გადაწყვეტილება №24410/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24410/2/2024
04 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ს 7.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24410/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2024 წლის №041-41 საგადასახდო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №24053 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 768 196,74 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 477 237
დღგ - 188 479
საშემოსავლო გადასახადი - 288 758
ჯარიმა - 238 619
საურავი - 52 340,74
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის იმპორტი ჩინეთიდან, ვაჭრობს ---ს ბაზრობის ტერიტორიაზე მაღაზიიდან. კომპანია რეგისტრირებულია 5.09.2022 წელს, ამავე თარიღში დღგის გადამხდელადაც. აუდიტის დეპარტამენტის 5.08.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 5.09.2022 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.07.2024 წლის №17587 ბრძანებით განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად დადგინდა, რომ კომპანია არ ფუნქციონირებს, საქონლის ნაშთი არ გააჩნია. კომპანიის სალარო აპარატის რეგისტრაციის მისამართზე, გადასახადის გადამხდელი ვერ მოიძებნა, ბაზრობის ადმინისტრაციის შპს ----ის განმარტებით, კომპანია მათ ტერიტორიაზე ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებს. საგადასახდო ორგანოში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 868 610 ლარს, მთლიანი შეძენა - 1 968 125 ლარს თვითღირებულებით. 2023 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდის შემდგომ შესამოწმებელ პერიოდამდე, 1.06.2024 წლამდე, საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ნულოვანი დეკლარაციები, ხოლო 21.08.2023 წლით თარიღდება ბოლო ამობეჭდილი სსა-ის ჩეკი. 2024 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის მიხედვით 2023 წლის დეკემბრის ბოლოსთვის მისი სმფ-ის ნაშთი შეადგენს ნულ ლარს. გადასახადის გადამხდელთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, მან არ ითანამშრომლა შემოწმებასთან საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის გამო შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით განსაზღვრული სანქცია (ოქმი №189012).
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებსა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ფასნამატად გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი 47%. შემოსავალი გაანგარიშდა დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად ზემოაღნიშნულ ფასანმატზე დაყრდნობით. შედეგად დღგ-ის დასაბეგრ ბაზასა და დეკლარირებულს შორის გამოვლენილმა სხვაობამ შეადგინა 1 047 131 ლარი. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არ დაკორექტირებულა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად, განკარგვადი თანხა 1 155 035 ლარის ოდენობით (აგროსილი 1 443 794 ლარი) მიჩნეულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს პასუხისმგებელ პირზე - საწარმოს დირექტორზე --- ზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. კომპანიას ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2024 წლის №041-41 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №24053 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით 2024 წლის 7 ნოემბერს 12:30 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, კომპანიაში ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია არ ფუნქციონირებს და სასაქონლო ნაშთი არ გააჩნია. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დღგის დეკლარაციების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 868 610 ლარს, ხოლო მთლიანი შეძენა 1 968 125 ლარს თვითღირებულებით. გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან და არ წარუდგინა მოთხოვნილი ინფორმაცია, შედეგად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი და შემოსავალი გაანგარიშდა დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.
ამასთან, ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგინდა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსში მოყვანილი არცერთი დებულება არ კმაყოფილდება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით: საწარმოს გაწერილი აქვს ზედნადებები სადაც ფიქსირდება ფასი და თანხა. ასევე თუ გავითვალისწინებთ არაპირდაპირ დარიცხვას მაშინ საგადასახადო ორგანომ უნდა წარუდგინოს რა პრინციპით მოახდინა სარეალიზაციო ფასის განსაზღვრა? აღნიშნული დოკუმენტაციით სავსებით შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა; ადგილი არ აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას; ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი არ აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს; შესამოწმებელ პერიოდში, 2022 წლის 5 სექტემბრიდან 2024 წლის 1 ივნისამდე არ ფიქსირდება არცერთი სამართალდარღვევა; არ არის გამოვლენილი არსებითი სხვაობა საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის . შემოწმების აქტის შედგენის პერიოდისთვის საერთოდ არ არის გამოვლენილი სხვაობები. საგადასახადო შემოწმების დროს ახსნა-განმარტებითი ბარათი გადაუგზავნეს საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს და მოახსენეს, რომ ეს იყო არასპეციალიზირებული საბითუმო ვაჭრობა. შემოტანილ პროდუქციას ყიდის ---ს ტერიტორიაზე კონტეინერიდან, რა დროსაც ვერ გაყიდის ასეთი მაღალი %-ით, რაც დაარიცხა საგადასახადო ორგანომ არაპირდაპირი მეთოდით. რეალიზაცია ხდება