელებისას საქონლის საბაჟო დეკლარაციის გრაფების შევსების წესი განსაზღვრულია „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-17 მუხლით, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით, დეკლარაციის 44-ე გრაფა („დამატებითი ინფორმაცია“) „ივსება იმ შემთხვევაში, თუ 37-ე გრაფაში მითითებულია „7474“ და მიეთითება იმ საბაჟო საწყობის საიდენტიფიკაციო კოდი, საიდანაც ხდება საქონლის გამოტანა“, ხოლო მე-5 პუნქტი ადგენს დეკლარაციის 49-ე გრაფის („საწყობის დასახელება“) შევსების შემდეგ წესს: „გრაფის პირველ ნაწილში აღინიშნება საბაჟო საწყობის/შენახვის სხვა ადგილის საიდენტიფიკაციო კოდი. საბაჟო საწყობში შენახულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემისას ახალი მესაკუთრის მიერ წარდგენილ დეკლარაციაში საბაჟო საწყობის საიდენტიფიკაციო კოდს ბოლოში ემატება – „/1„. გრაფის მეორე ნაწილში მიეთითება საქონლის შენახვის ვადა დღეებში, ხოლო საბაჟო საწყობის პროცედურაში საქონლის შენახვის ვადის გაგრძელების შემთხვევაში – საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მიეთითება შენახვის საერთო ვადა დღეებში“.

შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საბაჟო დეკლარაციაში ასახული ინფორმაციით დეკლარირებულ იქნა, რომ საბაჟო საწყობში ----- შენახული საქონელი – „-----“ (100 000 კოლოფი, 200 ყუთი), საბაჟო საწყობში საკუთრების უფლების გადაცემის გზით, შეძენილ იქნა შპს „-----“ მიერ და დასაწყობდა ამავე საბაჟო საწყობში -----, 725 კალენდარული დღით. აღნიშნული საქონელი, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 20 დეკემბრის N 39356 და 2022 წლის 21 იანვრის N 1120 ბრძანებების საფუძველზე განხორციელებული შემოწმებისას, მითითებულ საბაჟო საწყობში ----- არ აღმოჩნდა.

ამავე შემოწმების ფარგლებში სხვა საბაჟო საწყობში ----- გამოვლინდა არადეკლარირებული საქონელი, მათ შორის „-----“ – 98 309 კოლოფი, რომლის შესახებ ინფორმაცია არ იყო მიწოდებული/წარდგენილი საბაჟო ორგანოსთვის.

საბაჟო ორგანოსთვის ასევე არ იყო მიწოდებული N ----- /2021 საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული და N ----- საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის („-----" 100 000 კოლოფი, 200 ყუთი) აქციზური მარკებით ნიშანდებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. აქციზური მარკები არ იყო დატანილი არც N ----- საბაჟო საწყობში გამოვლენილ არადეკლარირებული საქონელზე („-----“ – 98 309 კოლოფი) და მოცემულ შემთხვევაში, საქონლის იდენტიფიცირებისათვის ასევე არ ყოფილა გამოყენებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საქონელი – თამბაქოს ნაწარმი (სიგარეტი) არ წარმოადგენს ისეთი კატეგორიის საქონელს, რომელიც შესაძლებელია იდენტიფიცირებულ იქნეს მასზე დატანილი და დეკლარანტის მიერ საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებული უნიკალური მაიდენტიფიცირებელი მონაცემით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება, რომ N ----- საბაჟო საწყობში გამოვლენილი არადეკლარირებული საქონელი („-----“, 98 309 კოლოფი) წარმოადგენს N ----- საბაჟო საწყობში დასაწყობებული საქონლის („-----“, 100 000 კოლოფი, 200 ყუთი) ნაშთს/ნაწილს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ამ საქმესთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებებით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 იანვრის განაჩენი, საქმე N -----, N -----; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენი, საქმე N ----- წ. N ----- ; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის განაჩენი, საქმე N -----, N -----) დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ:

ა) ----- საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე არსებულ დახურულ შენობაში/არსებული დახურული შენობიდან საქონლის შეტანა/გატანა ხორციელდებოდა საბაჟო კონტროლის ზონის გარეთ განთავსებული შესასვლელი/გამოსასვლელი კარით;

