ბრძანება N 15190
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 15190
29.06.2023
---ს (პ/ნ ---)
(მის: ---) 2023 წლის 8 და 23 ივნისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 ივნისის სხდომაზე (ოქმი №68) განიხილა ---ის (პ/ნ ---) №81538/1/2023 და №107584/21-11 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 17 მაისის №EL209820 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრების ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ჩამორთმეული საქონელი არ არის მისი საკუთრება და შესაბამისად მას ვერ გამოიყენებს. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით შეფარდებული ჯარიმის ნაცვლად შეეფარდოს საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 17 მაისს, საბაჟო გამშვები პუნქტი „--ის“ კონტროლის ზონაში ---ს რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე --- მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, ქართული სანომრე ნიშნით: ---, რომელიც დატვირთულ მდგომარეობაში (----; 17/05/2023) გადაადგილდებოდა. გამოკითხვისას დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, ---მ უარი განაცხადა. გამოკითხვის პროცესი ასახულია სამხრე ვიდეოკამერაზე.
ეჭვის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოქალაქის კუთვნილი სატვირთო სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების თაობაზე. დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი: ANDAZOL 200MG – 24 კოლოფი, TERBISIL 250MG – 25 კოლოფი, THINCAL 120MG – 4 კოლოფი, METACARTIN 2/10MG – 33 კოლოფი, SAXENDA 6MG/ML – 5 კოლოფი, BRILINTA 90 MG – 130 კოლოფი (მთლიანობაში 221 კოლოფი), რომელიც დამალული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების სალონში, საწოლსა და სამაცივრე განყოფილებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი“.
არადეკლარირებულ საქონელს, საბაჟო ღირებულების დადგენის მიზნით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 17 მაისს ჩაუტარდა სასაქონლო ექსპერტიზა. N004380/2023 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში შეადგინა 11 722 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო გამშვები პუნქტი „---ს“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 17 მაისს შედგენილ იქნა №EL209820 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით - 11 722 ლარი.
სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ჩამორთმეულ არადეკლარირებულ საქონელზე მედიკამენტებზე შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69601086534 ოქმი, საქონელი დაილუქა 5702377 საბაჟო ლუქით და განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი „---ის“ ადმინისტრაციულ შენობაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით და სხვა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
„ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი და საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №01-31/ნ ერთობლივი ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სამკურნალო საშუალებების (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებებისა), მათ შორის, დაურეგისტრირებელი მედიკამენტებისა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა სამედიცინო დოკუმენტაციის გარეშე დაშვებულია არა უმეტეს ათი სტანდარტული შეფუთვისა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ გამოკითხვისას დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მომჩივანმა უარი განაცხადა. მისი კუთვნილი სატვირთო სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა 11722 ლარის საბაჟო ღირებულების 221 კოლოფი სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი. შესაბამისად, ადგილი აქვს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდისგან მალულად, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (168-ე მუხლის პირველი ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივნისთვის სანქციის სახით შეფარდებული ჯარიმა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო პასუხისმგებლობის ზომების დაწესებისას მხედველობაშია მიღებული კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანის მოცულობა. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატურია. საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიყენება კონკრეტული საბაჟო სამართალდამრღვევის მიმართ, სანქციის სახით, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლით და წესით. მოცემულ შემთხვევაში საბაჟო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული საბაჟო სანქცია შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას. გამოყენებული სანქციით დაცულია თანაზომიერების პრინციპი, უზრუნველყოფილია იურიდიული თანასწორობა. ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე გამოყენებული სანქცია თანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საგადასახადო/საბაჟო ორგანო.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ---ის (პ/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრაძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრების ავტორი ითხოვს სადავო ოქმით შეფარდებული ჯარიმის ნაცვლად შეეფარდოს საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 17 მაისს შედგენილ იქნა №EL209820 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით - 11 722 ლარი.
სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ჩამორთმეულ არადეკლარირებულ საქონელზე მედიკამენტებზე შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69601086534 ოქმი, საქონელი დაილუქა 5702377 საბაჟო ლუქით და განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ შენობაში.
გადაწყვეტილება
სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 199;
საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 13; 27; 70; 163; 168.