საბითუმოდ, ასევე ვაჭრობს ისეთი პროდუქციით, რომლის ფასი ყოველდღიურად იცვლება, რადგან ის დაკავშირებულია სხვადასხვა გარემოებებთან, შეკვეთა იგვიანებდა და ამის გამო სეზონური თვალსაზრისითაც იყო აცდენა და ასევე რადგან კომპანიას არ გააჩნია იჯარით აღებული ფართი ის ცდილობდა დაბალი საპროცენტო განაკვეთით იმუშაოს, ასევე პროდუქციას არ აქვს მაღალი ღირებულება და მერე შეიძლება დაკარგოს სარეალიზაციო ღირებულება, სწორედ ამ მიზეზით აიხსნება ის დაბალი ფასნამატი, რაც აქტშია ნახსენები და სწორედ ამ მიზეზით შეწყვიტა ფუნქციონირება. ასევე შემოტანილია დაბალ ფასიანი პროდუქცია, რომელიც შესაბამისად დაბალი ხარისხის არის და გათვლილია დაბალი ბიუჯეტის მქონე მოსახლეობისთვის. რეალურად მიყენებული მაღალი % ფასნამატი არასწორია და ასევე ყველა პროდუქციაზე ერთიდაიგივე ფასნამატი, თან ყველა პერიოდზე, უფრო არარეალურია. ასევე პროგრამაში ასახულია მომჩივნისგან მოცემული ციფრები, მართალია დეტალურად არ არის ჩაშლილი 1410 ანგარიში, მაგრამ შეძლებისდაგვარად ახორციელებდა პროგრამაში ასახვას და ამავდროულად იყო კეთილსინდისიერი გადამხდელი და არსებული ზედმეტობა არ დაუბრუნებია ანგარიშზე და არ უსარგებლია ბიუჯეტის თანხებით. გადასახადის გადამხდელს არ ქონდა იმდენი დიდი გამოცდილებაც, რომ უფრო მეტად ჩაეშალა პროგრამაში გაყიდვები, ამაში ხელს უშლიდა ისიც, რომ საველე პირობებში ანხორციელებდა რეალიზაციას და არ ქონდა ფუფუნება, რომ პარალელურად მყიდველის იდენტიფიცირებით აესახა პროგრამაში. გადახდის ქვითრებით ახორციელებდა რეალიზაციას, არაპირდაპირი მეთოდით გადასახადების გამოანგარიშება არ არის მართებული და არ გააჩნია კანონიერი საფუძველი, რადგან არა თუ სარგებელი მიიღო არამედ მისი კუთვნილი თანხა შეიტანა კომპანიაში, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით. ასევე ზედმეტად დარიცხული შემოსავალი, რომელიც გამოიწვია არაპირდაპირმა მეთოდმა და რის გამოც დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი არარეალურია და ამიტომ ითხოვს, შემოწმება დაეყრდნოს უტყუარ მონაცემებს და არა საეჭვო რიცხვებს და მოხდეს აღნიშნული დარიცხვის ბათილად ცნობა.
ყოველივე ზემოაღნიშნული მოწმობს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არსებითადაა დარღვეული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ამ აქტის ბათილობის საფუძველია. ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ აქტის გამოცემის პროცესში არ მომხდარა საკითხის ყოველმხრივ შესწავლა. საკითხისათვის არსებითი ხასიათის გარემოებების შესწავლის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. არგუმენტები, რაზეც გადასახადის გადამხდელი საუბრობს, არ მიაჩნია დამაჯერებლად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბჭო აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ საგადასახდო ორგანოში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით მომჩივნის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 868 610 ლარს, მთლიანი შეძენა შეადგენს 1 968 125 ლარს თვითღირებულებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდის შემდგომ შესამოწმებელ პერიოდამდე, 1.06.2024 წლამდე, წარმოდგენილია ნულოვანი დეკლარაციები, ხოლო 21.08.2023 წლით თარიღდება ბოლო ამობეჭდილი სსა-ის ჩეკი. 2024 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის მიხედვით 2023 წლის დეკემბრის ბოლოსთვის სმფ-ის ნაშთი შეადგენს ნულ ლარს.
ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა განკარგვადი თანხა. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ არ ეთანხმება საწარმოს შემოსავლების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, რადგან საგადასახადო კოდექსში მოყვანილი არცერთი დებულება არ კმაყოფილდება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით. ვაჭრობს ისეთი პროდუქციით, რომლის ფასი ყოველდღიურად იცვლება, რადგან ის დაკავშირებულია სხვადასხვა გარემოებებთან, შეკვეთა იგვიანებდა და ამის გამო სეზონური თვალსაზრისითაც იყო აცდენა, ასევე რადგან კომპანიას არ გააჩნია იჯარით აღებული ფართი ის ცდილობს დაბალი საპროცენტო განაკვეთით იმუშაოს, პროდუქციას არ აქვს მაღალი ღირებულება და მერე შეიძლება დაკარგოს სარეალიზაციო ღირებულება, სწორედ ამ მიზეზით აიხსნება ის დაბალი ფასნამატი რაც აქტშია ნახსენები და სწორედ ამ მიზეზით შეწყვიტა გადასახადის გადამხდელმა ფუნქციონირება.
ასევე შემოტანილია დაბალფასიანი პროდუქცია, რომელიც შესაბამისად დაბალი ხარისხის არის და გათვლილია დაბალი ბიუჯეტის მქონე მოსახლეობისთვის. გადახდის ქვითრებით ახორციელებდა რეალიზაციას. არაპირდაპირი მეთოდით გადასახადების გამოანგარიშება არ არის მართებული და არ გააჩნია კანონიერი საფუძველი, რადგან არა თუ სარგებელი მიიღო არამედ მისი კუთვნილი თანხა შეიტანა კომპანიაში, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, დღგით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები. საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებსა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ფასნამატად გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი 47%. შემოსავალი გაანგარიშდა დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად ზემოაღნიშნულ ფასანმატზე დაყრდნობით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ. ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად, განკარგვადი თანხა 1 155 035 ლარის ოდენობით (აგროსილი 1 443 794 ლარი) მიჩნეულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს პასუხისმგებელ პირზე - საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5,9); 154; 101.