ბ) ----- საბაჟო საწყობში ადმინისტრაციული შენობიდან საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე შესასვლელი/ტერიტორიიდან გასასვლელი კარი განთავსებული იყო საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;

გ) საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ადგილებზე მოწყობილი ჰქონდათ შესასვლელი და გასასვლელი კარი;

დ) საბაჟო საწყობების კონტროლის ზონა არ იყო გამოყოფილი არასაბაჟო კონტროლის ზონისგან იმგვარად, რომ გამორიცხული ყოფილიყო მასში შეღწევადობა;

ე) ირღვეოდა საბაჟო საწყობებში განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების უწყვეტობა;

ვ) ზემოხსენებული კი საშუალებას იძლეოდა საბაჟო საწყობებიდან საქონლის გატანა და საბაჟო საწყობებში საქონლის შეტანა, ნაცვლად ამისათვის გამოყოფილი სპეციალური შესასვლელის/გასასვლელისა, მომხდარიყო არა საბაჟო ტერიტორიის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად შეეტანათ ან გაეტანათ საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ იქნა კორექტირებული შპს „-----“ (ს/ნ -----) მიმართ 29.05.2023 წელს შედგენილი N EL211182 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და ამავე წლის 30 მაისს გამოცემული N ----- (001-14) საგადასახადო მოთხოვნა.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოცემული აქტები არის უკანონო და დაუსაბუთებელი და ის უნდა გაუქმდეს. საბაჟო დეპარტამენტს დაევალა:

(ა) მომჩივნის მონაწილეობით,(ბ) კვლავ თავიდან შეესწავლა სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში,(დ) უზრუნველეყო სადავო აქტების კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის აღრიცხვის ბარათზე.

საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან არ შესრულებულა არც ერთი მითითება.

მომჩივანი არ ყოფილა მიწვეული და მისი მონაწილეობით არ ჩატარებულა რაიმე განხილვა და მისთვის არც მოსაზრებების და პოზიციის წარდგენის წინადადებით მიუმართავს საბაჟო ორგანოს. შესაბამისად, უმთავრესი მოთხოვნა, რაც გულისხმობდა შპს „-----“ მონაწილეობას საქმის განხილვაში, დაირღვა, რამაც განაპირობა საქმეზე უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება.

მეორე მითითება საბაჟო ორგანოს მიმართ უკავშირდებოდა სადავო საკითხების თავიდან შესწავლას. საბაჟო ორგანოს მხრიდან დაირღვა აღნიშნული მოთხოვნაც. თავდაპირველად, 3 წლის წინ, 2023 წელს გამოცემული სამართალდარღვევის ოქმის მიმართ კომპანიის მიერ უკვე წარდგენილი იყო დასაბუთებული საჩივარი, რაც უკვე 2-ჯერ გაიზიარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების საბჭომ, რომ გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა სამართალდარღვევის ოქმში მოყვანილ ფორმულირებებს და საგადასახადო მოთხოვნას. კერძოდ, საბჭოს მიერ საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი გახდა შემდეგი გარემოებები:

მომჩივანს არ მოუხდენია საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, ვინაიდან შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიერ 03.12.2020 წლის N -----/----- საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული საქონელი - ფილტრიანი სიგარეტი ,,-----" (პროგრამული ნაშთი 100 000 კოლოფიდან) 98 309 კოლოფი შემოწმების აქტის N ----- 18.05.2023 მიხედვით ინახებოდა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) კუთვნილ საბაჟო საწყობში (-----; დანიშნულების კოდი -----).

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საბაჟო სანქცია არის საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომა. საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ეფუძნება ინდივიდუალიზაციის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქმედების ჩამდენ პირს (საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-4 ნაწილი), ხოლო თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით სამართალდარღვევად მიიჩნევა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

აქედან გამომდინარე, კანონი ერთი მხრივ განასხვავებს 3 ტიპის დამოუკიდებელ და განსხვავებულ შემადგენლობას და ზღვარს ავლებს განკარგვას, დაკარგვას და განადგურებას შორის, ხოლო მეორე მხრივ, სამართალდარღვევად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს მხოლოდ უკანონო ქმედება.

საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით ----- ანალოგიურ საქმეებზე სამართალდარღვევის შემადგენლობა გულისხმობს ერთდროულად მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. შესაბამისად, თუნდაც დეკლარანტის მიერ მითითებულ დოკუმენტსა და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობას შორის სხვაობის გამოვლენა „ავტომატურად არ ქმნის პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის წინაპირობას“, არამედ არის შემდგომი მოკვლევის დაწყების საფუძველი, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობაა დაადგინოს „მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახე და საქონლის განადგურების/დაკარგვის/განკარგვის ფაქტი, დრო, ადგილი, ვითარება“. ადმინისტრაციული ორგანოსთვის იმთავითვე ცნობილი იყო როგორც ტვირთის არსებობის თაობაზე (შესაბამისად ცნობილი იყო ისიც, რომ ტვირთი ვერ იქნებოდა განკარგული, დაკარგული ან განადგურებული) და ცნობილი იყო ასევე ტვირთის მესაკუთრის თაობაზეც (რადგანაც მიუთითებს როგორც ტვირთმფლობელს, ისე დროებითი შენახვის დეკლარაციას).

სამართალდარღვევის ოქმი არ ახდენს არც იმის დაკონკრეტებას თუ კონკრეტულად რომელი შედეგი დადგა - განკარგვა, დაკარგვა თუ განადგურება (რაც რეალურად არ მომხდარა და თავად ადმინისტრაციული ორგანო ადასტურებს ტვირთის არსებობას) და არც იმას მიუთითებს იყო თუ არა ეს არარსებული ქმედება უკანონო.

როგორც ანალოგიურ საქმეებზე სასამართლო პრაქტიკა მიუთითებს ----- „დანაკლისის არსებობა თავისთავად ყოველთვის არ იწვევს საბაჟო საწყობის პასუხისმგებლობას“, არამედ, „პასუხისმგებლობას იწვევს ისეთი დანაკლისი, რომელიც საწყობის ბრალით არის გამოწვეული. დანაკლისი უნდა უკავშირდებოდეს უკანონო განკარგვას, რაც მოითხოვს დადასტურების აქტის შედგენას.“

გარდა ამისა, სასამართლო პრაქტიკის თანახმად ----- როგორც დანაკლისის წარმოშობის მტკიცების ტვირთის, ისე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელი წინაპირობის - ბრალის, არსებობა წარმოადგენს საბაჟო ორგანოს მტკიცების ტვირთს.

დამატებით, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით დანაკლისის დადგენა უნდა მოხდეს საბაჟო ორგანოს მიერ ტვირთმფლობელის დოკუმენტაციასთან და საწყობის მონაცემებთან შედარების გზით, რაც განსახილველ შემთხვევაში ასევე არ მომხდარა და არ არის მითითებული სამართალდარღვევის ოქმში.

საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით ----- ანალოგიურ საქმეებზე სამართალდარღვევის შემადგენლობა გულისხმობს ერთდროულად მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. შესაბამისად, თუნდაც დეკლარანტის მიერ მითითებულ დოკუმენტსა და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობას შორის სხვაობის გამოვლენა „ავტომატურად არ ქმნის პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის წინაპირობას“, არამედ არის შემდგომი მოკვლევის დაწყების საფუძველი, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობაა დაადგინოს „მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახე და საქონლის განადგურების/დაკარგვის/განკარგვის ფაქტი დრო, ადგილი, ვითარება“. გარდა ამისა, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით ----- „საქონლის განკარგვა უნდა დგინდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებებისა და გარემოებების საფუძველზე“, რომელი მტკიცებულებებიც „უტყუარად უნდა ადასტურებდეს“ სამართალდარღვევების ჩადენის ფაქტს.

იმ ვითარებაში კი, როდესაც ტვირთის არც განკარგვა, არც დაკარგვა და არც განადგურება მომხდარა იმთავითვე ცხადია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვერც არარსებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახეს, საქონლის განკარგვის ფაქტის დროს, ადგილს და ვითარებას ვერ დაადგენდა და ვერც კონკრეტულ უტყუარ მტკიცებულებებს და გარემოებებს დაეყრდნობოდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანიის მიმართ გამოცემულ იქნა სრულიად უკანონო სამართალდარღვევის ოქმი.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას. მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა აქტი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მის გამოცემას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის განმარტებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, „საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელსა და დეკლარანტს შორის სამართალურთიერთობა წესრიგდება არა მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებადი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმებით, არამედ აგრეთვე მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე.“ გარდა ამისა, სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ----- „საქონლის განკარგვა უპირველეს ყოვლისა, ტვირთის მფლობელისათვის უნდა იყოს ზიანის მომტანი“. ხოლო, „სატვირთო - საბაჟო დეკლარაციაში ნაჩვენები მონაცემების სიზუსტეზე პასუხს აგებს დეკლარანტი“ და არა საბაჟო საწყობი.

საქონლის ტვირთის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ არ წარუდგენია, რაც ცალსახად მეტყველებს, რომ შპს „-----“ არ მოუხდენია საქონლის განკარგვა. შესაბამისად, შეუძლებელია ვისაუბროთ ტვირთის რაიმე ფორმით დაკარგვაზე, განკარგვაზე ან მის განადგურებაზე.

გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

სამწუხაროდ, საბაჟო ორგანომ, კანონით დადგენილი ვადების დარღვევის და არაგონივრული გაჭიანურების მიუხედავად, რა დროსაც 2 წლის მანძილზე არც შპს „-----“ წარმომადგენელი მიუწვევია განხილვაზე და არც მათი მოსაზრების მოსმენით დაინტერესებულა, „სადავო საკითხების თავიდან შესწავლის ნაცვლად“ სრულიად განსხვავებული შინაარსი მისცა მის მიერ გამოცემულ სამართალდარღვევის ოქმს და გამოიყენა ნორმატიული აქტი, რომელიც არარსებული სამართალდარღვევის ვითომდა ჩადენის დროს არც კი მოქმედებდა.

კერძოდ, გასაჩივრებულ აქტში, ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-17 მუხლი მე-4-ე პუნქტის დღეისათვის (2026 წლის მაისის მდგომარეობით) მოქმედ შინაარსზე („დეკლარაციის 44-ე გრაფა ივსება იმ შემთხვევაში, თუ 37-ე გრაფაში მითითებულია „7474“ და მიეთითება იმ საბაჟო საწყობის საიდენტიფიკაციო კოდი, საიდანაც ხდება საქონლის გამოტანა“), მაშინ როდესაც არარსებული „სამართალდარღვევის“ ჩადენის დროს მოქმედი ნორმის რედაქცია სრულიად განსხვავებული იყო („გრაფა 44 „დამატებითი ინფორმაცია“ - გრაფაში აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ნომრები კლასიფიკატორის (დანართი N 19) მე-10 ნაწილის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ 37-ე გრაფაში მითითებულია „7474“, მაშინ 44-ე გრაფაში მიეთითება იმ საბაჟო საწყობის საიდენტიფიკაციო კოდი, საიდანაც ხდება საქონლის გამოტანა.“).

სამწუხაროდ, საბაჟო ორგანოს მხრიდან დავის მიმდინარეობის განვლილი წლები არსებითი სადავო გარემოებების შესწავლის ნაცვლად მოხმარდა იმას, რომ ნებისმიერი ფორმით მომხდარიყო უკანონო და უსაფუძვლოა სამართალდარღვევის ოქმის და მის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის მოქმედების შენარჩუნება, რაც გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრული შესწავლის მიზანს და კიდევ ერთხელ ადასტურებს მომჩივნის პოზიციას, რომ გამოცემული აქტი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

ზემოთ მითითებული არგუმენტების და არსებითი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიერ 2-ჯერ მიეთითა საბაჟო ორგანოს, რომ „საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და საგადასახადო მოთხოვნის გამოცემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები მოითხოვს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით.“ დავის საგანს და სადავო გარემოებებს კი ქმნიდა საბაჟო ორგანოს მიერ შპს „-----“ მიმართ საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის უკანონოდ დაკისრება ვითომდა უკანონოდ განკარგული იმ საქონლის გამო, რომელიც რეალურად იმავე კომპლექსში იმყოფებოდა.

ნაცვლად სადავო არსებითი ფაქტობრივი გარემოებების კვლევისა, მისი საბოლოო გასაჩივრებული აქტით, საბაჟო ორგანომ მიუთითა იდენტურ გარემოებებზე, რაც მანამდე არ იქნა გაზიარებული დავის განმხილველი ორგანოს მხრიდან და დამატებით, იმ დროისათვის ჯერ კიდევ ძალაში არ მყოფი ნორმატიული აქტის ტექსტზე მითითებით განაგრძობს იმის უსაფუძვლოდ მტკიცებას, რომ თითქოს „არ დასტურდება, რომ ----- საბაჟო საწყობში გამოვლენილი არადეკლარირებული საქონელი ----- წარმოადგენს N ----- საბაჟო საწყობში დასაწყობებული საქონლის („-----“, 100 000 კოლოფი, 200 ყუთი) ნაშთს/ნაწილს“. ამ შემთხვევაშიც, ადმინისტრაციული ორგანო კვლავ განაგრძობს მტკიცების ტვირთის უკანონოდ შებრუნებას გადასახადის გადამხდელის საზიანოდ. ნაცვლად იმისა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მოეხდინა იმის დამტკიცება, რომ სამართალდარღვევის დაკისრება მოხდა კანონიერად, მას კვლავ განმცხადებელზე გადმოაქვს იმის მტკიცების ტვირთი, რომ საბაჟო საწყობში არსებული ერთი და იგივე დასახელების საქონელი ერთდროულად არის უკანონოდ განკარგულიც და უკანონოდ არსებულიც, რაც ლოგიკურ აბსურდულობასთან ერთად, ცალსახად და ობიექტურად მხოლოდ მიზანმიმართული ზიანის მიყენების განზრახვად შეიძლება იქნეს მიჩნეული.

გადასახადის გადამხდელის ქმედების კანონიერების პრეზუმფციიდან და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით, ადმინისტრაციული ორგანო ცდილობს სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამოყენებას სრულიად სხვა საქმესთან დაკავშირებით. აქაც, ადმინისტრაციული ორგანო ერთი მხრივ ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის განაჩენს, რომელიც ასევე არ არსებობდა სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დროს - 2023 წლის 29 მაისს და რაც მთავარია, აღნიშნული განაჩენით არ არის დადგენილი არც გასაჩივრებული სამართალდარღვევის ოქმში მითითებული არარსებული ფაქტი, რაც საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს შექმნიდა. ადმინისტრაციული ორგანო ცდილობს საკუთარი ინტერპრეტაციით „განავრცოს“ განაჩენის შინაარსი. უდავოა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი შეეხება სრულიად სხვა ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნულ საქმეშიც დავის საგანს არ წარმოადგენდა ის ფაქტები, რომლებიც მოცემული ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებშია სადავო. აღნიშნულ გარემოებას ვერც საბაჟო ორგანო არიდებს თავს და ნაცვლად საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის დისპოზიციისა (საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება), ახლა უკვე ცდილობს პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი „გამოძებნოს“ იმაში, თითქოს დარღვეული იყო საქონლის ადგილმდებარეობისა და მისი ნებისმიერი გადაადგილების შესახებ აღრიცხვა - შენახვის ვალდებულება („საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 9) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, საბაჟო კოდექსის 112-ე მუხლი). საბაჟო ორგანოს აღნიშნული პოზიცია კიდევ უფრო მეტად უკანონოა იმის გათვალისწინებით, რომ პასუხისმგებლობის დაკისრება მოხდა არა აღრიცხვა - შენახვის მოვალეობის ვითომდა დარღვევისათვის, არამედ ქონების უკანონოდ განკარგვისათვის.

ასევე სრულიად გაურკვეველია, თუ რას გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანო, როდესაც აცხადებს, რომ „განსახილველ შემთხვევაში სადავო საქონელი – თამბაქოს ნაწარმი (სიგარეტი) არ წარმოადგენს ისეთი კატეგორიის საქონელს, რომელიც შესაძლებელია იდენტიფიცირებულ იქნეს მასზე დატანილი და დეკლარანტის მიერ საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებული უნიკალური მაიდენტიფიცირებელი მონაცემით.“

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო ორგანოს მიერ გამოცემული აქტი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

ბათილად უნდა იქნას ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის 29.05.2023 წლის N EL211182 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, 30.05.2023 წლის N 001-14 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 25.04.2024 წლის N 9691 ბრძანება და საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 30 მარტის N 7084 ბრძანება და საბაჟო დეპარტამენტს დაევალოს უზრუნველყოს სადავო აქტების კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:

ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;

ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.

3. საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) პირველი მუხლის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, და მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

2. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:

ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;

ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის:

ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;

ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია;

გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა საქონელი ან რომელიც ფლობს საქონელს და რომელმაც მისი შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის.

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

მომჩივანი 14.05.2024 წელს წარმოდგენილ საჩივარში განმარტავდა, რომ არ მოუხდენია საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, ვინაიდან შპს „-----“ 03.12.2020 წლის N ----- საბაჟო დეკლარაციით დასაწყობებული საქონელი - ფილტრიანი სიგარეტი ,,-----" (პროგრამული ნაშთი 100 000 კოლოფიდან) 98 309 კოლოფი 18.05.2023 წლის N ----- შემოწმების აქტის მიხედვით, ინახებოდა შპს „-----“ (ს/ნ -----) კუთვნილ საბაჟო საწყობში (-----; დანიშნულების კოდი ----- ). ხოლო, მიმდინარე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განმარტა, რომ შპს ,,-----“ (ს/ნ ----- ) მოითხოვს მომჩივნის კუთვნილი საბაჟო საწყობში განთავსებულ მის კუთვნილ საქონელს (სიგარეტს). აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილობითი მიმართვა საბაჟო ორგანოსთვის, სადაც მითითებულია, რომ საქონელი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს. ამ ეტაპისთვის აღნიშნული წარმოება არ დასრულებულა. საბაჟო ორგანოს სათანადო რეაგირება/ქმედება არ განუხორციელებია.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.09.2024 წლის N ----- გადაწყვეტილების მართლზომიერად აღსრულებისთვის შეფასებული უნდა იქნას შპს „-----“ (ს/ნ -----) მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართვის საფუძველზე დაწყებული წარმოების შედეგები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დაიწყოს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.09.2024 წლის N ----- გადაწყვეტილების აღსრულებაზე და გაითვალისწინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიმართვის საფუძველზე დაწყებული წარმოების შედეგების მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებული არსებითი გარემოებები. კერძოდ, საბაჟო ორგანოს/საგამოძიებო ორგანოს მიერ საქონლის მესაკუთრედ შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიჩნევის შემთხვევაში (მისთვის N ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელის გადაცემის/დაბრუნების შემთხვევაში) უზრუნველყოს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის მომჩივნის მიერ უკანონოდ განკარგულად, დაკარგულად ან განადგურებულად მიჩნეული საქონელის რაოდენობიდან („-----“ 100 000 კოლოფი (200 ყუთი) ამორიცხვა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაკისრებული სანქციის/დარიცხული იმპორტის გადასახდელის/საურავის კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საჩივარი შემოსავლების სამსახურის 25.04.2024 წლის N 9691 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში დარჩეს განუხილველი;

3. ნაწილობრივ გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 30.03.2026 წლის N 7084 ბრძანება;

4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.09.2024 წლის N 23072/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სადავო აქტის კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და და იმპორტის გადასახდელების დარიცხვა და საურავის დაკისრება;

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.09.2024 წლის N 23072/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

1. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საბაჟო საწყობში საქონლის ნაწილი არ აღმოჩნდა. ეს შეფასდა, როგორც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ არსებული საქონლის უკანონო განკარგვა, რის გამოც კომპანიას დაეკისრა შესაბამისი ფინანსური ვალდებულებები.

2. დადგინდა, რომ საქონლის იდენტურობა ვერ დადასტურდა, გამოვლინდა საბაჟო კონტროლის დარღვევები და მიღებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

 

გადაწყვეტილება:

საბჭომ მიიჩნია, რომ საქმე ხელახლა უნდა განიხილოს, გაითვალისწინოს გამოძიების შედეგები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შეამციროს დაკისრებული სანქცია და გადასახადი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172; 163; 127(1;3);.